Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ჩანს პუტინის გამოსვლაში - იზოლაცია როგორც რუსეთის ახალი მოდელი?


თავის ყოველწლიურ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით გამოვიდა. მისმა გამოსვლამ დაბადა ეჭვი, რომ კრემლი დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი იზოლაციონიზმის მიმართულებით აპირებს წასვლას.

თავის გამოსვლაში პუტინმა ილაპარაკა 90-იანი წლების ქაოსის შემდეგ ქვეყნის სტაბილიზაციასა და სხვა წარმატებებზე. შემდეგ კი გააკეთა პატარა შენიშვნა, რომელიც შესაძლოა რუსეთის პოლიტიკაში ფუნდამენტური ძვრების მომასწავებელი იყოს.

პუტინის გამოსვლამ დაბადა ეჭვი, რომ რუსეთი უფრო მეტი იზოლაციისკენ სვლას აპირებს.

„მჯერა, რომ დროა, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ ქვეყნის ძირითად კანონში. ცვლილებები, რომლებითაც პირდაპირ იქნება გარანტირებული რუსეთის კონსტიტუციის პრიორიტეტულობა ჩვენს იურიდიულ ჩარჩოებში“, თქვა მან.

„საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები და განაჩენები, ასევე საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებები რუსეთის ტერიტორიაზე შეიძლება მოქმედებდეს იმ ნაწილში, რომელშიც ისინი არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას“, განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსების აზრით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც კრემლი ცდილობს დაშორდეს საერთაშორისო სამართალსა და რეგულაციებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედებს მსოფლიოში.

ზოგიერთი იმასაც შენიშნავს, რომ ამაში არაფერია ახალი, და ეს აგრძელებს რუსულ ტრადიციას, გაემიჯნოს დანარჩენ მსოფლიოს და „გეოპოლიტიკურ მარტოობაში“ იმყოფებოდეს.

წინ ავტარკიისკენ?

რუსეთის ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქმე ეხება ავტარკიისკენ სვლას. ამ სამეცნიერო ტერმინით აღინიშნება სისტემა, რომელიც არ არის დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე ან საგარეო დახმარებაზე.

„იგრძნობა ავტარკიული შემადგენელი. გასაგებია, რომ გარედან ჩვენთან ინვესტიციები არ მოვა, ისინი ქვეყნის შიგნითვე იქნება მოსაპოვებელი“, ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი დმიტრი ორეშკინი.

„იცვლება ყველაფერი ის, რაც ეხება ქვეყნის შემდგომ სუვერენიზაციას, მსოფლიოსგან მის იზოლაციამდე და ელიტის ნაციონალიზაციამდე“, წერს მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ანდრეი კოლესნიკოვი პუტინის გამოსვლის შესახებ დაწერილ სტატიაში.

კრემლი წლების განმავლობაში ღიზიანდებოდა იმ საქმეების სიით, რომლებიც მას წაგებული აქვს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ამ სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, რუსეთს ყველაზე მეტი წაგებული საქმე აქვს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.

ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, ეს მაღალი რიცხვი რუსეთის სასამართლო სისტემაში არსებულ მუდმივ პრობლემებს ასახავს, პუტინი და ზოგიერთი მისი ნაციონალისტი მოკავშირე კი აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს რუსეთის სუვერენიტეტზე თავდასხმებთან.
ეს განწყობილება განსაკუთრებით გაძლიერდა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, რაც გაკიცხეს გაერომ და თითქმის ყველა მისმა წევრმა. დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირმა, მოსკოვი ეკონომიკური სანქციებით დასაჯეს. რუსეთს შეუჩერდა ევროპის საბჭოს წევრობა.

2015 წელს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, უგულებელყოს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები.

მაგრამ, როგორც სამართლის რუსი ექსპერტები აცხადებდნენ მაშინ, ეს კანონი თავად რუსეთის კონსტიტუციასაც არღვევს.

16 იანვარს, პუტინის გამოსვლის მეორე დღეს, მან გაიმეორა ევროსასამართლოს მიმართ თავისი კრიტიკა და თქვა, რომ ის ზოგჯერ „აშკარად უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს“.

ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, - რომელშიც უკრაინის სამთავრობო ჯარები და რუსეთის მიერ დაფინანსებული და აღჭურვილი სეპარატისტები ებრძვიან ერთმანეთს, - რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის“ კვალიფიკაცია მისცეს. ეს გადაწყვეტილება სამართლებრივი აღიარებაა იმისა, რომ რუსეთის მთავრობა ომში მონაწილე მხარეა, რასაც დღემდე უარყოფს მოსკოვი.

რუსეთი არ არის ამ სასამართლოს წევრი, არასოდეს მოუწერია ხელი შესაბამისი ხელშეკრულებისთვის, მაგრამ პუტინმა მაინც უკუაგდო პროკურორთა დასკნა და განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს სასამართლოში ოდესმე გაწევრიანებას.

რუსეთის წინააღმდეგ არაერთი განაჩენი გამოუტანიათ სხვა საერთაშორისო ტრიბუნალებს. ერთ-ერთია სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ თითქმის 3 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს უკრაინას. ჰააგის მუდმივმა საარბიტრაჟო სასამართლომ კი უფრო ადრე რუსეთს დააკისრა კომპანია „იუკოსის“ აქციონერებისთვის 50 მილიონი დოლარის გადახდა. კერძო კომპანია „იუკოსი“ ხელისუფლებამ დაშალა და ის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“ ჩაყლაპა.

მოსკოვის კვლევით ცენტრ INDEM-ის დირექტორი გეორგი სატაროვი სარკასტულად გამოეხმაურა არგუმენტს, რომ რუსეთის სასამართლოებს საერთაშორისო სამართალთან მიმართებით უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს.

ჩვენ თვითონ ვიცით, რა ვაკეთოთ. ნუ გვასწავლიან. ჩვენი სისაძაგლეები - ჩვენი სისაძაგლეებია. და ისინი თქვენ არ გეხებათ.
გეორგი სატაროვი


„როგორ შეიძლება, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს ჩვენი სასამართლოების გადაწყვეტილებებში ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე?! ეს დაუშვებელია! ეს, რა თქმა უნდა, ავტარკიის გაზრდაა. ჩვენ თვითონ ვიცით, რა ვაკეთოთ. ნუ გვასწავლიან. ჩვენი სისაძაგლეები - ჩვენი სისაძაგლეებია. და ისინი თქვენ არ გეხებათ“, ამბობს ის „ნოვიე იზვესტიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ პუტინი ყირიმის ანექსიის შემდეგაც კი ეცადა, გაესვა ხაზი მსოფლიო თანამეგობრობაში რუსეთის ინტეგრაციის მნიშვნელობისთვის.

„ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვართ დიალოგისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზების ჩათვლით. ჩვენ წამყვან ქვეყნებში ბიზნესის სამყაროს პრაგმატული მიდგომისა და პოზიციის იმედი გვაქვს“, თქვა მან 2014 წლის გამოსვლაში.

ეკონომიკური პირქარი

სამართლებრივი იზოლაცია ერთია, მაგრამ ამავე დროს გრძელდება დისკუსია ეკონომიკური იზოლაციის შესახებაც.

დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის მესვეურები ეძებენ გზებს, დაიცვან ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუკი ის მოკვეთილი აღმოჩნდება გლობალური საფინანსო ინსტიტუტებისგან.

ყირიმის თაობაზე დაწესებული სანქციების გამო რუსეთის დიდ ბანკებს წვდომა შეუწყდათ საკრედიტო ბაზრებზე, რაც მათ სესხების რეფინანსირებისთვის ესაჭიროებოდათ. ზოგიერთ მათგანს კრემლმა გაუწოდა დახმარების ხელი.

აშშ-ის კონგრესის ზოგი წევრი იმასაც კი მოითხოვს, რომ რუსეთი გაძევებულ იქნეს გლობალური საბანკო ტრანსაქციების სისტემიდან (SWIFT). ამის საპასუხოდ, რუსეთმა საკუთარი პარალელური სისტემის შექმნაზე დაიწყო ფიქრი.

რუსეთის ფისკალური პოლიტიკის დამგეგმავებმა და ცენტრალურმა ბანკმა რუსეთი აქციეს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყნად ბიუჯეტისა და ვალუტის რეზერვის თვალსაზრისით.
თავის კომენტარში დმიტრი ორეშკინმა გააკრიტიკა კრემლი და მისი ეკონომიკური პოლიტიკა შეადარა 20-იანი წლების საბჭოთა კავშირის „ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას“. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავდა საბჭოთა ეკონომიკის გაძლიერებას ბოლშევიკური რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ.

ქვეყნის შიგნითვე ინვესტიციების მოსაპოვებლად საჭირო იქნება ფულის ბეჭდვა.
დმიტრი ორეშკინი

„ქვეყნის შიგნითვე ინვესტიციების მოსაპოვებლად საჭირო იქნება ფულის ბეჭდვა. და იმისთვის, რომ ეს ფული უცხოეთში არ გაედინოს ვალუტასა და ოქროზე კონვერტირების გზით, როგორც ჩანს, იძულებული ვიქნებით, რუბლის უცხოურ ვალუტაზე გადაცვლა შევზღუდოთ, როგორც ეს ახალი ეკონომიკური პოლიტიკის, ‘ნეპის’ ბოლოს იყო“, წერს ორეშკინი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ შეცვალეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დმიტრი მედვედევი მიხაილ მიშუსტინით:

„სწორედ ამ მიზნითაა სასარგებლო ისეთი ადამიანი, როგორიცაა მიშუსტინი, რომელიც ხელმძღვანელობდა საბაჟოს, რომელიც ხელმძღვანელობდა გადასახადების აკრეფას და აქვს ასეთი სტრუქტურების შექმნისა და მკაცრი კონტროლის ქვეშ ყოლის გამოცდილება“.

რუსეთის იზოლაციონიზმზე დიდი ხანია ლაპარაკობენ. სულ ახლახან კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსი და ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი, სერგეი კარაგანოვი, გამოვიდა „სელექციური ავტარკიისა“ და „რიგ საკვანძო მნიშვნელობის სამეციერო და ტექნოლოგიურ სექტორებში შოკური განვითარების“ მოწოდებით.

ავტარკიაზე საუბრები პოლიტიკური ანალიტიკოსებისა და მიმომხილველების წრით არ შემოიფარგლება.

2018 წელს კრემლის მაღალი რანგის მრჩეველმა, ვლადისლავ სურკოვმა, სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა გამოცემაში „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“, წარმოადგინა თავისი ხედვა რუსეთის ახალი იზოლაციის შესახებ:

„ეჭვგარეშეა, რუსეთი ივაჭრებს, მოიზიდავს ინვესტიციებს, გაცვლის ცოდნას, იომებს (ომიც ხომ ურთიერთობის საშუალებაა), ... გაწევს კონკურენციას და ითანამშრომლებს, გამოიწვევს შიშსა და ზიზღს, ცნობისმოყვარეობას, სიმპათიას, აღფრთოვანებას. მაგრამ უკვე ყალბი მიზნებისა და საკუთარი თავის უარყოფის გარეშე“.

2014 წელს უკრაინაში ინტერვენციის გამო დასავლეთთან დაპირისპირების შემდეგ სურკოვი გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილ რომანზე მინიშნებით წერდა, რომ მოსკოვს ელის „გეოპოლიტიკური მარტოობის 100 (200? 300?) წელი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG