Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-ი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები - მარტივად


Facebook-მა წაშალა ქართული წარმოშობის 344 გვერდი, 39 ანგარიში, 13 ჯგუფი და 22 Instagram-პროფილი, რომელთა აუდიტორია ნახევარ მილიონამდე ფეისბუკანგარიშს მოიცავდა.

ეს გვერდები პოზიციონირებდნენ როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაორგანიზაციები. მათი პოსტები მიმართული იყო ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე და ძირითადად ეხებოდა პოლიტიკურ საკითხებს - არჩევნებს, მთავრობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისინი აკრიტიკებდნენ ოპოზიციასა და ადგილობრივ აქტივისტებს. პოსტების რეკლამაში 316 000-მდე აშშ დოლარი დახარჯეს.

მიუხედავად იმისა, რომ წაშლილი ქსელის უკან მდგომი ადამიანები საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ფეისბუკის გამოძიება ქსელის აქტივობას სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირებს. „პანდაც“ და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ფეისბუკის მიერ წაშლილ ქსელთან კავშირს უარყოფენ.

უფრო კონკრეტულად ვინ და რა გამოავლინა ფეისბუკმა?

ფეისბუკმა გამოააშკარავა - რასაც თავად უწოდებს - “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” (CIB) ქსელი. ამ დროს გვერდები და ადამიანები მუშაობენ ერთად, რათა შეცდომაში შეიყვანონ ნამდვილი მომხმარებლები თავიანთი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

ქსელის წაშლის მიზეზი კი გახდა მისი ქცევა და არა პოსტების შინაარსი. სოციალურმა ქსელმა ანგარიშები წაშალა არა იმიტომ, რომ მათ მიერ გაზიარებული კონტენტი შეიცავდა სიძულვილის ენას, მუქარას, ტყუილს, ან იმის გამო, თუ ვინ იდგა ქსელის უკან. ფეისბუკმა ქსელი წაშალა იმიტომ, რომ მის უკან მდგომი ადამიანები ყალბი ქცევებით მალავდნენ საკუთარ რეალურ იდენტობას, რათა მათი აქტივობა უფრო სანდო ყოფილიყო.

ფეისბუკი მხოლოდ რამდენიმე მაგალითით შემოიფარგლა და თავის განცხადებას დაურთო მხოლოდ სამი „სქრინშოთი“, რომელშიც გვერდები - Fastnews.ge, Mypress.ge, ეროვნული მედია - ე.წ. ახალი ამბების ორგანიზაციები, სახელისუფლებო ნარატივს ავითარებენ. აღარ იძებნება ისთი გვერდები, როგორიცაა: „მიხეილ უკრაინოლოგი“, „ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა“, „Unofficial: Rustavi 5“, „ძაან უდუმაშვილი“, „ნაცია - ადამიანი?“, „ამხილე“.

„ატლანტიკური საბჭოს“ ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) - რომელიც ფეისბუკთან თანამშრომლობდა - დამოუკიდებლად გააანალიზა სოციალური ქსელის მიერ დასახელებული 344 გვერდიდან 261, მათ გაუქმებამდე.

DFRLab-ის კვლევით, გაუქმებული ქსელი ავრცელებდა საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართულ ინფორმაციას. ასევე:

  • ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს

  • ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკას

  • საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას

ვინ დახარჯა 316 000 დოლარი და რა პრობლემაა ამაში?

ფეისბუკი ამბობს, რომ ამ გვერდების მიერ რეკლამაში დახარჯული თანხა 316 000-მდე დოლარია, თითქმის მილიონი ლარი. უცნობია, საერთო ჯამში, რა თანხაა დახარჯული ამ ქსელის უკან მდგომი ადამიანების ხელფასებში, ქირაში, ტექნიკის საფასურსა თუ ყოველდღიურ ხარჯებში.

მმართველი პარტიის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თანხას ხარჯავდა ხელისუფლებისადმი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტი. არის თუ არა ეს პოლიტიკური რეკლამა ან/და შემოწირულება, რომლის მიზანი ამომრჩევლის არჩევანზე გავლენის მოხდენაა?

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ პოლიტიკური სუბიექტის ნებისმიერი დანახარჯი საარჩევნო პერიოდში უნდა იყოს დეკლარირებული და თანხების წარმომავლობა უნდა იყოს გამჭვირვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ჯარიმას ითვალისწინებს.

„ეს ანონიმური გვერდები არასდროს არ დეკლარირდებოდა. არადა, ჩვენი დაკვირვებით, აქ უფრო დიდ მასშტაბებს აღწევდა დასპონსორება“.

ბენიძის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ არჩილ თალაკვაძეს დავუჯერებთ, რომ ფეისბუკზე „ქართული ოცნების“ უბრალო მხარდამჭერები ხარჯავენ ფულს, ესეც დეკლარირებული უნდა იყოს, როგორც კონტრიბუცია.

ჩემს ფეისბუკზე ყალბ გვერდებს ისევ ვხედავ. რატომ?

შესაძლოა, ზოგიერთი მადისკრედიტირებელი, ანტიოპოზიციური თუ ანტისახელისუფლებო გვერდი არაა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ქსელის ნაწილი და ფეისბუკი მისი გაუქმებით დაინტერესებული არაა.

ამასთან, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ფეისბუკი აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა გვერდებსა და კოორდინირებულ ქსელებს გააუქმებს.

ახალ ყალბ გვერდებს და ბოტებს ვერ შექმნიან?

კი, გააკეთებენ, მაგრამ მეტი დრო და რესურსი დასჭირდებათ, რომ იმავე ოდენობის ადამიანს მისწვდნენ.

„პანდა“ მუსიკალური ჯგუფი არ იყო?

„პანდა“ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მუსიკალური პროექტით 2017 წელს. ჯგუფის ორ სიმღერას - „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა!“ და „დუპც ტაპც!“ - იუტუბზე, საერთო ჯამში, 10 მილიონამდე ნახვა აქვს. „ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას“ - ამ ლოზუნგით „პანდა“ ბაზარზე შემოვიდა როგორც სარეკლამო სააგენტო, მიმდინარე წლის აპრილში.

ფეისბუკის განცხადებას „პანდამ“ ვიდეომიმართვა მიუძღვნა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის, ფეისბუკის წაშლილ გვერდებთან „პანდას“ გვერდის კავშირი უარყო და „ცრუ ლიბერალები“ მათ ბულინგში დაადანაშაულა:

„ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში, შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა პრინციპებზე მნიშვნელოვანი - ჩვენთვის მთავარია ის ღირებულებები, რისიც გვწამს“.

ასეთი რამ პირველად მოხდა? სხვა ქვეყნებშიც შლის ფეისბუკი ყალბ გვერდებს?

კოორდინირებული არაავთენტური ქცევა ფეისბუკმა საქართველოში პირველად გამოავლინა. თუმცა გასულ წელს სოციალურმა ქსელმა ასეთი 50-ზე მეტი ქსელის გაუქმების შესახებ განაცხადა.

ბოლო ორი წლის მანძილზე, ფეისბუკმა გამოავლინა არასახელისუფლებო, შიდასახელმწიფოებრივი ჯგუფები და კომერციული კომპანიები, რომლებიც არაავთენტურად იქცეოდნენ. ასევე, გამოააშკარავეს ფინანსურად მოტივირებული კამპანიები, რომლებსაც ყალბი ანგარიშების მეშვეობით თუ სხვა არაავთენტური ტაქტიკების გამოყენებით ადამიანები შეცდომაში შეჰყავდათ.

  • 20 სექტემბერი, 2019 - ფეისბუკმა წაშალა 65 ფეისბუკის და 35 ინსტაგრამის ანგარიში ესპანეთში;
  • 16 სექტემბერი, 2019 - ფეისბუკმა წაშალა 76 ანგარიში, 120 გვერდი, 1 ჯგუფი, 2 ღონისძიება და 7 ინსტაგრამპროფილი ერაყში;
  • 3 ოქტომბერი, 2019 - ფეისბუკმა წაშალა 69 ანგარიში, 42 გვერდი, 34 ინსტაგრამპროფილი ინდონეზიაში;
  • 31 იანვარი, 2019 - ფეისბუკმა წაშალა 234 ანგარიში, გვერდი და ჯგუფი ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ინდონეზიაში;
  • 7 მარტი, 2019 - ფეისბუკმა წაშალა 137 ფეისბუკის და ინსტაგრამის პროფილი, გვერდი და ჯგუფი გაერთიანებულ სამეფოში;
  • 25 ივლისი, 2019 - ფეისბუკმა წაშალა 181 ანგარიში, 1 488 გვერდი ჰონდურასში.

თითოეული ზემოჩამოთვილი შემთხვევა ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე ფოკუსირებული კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ქსელის ნაწილი იყო. საქართველოს მსგავსად, ქვეყნის ხელისუფლებასთან ყალბი ქსელის კავშირზე ფეისბუკმა მხოლოდ ჰონდურასის შემთხვევაში მიუთითა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG