Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ წავიდა ღარიბაშვილი ციხეში ადრე, სწრაფად და უბრძოლველად - „ის, რაც უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს“


12 იანვარს მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოდან პირდაპირ რუსთავის ციხეში წაიყვანეს.
12 იანვარს მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოდან პირდაპირ რუსთავის ციხეში წაიყვანეს.

მოკლედ

  • ირაკლი ღარიბაშვილმა, საპროცესო შეთანხმებით, მიიღო 5-წლიანი პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია.
  • საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ დანაშაულის არსებითი განხილვა აღარ იქნება.
  • საპროცესო შეთანხმებით კმაყოფილია „ქართული ოცნებაც“.

„ქართული ოცნების“ ორგზის ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ახლა უკვე მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ისე წავიდა, რომ საჯაროდ არაფერი უთქვამს, მიუხედავად დაპირებისა.

ღარიბაშვილის საპროცესო შეთანხმებით კმაყოფილი დარჩნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები - საქმის არსებითი განხილვა „უფრო მეტ სიბინძურეს“ ამოყრიდაო.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ფულის გათეთრებაში ბრალდებულს სულ ორჯერ მოუწია სასამართლო სხდომაზე მისვლა. პირველად 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც მას, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, მილიონიანი გირაო შეუფარდეს. ღარიბაშვილმა მაშინაც განსაკუთრებული უფლებებით ისარგებლა - სასამართლოს ეზოში მანქანით გაატარეს, ხოლო შენობაში ცალკე შესასვლელით შეუშვეს და გამოუშვეს.

„ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი 12 იანვარს სასამართლო დარბაზში, საგანგებო სხდომაზე დააპატიმრეს, ერთი თვით ადრე 12 თებერვალს დანიშნულ მორიგ სხდომამდე, როცა სასამართლოს მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაეწყო. ამით მან უარი თქვა შესაძლებლობაზე, კიდევ ერთი თვით ყოფილიყო თავისუფალი.

რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება და რას ნიშნავს ის ღარიბაშვილის შემთხვევაში?

დაჩქარებული პროცესი

„ის, რაც უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს; ჯობია დღეს დამთავრდეს, ვიდრე ზეგ დამთავრდეს“, - ასე უპასუხა ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ დაჩქარდა პროცესი, როცა შეიძლებოდა, რომ ღარიბაშვილი, სულ მცირე, კიდევ ერთი თვე არ აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა. ციხეში ერთი თვით ადრე წასული ადამიანი ერთი თვით ადრე გამოვა - ეს იყო მისი არგუმენტი.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, ღარიბაშვილის შესაძლო სასჯელის მინიმალური ნიშნული თითქმის განახევრდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარი და სახელმწიფომ მას ჩამოართვა ორი ავტომობილი და მის სახლში ნანახი 6 500 000 აშშ დოლარი.

დაცვის მტკიცებით, ღარიბაშვილს სამოხელეო დანაშაული არ ჩაუდენია; მაგრამ დადასტურდა, რომ ის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას ახდენდა.

  • პროკურატურის განმარტებით, ბრალდების კვალიფიკაცია არ შეცვლილა. ირაკლი ღარიბაშვილს სს კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ედება ბრალი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [ფულის გათეთრება], განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით.
  • ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. ოქტომბერში გამოძიება აღწერდა, თუ როგორ გაათეთრა ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონოდ მოპოვებული 20 მილიონ ლარზე მეტი.


ადვოკატმა 12 იანვარს ახსნა, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ მის ოჯახს არ ჩამოართმევდნენ ღვინის ქარხანას; მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსავლების დამალვაში ბრალი ისევ დარჩა.

12 იანვარს, სასწრაფო წესით დანიშნულ სხდომას მხოლოდ ბრალდებული, ადვოკატები, პროკურორი და ბადრაგები ესწრებოდნენ. გასაიდუმლოებული იყო სხდომის დრო და სხვა დეტალები; ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომაზე არ იყვნენ, არ დაუნახავთ, როგორ დაადეს ღარიბაშვილს ხელბორკილები - მათ ზარებს არც ბრალდებულის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა არ უპასუხეს.

მხოლოდ ადვოკატმა თქვა, რომ სხდომაზე ისეთი არაფერი მომხდარა - ღარიბაშვილმა ბრალი კიდევ ერთხელ აღიარა და წავიდა ციხეში.

ასე დასრულდა საქმე, რომლის მიმართაც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს. არ გაიმართება საქმის არსებითი განხილვა და საზოგადოება ვეღარ გაიგებს დეტალებს - ვერც იმას, თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ახლა უკვე მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი.

საპროცესო შეთანხმება - დასმული წერტილი

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმება “სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია”. ამისათვის საჭიროა ბრალის აღიარება ანდა გამოძიებისთვის ღირებული ცნობების მიწოდება, მათ შორის - სხვა დამნაშავეების შესახებ.

ბრალდებული პროკურორს შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.

სისხლის სამართლის სპეციალისტი, იურისტი, ადვოკატი მარი შათირიშვილი გვეუბნება, რომ თუკი ღარიბაშვილი საპროცესო შეთანხმებაზე უარს იტყოდა:

  • გაიმართებოდა არსებითი განხილვა, რომელიც შესაძლებელია თვეების მანძილზე გაგრძელებულიყო;
  • გაიმართებოდა, სულ ცოტა - 10 სასამართლო სხდომა;
  • დაიკითხებოდა ათეულობით ადამიანი - ბრალდებისა თუ დაცვის მხარეთა მოწმეები, ექსპერტები.
  • განიხილავდნენ მტკიცებულებებს - თუკი იქნებოდა ვიდეო და აუდიომტკიცებულებები, შესაძლებელი გახდებოდა მოსმენა; მხარეები იკამათებდნენ, იმსჯელებდნენ დეტალებზე.
  • ახსნა-განმარტებები მოუწევდა თავად ღარიბაშვილსაც.

სწორედ ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 12 თებერვლიდან; თუმცა მხარეებმა ამ ყველაფერს წერტილი ერთი თვით ადრე დაუსვეს.

ზოგადად, ბრალდებულების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მარი შათირიშვილი საპროცესო შეთანხმებას სასარგებლო მექანიზმად თვლის - რადგან ამ გზით შესაძლებელია ამა თუ იმ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ბევრად შემცირება, ასევე იზოგება დრო, რესურსები, ნერვებიც. მაგრამ, მისი თქმით, გახმაურებულ საქმეებზე საზოგადოებას უჩნდება „ცოცხალ პროცესისა“ და ინტერესის დაკმაყოფილების დანაკლისი.

გასაკვირი კი არაფერია იმაში, რომ საზოგადოებას დეტალურად აინტერესებდეს, რა ჩაიდინა ამ ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად დარჩა.

კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს; ასევე - არსებობის შემთხვევაში, იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც სხვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოძიებას მამხილებელ ინფორმაციას აწვდის.

„ოცნება“ კმაყოფილია, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

“ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა, ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი”, - უთხრა 13 იანვარს ჟურნალისტებს ნინო წილოსანმა - სადავო პარლამენტში “ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელმა.

წილოსანის თქმით, ღარიბაშვილმა მიიღო “საუკეთესო გადაწყვეტილება” - რადგან “ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას” და რომ ჯობდა ასე დასრულებულიყო “მტკივნეული, სენსიტიური და ბევრკომპონენტიანი პროცესი”.

ღარიბაშვილის ცოლისძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის თქმით, სასამართლო განხილვები დამაზიანებელი იქნებოდა - ქვეყნისთვისაც.

“ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა არ შესულიყო სამართლებრივ დავაში .. რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ ..

დაზუსტებით კი იმის თქმა შეიძლება, თუ რა სახეს მიიღებდა პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანა, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გაწირავს”, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი ფეისბუკზე.

სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებამ უკმაყოფილო დატოვა „ოცნების“ მომხრეების ის ნაწილი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში თავისი სიმართლის დამტკიცებას შეძლებდა.

"როგორ შეიძლებოდა ღარიბაშვილის ესე განადგურება, მაგაზე მაგარი პრემიერი არ ყოლია საქართველოს", - წერს ერთ-ერთი მათგანი.

თუმცა ისიც აშკარაა, რომ ერთ დროს საფიცარი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერების წრე ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეთხელდა. მას ძველებურად აღარ აქებენ, აღარ აღმერთებენ. არ ჩანან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ირაკლი ღარიბაშვილს მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობისთვისაც უხდიდნენ მადლობას.

ახლა ბევრი წერს, რომ მისგან კანონდარღვევას არ მოელოდნენ, ვერც კი დაუშვებდნენ რაიმე მსგავსს, რომ ფულის ასეთი სიყვარული საშინელებაა და დანაშაული ინდულგენცია არავისთვის არის.

"განა უღირდა ფულის სანაცვლოდ ასე გაეყიდა თავი?"

"სავარძლებში რომ ჩაჯდებიან თავი მეფეები ჰგონიათ".

"მშიერიც რომ ვყოფილიყავი, ბიძინას არ ვუღალატებდი".

ღარიბაშვილის ცოლისძმას, ალექსანდრე თამაზაშვილს, თვალში ხვდება „იმ ადამიანების სიხარული, აჟიოტაჟი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ”. სარგებელს ვისგან? - დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ფეისბუკპოსტიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ის ოპოზიციურ ფლანგს არ გულისხმობს.

ნათესავების უკმაყოფილება ფრთხილი და მოზომილია. მაგალითად, მისი ცოლისდა, მარიამ თამაზაშვილი, პოსტში “ფსიქოლოგიურ ტერორზე" წერს, პარალელებს ავლებს 2011 წელს მამის დაჭერის საქმესთან - მაგრამ ვისი ბრალია ეს ყველაფერი, არ ზუსტდება. პოსტში წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს “ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია”, “სიმართლე გაირკვევა“ და რომ “...კარგია მუდამ მტრიანი!”

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, „ოცნების“ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მსგავსად და რომ ეს ადამიანები არა მათთვის ჩვეული კანონდარღვევისთვის, არამედ ივანიშვილის პირადი დამოკიდებულების გამო იდევნებიან - დაუკითხავად ზედმეტად ფულის შოვნისთვის, ზედმეტად გამდიდრებისთვის ანდა, შესაძლოა, იმის გამოც, რომ ღარიბაშვილს დასავლეთის სანქციები არ შეხებია, რაც, შესაძლოა, ივანიშვილისთვის შეთქმულების თეორიების ნაწილი გახდა. აშშ-ის მიერ არის სანქცირებული თავად ივანიშვილი.

ბოლო დღეებში, ბევრმა შენიშნა, რომ ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა, 6 იანვარს ფეისბუკზე მთავარი ფოტო გამოცვალა.

ფოტო, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხელი ჰქონდა გადახვეული და ორივე იცინოდა, საპატრიარქოში ილია მეორესთან ოჯახის სტუმრობის ამსახველმა ფოტომ ჩაანაცვლა.

თუმცა ეს ფოტო ახალი გადაღებული არ არის. „ოჯახის სიწმინდის დღისთვის“ ის, ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში, თავად ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.

“ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა. საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა. იგივე ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც შენს გუნდში იყო, ყოველთვის მყარად იდგა თავის პოზიციაზე, გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. არაერთხელ გააფრთხილა ყველა. მისასალმებელია აღიარება, მაგრამ თავად დანაშაული არის ძალიან მძიმე", - უთხრა 12 იანვარს ჟურნალისტებს სადავო პარლამენტში “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.

12 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.

წინასწარვე ცხადი იყო, რომ ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, იმავე რუსთავის ციხეში მოხვდებოდა; რადგან, როგორც იურისტები გვეუბნებიან, სწორედ ასე ეკუთვნით - ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. იქ არიან „ოცნების“ გუნდის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც: სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

13 იანვარს ღარიბაშვილი საპატიმროში ადვოკატებმა მოინახულეს და გამოიტანეს ამბავი, რომ პატიმარს კარგად ექცევიან, ის კი "თავს მხნედ გრძნობს". ყოფილ პრემიერს ხალხისთვის სათქმელად არაფერი დაუბარებია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG