Accessibility links

logo-print logo-print

რელიგიის თავისუფლება და "ხილული და უხილავი საზღვრები"


„მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - ასე აფასებს საქართველოში რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომელმაც 6 ოქტომბერს გამართა ვრცელი ანგარიშის პრეზენტაცია 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ამ ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთ უცვლელ პრობლემად საქართველოში ისევ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა რჩება.

„ეს ჩანს მისი დაფინანსებების, უძრავი თუ მოძრავი ქონების გადაცემის პრაქტიკაში, როგორც ცენტრალური, ისე თვითმმართველობის ბიუჯეტის დონეზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ისევ ხშირია ჩარევა მუსლიმთა სამმართველოს საქმეებში

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა 2017-2019 წლებში, თუმცა ყველაზე მკაფიო მაგალითები მაინც საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს უკავშირდება.

კონტროლის ეჭვი და პირველი კითხვები გაჩნდა მაშინ, როცა საარჩევნო პროცესის პირობებში, ძალიან მოულოდნელად, 2019 წლის 25 დეკემბერს, ბათუმში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს ახალი მუფთი აირჩიეს - დაჩქარებულად და გაუმჭვირვალედ ჩატარებულმა საარჩევნო პროცესმა მუსლიმ თემში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

პროტესტის ნიშნად მაშინ სამმართველო დატოვა სამმა თანამშრომელმა - ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ ჩაიარა და დემოკრატიული პროცედურების უგულებელყოფით, უსაფრთხოების სამსახურისთვის სასურველი კანდიდატი აირჩიეს.

რას აკეთებს რეალურად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო? - ამ უწყების საქმიანობის კრიტიკულ ანალიზს ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა.

2014 წელს შექმნილ ამ სააგენტოს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება უნდა დაეცვა. თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მის რეალურ ფუნქციად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლი და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხარდაჭერა იქცა.

რა აძლევს ამის განცხადების საფუძველს ანგარიშის ავტორებს? ციტატა:

„სააგენტოს ამ დრომდე არ გაუჟღერებია არცერთი პროგრესული ინიციატივა, რომელიც რელიგიური ნიშნით, თანასწორობის და რელიგიის თავისუფლების დაცვისკენ იქნებოდა მიმართული“.

არც სააგენტო და არც ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანო ჩარეულა რელიგიურ თემებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

2017-2019 წლებში ახალი კონფლიქტის კერები გაჩნდა შიდა ქართლში - ძამას ხეობაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში - სოფელ კიკიბოსა და დერცელში.

სააგენტოს არც ამ დაძაბულ ვითარებაში უკისრია მედიატორის როლი.

EMC მიიჩნევს, რომ სააგენტო უმოქმედო აღმოჩნდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების კუთხითაც.

მოხეს სადავო მეჩეთის საკითხი კი სააგენტომ საერთოდ დააკონსერვა - კომისიის გადაწყვეტილებით, სადავო შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო. ხოლო სამუფთო სამმართველოს, ახალი მეჩეთის ასაშენებლად, მოხეში მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ისევ პრობლემაა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული პოლიტიკა.

სახელმწიფო ძირითად ფინანსურ და ქონებრივ რესურსს გადასცემს საპატრიარქოს - 2016-2018 წლებში მის საკუთრებაში აქტიურად გადადის არა მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მას ისტორიულად ეკუთვნოდა, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც - წერს EMC.

საპატრიარქოს, უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა. სახელმწიფო კი, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე, არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს.

საპატრიარქოს გარდა სახელმწიფო დაფინანსებას იღებს 4 რელიგიური ორგანიზაცია. თუმცა სახელმწიფო სულ აკონტროლებს როგორ იხარჯება ეს ფული.

სხვა რელიგიური ორაგანიზაციები, რომლებსაც, შესაძლოა, ასევე მიადგათ ზიანი საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფოსგან არ ფინანსდებიან.

ჩამორთმეული ტაძრების ბედი

რელიგიური ორგანიზაციები წლებია ითხოვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში მათთვის ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების საკუთრებაში დაბრუნების საკითხს, მაგრამ სახელმწიფოს რესტიტუციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მკაფიო პოლიტიკა ამ დრომდე არა აქვს.

სანამ პრობლემა გადაიჭრება - ნაგებობები განადგურების საფრთხის წინაშეა.

რესტიტუციის პოლიტიკის უთანასწორობის გამოვლინებად ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, მაგალითად, თანდოიანცის სომხური ისტორიული ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმეს.

რა ელის თანდოიანცის ეკლესიას?
please wait

No media source currently available

0:00 0:23:37 0:00

რელიგიის თავისუფლების დარღვევის გახმაურებული საქმეები

ამ საქმეებს შორის იყო, მაგალითად, ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ამბავი:

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ფართო ჯგუფს უარი უთხრა მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნაბართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში ორი წლის განმავლობაში დაობდა. ხელშესახები შედეგი დღემდე არ არსებობს.

ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატი

ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და რელიგიური ნიშნით დევნის გამო, მუსლიმი თემი დღემდე ვერ ახერხებს ქობულეთში მოსწავლეების პანსიონატის გახსნას.

სასამართლო დავა ოთხი წელია გრძელდება - ესეც ჯერ უშედეგოდ.

დაზიანებული სომხური ეკლესიის გამოუძიებელი საქმე ჯავახეთში

2019 წლის 4 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სომხური სამოციქულო ეკლესიის სამლოცველოში, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთები დააზიანეს.

ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას რაიმე შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.

და ეს საქმეების მხოლოდ ნაწილია.

EMC ანგარიშში ცალკე თავს უთმობს რელიგიური განათლების საკითხს და წერს, რომ 2005 წელს, განათლების სისტემის რეფორმის შემდეგ, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის გარანტიები საკანონმდებლო დონეზე გაიწერა. კანონმა კი სავალდებულო საგნებიდან რელიგიის სწავლება ამოიღო და არჩევით საგნად აქცია.

თუმცა დღემდე, საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის და პროზელიტიზმის პრაქტიკა ისევ არსებობს და ის სკოლებში სწავლების პროცესისა და სოციალური გარემოს ნაწილად რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG