Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შუაშია ლუგარის ლაბორატორია ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგ დავაში?


წინასასამართლო სხდომა
წინასასამართლო სხდომა

ინგლისურენოვანი გამოცემის, DFwatch-ის ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა უარი თქვა უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ადვოკატებთან მორიგებაზე, რაც მოსამართლე ნანა კუჭაძემ შესთავაზა მოდავე მხარეებს 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინასასამართლო სხდომაზე.

ცხადია, მთელი საქართველო საუბრობდა, რომ არსებობს მილიონი ფაქტი იმისა, რომ მას [იგორ გიორგაძეს] კავშირი ჰქონდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტთან. გიორგაძე ამას უარყოფს და, როგორც ჩანს, უნდა, რომ დაბრუნდეს [საქართველოს პოლიტიკაში]...
ლაშა ტუღუში

„კომპრომისი და მორიგება ყველაზე კარგი გამოსავალია“, თქვა მოსამართლემ, რაზეც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ბრალდებული იგორ გიორგაძის ადვოკატები დაეთანხმდნენ, თუ გამოცემა იგორ გიორგაძის პატივისა და ღირსების შემლახავ სტატიას აიღებდა ვებგვერდიდან ან შეიტანდა მასში შესწორებებს.

2017 წელს DFwatch-ში (Democracy&Freedom Watch ) გამოქვეყნებულ სადავო სტატიაში ლაპარაკია იგორ გიორგაძის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი ტერორისტული აქტის ორგანიზებაზე. მაშინ საქართველოს პროკურორმა აგულაშვილმა გიორგაძე ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით უშიშროების ყოფილი მინისტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა, რამდენადაც გიორგაძემ თავი რუსეთს შეაფარა. ძებნა გამოცხადდა ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც. Dfwatch-ის ინგლისურენოვან სტატიაში, სათაურით „ინტერპოლმა შეწყვიტა საქართველოს ნომერ პირველი მტრის ძებნა“ (Interpol halts search for Georgian public enemy number one), მითითებულია, რომ გიორგაძე ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს, რაც, ადვოკატების განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს, ისევე როგორც ღირსების შემლახველია მათი დაცვის ქვეშ მყოფის ნომერ პირველ მტრად გამოცხადება.

ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულების სახით წარმოადგინეს შს სამინისტროს ცნობა იმის შესახებ, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი მართლაც არ არის გასამართლებული. სასამართლომ შს სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია დასაშვებად ცნო, მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის პარალელურად.

მარიამ გოგოსაშვილი
მარიამ გოგოსაშვილი

საიას ადვოკატმა მარიამ გოგოსაშვილმა, რომელიც ლაშა ტუღუშის ინტერესებს იცავს, პროცესზე განაცხადა, რომ მედიასაშუალების წინააღმდეგ სარჩელის წარდგენის სამთვიანი ვადა ამოწურულია და, ამდენად, სასამართლომ გიორგაძის სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიიღოს. მაგრამ მოსარჩელის ადვოკატებმა სასამართლოზე წარმოადგინეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან გამოთხოვილი მედიასაშუალებების სია, რომელიც ქმნის კონტენტს და ავრცელებს მას. DFwatch-ი ამ სიაში არ აღმოჩნდა. ამდენად, ადვოკატების განცხადებით, Dfwatch-ი არ არის მასობრივი ინფორმაციის საშუალება და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელდეს.

საიას ადვოკატმა მარიამ გოგოსაშვილმა მოსამართლესა და მოსარჩელეებს შეახსენა, რომ გამოცემა, რომელსაც ედავებიან, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის თანახმად, არის მასობრივი კომუნიკაციის საშუალება - ეს არის ინტერნეტ-პორტალი.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კანონის შესაბამისად, ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზებას. ავტორიზებას არ საჭიროებს ინტერნეტ-პორტალები და ბეჭდური მედია, ამიტომ სასამართლომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დოკუმენტი არ უნდა მიიღოს მტკიცებულებად“, თქვა ტუღუშის ადვოკატმა. – „მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ Dfwatch-ი არ არის მაუწყებელი“.

საბოლოოდ, მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა დაავალა, საქმის არსებითი განხილვა კი 29 ნოემბერს ჩანიშნა. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ლაშა ტუღუშმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იგორ გიორგაძეს გამოცემასთან დავა ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად სურს.

ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში

„ცხადია, მთელი საქართველო საუბრობდა, რომ არსებობს მილიონი ფაქტი იმისა, რომ მას [იგორ გიორგაძეს] კავშირი ჰქონდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტთან. გიორგაძე ამას უარყოფს და, როგორც ჩანს, უნდა, რომ დაბრუნდეს [საქართველოს პოლიტიკაში]. მას მიაჩნია, რომ პატივი და ღირსება შეელახა და ტერაქტის საქმეში სუფთაა“, თქვა ლაშა ტუღუშმა. მისივე თქმით, უცნაურია ისიც, რომ მოსარჩელეს სტატიის მიმართ პრეტენზია მისი გამოქვეყნებიდან დიდი ხნის შემდეგ გაუჩნდა.

„რა უნდა იგორ გიორგაძეს და ამას რატომ აკეთებს, ძალიან კარგად გამოჩნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, როდესაც მან, ფაქტობრივად, დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველო და თქვა, რომ აქ, თითქოს, ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს", დასძინა DFwatch-ის ხელმძღვანელმა.

მიმდინარე წლის სექტემბერში სხვადასხვა რუსულენოვანმა გამოცემამ - მათ შორის sputnik-georgia-მ - გამოაქვეყნა გიორგაძის განცხადებები და მასთან ინტერვიუები, სადაც მან ლუგარის ლაბორატორია ადამიანებზე ცდების ჩატარებასა და ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. გიორგაძის განცხადებით, ამერიკელების მიერ შექმნილი ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს უქმნის რეგიონს და მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. გიორგაძის განცხადებები მოხვდა ქართულენოვან გამოცემებშიც.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ ანალოგიური განცხადებები გააკეთა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, რაც საქართველოში აშშ-ის საელჩომ კატეგორიულად უარყო.

თავად ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსულ დეზინფორმაციას მიზანში აქვს ამოღებული ის წარმატებული პროგრამები, რომლებსაც ლაბორატორია ახორციელებს. მათ შორის არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ლუგარის ლაბორატორია ამ პროგრამის გარე კონტროლს ახორციელებს. შედეგად 2015 წლიდან 4 3011 პაციენტი სრულიად განიკურნა.
დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომას ესწრებოდა ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც, რომელმაც პროცესის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ DFwatch-ის წინააღმდეგ არის „ძალიან მნიშვნელოვანი დავა“:

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

„რამდენადაც საქართველოში ლუსტრაციის პროცესი არ მომხდარა, დადასტურებულად ვერ ვამბობთ, რომ იგორ გიორგაძე რუსეთის სპეცსამსახურების ემისარია, თუმცა იმ საქმიანობით, რომლითაც ის გამოირჩეოდა საქართველოში მინისტრობის ან მინისტრობამდელ პერიოდში, იმით, რომ ის სწორედაც თავს აფარებს რუსეთის ფედერაციას, რის თაობაზეც ბევრი ფაქტი არსებობს, ასევე იმ განცხადებების კვალობაზე, რომელსაც გიორგაძე ანგარიშმიუცემლად აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ გიორგაძე ღიად არის წარმოდგენილი რუსეთის უშიშროების სამსახურების მხარედ“, თქვა ზვიად ქორიძემ.

მისივე თქმით, ინტერნეტგამოცემასთან დავაში საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი საჯარო ლეგიტიმაციას ცდილობს, ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს საკუთარი თავი.

სასამართლო სხდომის შემდეგ იგორ გიორგაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მამუკა კაპანაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სადავო სტატიაში ფაქტობრივი შეცდომაა, რომლის გასწორებაზე მოპასუხე მხარე უარს ამბობს.

რა უნდა იგორ გიორგაძეს და ამას რატომ აკეთებს, ძალიან კარგად გამოჩნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, როდესაც მან, ფაქტობრივად, დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველო და თქვა, რომ აქ, თითქოს, ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს...
ლაშა ტუღუში

„რა ეთიკაზე ვსაუბრობთ, როცა სტატიაში აშკარა შეცდომაა“, თქვა კაპანაძემ. მან იგულისხმა სტატიაში მოყვანილი გიორგაძის ნასამართლეობა, რომელიც შს სამინისტრომ უარყო. კაპანაძემ მოსაუბრეს შეახსენა, რომ გიორგაძის წინააღმდეგ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა, თუმცა საქართველოში ის კვლავ ძებნილად ითვლება. მისივე თქმით, გიორგაძე დიდი ხანია ცდილობს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის საქმეში.

„ეს პროცესი ახლაც გრძელდება, რომელშიც ადვოკატები ვართ ჩართულნი“, თქვა მამუკა კაპანაძემ.

გიორგაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არც ერთ გამოცემას არ აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის უფლება, რასაც ქართული გამოცემები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად მიმართავენ. მისივე თქმით, სასამართლო დავის არსებით განხილვაზე, რომელიც 29 ნოემბერს ჩანიშნეს, გიორგაძის დაცვის მხარის მიზანი იქნება, არ დაირღვეს გიორგაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია როგორც კონკრეტულად DFwatch-ის მიერ, ისე საზოგადოდ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG