Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია ევროსასამართლოს პრესრელიზში?


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "შპს სამაუწყებლო კომპანია შპს რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" 18 ივლისს გამოქვეყნდა. საქმე - ეხებოდა კერძო სატელევიზიო არხ, „რუსთავი 2“-ის (ამ საქმეში პირველი განმცხადებლის) მფლობელობაზე დავას. სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში გადაწყვეტილება ასე შეაჯამა:

დავა 2017 წლის მარტში დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი აიძულეს დაეთმო სატელევიზიო არხი და ახლანდელი მფლობელები, მეორე და მეოთხე განმცხადებლები ამ საქმეში, არ იყვნენ მესამე კეთილსინდისიერი შემსყიდველი მხარე. ამ პროცესების მიმდინარეობისას „რუსთავი 2“-ის კორპორატიული ქონება და ყველა სხვა მფლობელის წილები გაიყინა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის წარდგენილ საქმეში, „რუსთავი 2“-ის ახლანდელი მფლობელები, კერძოდ, ჩიოდნენ, რომ მოსამართლეები, რომლებიც განიხილავდნენ მფლობელობის შესახებ დავას, არ იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები.

ამ საქმეზე ევროპის სასამართლოს პალატის დღევანდელი გადაწყვეტილებით:

  • ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, არ დადგინდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის (დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევა;
  • ერთხმად დადგინდა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი სააპელაციო სასამართლოს მიერ;
  • ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, არ დადგინდა მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევა უზენაესი სასამართლოს პალატის შემადგენლობის მიერ საკასაციო პროცესის წარმართვისას;

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მიკერძოების შესახებ ყველა ბრალდება ერთის გარდა ან დაუსაბუთებელია, ან არადამაჯერებელი. წლების წინ, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმეში, რამაც მაშინ შედეგად მოიტანა მისი მოსამართლეობიდან გათავისუფლება, წარმოშვა დასაბუთებული მტკიცება მიუკერძოებლობის არარსებობაზე. თუმცა, უზენაესი სასამართლო ამასთან დაკავშირებულ შიშებს ინტენსიურად აფასებდა და დამაჯერებლად აბათილებდა მათ დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში.

ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო კერძოდ ის, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელები სისტემატურად აყენებდნენ ცუდად დასაბუთებულ აცილების მოთხოვნებს სამივე ინსტანციის სასამართლოს სხვადასხვა მოსამართლის მიმართ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ მოეხდინათ სამართლის აღსრულების პარალიზება მაშინ, როცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მედიაში უსაფუძვლოდ და დამაზიანებლად ესხმოდა თავს ადგილობრივ მოსამართლეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მფლობელობის შესახებ დავის განხილვაში და აგრეთვე მთლიანად საქართველოს სასამართლოს.

სასამართლომ ერთსულოვნად უარყო როგორც დაუშვებელი „რუსთავი 2“-ის მფლობელების (მეორედან მეოთხე განმცხადებლის ჩათვლით) დანარჩენი საჩივრები ისევე, როგორც თავად „რუსთავი 2“-ის (პირველი განმცხადებლის) მიერ წარდგენილი ყველა საჩივარი, განსაკუთრებით ის ბრალდებები, რომელთა თანახმად, სამართლებრივი პროცესი იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია სატელევიზიო არხის გასაჩუმებლად.

დაუშვებლობის თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა გააუქმოს სასამართლოს 39-ე წესის მიხედვით დაწესებული დროებითი ზომა, რაც მიუთითითებდა საქართველოს მთავრობას, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეეჩერებინა 2017 წლის მარტის გადაწყვეტილების აღსრულება.

XS
SM
MD
LG