მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში გამოჩენას მწვავე სამოქალაქო პროტესტი და მრავალათასიანი დემონსტრაცია მოჰყვა პარლამენტის შენობის წინ. მას შემდეგ, რაც ხალხის მცირე ნაწილი პარლამენტის შენობაში შეღწევას შეეცადა, პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 40 ჟურნალისტი. ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა. დააკავეს ათობით დემონსტრანტი.
საპროტესტო აქცია გადაიზარდა ფართო მასშტაბის ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები ჩაუდგნენ სათავეში.

დემონსტრანტების მოთხოვნებიდან ერთ-ერთი 21 ივნისს შესრულდა - გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ხელისუფლება დათანხმდა კიდევ ერთ მთავარ მოთხოვნას - 24 ივნისს ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდებოდა და დამატებით პარტიებისთვის გაუქმდებოდა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო მინიმალური ბარიერი. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა - შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა - არ შესრულდა, სექტემბერში მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. პარლამენტის შენობის წინ ყოველდღიური აქციები სამ თვეს გაგრძელდა.