Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფორმის განმავლობაში მიწის მხოლოდ 9%-ია რეგისტრირებული


მიწის რეგისტრაციის შუალედური შედეგებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში გამარტივებული პროცედურებით წარმატებით დარეგისტრირდა 600 000 განაცხადზე მეტი, ჯამურად კი რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტია.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე ითქვა, რომ უფასო სერვისების მიღების გზით მოქალაქეებმა 33 700 000 ლარზე მეტი დაზოგეს. მიწის რეგისტრაციის რეფორმას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად მიიჩნევს, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე კი ამბობს, რომ საქართველოს საექსპორტო რეფორმებში მთავრობა ერთ-ერთ პირველს სწორედ ამ რეფორმას ასახელებს.

თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციის პროცესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00

თუმცა საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, პროცესის მონიტორ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებულობაზე ასეთი მაღალი წარმოდგენა არ აქვთ. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან სამართლებრივ დავასაც კი აწარმოებს. სასამართლო სხდომა ჩანიშნულია და ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ სასამართლო საჯარო რეესტრს ორგანიზაციისთვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიწოდებას დაავალებს. ამ ინფორმაციის გარეშე, პროცესის ავ-კარგიანობის შეფასებას ორგანიზაციაში პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევენ. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მიწის რეგისტრაციის პროცესში მოსახლეობას ისინი კონსულტაციას თავადაც უწევენ და ამ პროცესში არაერთი ხარვეზი გამოავლინეს.

რა შეკითხვებზე ითხოვს პასუხს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“?

„იმისთვის, რომ მიწის რეგისტრაციის პროექტი საბოლოოდ შევაფასოთ, ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ, რასაც არ ათავსებს თავის საიტზე საჯარო რეესტრი და რაც გამოვითხოვეთ მისგან, თუმცა უშედეგოდ“ -გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა. ორგანიზაციას მიწის რეგისტრაციის პროცესის შეფასებისთვის სჭირდება პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რა თანხა დაიხარჯა რეგისტრაციის პროცესში? რამდენი განაცხადი მიიღეს სულ და მათგან რამდენი შეწყდა ან შეჩერდა? რამდენი რეგისტრაცია დასრულდა წარმატებით? რამდენი განაცხადის შემთხვევაში ჩაატარეს ადმინისტრაციული წარმოება? 600 000 დარეგისტრირებულს შორის რამდენი იყო პირველადი რეგისტრაცია? რამდენი გასაჩივრდა? რამდენად წარმატებით იმუშავა მედიაციამ? და სხვა.

საჯარო რეესტრი ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად მის დიდ მოცულობას ასახელებს, გვითხრა თეონა ზაქარაშვილმა. „დღეს-დღეობით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მხოლოდ ნახაზების აზომვისთვის დაიხარჯა 27 მილიონი, ეს ინფორმაცია მოგვაწოდა შესაბამისმა სამსახურმა, რომელიც არ არის საჯარო რეესტრი, მეტი სხვა მონაცემი არა გვაქვს,“ - აღნიშნავს თეონა ზაქარაშვილი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მოქალაქეებმა რეგისტრაციის პროცესში გარკვეული შეღავათებით ისარგებლეს, ერთიანობაში პროექტი განხორციელდა ხარვეზებით, შეფერხებებით, ხანგრძლივი ლოდინით, დაყოვნებული წარმოებით, მედიაციის არასაკმარისი შედეგით და სხვა.

„ჩვენი პროგნოზები, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტის მიღების დროს ვამბობდით, გამართლდა. პირველ რიგში გამართლდა ის, რომ სპორადული, ინდივიდუალური რეგისტრაციის წახალისება ვერ უზრუნველყოფდა მიზანს, მიწების რეგისტრაციას. ყველაზე დიდი ციფრი, რასაც დღეს საჯარო რეესტრი ასახელებს, არის ის, რომ განხორციელდა 600 000 რეგისტრაცია. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ 75 პროცენტი მიწებისა დარეგისტრირებულია.“ - ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

მიწების რეგისტრაცია ოფიციალური მონაცემებით

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და ტყის ფონდის გარდა, დარეგისტრირებას ქვეყანაში ექვემდებარება სულ 3 399 666 ჰა ფართობი. აქედან 90-იანი წლების შემდეგ რეფორმის დაწყებამდე პერიოდში უკვე იყო რეგისტრირებული მიწის 35,6%-მდე, რასაც რეფორმის თითქმის 3 წლის განმავლობაში დაემატა კიდევ 8,9%-მდე. მთლიანობაში ამ დროისათვის საკუთრებაში დარეგისტრირებულია მიწის თითქმის 45%. მიმდინარე წლის 5 თებერვლის მონაცემებით, საჯარო რეესტრიდან საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიებში 27 000-ზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, მედიაციამ მორიგებით დაასრულა 1500-მდე კომპლექსური საქმე და სხვა.

ივანე ცარციძე
ივანე ცარციძე

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ივანე ცარციძე გვეუბნება, მოქალაქეთა მიმართვიანობა ბოლო 3 წლის განმავლობაში 5-ჯერაა გაზრდილი და მოსახლეობა მიწის გამარტივებული წესით რეგისტრაციისადმი დიდ ინტერესს ამჟღავნებს, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ინდივიდუალური, იგივე სპორადული პროექტის პარალელურად, 12 არეალში ხორციელდება სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტიც: „ამ არეალებში სრულად დამთავრდა საკადასტრო აზომვითი სამუშაოები, დარეგისტრირდა უკვე მიწის 70 % და მიმდინარე წლის ივლისის თვემდე სრულად იქნება დარეგისტრირებული ეს 12-ვე საპილოტე არეალი. ეს მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ მომავალში, როგორ შეიძლება სრულვყოთ და მთლიანად სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით და პროექტების ჩართულობით მივაღწიოთ ერთიან დაფარულობას კონკრეტულ არეალებზე,“ - აღნიშნა ივანე ცარციძემ.

რა გამოკვეთა მიწის რეგისტრაციის შუალედურმა შედეგებმა?

ISET-ის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მიწის რეგისტრაციის შუალედური შედეგების პრეზენტაციამ მას მეტი კითხვა დაუტოვა, ვიდრე პასუხი. იგი იხსენებს, რომ რეფორმის დასაწყისშივე ფიქრობდა, რომ მიწის რეგისტრაციის სპორადული, ინდივიდუალური მიდგომა მცირედით გაზრდიდა რეგისტრირებული მიწების რაოდენობას, მაგრამ შედეგს ვერ მოიტანდა. იგი არ გამორიცხავს, რომ მოქალაქეთა მიმართვიანობა მართლაც გაზრდილია, თუმცა მათ მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები და მცირე ფართობებია. მისივე თქმით, რეფორმის დაწყებიდან დარეგისტრირებული 300 000 ჰექტარი მიწიდან ნახევარი სახელმწიფო მიწებია.

„მიწის რეგისტრაციის სისტემური მიდგომა არის ერთადერთი სწორი მიდგომა“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი, ყველგან ეს გამოიყენება. მართალია, სისტემური მიდგომის დანერგვა ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ორწელიწადნახევარში არც თუ პატარა თანხები დავხარჯეთ ისედაც. იმედს გამოვთქვამ, რომ საპილოტე პროექტში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების შემდეგ, მიწის რეგისტრაციის სისტემური მიდგომა მთელს ქვეყანაზე გავრცელდება“, - აღნიშნავს რატი კოჭლამაზაშვილი, რომელიც აუცილებლად თვლის ამ პროცესში სახელმწიფოს თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან და მის ჩართვას რეფორმის პროცესში. მკვლევრის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ISET-ს არ მიაწოდა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია, რაც პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 31 ივლისს დაიწყო და მისი მოქმედების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.რეფორმის ფარგლებში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით ლიდერობენ იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი. ბოლო მონაცემებით, პროექტი 2019 წლის ივლისამდე გაგრძელდება. სახელმწიფო პროგრამის შესაძლო შეჩერება, მიწის რეგისტრაციის პროცესის შეჩერებას არ ნიშნავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG