Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება დნესტრისპირეთში და რატომ თქვა უარი Wizz Air-მა მოლდოვაში ფრენებზე?


საილუსტრაციო ფოტო: Wizz Air-ის თვითმფრინავი
საილუსტრაციო ფოტო: Wizz Air-ის თვითმფრინავი

კიშინიოვის ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებას, თითქოს უკრაინა უახლოეს მომავალში მოლდოვის რესპუბლიკის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში შეტევის დასაწყებად ემზადებოდეს.

"კიევის რეჟიმი ამზადებს შეიარაღებულ პროვოკაციას დნესტრისპირეთის წინააღმდეგ, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის ბატალიონ „აზოვის“ მონაწილეობით", - იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

დღესვე მოლდოვის ხელისუფლებამ „მოულოდნელი და სამწუხარო“ უწოდა უნგრეთის საბიუჯეტო კომპანია Wizz Air-ის ორშაბათის განცხადებას, რომლის თანახმად, ავიაკომპანია 14 მარტიდან შეწყვეტს ფრენას კიშინიოვის მიმართულებით.

თავად „ვიზეარში“ ამ „რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების“ მიზეზად დაასახელეს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ფრენისათვის შექმნილი „მომეტებული საფრთხე“, რასაც უნგრული კომპანია „ბოლო დროს განვითარებულ სიტუაციას“ უკავშირებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება რუსეთის ახალი ფრონტის თაობაზე

მოსკოვი დნესტრისპირეთში მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს მოლდოვის ხელისუფლება მოსკოვის მიერ შემუშავებული სავარაუდო დესტრუქციული გეგმის შესახებ გააფრთხილა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს განზრახული აქვს კიშინიოვის საერთაშორისო აეროდრომის ხელში ჩაგდება, რაც კრემლს შესაძლებლობას მისცემს „დაუბრკოლებლად გადაისროლოს ჯარი და ტექნიკა“ და „დნესტრისპირეთიდან გახსნას ახალი ფრონტი უკრაინის წინააღმდეგ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენმა დაზვერვამ გააფრთხილა პრეზიდენტი მაია სანდუ ამ საფრთხის შესახებ და ის მადლობელია ჩვენი და იცის, რომ ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. მოლდოვა რუსეთს არ ესაზღვრება, მაგრამ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ადგილობრივი აეროპორტები და დნესტრისპირეთში მყოფი თავისი ჯარისკაცები“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ „კორიერა დელა სერასთან“ ინტერვიუში.

რუსეთის ამ სავარაუდო გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის ახალმა პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. რადიო თავისუფლების მოლოდოვური სამსახურის თანახმად, ჟურნალისტებმა დორიან რეჩანს სთხოვეს ესაუბრა რუსეთის მიერ კიშინიოვის აეროპორტის ხელში ჩაგდებისა და დნესტრისპირეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის საფრთხეზე.

„არსებობს დესტაბილიზაციის რამდენიმე სცენარი. ის შეიცავს რამდენიმე ელემენტს, მათ შორის იმასაც, რაზეც პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვების ციტირების დროს ახსენეთ“, - არაორაზროვნად განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

ამავე რუსული სცენარის სხვა ელემენტები ითვალისწინებს ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას, რაც ოპოზიციის საპროტესტო აქციებით იქნება შენიღბული. მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს თქმით, ძალადობრივ ქმედებებში უნდა ჩაერთონ ასევე „სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი, სამხედრო გამოცდილების მქონე დივერსანტები და საზღვარგარეთიდან შემოგზავნილი პირები“.

რუსეთმა თავისი სავარაუდო გეგმის გამოაშკარავების შემდეგ „გაღმა შედავების“ ტაქტიკას მიმართა და უკრაინისა და მოლდოვის მხრიდან ერთობლივ შეთქმულებაზე ალაპარაკდა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის საბაბად უკრაინა შეეცდება ორგანიზება გაუკეთოს რუსეთის ჯარების ფსევდოშეტევას დნესტრისპირეთში.

რუსეთის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებას და მზად არიან ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებისთვის.

რუსეთის „ფეიკი“ რუმინეთის ჯარის მოლდოვის საზღვართან გადასროლაზე


მოლდოვა მდებარეობს ევროკავშირისა და ნატოს წევრ რუმინეთსა და უკრაინას შორის, რომელთანაც 1200-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. უკრაინის საზღვარზე გადაჭიმულია დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც კიშინიოვი 30 წელიწადზე მეტია ვერ აკონტროლებს. მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამჟამად დნესტრისპირეთში იმყოფება 1400-მდე რუსი სამხედრო, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა იქცნენ მოსკოვის კიდევ ერთ პლაცდარმად უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს, როდესაც დასავლეთის მედია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ სამხედრო ინტერვენციაზე წერდა, უკრაინის გენერალური შტაბის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ რუსული ჯარების სავარაუდო შეჭრის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი დაასახელა.

იმის გამო, რომ მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს, რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა გამოიყენოს არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო ძალა, არამედ ოპერაციაში ჩააბას ე.წ. დნესტრისპირეთის არმია, რომელშიც დაახლოებით 4000-დან 7500-მდე ჯარისკაცი შედის.

რუსეთი უარყოფს მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობას და, თავის მხრივ, მოლდოვის ხელისუფლებას და მის სტრატეგიულ პარტნიორ კიევს ადანაშაულებს დნესტრისპირეთის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაში.

„ინსცენირებულ შეჭრის სცენარში მონაწილე უკრაინელი დივერსანტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმაში იქნებიან გადაცმულნი“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიევ-კიშინიოვის დუეტს, რუსულმა პროპაგანდამ ბუქარესტიც დაუმატა.

26 თებერვალს ტვიტერში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც თითქოს გამოსახული იყო მოლდოვის საზღვრისკენ მიმავალი რუმინეთის ჯარი. ეს პოსტი რამდენიმე ასეულჯერ გაზიარდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ათეულობით ცნობა, თითქოს ბუქარესტი ჯარებსა და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს მოლდოვის საზღვარზე, არის „ყალბი ცნობების კამპანია“, რომელსაც კრემლი აწარმოებს შარშან თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ყველას შევახსენებთ, სენსაციებსა და პანიკის დათესვაზე გათვლილი ასეთი ინფორმაციის შემოწმების საუკეთესო საშუალებაა ოფიციალური წყაროების მოძიება“, - განაცხადა სამინისტრომ 28 თებერვალს.

გარდა ამისა, სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოები 2002 წლის 1 დეკემბერს იყო გადაღებული ქალაქ ალბა-იულიაში გამართულ აღლუმზე.

მაგრამ მოლდოვის მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბარს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია.

უნგრულმა საბიუჯეტო ავიაკომპანია Wizz Air-მა ორშაბათს გამოაცხადა, რომ დროებით, 14 მარტიდან, წყვეტს ფრენებს კიშინიოვში. მიზეზი - მოლდოვის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების რისკები. მოლდოვის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას „მოულოდნელი და სამწუხარო“ უწოდა.

„როიტერსის“ თანახმად, კიშინიოვის აეროპორტის ნაცვლად Wizz Air-ი რუმინეთის ქალაქ იასის აეროპორტს გამოიყენებს. აქედან იფრენენ თვითმფრინავები ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში.

რუსეთსა და მოლდოვას შორის ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტა დაფიქსირდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 2023 წლის 10 თებერვალს განაცხადა, რომ დილით, ადგილობრივი დროით 10:18 საათზე, რუსეთის მიერ შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა ორმა ფრთოსანმა რაკეტა „კალიბრმა“ გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი - რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შესვლა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსული რაკეტების ჩამოგდება შეეძლოთ, მაგრამ თავი შეიკავეს უცხო სახელმწიფოების მოსახლეობისთვის საფრთხის და რისკების თავიდან ასაცილებლად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG