Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის ეშინია "ოცნებას" და სად ეძებს "ლგბტ პროპაგანდის" კვალს


აქცია "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი.
აქცია "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი.

„ოცნება“ ფიქრობს, რომ საქართველოში „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ მქონე ადამიანების რიცხვი გაიზრდება, თუკი „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ ახალ კანონს არ მიიღებენ და გასაქანს მისცემენ ე.წ. ფსევდოლიბერალიზმს.

„მოსახლეობის დაცვით“ ახსნილ ინიციატივას საზოგადოების ნაწილი უკვე უწოდებს მზადებას მორიგი „რუსული კანონისთვის“ - „აგენტების კანონის“ მსგავსად.

„ოცნება“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებს - რას ჩათვლის „პროპაგანდად“ და რას აკრძალავს კანონით, მაგრამ ჩანს, რომ გეგმა ლგბტ თემის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

დოკუმენტი ორ კვირაში მომზადდება. ის ჯერ თვალით არავის უნახავს.

სახელისუფლებო პარტიის ინიციატივით აღფრთოვანდნენ ანტიდასავლური და პრორუსული ძალები. რადიკალური პრორუსული ჯგუფი „ალტ-ინფო“ და მისი კონსერვატიული მოძრაობა აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას ფიზიკური ძალითაც დაიცავენ.

„ოცნების" შიში

29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, წყაროების მიუთითებლად, „საერთაშორისო კვლევების“ შედეგები გამოაცხადა:

  • „მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს“.
  • „ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა“.

მდინარაძემ თქვა, რომ „დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ.“ და „ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება, მაგალითად, პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება“.

„გარყვნილი დასავლეთის“ მიერ დედ-მამის ცნებების საყოველთაო გაქრობისა და მშობლების დანომვრის პრაქტიკის დანერგვა რუსული სახელმწიფო არხებისა და ვლადიმირ პუტინის საყვარელი თემაა.
საქართველოში აქამდე ამ ტერმინოლოგიას მხოლოდ ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები იმეორებდნენ.

„წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი“, „შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ [ერთნაირსქესიანთა შორის] ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას“, - ესეც მამუკა მდინარაძის სიტყვებია.

საგანგებოდ მსჯელობენ „პრაიდზე“. ითქვა, რომ ყოველწლიურად, საქართველოში სწორედ „ფსევდოლიბერალები“ ცდილობენ ლგბტ „პრაიდის“ „თავს მოხვევას“.

საქართველოში ანტილგბტ კამპანია ბოლო დღეებში გაძლიერდა.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმის ტექსტს ათასგვარი ინტერპრეტაცია დაურთეს.

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა 28 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაკვირვებულია ინტერესით - რომელიც საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის „ინკლუზიურობის მიზნით“ შიდა მოხმარებისთვის შექმნილმა დოკუმენტმა გამოიწვია და, რომ „ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს“.

„მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ“, - თქვა ელჩმა. „ხალხის ძალაში“ კი თქვეს, რომ ელჩ დანიგანის სიტყვები მათი პრევენციული ზომების შედეგია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის ცხადია, რომ „ოცნების“ მსჯელობა და საკანონმდებლო ინიციატივა სრულიად უსაფუძვლო ვარაუდებს უკავშირდება.

„მაშინ, როცა დღეს ხელისუფლება, ერთი მხრივ, უნდა ასრულებდეს იმ 9 ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა საკმაოდ დეტალურად გაგვიწერა, ხოლო მეორე მხრივ - უნდა ზრუნავდეს რეალურ პრობლემებზე, როგორიც არის: უმუშევრობა, მასობრივი მიგრაცია, სიღარიბე, ამის ნაცვლად - წინასწარი მონახაზიდან ჩანს, რომ ხელისუფლება ისევ აპირებს ანტიდასავლური კანონების ინიციირებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი, ქეთი ხუციშვილი. მისი შეფასებით, ასეთი ინიციატივები, ისედაც მწვავე პოლარიზაციის პირობებში, საზოგადოების დახლეჩისა და სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების საფრთხეს ზრდის.

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ შიშობს, რომ ახალი კანონი მიმართული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

კონკრეტულად რა იგეგმება

მმართველი პარტია აცხადებს, რომ ორ კვირაში მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, „რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მამუკა მდინარაძემ 1 მარტს განაცხადა, რომ ლგბტ თემის უფლებები პროპაგანდისგან უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ - უფლებებსა და პროპაგანდას შორის მკაფიო ზღვრის გავლება „მარტივი არ არის“.

რა შეიძლება ხელისუფლებამ ჩათვალოს ე.წ. ლგბტ პროპაგანდად? - მთავარ შეკითხვას პასუხი არ გაეცა. შესაძლებელია თუ არა, მაგალითად - კანონით აიკრძალოს ლგბტ „პრაიდის“ ჩატარება? - არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

საპარლამენტო უმრავლესობას მხარდაჭერას უცხადებს ახალი პრემიერ-მინისტრიც.
ირაკლი კობახიძემ 1 მარტს თქვა, რომ მას ესმის „საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების“ და „არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება“.

29 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გავრცელების გზებად ანიმაციური ფილმები და სერიალები დაასახელა. 1 მარტს კი თქვა, რომ - „ხელოვნებაში, შემოქმედებაში ცდილობენ დააინტეგრირონ ასეთი საკითხების პროპაგანდირება“.

მანამდე, 26 თებერვალს, „ხალხის სიმართლით აღჭურვის“ მიზნით მორიგი წერილი გამოაქვეყნა „ოცნების“ განაყოფმა - „ხალხის ძალამ“, სადაც ის, „ლგბტ პროპაგანდასთან“ ერთად, ტრადიციულად - აშშ-საც უტევს. უკვე მედიასთან, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „საზოგადოების 90%-ისთვის“ მიუღებელ პროპაგანდისტულ ხერხებად ასახელებს:

  • წიგნის გამოცემას;
  • აღლუმის ჩატარებას;
  • სოციალურ ქსელებში ქადაგებას.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ლგბტ პროპაგანდას“ უწოდებს „სახელმწიფოების დაპყრობის ახალ იარაღს“, რომლის მიზანსაც ასე ხედავს: „მსოფლიოში ადამიანების ნაცვლად მიიღონ უსამშობლო ბიოლოგიური მასა, რომელსაც არ ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი“.

ნიშნავს თუ არა, რომ ეს ყველაფერი აიკრძალება?

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქმე წიგნებისა და ფილმების აკრძალვამდე არ მივა. მაგრამ მოელიან, რომ „ოცნება“ ლგბტ „პრაიდების“ აკრძალვას დააკანონებს.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია გვეუბნება, რომ თუკი ლგბტ „პრაიდის“ გამართვას კანონით აკრძალავენ, ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნაბიჯი იქნება.

„გამოხატვის თავისუფლების ნაწილში იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ყველა ადამიანის უფლება და თავისუფლება.

სამართლებრივად რთული იქნება ჩვეულებრივი კანონით იმაზე მაღალი სტანდარტის დაწესება, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, - კოტე ჩოკორაია ფიქრობს, რომ „ეს არის საარჩევნოდ წარმოდგენილი საკითხი“ და სულისკვეთებით შეესაბამება ავტორიტარული და პოპულისტური მმართველობის ხელწერას.

„ოცნება“ აცხადებს, რომ კონსტიტუციას არ დაარღვევს.

„რუსული კანონი 2“

„ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ყურადღებით აკვირდებიან - ვინ გამოვა ახალი ინიციატივის წინააღმდეგ.

„ყველას ვთხოვ, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, ამ საკითხში არიან ჩვენი ანუ ქართული მომავლის მხარეს, თუ შეფარვით, არგუმენტების მოგონებით ემიჯნებიან ამ თემას... ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს! საფრთხე რეალურია და აისახება მომავალ თაობაზე“, - თქვა 1 მარტს მდინარაძემ.

მაგრამ „ოცნების“ ახალ ინიციატივას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე უწოდა - „რუსული კანონი 2“. „რუსულ კანონს“ ხალხი, შარშან გაზაფხულზე, „აგენტების შესახებ“ კანონს უწოდებდა.

„რუსეთში ხდება ასეთი რაღაცეები და ჩვენზე გავლენას ახდენს სწორედ რუსეთის გრავიტაცია. როცა რუსეთის ანალოგია ხდება საქართველოში - ეს რუსული კანონია. რუსეთის გარდა, სხვა არცერთ სახელმწიფოს არა აქვს საქართველოში დემოკრატიის საწინააღმდეგო ინტერესი. ბუნებრივია, ჩემთვის ეს რუსული კანონია“, - გვეუბნება „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი შეფასებით - „ოცნება“ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევრის სტატუსის მოპოვებასა და „ალტ-ინფოს“ „ჩანაცვლებას“ გეგმავს.

„ალტ-ინფო“ ბოლო პერიოდში „ოცნების“ მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა, ახლა კმაყოფილია და „ოცნებას“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„სანამ ეგ კანონი იქნება განხილვაში, მე პირადად - "ქართული ოცნების" კრიტიკას საერთოდ გავაჩერებ“, - ამბობს „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ვიდეომიმართვაში და თანაგუნდელების სახელით იმის პირობასაც დებს, რომ - „ოცნების“ ინიციატივას ქუჩაში ფიზიკურად დაიცავს.

„არ მაინტერესებს, ეგ ქულების დასაწერად არის თუ წინასაარჩევნოდ... არ მაინტერესებს, მანდ რა გათვლაა. თუ ეგ კანონი არის ნორმალური, თუ ეგ კანონი არის ისეთი, რაზეც ამდენი ხანი ჩვენ ყველა ვიბრძოდით... მაგაზე რომ გამოვარდეს "ნაცების" მხარე და [თქვან] რუსული კანონიაო, რაც მაშინ გააკეთეს - "მოლოტოვები" და ასე შემდეგ, გამოვალთ და მაგ კანონის ამბავს ფიზიკურად დავიცავთ ქუჩაში...“ - როგორც მახარაძე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე - ვიდეო სიცხიანმა ჩაწერა.

ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“, 2022 წელს წამოაყენა და გასული წლის ნოემბერში პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც - „აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას“.
1 მარტს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგეგმება პროცესის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება და დღის წესრიგში არ დგას წარსულში წამოყენებული პროექტების განხილვა.

„ტესტი ნომერი ორი!“ - ასე უწოდებენ ახალ ინიციატივას „ხალხის ძალაში“. პირველ ტესტად კი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს თვლიან.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ამ ბოლო ინიციატივას „აგენტების კანონზე“ იოლად გაიტანს, რადგან ხალხი ქუჩაში არ გამოვა.

„ბედნიერი ვიქნები, თუკი საზოგადოება ახლაც გამოვა ქუჩაში და არ დაუშვებს ამ კანონს, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ადამიანები საკუთარ თავზე არ მიიღებენ ამ ინიციატივას“, - გვეუბნება ექსპერტი. მისთვის ცხადია, რომ ხელისუფლება „საარჩევნო მიზნებისთვის“ მზად არის - თავისუფლება და თანასწორობა „შუა საუკუნეების ღირებულებებს“ შესწიროს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG