Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით იკვებება ქართული ნეონაციზმი


ნეონაცისტური ორგანიზაციის წარმომადგენლები 17 მაისს თბილისში
ნეონაცისტური ორგანიზაციის წარმომადგენლები 17 მაისს თბილისში

ბოლო დროს გააქტიურებული ნეონაცისტური ორგანიზაციების ცალკეული ლიდერები პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, იღებენ დაფინანსებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული ფონდიდან. ნეონაცისტური ორგანიზაციების დასახელებებში, როგორც წესი, ფიგურირებს ეროვნულობასა და პატრიოტიზმთან დაკავშირებული სიტყვები. რა ნიადაგი აქვს ქართულ ნაციზმს და რა კვებავს მას?

„ქართული ნაციზმი საბჭოთა, უფრო სწორად, რუსული მოვლენაა, ისევე როგორც „ქართული მარში“ რეალურად „რუსული მარშია“, - ამბობს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია, რომლის თქმითაც, არაფერია ავთენტური იმაში, რასაც თანამედროვე ქართველი ნაცისტები ახმოვანებენ: „ეს არის ერთგვარი კონსტრუქტი, გამოგონება, რომელიც იკვებება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთიდან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოკვლევის მიხედვით, „ქართული ნეონაციზმი“ იკვებება როგორც იდეოლოგიურად, ასევე მატერიალურადაც.

„ახალი ერთობის, ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმების”, უკან რუსული კვალი ჩანს.მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორად დაინიშნა. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა. გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალისწინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, - ვკითხულობთ გამოკვლევაში.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ნიშანდობლივად მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ევგენი პრიმაკოვის ცენტრის დირექტორად.

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

„ევგენი პრიმაკოვი - რუსული იმპერიალიზმის სახე საბჭოთა კავშირში - ეწინააღმდეგებოდა „პერესტროიკას“, საბჭოთა კავშირის დაშლას, მისი გავლენის შემცირებას ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. სწორედ ამ კაცის სახელს ატარებს საქართველოში მორალისა და მართლმადიდებლობის ფასეულობების დაცვა, რაც უაღრესად სასაცილო და აბსურდულია“, - უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოკვლევაში მოხვდა არაერთი ორგანიზაცია და გაერთიანება, რომელთა დასახელებაში ფიგურირებს ეროვნულობასა და პატრიოტიზმთან დაკავშირებული სიტყვები: „ქართული მარში“, „ეროვნულ ძალთა შეთანხმება“, „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება“, „ერი და სახელმწიფო“, „მოძრაობა ეროვნული“, „ქართული იდეა“, „საქართველოს ეროვნული ერთობა“, „ქართული მისია“, „პატრიოტთა ალიანსი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ მამუკა ანდღულაძის თქმით, ადამიანების გარკვეული ჯგუფი - ამ ორგანიზაციების ლიდერები და წევრები - წლების განმავლობაში ირქმევდა უფლებადამცველის, პოლიტპატიმრის სახელს, მაგრამ, იმავდროულად, ღიად ეწეოდა ძალადობას, მოუწოდებდა ძალადობისკენ.

მამუკა ანდღულაძე
მამუკა ანდღულაძე

„ისინი რეალურად ყოველთვის იყვნენ ნაცისტები, თუმცა ხელისუფლება მათ შესაბამის სახელს არ არქმევდა, მაგრამ ბოლოს თავად ამ ორგანიზაციების ცალკეულმა ლიდერებმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ხელისუფლება, როცა თქვეს, ჩვენ ნეონაცისტები ვართ, ჩვენ ფაშისტები ვართო“, უთხრა მამუკა ანდღულაძემ რადიო თავისუფლებას.

გამოკვლევაში დეტალურადაა აღწერილი ქსენოფობიის ნიადაგზე მომხდარი ძალადობის არაერთი ჯგუფური შემთხვევა. სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ნეონაცისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ორგანიზაციების არსებობა დღევანდელ საზოგადოებაში ანაქრონიზმად არ გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე კვებავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნება.

„ეს ორგანიზაციები არ არიან მარგინალური ორგანიზაციები. პირიქით, ვნახეთ, რომ მათ ჰყავთ მიმდევრები, რომლებიც იზიარებენ ამ ორგანიზაციების მოწოდებებსა და ღირებულებებს და ისინი არ გრძნობენ თავს გარიყულად, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, რომლის თქმითაც, ამ ორგანიზაციების საქმიანობა შეუთავსებელია ქართული სახელმწიფოს ფორმალურ დემოკრატიასთან:

„საქართველოს სამართლებრივი რეგულაციები, კანონთა კორპუსი ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების არსებობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები თავის თავში ატარებენ კანონგარეშედ გამოცხადების რისკს. ველოდები სახელმწიფოს გააქტიურებას“.

თუმცა, როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა, სახელმწიფო ამ მიმართულებით დიდად არ აქტიურობს და არ ჩქარობს, რაც არ უკვირს ფილოსოფოს გიგი თევზაძეს, რომლის თქმითაც, რუსეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს ზენაციონალური იდენტობის შექმნას მართლმადიდებელ ერებში, ცდილობს ამ ერების იდენტობის დაქვემდებარებას მართლმადიდებლური იდენტობისათვის, რომელიც, არსებითად, იგივეა, რაც რუსეთი.

გიგი თევზაძე
გიგი თევზაძე

„სახელმწიფო ინსტიტუტები ვერანაირად ვერ უმკლავდებიან, იმიტომ რომ თვითონ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ადამიანია ამ იდენტობის მატარებელი, რუსული პროექტის მსხვერპლი“, - უთხრა გიგი თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილიც ამბობს, რომ ნეონაცისტური ორგანიზაციების გაცხადებული მიზნები მჭიდროდაა გადახლართული რუსეთის ინტერესებთან.

„ეს ორგანიზაციები ცდილობენ ქართული სამოქალაქო ნაციონალიზმის ვექტორი შეცვალონ, დაავიწროონ ნაციონალიზმი ეთნიცისტურ და მონორელიგიურ გაგებამდე, აქციონ შოვინიზმად და მიმართონ ევრაზიული სივრცისკენ, რუსეთის გავლენაში დაბრუნებისკენ. ღიად, პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი მიზანია შეცვალონ საქართველოს დასავლური ორიენტაცია, როგორც ყველაზე დიდი ბოროტება, შეცვალონ რუსული ორიენტაციით. ამბობენ, ჩვენ უნდა დავუკავშიროთ ჩვენი ბედი კვლავ რუსეთს, ვინაიდან რუსეთი არის ერთმორწმუნე მართლმადიდებლური სახელმწიფო, სადაც არ გაბატონდება დასავლური კულტურა, დასავლური ლიბერალიზმი, რომელსაც უწოდებენ ანტიქრისტეს ბასტიონს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბექა მინდიაშვილმა, რომლის თქმითაც, რუსეთის გავლენითა და ძალისხმევით, „ანტიდასავლური“ დიდი ხანია იქცა „პრორუსულის“ სინონიმად:

ქართული ნეონაციზმიც სწორედ რუსეთთან კავშირის გამოა განსაკუთრებულად სახიფათო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ქართველებს არც ნეონაცისტურ მოძრაობაში ეყოფათ ძალა, ისევე როგორც არ ყოფნიდათ არაფერში...
ემზარ ჯგერენაია

„არ იქნება სიმართლე ამ მოძრაობისთვის თუ დისკურსისათვის ნაციონალისტური ან თუნდაც ფაშისტური დისკურსის დარქმევა, რადგანაც ფაშიზმსაც ნაციონალიზმის თავისებური გაგება უდევს საფუძვლად. ეს არის ნაციონალიზმის ორეული, სუროგატი, ყალბი ვარიანტი, რომლის გულში დევს დასავლეთისათვის ზურგის შექცევა და რუსეთზე ორიენტაციის აღდგენა. ყველა ეს ვითომ ნაციონალისტური თუ ფაშისტური ძალები შენიღბული არიან ეროვნულობის, მართლმადიდებლობის, ტრადიციების, ოჯახის, მორალის დაცვით და, სინამდვილეში, მონაწილეობენ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთის მხარეს“.

რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად?

გიგი თევზაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, იმედის მომცემი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მზარდი ფინანსური და სხვა სახის ძალისხმევა, გაუმკლავდეს რუსულ პროპაგანდას.

ემზარ ჯგერენაია
ემზარ ჯგერენაია

რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება მიაჩნია მთავარ პრობლემად სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიასაც.

„ქართული ნეონაციზმიც სწორედ რუსეთთან კავშირის გამოა განსაკუთრებულად სახიფათო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ქართველებს არც ნეონაცისტურ მოძრაობაში ეყოფათ ძალა, ისევე როგორც არ ყოფნიდათ არაფერში“, - უთხრა ემზარ ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG