Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გააცოცხლა "ოცნებამ" სისხლის სამართლის “მკვდარი მუხლი” - დაპატიმრება გზის გადაკეტვისთვის


მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შევიდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ თქვენი ქმედება შეიძლება ხელს უშლიდეს სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას, შეიძლება ოთხ წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ. იურისტები კანონის ხარვეზებზე მიუთითებენ.

28 იანვრის ღამით სერბეთში, სადაც ორი თვეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, ათიათასობით ადამიანმა დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა.

30 იანვარს კი თბილისში, რომელიც ასევე ორი თვეა პროტესტმა მოიცვა, მსგავსი აქცია დაიგეგმა - დემონსტრანტები „თბილისი მოლთან“, დედაქალაქიდან მცხეთისკენ გამავალი გზის გადაკეტვას აპირებდნენ.

31 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლითაც ამ გეგმის განხორციელება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია. ამ დადგენილებით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული ობიექტების ნუსხაში“ დაამატეს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები.

სტრატეგიულ ობიექტებს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი იცავს, სადაც წერია, რომ ასეთი ობიექტის „ხელში ჩაგდების, ბლოკირების“ შემთხვევაში, ორ წლამდე პატიმრობით შეიძლება დაისაჯოთ. თუ ეს ჯგუფურად ან განმეორებით მოხდება - ოთხ წლამდე.

4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული სასჯელით დაპატიმრებულ რვა ადამიანს წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალი - მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორისაა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

რას ნიშნავს „ბლოკირება“? 222-ე მუხლის თანახმად, ეს შეიძლება იყოს ისეთი ქმედება, რამაც „შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა“.

რა შემთხვევაში „შეეძლო შეეფერხებინა?“, იურისტი გოგა ხატიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობდა, ამბობს, რომ კანონის ამგვარი ფორმულირება სახელმწიფოს მისი ფართო ინტერპრეტაციის და, შესაბამისად, სათავისოდ გამოყენების საშუალებას აძლევს.

მაგრამ ეს ამ კანონის ერთადერთი ხარვეზი არაა.

მაინც რა არის სტრატეგიული ობიექტი?

222-ე მუხლი, რომლითაც სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებისთვის სჯიან, მინიმუმ 1999 წლიდანაა ძალაში.

გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ 2024 წლის ოქტომბრამდე, ის „მკვდარი მუხლი“ იყო, - მისი განმარტებით, იურისტები ასე მოიხსენიებენ მუხლებს, რომლებიც „თავისთვის არის და არასდროს პრაქტიკაში არ აღსრულებულა“ და დასძენს, რომ 222-ე მუხლთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებები არ იძებნება.

222-ე მუხლი აქტუალური 2024 წლის მაისში დაწყებული მასობრივი პროტესტის დროს გახდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მაშინ თქვა, რომ მის საფუძველზე, პატიმრობა დაემუქრებოდათ იმ ადამიანებს, ვინც ე.წ. აგენტების კანონის განხილვისას პარლამენტის ბლოკირებას შეეცდებოდნენ. უფლებადამცველებმა მაშინ შს მინისტრის ეს განცხადება რეპრესიების დაანონსებად შეაფასეს. ეს მუქარაც მაშინ არ შესრულებულა.

იმას, თუ რატომ იყო 222-ე მუხლი იქამდე „მკვდარი“, მარტივი მიზეზი ჰქონდა - წლების განმავლობაში ზუსტად არავინ იცოდა, „სტრატეგიული ობიექტი“ რას ნიშნავდა - არ არსებობდა ასეთი ნუსხა

პირველი სია 2024 წლის 25 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შევიდა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები - პარლამენტი, სამინისტროები, საკრებულოები და ა.შ. და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები: აეროპორტები, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები ან მაგისტრალური ნავთობსადენები.

31 იანვარს ამ ჩამონათვალს ობიექტად „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატეს.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი გზაა საერთაშორისო მნიშვნელობის?

ამას 222-ე მუხლსა და მთავრობის ახალ დადგენილებაში ვერ ნახავთ. ის განსაზღვრულია მთავრობის კიდევ ერთი დადგენილებით, რომელიც 2014 წელს არის მიღებული. მასში ვხვდებით გზების ორ კატეგორიას - საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის.

საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიაში 13 გზა შედის. მათ შორისაა „თბილისის შემოსასვლელი“ გზაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამას მიაკუთვნა „თბილისი მოლის“ მიმდებარე მონაკვეთი - სადაც 2 თებერვლის აქცია გაიმართა.

გოგა ხატიაშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს - ამ განკარგულებით არაა ზუსტად განსაზღვრული, საიდან იწყება და სად მთავრდება თბილისის შემოსასვლელი გზა.

შესაბამისად, სამართალდამცველებს ამ შემთხვევაშიც რჩებათ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი სივრცე - თავად განსაზღვრავენ, რა მონაკვეთი ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელ გზას და რა - არა.

მსგავსი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები სამართლის ექსპერტებს და უფლებადამცველებს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებების შემზღუდავ, რეპრესიულ ქმედებებად მიაჩნიათ.

უზბეკური მაგალითი

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უცდიათ. 2020 წელს უზბეკეთში განიხილავდნენ კანონპროექტს, რომელიც კრძალავდა გარკვეული შენობებიდან 500-მეტრიან რადიუსში დემონსტრაციების ჩატარებას. შედეგად, ცოტა ადგილი რჩებოდა, რომლიდანაც 500 მეტრში შესაბამისი შენობა არ ხვდებოდა.

გარდა ამისა, კანონპროექტი კრძალავდა დემონსტრაციებზე სახის დამალვას და „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეების მოძრაობის შეზღუდვას“. თანაც, აქციები მხოლოდ დღის 10-დან 5 საათამდე შეიძლებოდა გამართულიყო, როცა ადამიანების უმეტესობა მუშაობს.

უზბეკეთში ეს კანონი აღარ მიიღეს.

საქართველოში აქციებზე სახის დამალვა უკვე აიკრძალა. გზის გადაკეტვის გამო კი რვა ადამიანს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება.

სტრატეგიული ობიექტების ნუსხის გაფართოებიდან სამ დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ზომები წარადგინა, რითაც დემონსტრაციების შესაზღუდად არსებული კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება.

იზრდება ჯარიმები და პატიმრობის ვადები

კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში აქციების გამართვა წინასწარი ნებართვის გარეშე აკრძალული იქნება.

დასჯადი ხდება საქმიანობასთან დაკავშირებით თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფაც და ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება.

წვრილმანი ხულიგნობისთვის, რა მუხლითაც პოლიცია ხშირად აკავებს დემონსტრანტებს, ჯარიმა გაიზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 15-ის ნაცვლად უკვე 60 დღე იქნება.

ადმინისტრაციული წესით დაკავება საბჭოთა სამართალწარმოების მემკვიდრეობაა. სსრკ-ში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელს მიიღეს, რაც მასში შემავალმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც შეინარჩუნეს.

საბჭოთა კავშირში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღე იყო, რაც საქართველომ პირდაპირ გადმოიღო დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ. 1992 წელს ეს ვადა გაორმაგდა, 2009 წელს კი 90 დღემდე გაიზარდა. 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ” ისევ 15 დღემდე შეამცირა, ახლა კი თავად ზრდის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG