Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებს სახელმწიფო რუსეთთან ფრენების სტიმულირებას?


საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს შორის ტრანზიტული ავიარეისების სტიმულირებას იწყებს. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების მორიგი აკრძალვის შემდეგ მთავრობა ავია კომპანიებისთვის 600 ათასი ევროს გამოყოფს. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიების გაზრდილი ხარჯების ნაწილს მთავრობა ფარავს - თითო მგზავრზე არაუმეტეს 90 ევროსი.

დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა და დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ტრანზიტულ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

დოკუმენტის თანახმად, სტიმულირების პროგრამაში ჩაერთვება ის კომპანია, რომელიც პირველი მიმართავს აეროპორტების გაერთიანებას. ჯერჯერობით გაერთიანებაში არც ერთი კომპანიის განაცხადი არაა შესული.

მხოლოდ რუსეთი თუ სხვა ქვეყნებიც?

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება. “სამწუხაროა, რომ ...გარკვეული პირები აქცენტს აკეთებენ მხოლოდ რუსეთზე, მაშინ როდესაც ხელშეწყობა განსაზღვრულია სამ მიმართულებაზე - ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი. ერევნის ხაზი მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს და გაურთულდა მიმოსვლა საქართველოში”, - ამბობს ჩოგოვაძე.

მთავრობის დადგენილებაში ერევნის გავლით ტრანზიტული ფრენების გარდა სხვა მიმართულებები ნახსენები არაა, თუმცა არც გამორიცხულია.ერთ-ერთ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ სტიმულირების პროგრამა შეეხება:

  • ახალ, პრიორიტეტულ მიმართულებას
  • არსებულ სტრატეგიულ მიმართულებას
  • პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებას

გაერთიანებაში გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთანაც. სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

როგორ აისახება სუბსიდირება მგზავრის ჯიბეზე?

ამჟამად რუსეთის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენას “ჯორჯიან ეარვეისი” ახორციელებს. კომპანია ადასტურებს, რომ მთავრობასთან დეტალების შეთანხმების პროცესშია.

“ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მგზავრებს აღარ მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა, იმის გამო, რომ ავიაკომპანია პირდაპირიდან შემოვლით ფრენებზე გადავიდა.

“მთავრობა აპირებს დაგვეხმაროს დამატებითი ხარჯის დეფიციტის დაფარვაში. მნიშვნელოვანია ნაციონალური ავიახაზების დახმარება, განსაკუთრებით ასეთი პოლიტიკური კრიზისების დროს. სახელმწიფო ჩვენ დაგვიფინანსებს ზარალს, რაც მივიღეთ არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და რუსეთის აკრძალვის გამო. ფრენების დამატებით ხარჯებს ავიღებთ ჩვენ თავზე. დავაფინანსებთ ჩვენი ბიუჯეტიდან ამ ხარჯს და შემდგომ ზარალს მთავრობა აგვინაზღაურებს”, - ამბობს ბოკერია.

შეფასებები მთავრობის ახალ პროგრამაზე

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სტიმულირების პროგრამა არასწორი პოლიტიკური სიგნალია და ეს არასწორი ხარჯი იქნება.

„რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება, მაშინ როდესაც მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას, არასწორი პოლიტიკური სიგნალია. „რაინეარს“, რომელსაც ფრენები 2013 წელს უნდა დაეწყო, შეუძლია პირობითად მილიონი გერმანელის ჩამოყვანა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის გარღვევა იქნებოდა“, – თქვა გიორგი კანდელაკმა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ კი ამ ნაბიჯს "უაზრო გადაწყვეტილება" უწოდა.

„ხარჯავენ ფულს, რომელიც შეიძლება სხვა მიმართულებით დახარჯულიყო. საქართველოში ტურისტების რიცხვი ცხრა მილიონამდე ავიდა, შევარდნაძის დროს 400 ათასი ადამიანი შემოდიოდა და არავითარი სუბსიდირება არ მომხდარა. თუ პირობები და ინტერესი არსებობს, ტურისტი შემოვა. ეს არის კორუფციული ან სხვა სახის გარიგება, სხვანაირად ვერ აგვიხსნიან, ვინაიდან თავისი მასშტაბითაც კი, რუსეთიდან ტურისტების მოზიდვაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ტურისტის შემოტყუება ფანდებით, ძალიან უაზრო მცდელობაა. ტურისტი საქართველოში შემოდიოდა, რადგან ხედავდა, რომ ლამაზი, კარგი, დემოკრატიული და მშვიდი ქვეყანა იყო. ამით საქართველოში ტურიზმი იზრდებოდა და არა რომელიმე ავიაკომპანიისათვის ფულის ჩუქებით, ურისტების შემოსატყუებლად“, – განაცხადა გოცირიძემ.

ვასო ურუშაძე “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი “რუსთავი 2”-თან კომენტარში ამბობს, რომ მთავრობის პროგრამა ევროპის რეგულაციებს ეწინააღმდეგება. “[ევროპის რეგულაციებში] კატეგორიულად იკრძალება კერძო ავიაკომპანიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება. 2012 წლიდან დღემდე 7 მილიონი დოლარით არის სუბსიდირებული უნგრული ავიაკომპანია wizzair. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ უკვე ქართული კომპანიებიც ითხოვენ, იმავეს აბსოლუტურად ლეგიტიმურად, რაც არის დამანგრეველი პოლიტიკა”, - ამბობს ურუშაძე.

დააზარალა თუ არა ქართული ტურიზმი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვამ?

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოში ტურიზმის სექტორის მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემები შეისწავლა, TBC Research-ია. მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია: “რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების ყოველკვირეულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ივლისის პირველ კვირაში, სანამ ფრენების აკრძალვა ამოქმედდებოდა, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 4,1%-ით იყო შემცირებული. მას მერე რაც პირდაპირი ფრენები აიკრძალა, ივლისის მეორე კვირაში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 21%-ით შემცირდა. ეს პროცესი საჰაერო გზით შემოსული მგზავრების რაოდენობაზე ყველაზე მეტად აისახა. შემცირება მოხდა 78,6%-ით. რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, აქ რაოდენობა მხოლოდ 1,7%-ით შემცირდა”.

საერთო ჯამში TBC Research-ი ვარაუდობს რომ მომავალ ერთ წელში ტურიზმის სექტორში 5%-მდე ზრდა იქნება.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG