Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძალა აქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის დასკვნას?


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები

ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. მართალია, 10 სექტემბერს გამართული ბიუროს სხდომის განსახილველ საკითხებში ეს დასკვნა ვერ მოხვდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი აუცილებლად აისახება უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

პარლამენტის პლენარულ სხდომამდე კი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ 10 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. როგორც დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ, კომისიის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა ცალსახად გამოკვეთა გამოძიების პრობლემები, თუმცა სხვა საკითხია ის, დაიწყება თუ არა ახალი გამოძიება და გახდება თუ არა დასკვნა დამატებითი სახელმძღვანელო წყარო საგამოძიებო პროცესში.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

როგორც სულხან სალაძემ გვითხრა, „დასკვნაში რეკომენდაციების ნაწილი პირდაპირი მავალდებულებელი იურიდიული ძალის მატარებელი ვერ იქნება და თავად რეკომენდაციაც თავისი არსით ნიშნავს, რომ ის რეკომენდაციაა, თუმცა დასკვნის აღწერილობით ნაწილში მოყვანილი ინფორმაცია უკვე შეიძლება იყოს ამ საქმეზე სამართლებრივი რეაგირების საფუძველი - ან კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს, ან კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები შესრულდეს“.

საქართველოს პარლამენტს უახლოეს სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის გამოძიების დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნას კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე წარუდგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის უმრავლესობის მიერ მომზადებული დასკვნა „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად ანგაჟირებულად მიიჩნია და ალტერნატიული დასკვნა თავადაც მოამზადა, პარლამენტის რეგლამენტი საგამოძიებო კომისიის მხოლოდ ერთ დასკვნას ცნობს. მათი დასკვნა კომისიაზე ჩავარდა.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტის გატანას აპირებს, დადგენილება კი, რომელსაც „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, უმრავლესობით მიიღებს, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, რეალურად მოემსახურება ბავშვების უსაფრთხოებას:

“ჩვენ დავადგინეთ ხარვეზები, შევიმუშავეთ მკაცრი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დავიცვათ უფრო მეტად ჩვენი მოზარდები სკოლებში. ჩვენ გვაქვს მკაცრი რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სხვა ბავშვები იყვნენ მომავალში დაცული მსგავსი საფრთხეებისგან“.

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

თავის მხრივ, დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დასკვნას პარლამენტისგან მეტი ლეგიტიმაცია არ სჭირდება და ამ ეტაპზე კომისიის მიზანია პროგრესს ორი ძირითადი მიმართულებით მიაღწიოს: „ერთი ეს არის კონკრეტული პირის მიმართ ბრალის წარდგენა, რაზეც ჩვენ რეკომენდაცია გავეცით, და, ასევე, უნდა დაისაჯოს ხალხი, ვინც პასუხისმგებელია გამოძიების ჩავარდნაზე“.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კომისიის მიერ დასკვნა მიღებულია და ის აღარ შეიცვლება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ კი 10 სექტემბერს პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. მან მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. დღეიდან თბილისში საპროტესტო აქციები განაახლეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამებმა - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ისინი პროტესტს უცხადებენ შერჩევით სამართალს და შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ.

შეცვლის თუ არა დასკვნა ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის საქმის გამოძიების სურათს, ჯერ ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ გვითხრა, კომისიის წევრებმა 10 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისიის დასკვნაში ასახული გარკვეული ტიპის საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალელურ რეჟიმში უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს. ეს, სულხან სალაძის აზრით, უკვე ნიშნავს იმას, რომ სიახლეები ამ საქმეზე აუცილებლად იქნება.

XS
SM
MD
LG