Accessibility links

ჩორჩანის ტყის ამბები


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების წაღვლისა და ჩორჩანის მიმართულებით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მიმდინარე წლის თებერვალში გააქტიურდნენ. ამ სოფლების მიმდებარე ტყეში ყვითელი ფერის საღებავით ხეები მონიშნეს, ეს ხეები კი ქართული სოფლების სიღრმეში იყო, საოკუპაციო ხაზიდან, დაახლოებით, ორი კილომეტრის სიშორეზე. მონიშნული ხეები პირველად სოფლის მცხოვრებლებმა შენიშნეს და ხელისუფლებას აცნობეს. ისინი რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულ პირებს ტყეში ტალკისა და მარმარილოს საბადოებთან ხშირად ამჩნევდნენ. იქვეა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი-2“. ეს საბადოები მუდამ ქართულ სოფლებს ეკუთვნოდა, გადამამუშავებელი საწარმოები კი წნელისში იყო. წნელისი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. დე ფაქტო ხელისუფლებას ოსური მედიით საბადოებზე პრეტენზია არაერთხელ დაუფიქსირებია და ამ ადგილების ხელში ჩასაგდებად უკვე კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამდა. თებერვალში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ დაკავების შიშით ტყეში გასვლას ვერ ახერხებს.

წაღვლისა და ჩორჩანის საკითხი 9 თებერვალს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც განიხილეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩორჩანის ტყეში მონიშნული მონაკვეთების თაობაზე საოკუპაციო ძალებისგან განმარტება მოითხოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შექმნილ ვითარებასა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის მესაზღვრეებს დააკისრა და თქვა, საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამსო.

ნაბიჯების გადადგმა ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო, როცა ხაშურის ბიუჯეტიდან ჩორჩანის ტყეში გზის მშენებლობისთვის თანხა გამოიყო, ამის შესახებ წაღვლის თემში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძეც საუბრობდა.

ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო პოზიციაზე ვერ შევჯერდით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა პოსტის განთავსება.
ანატოლი ბიბილოვი


საქართველოს ხელისუფლებამ გზის გაყვანას, დაახლოებით, 5 თვე მოანდომა და ბოლო მონაკვეთის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დაასრულა, საოკუპაციო ხაზთან ახლოს კი პოლიციის საგუშაგოც დადგა. ამ ყველაფერს დე ფაქტო ხელისუფლების გაღიზიანება და ულტიმატუმის ენით საუბარი მოჰყვა. ბიბილოვმა ოკუპირებულ წნელისში მძიმე ჯავშანტექნიკა, ომონისა და უშიშროების შეიარაღებული რაზმები შეიყვანა. ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩორჩანის მახლობლად აგებული ხის კონსტრუქციის დასაშლელად 29 აგვისტოს, ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ვადა 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცეს. ქართულმა მხარემ თქვა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არ განიხილება, ულტიმატუმის ენით საუბარი კი მიუღებელია.

30 აგვისტოს ჩორჩანის მახლობლად მდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2 სექტემბერს ამ თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა ერგნეთში გაიმართებოდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი, ანატოლი ბიბილოვმა, ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სოფელ ჩორჩანის მეზობელ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საკუთარ ბლოკპოსტს ოსური მხარეც განათავსებდა.

"ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო პოზიციაზე ვერ შევჯერდით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა პოსტის განთავსება, რათა სოფლის მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს,თქვა ბიბილოვმა.

3 სექტემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყების, „ცოდნის დღის“ გამო, 4 სექტემბერს, 20 საათიდან, დროებით შეწყდება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების მუშაობა“. შეზღუდვა მოიხსნება 6 სექტემბერს, დილის 6 საათიდან.


2 სექტემბერს, ერგნეთის ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ჩორჩანის საგუშაგოს ადგილმდებარეობა არ შეიცვლება, დიალოგი კი გაგრძელდება.

„ეს ტექნიკური შეხვედრა გახლდათ რამდენიმე დღის წინ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელება და საუბარი კვლავ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. დასაწყისშივე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. ამასთანავე, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რამაც, ჩემი აზრით, ჩაიარა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, რა ნაბიჯები შეიძლება იქნეს გადადგმული და ხაზი გაესვა აუცილებლობას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია“.

ჩორჩანაში დაძაბულობის ფონზე, 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის მიმართულებით ე. წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გეგმავდა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ეს 3 სექტემბერს მოხდებოდა და არავინ იცოდა, როდის გაიხსნებოდა გზა. ახალგორელები აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ სიტყვიერად აფრთხილებდნენ და სპეციალური განცხადება რუსეთის მესაზღვრეების საგუშაგოზეც იყო გამოკრული. 2 სექტემბერს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია გზის ჩაკეტვის თაობაზე არ დაუდასტურა, თუმცა დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 3 სექტემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყების, „ცოდნის დღის“ გამო, 4 სექტემბერს, 20 საათიდან, დროებით შეწყდება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების მუშაობა“. შეზღუდვა მოიხსნება 6 სექტემბერს, დილის 6 საათიდან. სამოქალაქო აქტივისტი, ახალგორის მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში ბოლო დღეების განმავლობაში უსაფუძვლო პანიკა იყო შექმნილი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარზე" ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორში აქვს გახსნილი. ეს პუნქტი, როგორც წესი, რომელიმე კონკრეტული თარიღის ან დღესასწაულის გამო იკეტება ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG