Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენცია: ძლიერი რიტორიკა, სუსტი ქმედებები და ცუდი ახალი ამბები


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შარშან ოპტიმისტური განწყობით ჩატარდა. მაშინ ჩანდა, რომ უკრაინამ შეძლო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისათვის არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაეწია, არამედ თავადაც წინ წასულიყო.

იმედოვნებდნენ, რომ 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა უკიდურესად წარმატებული იქნებოდა. წლევანდელი ღონისძიება ბავარიის დედაქალაქში სრულიად განსხვავებული იყო. კონფერენციას, რომელიც 16-18 თებერვალს ჩატარდა, ხშირად უწოდებენ მსოფლიოს წამყვან ფორუმს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად. წესით, ახლა მრგვალი თარიღი, მე-60 შეხვედრა უნდა აღენიშნათ. ამის სანაცვლოდ კი მხოლოდ ცუდი ამბები მისდევდა ერთმანეთს.

ღონისძიების დაწყებამდე ძირითადი სალაპარაკო თემა დონალდ ტრამპის, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვები იყო, რომელმაც თქვა, რომ ამერიკამ არ უნდა დაიცვას ნატოს მეკავშირეები რუსეთის პოტენციური თავდასხმისაგან, თუ ისინი საკმარის თანხებს არ დახარჯავენ თავდაცვაზე. ამას ისიც დაერთო, რომ კონგრესმა ვერ მიიღო უკრაინის დახმარების 60-მილიარდიანი პაკეტი და თვის ბოლომდე შესვენება გამოაცხადა. კონფერენციაზე ხმამაღლა კითხულობდნენ, კვლავინდებურად ერთგულებდა თუ არა ვაშინგტონი უკრაინას და ზოგადად, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ერთი ცუდი ამბავი მეორეს მოსდევს

იმავე შაბათ-კვირას უკრაინამ გამოაცხადა, რომ სტრატეგიულად უკან დაიხევდა ავდეევკუდან, ქალაქიდან, რომელსაც ის თვეების განმავლობაში იცავდა რუსეთის თავდასხმებისგან. შემდეგ, შეკრების პირველსავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციმბირის სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. მისი მეუღლე იულია ნავალნაია მიუნხენში იმყოფებოდა. ამ ახალი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ის კონფერენციის მთავარ სცენაზე ავიდა. მთელი ამ შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მისი გამოსვლა იყო. მან რუსეთის პრეზიდენტს მიმართა: „პუტინმა და მის გარშემო ყველამ, მისმა მეგობრებმა და მთავრობამ, უნდა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს“, შემდეგ კი დასძინა, „ეს დღე მალე დადგება“. ამის შემდეგ იგრძნობოდა, რომ პანელური დისკუსიები, მრგვალი მაგიდები და კულუარული საუბრები რეალურად ორ ადამიანს შეეხებოდა, რომლებიც იქ არ ყოფილან - პუტინს და ტრამპს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის მიმართ არცთუ შეფარული მინიშნება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ „დიქტატორები არდადეგებზე არ მიდიან“. მან ასევე მიმართა მათ, ვისაც სურს, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებები დაიწყოს. „ნუ ჰკითხავთ უკრაინას, როდის მორჩება ომი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რატომ შეუძლია პუტინს ომის გაგრძელება“. ზელენსკიმ ჩამოთვალა, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა უკრაინის დასახმარებლად - თუმცა ამის უმეტესობა უახლოეს ხანებში ვერ განხორციელდება. აი, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ დასავლეთი სანქციებს გამოიყენებდა რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ. ევროკავშირი მართლაც მალე მიიღებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მათ უფრო სიმბოლური ხასიათი ექნება და რუსეთის ეკონომიკურ სექტორებს არ დაარტყამს.

ან, ავიღოთ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, რაზეც მან ასევე მიუთითა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მიმდინარეობს მუშაობა ამ გაყინული თანხების გარკვეული ნაწილის გამოყენებაზე უკრაინის დასახმარებლად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საქმე ბევრად უფრო შორს წავიდეს. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ, რომლის ქვეყანაც ფლობს ბლოკში რუსული აქტივების უმეტესობას, მიუხენში შეკრებილებს უთხრა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია „ამის დამოუკიდებლად გაკეთება“ და, რომ აუცილებელი იყო G7-ის ჩარჩო. შემდეგ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებს ახლა ამის გაკეთების განსაკუთრებული სურვილი არ ჰქონდათ.

ზელენსკის ჰკითხეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც და მან თავადაც აღიარა, რომ ამისათვის ახლა ყველა წევრი არ არის მზად. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სხვა დისკუსიის დროს კი მარტივად თქვა: „სანამ ომი მძვინვარებს, უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება. ჩვენ ფუჭ დაპირებას ვერ გავცემთ”. სანაცვლოდ კიევი ყურადღებას გაამახვილებს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების პაქტის ხელმოწერაზე მთავარ დასავლელ მოკავშირეებთან, რაც არსებითად ნიშნავს სამომავლოდ იარაღის მუდმივი ნაკადის გარანტიას.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა მითხრა, რომ საფრანგეთსა და გერმანიასთან დადებული ეს პაქტები მილიარდების ღირებულების იქნება, თუმცა მათ თანდათანობით გასცემენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევის გადაუდებელ საჭიროებებს ისინი ვერ დაფარავს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეკითხვაზე, მზად იყო თუ არა გერმანია, უკრაინისთვის მიეწოდებინა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები Taurus, ბუნდოვანი პასუხი გასცა: „სწორი მომენტის შერჩევაა საჭიროო“.

ამერიკის მოლოდინში

რა მოხდება, თუ მომავალ წელს დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი? ზელენსკიმ მარტივად თქვა, რომ მას ფრონტის წინა ხაზზე წაიყვანდა და აჩვენებდა, რომ ომი რეალურია. რუტემ განაცხადა „ტრამპთან დაკავშირებით მოთქმა-გოდებას უნდა მოვრჩეთ“ და „ვინც იქნება საცეკვაო მოედანზე“. მასთან უნდა ვიმუშაოთო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა ჟოზეპ ბორელმა კი უბრალოდ აღნიშნა: „კმაყოფილი ვარ ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, მაგრამ ეს ქოლგა შეიძლება ყოველთვის გაშლილი არ იყოს“.

ბავარიაში ჩასული ამერიკელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი დემოკრატები, გასაგები მიზეზების გამო ბევრად ნაკლებად ენთუზიაზმით უყურებდნენ ტრამპის შესაძლო დაბრუნებას. ჰილარი კლინტონმა, რომელიც მასთან დამარცხდა 2016 წლის საპრეზიდენტო რბოლაში, თქვა რომ ტრამპი „პირდაპირ და სერიოზულად“ უნდა აღექვათ და დასძინა: „ის იქნება აბსოლუტური ავტორიტარული ლიდერი, თუ ამის შანსი მიეცა“. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ნატოსთან დაკავშირებული ბოლო კომენტარების გათვალისწინებით, აღნიშნა: „წარმოიდგინეთ, რომ პუტინს ლმობიერად მოვექეცით, ან, სულაც გავამხნევეთ. ისტორია მიგვანიშნებს: ჩვენ თუ განზე გავდექით, ისინი სვლას გააგრძელებენ. პუტინის შემთხვევაში კი ეს ნიშნავს, რომ მთელ ევროპას დაემუქრება“.

თითქოს ყველა თანხმდებოდა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევდა, ის ევროპის სხვა ქვეყნებსაც დაესხმებოდა თავს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებებზე არ აისახებოდა. როგორც ჩანს, დასავლეთის ფართო საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს მოსკოვის საფრთხეს. მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში, რომელიც კონფერენციის წინა დღეებში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ რუსეთის, როგორც საფრთხის აღქმა შემცირდა შარშანდელთან შედარებით. მაშინ G7-დან ხუთი ქვეყნის რესპონდენტები ასახელებდნენ კრემლს, როგორც ნომერ პირველ საფრთხეს. წელს ასეთი მხოლოდ ორი იყო. საინტერესოა, რომ გერმანიის მოქალაქეები ახლა რუსეთს მხოლოდ მეშვიდე უდიდეს საზრუნავად მიიჩნევენ, იტალიელებისათვის კი ის მე-12 ადგილზეა.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა ახლა უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ უნდა „მიყიდონ“ უკრაინის დახმარების საჭიროება, როგორც ჩანს, სულ უფრო სკეპტიკურად განწყობილ აუდიტორიას.

ეს მხოლოდ ბიზნესია

შესაძლოა გაჩნდეს ახალი სტრატეგია: ომი უკრაინაში წარმოჩინდეს, როგორც სუფთა ბიზნესშესაძლებლობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ილაპარაკა "ტრანსატლანტიკური ინდუსტრიული ბაზის გაფართოების" აუცილებლობაზე, ალიანსში იარაღის მარაგების შევსების და უკრაინაში პერსონალის გაგზავნის საჭიროებაზე და თქვა, რომ ეს მაღალკვალიფიციურ სამუშაოებს ნიშნავს. სხვა თუ არაფერი, მიუნხენში იმყოფებოდა, ამიტომაც ამის მაგალითად მოიყვანა ბავარიაში ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზის მშენებლობა, რომელმაც „პატრიოტის“ რაკეტები უნდა აწარმოოს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი კიდევ უფრო პირდაპირი იყო. მან თქვა, რომ მარტის დასაწყისში ახალ სამხედრო-ინდუსტრიულ სტრატეგიას წარუდგენდა ბლოკს, სადაც მეტი თანხის ინვესტიცია მოხდებოდა და წახალისებული იქნებოდა ერთობლივი შესყიდვები ევროპულ ქვეყნებს შორის. მან ასევე მიანიშნა, რომ ევროპას სურდა კარგი სამუშაო ადგილების ევროპაშივე შენარჩუნება და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი სრულ შესაბამისობაშია ნატოსთან და, რომ უკრაინა ინტეგრირებული იქნება ბლოკის თავდაცვის პროგრამაში. როდესაც მოგვიანებით ევროკავშირის ოფიციალურ პირს ვკითხე, თუ რატომ ხდება ეს ახლა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, მივიღე სევდიანი, მაგრამ მეტყველი პასუხი: „სიმართლე ისაა, რომ ევროპელები არ ელოდნენ, რომ ომი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა. ეგონათ რამდენიმე კვირაში დამთავრდებოდა და ამისათვის ქარხნის აშენება არ ღირდა. ახლა კი გაჩნდა განცდა, რომ ეს არის შესაძლებლობა”.

ეს მიდგომა ასევე კარგად ხსნის, თუ რატომ უჭირს ევროპას უკრაინისათვის საბრძოლო მასალის მიწოდება. გასული წლის მარტში ევროკავშირმა ოპტიმისტური პირობა დადო, რომ წელიწადში ერთი მილიონ 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვს მიაწოდებდა კიევს. თითქმის 12 თვის შემდეგ, ბლოკმა უზრუნველყო 524,000 ჭურვი და ახლა პირობას დებს, რომ ამ წლის ბოლომდე მიაღწევს 1,1 მილიონს.

თუმცა ამ პროცესს კიდევ უამრავი პრობლემა ახლავს თან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ევროპულმა ქვეყანამ სტანდარტი ოდნავ შეცვალა და ახლა აღარ არსებობს 155 მმ-იანი ჭურვი, რომელიც ყველა არტილერიას ერგება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ამაზე თქვა: „პოლიტიკოსები ქულებს იწერენ, როდესაც რაიმეს აგზავნიან უკრაინაში, ადგილზე კი უდიდესი ტექნიკური პრობლემები გვექმნება, როდესაც ვცდილობთ, რომ ჭურვი მოვარგოთ ლულას“.

ასეთი იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - ხმამაღალი რიტორიკით, თუმცა არცთუ ისე ბევრი კონკრეტული შედეგით. ნავალნის გარდაცვალებაზე ყველამ ემოციურად ილაპარაკა და მტკიცედ გაიშვირა კრემლისკენ თითი, მაგრამ არაერთმა ლიდერმა სწრაფად უარყო ამის გამო რუსეთის ახალი სანქციებით დასჯის აუცილებლობა. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ტრაგიკული ბედი ხელს შეუწყობდა ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დახმარების მიღებაში, თუმცა ეს მარტამდე მაინც ვერ მოხდება. კონგრესი ჯერ ისვენებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG