Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღმოჩნდნენ გარდაცვლილები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში?


ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციანი სიის გასაჯაროების შემდეგ საქართველოს მთავრობა ვალდებულია სიაში შეყვანილ პირთა მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ სავიზო, ქონებრივი თუ ფინანსური შეზღუდვების დასაწესებლად აქტიური მუშაობა დაიწყოს, თუმცა სიის გამოქვეყნებისთანავე ცხადი გახდა, რომ ამ მიმართულებით სასტარტო ნაბიჯების გადადგმისთანავე საქართველოს სახელმწიფო უცხოელი პარტნიორების წინაშე, შესაძლოა, ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ სიაში შეყვანილი 33 კაციდან მინიმუმ სამი ადამიანი - ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, რაულ კორტავა და ოთარ ტურანბა - გარდაცვლილია.

როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საპარლამენტო რეზოლუციის მიღების ინიციატორ „ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, სია სხვა მხრივაც იმსახურებს კრიტიკას, მათ შორის იმისთვის, რომ სიაში არ მოხვდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომლებიც ან თავად სჩადიოდნენ დანაშაულს, ან ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს:

სერგი კაპანაძე „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:25 0:00

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემადგენლობაზე მსჯელობას 27 ივნისს ცხარე დისკუსიები მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულია პრეტენზია, სხვათა შორის, იმის გამოც, რომ სიაში არ მოხვდა ბევრი ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქართველების მიმართ როგორც ომის დროს, ისე ომის შემდგომ წლებში. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა - მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ - განმარტეს, რომ სია აუცილებლად გაფართოვდება და მასში მოხვდება ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეს კომენტარი ზუგდიდში გააკეთა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მან 2016 წლის მაისში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახიც მოინახულა და მთავრობის სახელით თანადგომას დაჰპირდა. მამუკა ბახტაძე, თავის მხრივ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენისა და გამოქვეყნების გამო დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლების გარეშე წაუყენა ბრალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს და ისინი „შავ სიაში“ შეიყვანა. დე ფაქტო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ სიის შედგენამ ძირი გამოუთხაროს ჟენევის დისკუსიებს, რისთვისაც პასუხისმგებლობას პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, აკისრებენ. ამ განცხადებას მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის წარმომადგენლების დემარში მოჰყვა - მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ გალის 57-ე შეხვედრა, რომელზეც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თავიდანვე დააყენეს ულტიმატუმი, რომ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი არ განხილულიყო.

ამ ფაქტის კომენტირებისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს არსებული ფორმატების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მანვე განმარტა ისიც, თუ როგორ აღმოჩნდნენ გარდაცვლილი ადამიანები ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში და როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ შეცდომის გასწორებას. მინისტრი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა სიაში შეიყვანეს პირები, რომელთა წინააღმდეგაც სამართალწარმოება მიმდინარეობს“, რომელთაც ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსი აქვთ:

საქართველოს მთავრობა სიაში შეყვანილ პირთა გარდაცვალების თაობაზე ოფიციალური ცნობების მიღების შემდეგ აპირებს სიის ეტაპობრივ კორექტირებას. კორექტირების მიზანი იქნება დამნაშავე პირთა წრის გაფართოებაც.

XS
SM
MD
LG