Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთველი, რომელიც არავის უხარია


ახმეტაში რთველი კახეთისთვის დამახასიათებელი ჩვეული მოლხენის გარეშე მიმდინარეობს, რადგან ეს რთველი დაუგეგმავია, რაც სეტყვამ გამოიწვია. „რთველიც“ პირობითად ითქმის, რადგან ყურძნის მხოლოდ მიზერული ნაწილია გადარჩენილი. მთავრობა დაზარალებულებს ფინანსურად არ დაეხმარება. დაზიანებულ მოსავალს ღვინის ქარხანა 50 თეთრად იბარებს.

რთველი, რომელიც არავის უხარია
please wait

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00
გადმოწერა

დღეიდან ახმეტაში დუგეგმავი რთველი დაიწყო. სტიქიით დაზარალებულები სეტყვას გადარჩენილ ყურძენს კრეფენ, დაზიანებულ მოსავალს კი ერთადერთი კომპანია, სააქციო საზოგადოება "ახმეტის ღვინის ქარხანა" იბარებს. კომპანია ერთ კილოგრამ ყურძენში 50 თეთრს იხდის. ქარხანას სულ 8 ათასი ტონა მოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვს, მიღებული პროდუქციით კი ადგილობრივი გასაღებისთვის სპირტს დაამზადებს. ღვინის ქარხნის წარმომადგენელი მამუკა სამსონაძე ამბობს, რომ კომპანია ყურძენს მხოლოდ იმ მევენახეებისგან იბარებს, რომლებსაც მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული:

„ქარხანა მზად არის, რომ ეს ყურძენი გადაამუშაოს. პარტნიორთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ სეტყვისგან დაზარალებული გლეხების ყურძენი მიგვეღო და გადაგვემუშავებინა სასპირტედ. ქარხანა მიიღებს, დაახლოებით, 7-8 ათას ტონას. არც ერთ გლეხს არ დავტოვებთ ყურადღების გრეშე. 50 თეთრს ვუხდით კილოგრამ ყურძენში“.

ახმეტაში დაუგეგმავი რთველი დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

მართალია, ქარხანა დაზიანებულ ყურძენს იბარებს, მაგრამ თავად დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ ეს მათთვის დიდი შეღავათი არ არის, რადგან ყურძნის მხოლოდ მიზერული რაოდენობაა დარჩენილი. გიორგი პავლიაშვილი წელს 40 ტონამდე მოსავალს ელოდებოდ, მაგრამ სეტყვის შემდეგ დღეს მხოლოდ ერთი ტონა მოკრიფა. პავლიაშვილი ამბობს, რომ სტიქიამ ისინი მინიმუმ სამი წლით მაინც დააზარალა, რადგან დაზიანებული ვაზი უნაყოფო იქნება მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც:

ჩვენ საუბარი გვაქვს არა მხოლოდ მევენახეობაზე, არამედ არის სოფლის მეურნეობის ბევრი სხვა დარგი , რომელზე პასუხიც უნდა იყოს თანაბარი ყველას მიმართ. შესაბამისად, პასუხი არის ის, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს აგროდაზღვევის დარგის ამოქმედებას და, შესაბამისად, წინასწარ უნდა დააზღვიოს გლეხმა მოსავალი...
ლევან დავითაშვილი

„ამ ტერიტორიაზე ჩვენ ველოდებოდით სადღაც 40 ტონას, თუმცა ახლა ერთი ტონაღა მოიკრიფება. მომავალ წელსაც არ იქნება მოსავალი, რადგან ვაზი ძალიან არის დაზიანებული და აღდგენა სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი განადგურებულია“.

ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა და სახელმწიფოსგან დახმარება მოითხოვა, თუმცა ამ აქციის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მთავრობა გლეხებს თანხით ვერ დაეხმარება. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ, რათა მსგავს მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდნენ:

„ჩვენ საუბარი გვაქვს არა მხოლოდ მევენახეობაზე, არამედ არის სოფლის მეურნეობის ბევრი სხვა დარგი , რომელზე პასუხიც უნდა იყოს თანაბარი ყველას მიმართ. შესაბამისად, პასუხი არის ის, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს აგროდაზღვევის დარგის ამოქმედებას და, შესაბამისად, წინასწარ უნდა დააზღვიოს გლეხმა მოსავალი, რომ შემცირდეს რისკები და შემდგომში არ ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, იქნება თუ არა დახმარება კონკრეტულ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში ეს დახმარება ვერ იქნება, რადგან სახელმწიფო რესურსები მნიშვნელოვანწილად არის შეზღუდული“ .

მინისტრის ამ განცხადებას კახელმა გლეხებმა უპასუხეს და თქვეს, რომ მოსავალს ვერ აზღვევენ, რადგან მიწის ნაკვეთები არ აქვთ გაფორმებული:

„სეტყვისგან განადგურებული ყურძენი რომ აღარ ასხია, რა ჩავაბარო?! მე რა ვქნა, რა გავაკეთო?. მოსავალი სტიქიამდე თუ დაეზღვევა, კარგია, მაგრამ ვერ ვაზღვევ ვენახს, რადგან არ მაქ მიწა გაფორმებული. ეს პროცესიც გაჭიანურებულია“.

ახმეტაში სტიქიას მხოლოდ მოსავალი არ გაუნადგურებია. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ნაწილი კი დაზიანებულია. სეტყვამ, ქარმა და წვიმამ ახმეტის გარდა პრობლემები შექმნა თელავშიც. სტიქიამ მოსავალთან ერთად ინფრასტრუქტურაც გაანადგურა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენია ზარალი კახეთის ამ ორ მუნიციპალიტეტში. წინასწარი ინფორმაციით, 500 ჰექტარზე მეტია დასეტყვილი ვენახებისა და ერთწლიანი კულტურების საერთო ფართობი. იქ სადაც ვენახები არ დასეტყვილა, რთველი აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG