Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი ეპიდსიტუაცია უნდა იყოს ქვეყანაში, რომ მთავრობამ კვლავ შეგვზღუდოს?


„23 მაისიდან რა ხდება, მანქანებში სამკაციანი შეზღუდვა უქმდება თუ რჩება?“, „მძღოლის გვერდით ჯდომა ისევ გვეკრძალება?“, „საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რას ამბობენ, 23 მაისიდან აღდგება?“ - ეს არის კითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის პარალელურად დააწესა და აგერ უკვე თითქმის ორი თვეა მოქმედებს. ამ კითხვებს კიდევ ერთი მთავარი კითხვა, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების თარიღი ემატებოდა, მაგრამ 21 მაისს, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, ანუ 23 მაისიდან, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილების საშუალება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად შეეძლებათ. ანუ, კომენდანტის საათი 23 მაისიდან უქმდება.

აი, დანარჩენ კითხვებზე, იქნება ეს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებისას სამკაციანი შეზღუდვა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, მთავრობას პასუხი არ აქვს. უფრო ზუსტად, აქვს ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი პასუხი - გააჩნია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას.

ბუნდოვანებას აწ უკვე დაწესებულ და არ გაუქმებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისიც ართულებს, რომ მთავრობა კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, ცვლილებების შეტანას აპირებს.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიზეზი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და დაავადების გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ღონისძიებების დროული გატარებაა. ამ ცვლილებებს პარლამენტი არაუგვიანეს 22 მაისისა (საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე), ანუ, რამდენიმე საათში დაამტკიცებს, რითაც საკანონმდებლო ორგანო სრულად გადააბარებს მთავრობას იმგვარი შეზღუდვების დაწესების უფლებას, რაც მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პარლამენტის ნებართვით იზღუდება და რაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, შეკრების თავისუფლების უფლებებს გულისხმობს. 21 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე უყარა კენჭი კანონპროექტს და მას 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.

თუმცა, ყველასათის მოულოდნელად, კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფის საბაბით ინიცირებული კანონპროექტი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპონენტების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო სექტორის მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. ისინი ამბობდნენ, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კეთილშობილური მიზანი, მთავრობის ხელში, შესაძლოა, გადაიქცეს საშიშ იარაღად. მათივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელი არაკონსტიტუცური კანონების მიღება, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე, დააკნინებს პარლამენტის როლს.

21 მაისის პლენარული სხდომის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, ირაკლი კობახიძის ინიციატივას „კაპიტულაცია“ უწოდა:

„სახის შენარჩუნების მიზნით გამოაცხადეს, რომ ეს კანონი იმუშავებს დაახლოებით ერთი თვე, შემდეგ, მთელი ეს ისტორია მორჩება, ეს არის შედეგი ერთობლივი ძალისხმევის. ძალიან დიდი ზეწოლის და ოპოზიციის არგუმენტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, სპეციალისტების მიერ „განხორციელებული შტურმის“ შედეგად, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა“.

გარდა იმისა, რომ კანონპროექტი, ფაქტობრივად, გამორიცხავს პარლამენტის როლს კონსტიტუციურად განსაზღვრული უფლებების შეზღუდვის დაწესებისას, კანონპროექტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იმოქმედებს მთავრობა, როდესაც თუნდაც 15 ივლისამდე დაასკვნის, რომ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და უნდა შეიზღუდოს, მაგალითად, თავისუფლად გადაადგილების, შეკრების, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

21 მაისს, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა პარლამენტს სახალხო დამცველმაც. წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით)“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ვირუსოლოგის მოსაზრება შეზღუდვების კრიტერიუმების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და შემოდგომაზე სწავლის განახლების შესახებ

მაინც როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უნდა იყოს ქვეყანაში, რომ მთავრობამ, ერთი მხრივ, არ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ამისათვის არ დასჭირდეს პარლამენტის თანხმობა და, მეორე მხრივ, დააწესოს ის შეზღუდვები, რომლებიც სწორედ საგანგებო მდგომარეობის დროს წესდება ხოლმე? - ამ კითხვებზე პასუხს ვერც კანონპროექტში იპოვით, ვერც მის განმარტებით ბარათში, კონკრეტულ პასუხს ვერც კანონპროექტის ავტორებისგან მოისმენთ და ვერც მთავრობის წევრებისგან.

ეს კითხვები პასუხგაუცემელია იმუნოლოგ გიორგი კამკამიძისთვისაც, რომელიც თვლის, რომ საბაზისო, კონსტიტუციურად განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს და ხშირ შემთხვევაში, ეპიდემია არ არის გამართლება იმისა, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეიზღუდოს ეს უფლებები.

რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, თუ რა კრიტერიუმებით შეიძლება განისაზღვროს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც შესაძლოა დაწესდეს მთელი რიგი შეზღუდვები, გიორგი კამკამიძის თქმით, ამ სიტუაციაში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც გაანალიზებული უნდა იყოს ეპიდემიოლოგების მიერ. როგორც ის ამბობს, საქართველოში არსებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესების საფუძველი შესაძლოა გახდეს დღეში 30-40-ზე მეტი ინფიცირებულის მატება:

„პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ტენდენციას, ანუ, როგორია ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია. მაგალითად, მაღალია თუ არა ინფიცირებულების მაჩვენებელი წინა დღეებთან შედარებით და მომდევნო დღეებშიც იმატებს თუ არა ეს რიცხვი. დღევანდელ დღემდე ჩვენ გვქონდა და გვაქვს ინფიცირების ტალღოვანი მაჩვენებელი. მაქსიმალური რიცხვები იყო დღეში 30-40 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, საქართველოსთვის ჩამოყალიბდა გარკვეული ზღვარი, რომლის ზემოთ არსებული რაოდენობაც, შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულზე მაღალ რაოდენობად და როგორც კი ქვეყანაში დაფიქსირდება ასეთი რიცხვი, ეს უკვე მიანიშნებს ერთგვარ განგაშის რეჟიმს. თუმცა, უნდა დავაკვირდეთ მომდევნო დღეებსაც. თუკი შენარჩუნდება მზარდი ტენდენცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ამ შემთხვევაში, ისევ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება რიგ რგოლებში. თუმცა, ამ შეზღუდვებში არ უნდა იგულისხმებოდეს, მაგალითად, კომენდანტის საათის დაწესება“.

გიორგი კამკამიძე თვლის, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად იძლევა საშუალებას, რომ ამუშავდეს როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისე მოიხსნას ავტომობილებით გადაადგილებისას სამკაციანი შეზღუდვა:

„მსუბუქი ავტომობილებით სამზე მეტი კაცის გადაადგილების აკრძალვა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი აკრძალვაა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მისი გადაადგილება აუცილებლად უნდა აღდგეს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში უკვე იხსნება შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე, სრულიად ალოგიკურია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა. დამსაქმებლები დიდხანს ვერ ატარებენ თანამშრომლებს კერძო მანქანებითა თუ ტაქსებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მეტრო, პირველივე ეტაპზე უნდა აღდგეს სრული დატვირთვით. მეტიც, თუ შესაძლებელია, გაზრდილი რაოდენობითაც, რათა ტრანსპორტი არ გადაიტვირთოს და მგზავრებს შეძლებისდაგვარად მიეცეთ დისტანციის დაცვის საშუალება. ცხადია, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით უნდა დაიწყოს. იქნება ეს დეზინფექცია თუ პირბადეების გამოყენების აუცილებლობა“.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" მიერ გამოქვეყნებულ ბოლო გამოკვლევაში, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შენელების ტენდენცაზე მიუთითებს ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებლის (Rt) ცვლილება, რომელიც ბოლო ორი კვირაა 1-ის ქვემოთ არის, რაც ეპიდემიის ჩაქრობის აუცილებელი წინაპირობაა.

ვირუსოლოგი გიორგი კამკამიძე, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ საფრთხეს მთავრობის იმ გადაწყვეტილებაში ხედავს, რაც პირველი ივლისიდან, ქვეყანაში ტურისტული მიმოსვლისა და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გულისხმობს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ტურისტებისათვის საზღვრების გახსნა სერიოზული რისკის შემცველი იქნება:

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ნამდვილად არ არის ისეთი სიტუაცია და განსაკუთრებით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომ ეს საკითხი ადვილად გადავჭრათ. ერთია, რომ დავადგენთ წესებს და ყველა შემომსვლელს საზღვარზე ტესტს ჩავუტარებთ, თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტესტის უარყოფითი პასუხი არ ნიშნავს, რომ ტურისტს მომდევნო დღეებში არ განუვითარდება სიმპტომები. შესაბამისად, როგორც ვირუსოლოგს, მიმაჩნია, რომ ტურისტების ნაკადების შემოდინება ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ. პირველ რიგში, ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან უნდა მივიღოთ, სადაც ეპიდემია უკვე დაღმავალია. დღეისათვის სწორედ ტურისტების ნაკადი მიმაჩნია ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისათვის ყველაზე დიდ საშიშროებად“.

მოგვცემს თუ არა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას, რომ შემოდგომიდან ქვეყანაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგეს? გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებებსა და მოზარდებს გაუჭირდებათ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვა და ამიტომ თვლის, რომ მომავალი სასწავლო წელი კვლავ ონლაინრეჟიმში უნდა გაგრძელდეს:

„ეს საკითხი ისევ და ისევ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი სიტუაცია იქნება შემოდგომაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, რადგან ჩვენთან სწავლობენ უცხოელი სტუდენტებიც. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სწავლა კვლავ დარჩეს ონლაინრეჟიმში. მიმაჩნია, რომ მომდევნო სასწავლო წლიდანაც სასკოლო პროცესის ონლაინრეჟიმში გაგრძელება გახდება საჭირო, რადგან ვირუსი შემოდგომაზე არსად წავა. მხოლოდ და მხოლოდ, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ, მაგალითად, შემოდგომაზე უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვთა დაწესებულებების გახსნა, თუმცა, ამ დროისათვის ეფექტური ვაქცინის შექმნა, ნაკლებსავარაუდოა“.

21 ივნისის 21 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 721 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 485. გარდაცვლილია 12.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG