Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური მაუწყებლობის ბარიერები


სარეკლამო ბაზრის ზრდის ფონზე, რეგიონალური ტელევიზიების შემოსავლები კვლავ იკლებს, რასაც ადგილობრივი არხების დამფუძნებლები მთავრობის გადაწყვეტილებებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულაციებსა და დონორთა პოლიტიკაში ცვლილებებს უკავშირებენ.

რეგიონალური მაუწყებლობის ბარიერები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00
გადმოწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის მეორე კვარტალის სატელევიზიო შემოსავლები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ სარეკლამო ბაზარი, ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2 პროცენტით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 87 მილიონ ლარს შეადგენს, მაგრამ, ბაზრის ზრდის ფონზე, შემცირდა რეგიონალური მაუწყებლების შემოსავლები. ასე იყო პირველ კვარტალშიც.

[2018 წლის] პირველი კვარტალი იყო არსებითად რთული რეგიონული მაუწყებლებისთვის, მაშინ როდესაც გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალი 250 ათასი ლარით...
ნათია კუპრაშვილი

რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის მონაცემებით, მაგალითად, თელავის ტელეკომპანია ,,თანამგზავრის” შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველი კვარტალის მსგავსად, 79 %-ით შემცირდა; უმცირესობათა ენებზე მაუწყებელი ახალქალაქის ტელეკომპანიის შემოსავლები კი შემცირდა 67 % -ით და მხოლოდ 2 285 ლარი შეადგინა. იგივე დაემართა ალიანსის წევრ 10 ტელეკომპანიას.

როგორც რეგიონალური მაუწყებლები ამბობენ, შემოსავლების კლების ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა საზოგადოებრივი მაუწყებელი ბაზარზე შეუშვეს - უფლება მისცეს, განეთავსებინა კომერციული რეკლამა.


„რეგიონულ მედიაში, დაახლოებით, 150-ათასლარიანი კლებაა. ეს კატასტროფული რიცხვია რეგიონული მაუწყებლობისთვის, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ მათი შემოსავლები წლიდან წლამდე კლებადია. [2018 წლის] პირველი კვარტალი იყო არსებითად რთული რეგიონული მაუწყებლებისთვის, მაშინ როდესაც გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალი 250 ათასი ლარით“, განაცხადა ნათია კუპრაშვილმა, რუსულენოვანი რეგიონალური არხის, TOK.TV-ის, დამფუძნებელმა, გასულ კვირაში რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის კონფერენციაზე.

რეგიონალური მაუწყებლობის ბარიერები
please wait

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

ცნობისთვის: ალიანსი გასულ წელს შეიქმნა და მასში გაერთიანებულია როგორც ადგილობრივი ტელევიზიები, ისე სათემო და რეგიონალური რადიოსადგურები.

ჩვენთან ვაჭრობენ მინიმუმზე, მაშინ როდესაც ასიათასობით ლარი შედის ცენტრალურ არხებში. ჭკუას მარიგებენ, რომ დაიწყე მცირე თანხებიდანო. მე დიდიდან მქონდა დაწყებული და დავედი მცირე თანხებზე. რად გინდა 60 თანამშრომელიო, მეუბნებიან.
თამარ ღვინიანიძე

ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნათია კუპრაშვილის, თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ისედაც 50-მილიონლარიანი სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ბაზარზე რეგინალური მაუწყებლების უპირველესი კონკურენტია და ის ფული, რომელიც მაუწყებელმა მიმდინარე წელს რეკლამიდან მიიღო, ადგილობრივი არხებისთვის წართმეული თანხაა.

კიდევ ერთ პრობლემას, რაზეც კუპრაშვილი ამახვილებს ყურადღებას, ქმნის მთავრობის გადაწყვეტილება, სატელევიზიო და რადიო მომსახურებაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობები ეროვნულ ან თბილისურ მაუწყებლებს მოარგოს, რაც, რეიტინგის გათვალისწინებით, იმთავითვე გამორიცხავს ტენდერში რეგიონალური არხების მონაწილეობას. არადა, როგორც კუპრაშვილი ამბობს, რეგიონალური მაუწყებლების ჯამური აუდიტორია მსხვილი ეროვნული მაუწყებლების აუდიტორიას დიდად არ ჩამორჩება.
ფინანსური პრობლემების გამო, რაც რეკლამის დამკვეთთა სიმცირით არის გამოწვეული, ქუთაისის სამაუწყებლო კომპანიიდან თანამშრომლების მესამედი წავიდა. კომპანიის მფლობელი თამარ ღვინიანიძე ამბობს, რომ ბიზნესმენები უპირატესობას ეროვნულ არხებს ანიჭებენ:

„ჩვენთან ვაჭრობენ მინიმუმზე, მაშინ როდესაც ასიათასობით ლარი შედის ცენტრალურ არხებში. ჭკუას მარიგებენ, რომ დაიწყე მცირე თანხებიდანო. მე დიდიდან მქონდა დაწყებული და დავედი მცირე თანხებზე. რად გინდა 60 თანამშრომელიო, მეუბნებიან. გაიხარონ, აღარ მყავს 60 თანამშრომელი, დავიყვანე 40-მდე. იმის გამო, რომ თავის დროზე ხელფასს ვერ ვაძლევ, თავისით მიდიან“.

NDI-ის კვლევის შედეგები
NDI-ის კვლევის შედეგები

თამარ ღვინიანიძის თქმით, პრობლემაა ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნა, რომ დიდ და მცირებიუჯეტიანი ტელევიზიები ერთნაირ პირობებში იყვნენ და საეთერო ბადეში აუცილებლად ლიცენზირებული პროგრამები განათავსონ. ამას ემატება საავტორო უფლებების ალიანსისთვის გადასახდელი თანხაც.
ამაზე ჩივის ტელეკომპანია „გურჯაანის“დირექტორი ლევან ალექსიშვილიც, რომელიც რეგიონალური მაუწყებლების ქსელური რეკლამის მოზიდვითაც არის დაკავებული. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, თუ საკანონმდებლო დონეზე არ მოხდა სატელევიზიო სივრცის დივერსიფიცირება, ადგილობრივი მაუწყებლობა გაქრება.

„გურჯაანის ტელევიზიის პოტენციური აუდიტორია არის 150 ათასი კაცი. ეს ევროდირექტივის ფარგლებში გადის კლუბურ ჩვენებაში. ამიტომ ასეთი ტიპის არხებისგან არ უნდა ითხოვდნენ [პროგრამების] შესყიდვის ლიცენზიებს. არხს, რომელსაც 50 მილიონი აქვს, სხვას კი 60 ათასი და ერთნაირ პირობებში მოაქცევ, ეს არხი მოკვდება. თუ [რეგიონული] მედია არ არის, ხალხმა არ დაინახა საკრებულოში ვინ აირჩიოს... მაშინ სახელმწიფომ ღიად თქვას, რომ არ სჭირდება თვითმმართველობები“.

ლევან ალექსიშვილის ინფორმაციით, მთელი სარეკლამო ბაზრის, დაახლოებით, 80 პროცენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ მიაქვს. მხოლოდ 2 პროცენტი რჩება რეგიონალურ ტელევიზიებს.
ისმის კითხვა: რა საშუალებით არსებობს ადგილობრივი მაუწყებლობა?

ტელეკომპანია „გურიის“ დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ გველებიანი ამბობს, რომ ადგილობრივი არხები საეთერო ბადეს დიდწილად ქსელური გადაცემების ხარჯზე ავსებენ. მაგრამ, მისივე თქმით, მას, ისევე როგორც სხვა ტელევიზიებს, გაუჭირდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური პროგრამების მომზადება იმ მიზეზით, რომ დონორ ორგანიზაციებს არ სურთ ამგვარი გადაცემის დაფინანსება.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG