Accessibility links

სინოდის პირველი სხდომა 2019 წელს: რა უნდა იცოდე


ფოტო არ ასახავს სინოდის 31 ოქტომბერს ჩატარებულ სხდომას.

11-თვიანი პაუზის შემდეგ, 2019 წლის 31 ოქტომბერს ტარდება, სინოდის - ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს - სხდომა, რომელიც რადიკალურ განჩინებას იღებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ეკლესიაში შექმნილ კრიზისს ვერ აგვარებს.

სინოდის სასჯელი პეტრესთვის და მისი ბრალდება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს სინოდის სხდომის დასრულებამდე ტოვებს.

„პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - აცხადებს პეტრე და ჟურნალისტის პასუხად ამატებს, რომ გულისხმობს „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.

პეტრე ცაავა სინოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური წევრია, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს საპატრიარქოს ადმინისტრაციას და საუბრობს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე.

განჩინების თანახმად, 42 წევრისგან შემდგარმა სინოდმა ერთხმად მოუწოდა მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფისა და ცილისწამების გამო, გამოეთქვა სინანული.

„როცა პატრიარქს ეუბნები, შენ არ ხარ მწყემსი კეთილიო - ეს არ არის შეურაცხყოფა?“ - ამბობს მეუფე საბა, ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი და ამატებს: „მეტი გზა არ დაგვიტოვა“.

პეტრე ცაავა ისევ მეუფეა. სინოდის გადაწყვეტილებით მას რჩება სამღვდელო ხარისხი, თუმცა აღარ მართავს ეპარქიას, ეკრძალება მღვდელმსახურება, აღარაა წმინდა სინოდის წევრი და უნდა გამწესდეს მონასტერში მოსანანიებლად.

„მღვდელმსახურებიდან განყენება მძიმე სასჯელია - მას ეკრძალება წირვის, აღსარების ჩაბარება და შენდობა და ყოველგვარი საეკლესიო მსახურება“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი და ამატებს, რომ ამაზე უარესი სასჯელი სასულიერო პირის კურთხევის გაწვევა და ერისკაცად განკვეთაა.

პეტრე ცაავა
პეტრე ცაავა

პეტრე ცაავა ილია მეორის შეურაცხყოფას არ აღიარებს. მისი თქმით, სინოდი საჯარო გამოსვლების შეწყვეტას სთხოვდა, თუმცა საჯაროობა მისთვის ერთადერთი გზაა ეკლესიაში პრობლემების მოსაგვარებლად.

ისტორიაში პირველად, მეუფე პეტრე ღიად აცხადებს, რომ არსებობს პატრიარქის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული ცნობები, ამის დამტკიცება შეუძლია და ჰყავს მოწმეებიც.

„ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც იტყოდნენ, დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა. ისინი არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის. საუბედუროდ, მათი რიცხვი არ არის ცოტა“, - ამბობს იგი „მთავარის“ ეთერში.

პეტრე ცაავას მხარს უჭერს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების დიდი ნაწილი. ცაავასთან დაახლოებული იღუმენია თამარ გამყრელიძე ილია მეორის გადაწყვეტილებას ფეისბუკზე გამოეხმაურა და დაწერა: „პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესია“.

თამარ გამყრელიძე სატელევიზიო ეთერში ამატებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მთელი სამღვდელოება და სასულიერო დასი დარწმუნებულია პეტრე ცაავას ბრალდების სინამდვილეში.

„მეუფე რა ინფორმაციასაც და დოკუმენტებსაც ფლობდა, ყველაფერი ჩვენთან გასაჯაროვებული აქვს - ფაქტები უზნეობასთან დაკავშირებით“, - ამბობს გამყრელიძე. მისივე თქმით, მეუფე პეტრე საქმის კურსში დროდადრო აყენებდა სინოდის სხვა წევრებსაც.​

ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილი სასულიერო პირები
ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილი სასულიერო პირები

ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილი სასულიერო პირები არ აპირებენ დაემორჩილონ სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე პეტრეს ნაცვლად მღვდელმთავრად წარდგენილ გრიგოლ კაციას არ მიიღებენ.

სინოდის სხდომას არ დასწრებია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ამბობს, რომ ის პეტრე ცაავას წინააღმდეგ ხმას არ მისცემდა:

„მე მოვითხოვდი საკითხის უკეთესად შესწავლას. მე საერთოდ არავის წინააღმდეგ არ მივცემ ხმას“.

გაფრთხილება მეუფე იაკობს

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი - რომელმაც ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა - რჩება სინოდის წევრად.

სინოდის განჩინების თანახმად, იაკობმა გამოხატა სინანული არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო და მას „მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელისთვის“ მიეცა გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში კი სინოდი „მიიღებს მკაცრ ზომებს“.

პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ სანქცია „მეუფე იაკობის გამოხტომის და ხელისუფლებასთან ერთად პასუხგასაცემი კითხვების გადასაფარად გამოიყენეს“.

სინოდის შუამდგომლობა - შეწყალება დეკანოზ მამალაძეს

საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინებით.

„ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა“, - ამბობს ილია მეორე.

ილია მეორე
ილია მეორე

თეოლოგი მირიან გამრეკელშვილი მიუთითებს დეკანოზის ციხიდან გამოგზავნილ წერილზე, რომელშიც ის სინოდის სხდომის შემდეგ „ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის“ მძიმე საიდუმლოს გამჟღავნებას აანონსებდა.

„მოხდა ის, რაც ვერ გათვალა ვერც მამალაძემ და ვერავინ“, - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი და ამატებს: „პატრიარქი დათანხმდა, გამოეყვანა მამალაძე, მაგრამ სამაგიეროდ პეტრე უნდა გაჩუმებულიყო. ამაზე პეტრე არ წავიდა და უსამართლობაზე რეაქცია მისცა“.

გამრეკელაშვილი, ასევე, იხსენებს მამალაძის ოჯახის შეხვედრას პატრიარქთან. მაშინ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, პატრიარქმა მისაყვედურა, რატომ თქვით, რომ დეკანოზი ჩემთან ღამით რჩებოდაო.

პატრიარქის სიტყვა სინოდზე

სინოდის სხდომა სიტყვით გახსნა ილია II-მ. მისი თქმით, მღვდელმთავრებმა არ უნდა მისცენ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისათვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ“.

ილია მეორემ, ასევე, თქვა, რომ სინოდის სხდომის წელიწადში ორჯერ გამართვა საკმარისი არაა და ის უფრო ხშირად უნდა იყოს მოწვეული.

დუმილი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მოიპოვა; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საბოლოო პოზიციის გასაჟღერებლად საპატრიარქოს წარმომადგენლები წმინდა სინოდის სხდომას ელოდნენ, რომელიც 6 იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად 31 ოქტომბერს ჩატარდა; სკანდალურ სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განხილვის თემაც არ გამხდარა.

დაწერეთ კომენტარი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG