Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხარვეზები აღმოჩნდა აჭარის მთავრობის წევრთა დეკლარაციებში


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისმა დაადგინა, რომ ბათუმში თანამდებობის 6 პირს დეკლარაციები არასრულად აქვს შევსებული. მათ შორისაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

ორგანიზაციის რეგიონალურმა ოფისმა 2019-2020 წლებში 48 თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციები შეისწავლა - მათ შორის, აჭარის მთავრობის წევრების, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების.

კანონმდებლობა კი ამბობს, რომ თანამდებობის პირმა საკუთარი წილი დროებით უნდა გადასცეს სხვა პირს - ეს არის ერთგვარი დათქმა, რომ კორუფციის წინააღმდეგ პრევენციული მექანიზმი გაძლიერდეს, თანამდებობის პირი არ იყოს პირდაპირ ჩართული საკუთარი კომპანიის მუშაობაში, რომ ბოროტად არ გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა...
მალხაზ ჭკადუა


კვლევაში წერია, რომ გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები მინდობით არ გადაუციათ, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა, - განმარტავს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა:

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაში ის ხარვეზია, რომ მან საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში“ მინდობით არ გადასცა სხვა პირს საჯარო სამსახურში ვადის გასვლის დრომდე. კანონმდებლობა კი ამბობს, რომ თანამდებობის პირმა საკუთარი წილი დროებით უნდა გადასცეს სხვა პირს - ეს არის ერთგვარი დათქმა, რომ კორუფციის წინააღმდეგ პრევენციული მექანიზმი გაძლიერდეს, თანამდებობის პირი არ იყოს პირდაპირ ჩართული საკუთარი კომპანიის მუშაობაში, რომ ბოროტად არ გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა“.

თანამდებობაზე ყოფნის დროს, კერძოდ კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატთან ერთად, ხვიჩა შარაშიძე („ქართული ოცნება“), 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შპს „ჩემი სახლის“, შპს „დუპლექსი-სამშენებლო კომპანიის“ და შპს „vox“-ის 50 %-იანი წილების მფლობელია. შარაშიძეს თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე, არსებული წილების მართვა სხვა პირისთვის მინდობით უნდა გადაეცა, რაც არ გააკეთა, ამბობს მალხაზ ჭკადუა.

„ჩვენს არაერთ კვლევაშია აღნიშნული მის მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა. ისევე როგორც თორნიკე რიჟვაძეს, მასაც არ აქვს გადაცემული საკუთრებაში არსებული კომპანიის წილები. კანონმდებლობის ამ დათქმას კი უგულებელყოფენ როგორც აჭარის ხელისუფლებაში, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში“.

ჩემი დეკლარაცია გადამოწმებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან და დადგენილია დარღვევის არარსებობა...
თორნიკე რიჟვაძე


საკანონმდებლო ორგანოში ქონებრივი დეკლარაციები, კვლევის მიხედვით, ასევე არასრულად აქვთ შევსებული დეპუტატებს - ნუგზარ სურმანიძესა („ქართული ოცნება“) და ვახტანგ წულაძეს („ქართული ოცნება“); აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი - ზურაბ თენიეშვილს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, დამუხრან კაკაბაძეს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს.

ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარი მხოლოდ ერთ-ერთ ბეჭდურ გამომცემლობასთან გააკეთა და„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაადანაშაულა „სკანდალის გამოცხობაში“ და, ამასთან, ორგანიზაციას„ნაციონალურ მოძრაობასთან“ „აფილირებული“ უწოდა.

„ჩემს დეკლარაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს ნოტარიუსის შემცვლელი პირის მხრიდან გაცემულია შესაბამისი წილის მინდობის აქტი და ეს არის პირდაპირ შესაბამისობაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან.

ჩემი დეკლარაცია გადამოწმებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან და დადგენილია დარღვევის არარსებობა“, - აცხადებს რიჟვაძე.

რაც შეეხება დეპუტატებს, რომლებმაც არასრულად შეავსეს ქონებრივი დეკლარაციები, ისინი კომენტარს არ აკეთებენ. მათ ნაცვლად უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძესთან გადაგვამისამართა, რომელიც ამბობს, რომ გასულ წლებში მასაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, რისთვისაც დაჯარიმდა კიდეც. ის განმარტავს, რომ მიზეზი კანონის მოთხოვნის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება დასახელებულ დეპუტატებს, მათი შევსებული დეკლარაციები სწორიაო, ამბობს დავით ბაციკაძე:

ის აპელირებს, რომ მას გაფორმებული აქვს მინდობილობის აქტი, თუმცა ეს მინდობილობა არ ინახება და არც გატარებულა საჯარო რეესტრში. დღეს კი ამ კომპანიის მონაცემებს თვალი რომ გადაავლოთ, თორნიკე რიჟვაძე არის 25% წილის მფლობელი და იქ ამ წილის განმკარგავად სხვა პერსონა არ არის მითითებული...
მალხაზ ჭკადუა


„რაც შეეხება წილების ფლობას, მე ვარ იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ჩვენთან კომიტეტში ბატონმა ხვიჩიამ წარმოადგინა ცნობა, ნოტარიულად დამოწმებული, იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მისი წილი მინდობილი აქვს სხვა პიროვნებებზე. ეს ნოტარიული აქტები ჩვენთან დევს. როგორც საჯარო ბიუროში განგვიმარტეს და როგორც სხვებიც ამბობენ, ამას ძალა აქვს, რომ ამ ხალხს წილები გადაცემული აქვთ სხვაზე. აქედან გამომდინარე, არანაირი დარღვევა არ არსებობს“.

თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისში აცხადებენ, რომ კვლევის თანახმად, თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები საჯარო რეესტრის მონაცემებსა და გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, სადაც არ ჩანს თანამდებობის პირების, მათ შორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაფორმებული მინდობილობა.

„ის აპელირებს, რომ მას გაფორმებული აქვს მინდობილობის აქტი, თუმცა ეს მინდობილობა არ ინახება და არც გატარებულა საჯარო რეესტრში. დღეს კი ამ კომპანიის მონაცემებს თვალი რომ გადაავლოთ, თორნიკე რიჟვაძე არის 25% წილის მფლობელი და იქ ამ წილის განმკარგავად სხვა პერსონა არ არის მითითებული. კანონი კი გვეუბნება, რომ ეს მინდობილობის აქტები უნდა იყოს გატარებული და აღნუსხული საჯარო რეესტრში და საჯარო რეესტრში, შემდგომ, ეს იქნება თორნიკე რიჟვაძე თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს მათი სახელის გასწვრივ მათი წილების განმკარგავების ვინაობა“, - ამბობს მალხაზ ჭკადუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG