Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკრაინის მძლავრი დახმარება გაგრძელდება" - რით დაეხმარებიან კიევს მოკავშირეები?


ფოტო არქივიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი და ლოიდ ოსტინი პენტაგონში. 2023 წელი.
ფოტო არქივიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი და ლოიდ ოსტინი პენტაგონში. 2023 წელი.

უკრაინელი სამხედროები რუსეთთან ომში შეიარაღების მნიშვნელოვან დეფიციტს კარგა ხანია უჩივიან და მოკავშირეებს ტექნიკითა და აღჭურვილობით დახმარების გაზრდას სთხოვენ. რამშტაინის მე-18 შეხვედრაზე კიევმა ახალი დაპირებები მიიღო.  

უკრაინისთვის თითოეულ დაპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მით უფრო იმ ფონზე, როცა აშშ-ის კონგრესში კვლავ ჭიანურდება ბიუჯეტის დამტკიცება და კიევისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის საკითხი.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე ამოწურული აქვს უკრაინის შემდგომი დახმარებისთვის საჭირო თანხა. პენტაგონი მოკავშირეების მაქსიმალურ გააქტიურებას ცდილობს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში შემავალმა ქვეყნებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ჯამში 80 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყვეს.

რას მიიღებს უკრაინა?

უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრის [რამშტაინის შეხვედრის] ფარგლებში კიევმა მოისმინა „პარტნიორების საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები, საკმაოდ მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესახებ“ - „უკრაინის მძლავრი დახმარება გაგრძელდება“ - ამ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე, ილარიონ პავლიუკის სიტყვებზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.

განცხადებებში აღნიშნულია, რომ უკრაინა მიიღებს შეიარაღებას „მტრის ეფექტიანად დასამარცხებლად - როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ზურგში“ და, რომ ეს შორი მოქმედების იარაღსაც შეეხება. შეიარაღების ტიპი არ კონკრეტდება.

პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ კიევი ბერლინის დარწმუნებას ცდილობს, რათა მას 500 კილომეტრზე მოქმედი Taurus-ის სისტემის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს.

17 იანვარს გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა. გერმანია შიშობს კონფლიქტის ესკალაციას, თუკი უკრაინელები ამ რაკეტებით სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყამენ. კიევი აცხადებს, რომ იარაღს მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებს, რაშიც ოკუპირებული ყირიმი და დონბასიც შედის.

რამშტაინის ონლაინშეხვედრის მნიშვნელოვან სიახლედ იქცა გერმანიის გადაწყვეტილება, საკუთარი სამხედრო არსენალიდან მიაწოდოს უკრაინას Sea King Mk41-ის ტიპის 6 ვერტმფრენი.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა და პირველი ვერტმფრენების მოწოდების ვადად მიმდინარე წლის მეორე კვარტალი დასახელდა. გერმანია ასეთ ნაბიჯს პირველად დგამს. მანამდე, იმავე ტიპის ვერტმფრენები უკრაინას დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა.

„Sea King არის გამოცდილი და სანდო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრი მიმართულებით: შავი ზღვის დაზვერვიდან დაწყებული და სამხედროების ტრანსპორტირებით დასრულებული“, - ბორის პისტორიუსი ასევე აღნიშნავს, რომ „უკრაინის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად #1 პრიორიტეტად რჩება საჰაერო თავდაცვა“.

„უკრაინის თავზე ცა უკრაინას უნდა ეკუთვნოდეს“ - ესეც გერმანიის თავდაცვის მინისტრის სიტყვებია.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ტვირთი ბოლო კვირების მანძილზე თითქმის ყოველდღიურად ჩადიოდა უკრაინაში, პოლონეთის გავლით და მათ შორის არის: სამხედრო ჯავშანმანქანები, დრონები და დრონებისგან დაცვის სისტემები, ლოგისტიკური დანიშნულების 100-ზე მეტი ავტომობილი.

ფართოა გეგმა 2024 წლისთვისაც - გერმანული დახმარების ღირებულება 7 მილიარდ ევროს აღემატება.

გერმანია აპირებს, რომ უკრაინას მიაწოდოს: საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T SLMInfra Red, საშუალო მანძილის ვიზუალიზაციის სისტემა Tail Surface; Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო საარტილერიო სისტემები; საარტილერიო სისტემების 230 000 ერთეული საბრძოლო მასალა, Leopard 1 A5-ის ტიპის საბრძოლო ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, 450 ჯავშანმანქანა, განაღმვის სისტემები, დრონები, რადარები, სადაზვერვო სისტემები და სხვა.

2024 წელს გერმანია მზად არის, გაწვრთნას 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ფიქრობს, რომ უკრაინის ომი, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს. „კრემლისგან მუქარა თითქმის ყოველდღიურად გვესმის", - თქვა მან 19 იანვარს, Tagesspiegel-თან ინტერვიუში. პისტორიუსი ხშირად იმეორებს, რომ საჭიროა სამხედრო მრეწველობის ტემპების მნიშვნელოვანი გაზრდა.

23 იანვარს, რამშტაინის შეხვედრაზე გაირკვა, რომ კანადა შეუერთდა სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის [F-16] უკრაინელი პილოტების მომზადების პროცესს და ასევე უკრაინას გადასცემს Zodiac Hurricane-ის ტიპის 10 მრავალფუნქციურ ნავს - თანამედროვე აღჭურვილობით.

საფრანგეთი აპირებს, რომ უკრაინას გადასცეს Caesar-ის ტიპის 6 ჰაუბიცა მომდევნო კვირებში და აქვს გეგმა, რომ აწარმოოს კიდევ 72 ერთეული, 2024 წელს უკრაინისთვის მისაწოდებლად. ეს იარაღი 40 კილომეტრზე მეტ რადიუსზე სწვდება სამიზნეებს. ასევე, საფრანგეთი უკრაინასთან ერთობლივი სამხედრო წარმოების გზებს განიხილავს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს ბელგია, საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიციის ფარგლებში და ქვეყანას აქვს გრძელვადიანი გეგმა - უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით.

რამშტაინის შეხვედრამდე, როცა კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ჩავიდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს პოლონეთი და დაინერგება "თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც მიემართება იარაღის მსხვილ შესყიდვებს უკრაინის საჭიროებებისთვის".

რაც შეეხება F16-ის ტიპის საბრძოლო გამანადგურებლებს, რომლებსაც დიდი იმედით მოელიან უკრაინაში, როგორც „კიევ ინდეფენდენტი“ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ - რამდენიმე ერთეულ თვითმფრინავს "უკრაინა ექსპლუატაციაში მიიღებს გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისში“.

აშშ მოკავშირეების გააქტიურებას ცდილობს

ABC News-ი წერს, რომ უკრაინისთვის „აშშ-ს ფული აღარ აქვს“ და რამშტაინის შეხვედრაზე „ბაიდენის ადმინისტრაცია, პირველად გამოცხადდა ხელცარიელი“ და ვიდრე კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს [61 მილიარდი დოლარი] დაამტკიცებს - ვაშინგტონი იმედებს მოკავშირეებზე ამყარებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მხარს უჭერს უკრაინის განგრძობად დახმარებას და ამის შესახებ მან რამშტაინის მორიგი შეხვედრის ფარგლებში გამოსვლის დროსაც ილაპარაკა.

„სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და არ შესუსტდება ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ. როგორც არასდროს, განზრახული მაქვს, ვითანამშრომლო მოკავშირეებთან, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა ოსტინმა, რომელიც, როგორც იტყობინებიან, ახლახან გადატანილი ოპერაციის გამო, რამშტაინის ფორმატის მორიგ სხდომას საკუთარი სახლიდან უძღვებოდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ახალ გრძელვადიან სამხედრო დახმარების პაკეტებს. თქვა, რომ ამ და სხვა პროექტებით უკრაინა დამატებით მილიარდობით დოლარის დახმარებას მიიღებს. მან ასევე განმარტა, რომ დახმარება იქნება როგორც უშუალოდ ბრძოლის ველის საჭიროებების შესაბამისი, ასევე ძლიერი, მოდერნიზებული და მდგრადი შეიარაღებული ძალების უზრუნველსაყოფად.

მანამდე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვაშინგტონის მხარდაჭერის დაპირებები დავოსშიც მიიღო, როცა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში - სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და თეთრი სახლის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა. ვაშინგტონში იმედი აქვთ, რომ კონგრესში შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

აშშ-მა უკრაინის დახმარების ბოლო პაკეტის შესახებ 2023 წლის დეკემბრის მიწურულს გამოაცხადა, როცა კიევისთვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფა გადაწყდა. პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ნატოს კონტრაქტები უკრაინისთვის

პარალელურად, მოკავშირე ქვეყნების სახელით - უკრაინის დასახმარებლად თადარიგს იჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

ოფიციალური ინფორმაციით, ნატომ გააფორმა 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი 220 000 ერთეული 155-მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალებისთვის - უკრაინა, ბრძოლის ველზე, ყველაზე ინტენსიურად სწორედ ამ კალიბრის იარაღს იყენებს.

„რუსეთის ომი უკრაინაში გადაიქცა ამუნიციისთვის ბრძოლად. აუცილებელია, რომ მოკავშირეებმა შეივსონ საკუთარი მარაგები, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში.

ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ალიანსის კონტრაქტები, მათ შორის - მოიცავს ასევე Patriot-ის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს.

2023 წლის ნოემბერში, ნატოს შესყიდვების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება E-7A Wedgetail-ის ტიპის 6 თვითმფრინავის ყიდვის შესახებ. ამ კონტრაქტს 2024 წელს უნდა მოეწეროს ხელი. „ეს რეკორდული კონტრაქტები აჩვენებს ტრანსატლანტიკური სამხედრო მრეწველობის უნარს - გააძლიეროს ნატოს შეკავებისა და თავდაცვის მექანიზმი და მხარი დაუჭიროს უკრაინას“, - აცხადებს ალიანსი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG