Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ ფერმერები სოფლის მეურნეობის დახმარების პაკეტს


0,25 ჰა-დან 10 ჰა-მდე დარეგისტრირებულ მიწის მფლობელებს სახელმწიფო1 ჰა ტერიტორიაზე 200 ლარით დაეხმარება. ფერმერს თანხის გამოყენება შეეძლება მხოლოდ სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში. ამ თანხით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა, მათ შორის სათესლე და სარგავი მასალების, სასუქისა და აგროქიმიკატების. მთავრობა ამბობს, რომ, ჯამში, დახმარებას მიიღებს 200 ათასი ფერმერი, კორონავირუსის პანდემიის გამო სოფლის მეურნეობის დარგისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული 300 მილიონი ლარია, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.

ჩვენ კახეთში ადგილობრივ მცირემიწიან ფერმერებს ვკითხეთ, რამდენად დააზარალა ისინი პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და როგორ შეაფასებენ სოფლის მეურნეობის დარგის ნაწილობრივ სუბსიდირებას.

გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ დახმარება დროულია და მათ მეურნეობას გააძლიერებს, ფერმერთა ნაწილის აზრითკი, დახმარება დაგვიანებულია, რადგან ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი, წესით, უკვე დათესილი უნდა იყოს:

„თუკი ვინმე რამეში დაგეხმარება, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, კარგია“;

„მე მაქვს 5 ჰექტარი ადგილი, სადაც მომყავს ხორბალი, სიმინდი. მაქვს ვენახი. საკმარისი არ არის, თუმცა ეს თანხა მნიშვნელოვნად წაადგება ჩემს საქმეს“;

„მე წელს 1200 ლარი დავხარჯე და 200 ლარი უშველის მაგ საქმეს? თანაც, უკვე ყველაფერი დათესილი გვაქვს. დახმარებები ადრევე უნდა ყოფილიყო“.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ სამთავრობო ანტიკრიზისულ გეგმაში სოფლის მეურნეობის დარგის დახმარების გათვალისწინებას ფერმერები, ზოგადად,დადებითად აფასებენ, თუმცა, იმათი აზრით, ვინც მიწათმოქმედებას მისდევს, დარგის რეალური დახმარება სათესლე მასალის, საწვავის, აგროქიმიკატებისა და სხვა საჭირო პროდუქტის გაიაფება იქნება:

„ახლა საწვავი რომ გაიაფდა, ძალიან კარგია ფერმერისთვის. ასე უნდა დარჩეს და სხვა პროდუქტებიც გაიაფდეს. თუკი გაიაფდება, ჩვენ აღარავის დახმარება არ გვინდა“;

„200 არასაკმარისია. ალბათ, ყველაზე ცოტა 500 ლარი მაინც არის საჭირო ჰექტარზე“;

„ეს 200 ლარი არის ზღვაში წვეთი... ალბათ, უფრო თვალის ახვევა და პირში წყლის ჩაგუბებაა“.

„ერთ ტომარა ჰიბრიდულ სათესლე სიმინდში 600 მივეცი და ეს 200 ლარი, როგორც ზღვაში წვეთი, ისეა“.

ჟოლოს პლანტაცია კახეთში
ჟოლოს პლანტაცია კახეთში

სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირებას დადებითად აფასებს ფერმერ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირინა ფხოველიშვილი, თუმცა ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი სახელმწიფო, მაგალითად, ხორბალს აღიარებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროდუქტად და უშუალოდ ამ დარგის გასაძლიერებელ პროგრამას შეიმუშავებდა:

„ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხორბალი როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტი იქნეს აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს ძალიან საინტერესო პროექტები, რომელიც გლეხს დაეხმარება სასურსათოდ ხარისხიანი ხორბალი აწარმოოს“.

ირინა ფხოველიშვილისგან განსხვავებით, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის სტიმულირების წარმოდგენილი გეგმა გრძელვადიან პერსპექტივაშიშედეგს ვერ გამოიღებს და დარგი მომავალ წელს ისევ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორშიც ახლაა. ყიფიანი გასულ წლებში განხორციელებულ მსგავს პროექტებს იხსენებს და ამბობს, რომ გლეხებმა მიწის დამუშავებისთვის ვაუჩერები არაერთხელ უკვე მიიღეს, თუმცა სოფლის მეურნეობა ამ დრომდე ვერ განვითარდა:

„დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა იმიტომ კი არ არის არაკონკურენტუნარიანი, რომ გლეხს 200-ლარიანი ვაუჩერი, შხამ-ქიმიკატი და კიდევ 100 ლარი დახმარება არ აქვს. იმიტომაა წარუმატებელი, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური განვითარება ჩამორჩება განვითარებულ სამყაროს. საბოლოო ჯამში, კრიზისის დროს აქცენტირება უნდა ყოფილიყო ფულად დახმარებაზე და ადამიანისთვის თავისუფლების მიცემაზე, რაშიც უნდათ, იმაში დაეხარჯათ ეს 200 ლარი. თუ სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ინტერესშია, ერთადერთი განვითარების გზა არის: შემოვიდეს ცოდნა, ტექნოლოგია, ინვესტიცია. სხვა გზით ჩვენი სოფლის მეურნეობა ვერ გახდება მოწინავე“.

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებაა, 12 მაისს წარადგინა.​

კახეთი
კახეთი

ფერმერები დახმარებას 20 მაისიდან მიიღებენ.გარდა ამისა, ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს დარგის სუბსიდირებას სხვა მიმართულებითაც. ფერმერები მიიღებენ იაფ დიზელს, მიმდინარე წელს გათავისუფლდებიან მორწყვის გადასახადისგან. დაანონსდა გრანტები კოოპერატივებისთვის და საბანკო შეღავათები.

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათებით ამ ეტაპზე ვერ ისარგებლებენ ისინი, ვისაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვინც წლის ბოლომდე საკუთრების აღიარებას მოახერხებს, დახმარებას მიიღებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG