Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მრჩეველი


პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, 400 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიისგან.
პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, 400 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიისგან.

ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწად-ნახევარი იმუშავა ჩინური კომპანიის მრჩევლად და ხელფასად 410 000 ლარი მიიღო. ამ დროს კომპანია CEFC უკვე გახვეული იყო საერთაშორისო სკანდალში: 

  • აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელმაც მილიარდობით დოლარის გარიგებები დადო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში, სინამდვილეში „ფინანსური პირამიდა“ ჰქონდა აწყობილი;
  • მისი ერთ-ერთი დირექტორი 2017 წელს შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს აფრიკის 2 ქვეყნის მაღალჩინოსნების მოქრთამვისა და კორუფციის ბრალდებით;
  • კორპორაციის დამფუძნებელი კი 2018 წლიდან - მას შემდეგ, რაც ჩინეთში მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს - გაუჩინარებულია.

CEFC-ის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში მისი აქტივები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, შევარდნაძის მთავრობის დროინდელ მინისტრთან, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გადაიბარა.

პეკინთან დაკავშირებული კაპიტალი გაუმჭვირვალეა, სარისკო და ხშირად პოლიტიკური გავლენები მოჰყვება, - ამბობენ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მკვლევრები და უკვირთ: მთავრობამ, რომელმაც ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა და პარტნიორობაში შეჰყვა უკიდურესად ტოქსიკურ ჩინურ კომპანიას, რატომ გადაწყვიტა, სტრატეგიული პარტნიორობა დაემყარებინა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან?

ირაკლი ღარიბაშვილი 27 ივლისს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ლიდერებმა ერთად გამოაცხადეს, რომ საქართველო და ჩინეთ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ
ირაკლი ღარიბაშვილი 27 ივლისს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ლიდერებმა ერთად გამოაცხადეს, რომ საქართველო და ჩინეთ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ

„მეტყევეობიდან“ $44 მლრდ-იანი კომპანიის ფლობამდე

იე ძიანმინი, რომელიც 1990-იან წლებში მშობლიურ ფუძიანში, ჩინეთის სამხრეთ 39-მილიონიან პროვინციაში, პოლიციის სატყეო დეპარტამენტში მუშაობდა, 2014 წლისთვის „ჩინეთის ახალ ნავთობბარონად“ მოევლინა მსოფლიო ბაზარს.

მისი დაფუძნებული კომპანია CEFC - „ბიზნესიმპერია“, როგორც დასავლურ პრესაში უწოდებენ - 2010-იანი წლების შუა პერიოდში მიყოლებით იუწყებოდა ამბიციურ პროექტებში მილიარდობით დოლარის ინვესტიციებზე. კორპორაციის კაპიტალი $44 მილიარდს აღწევდა.

იე ძიანმინი, CEFC-ის დამფუძნებელი
იე ძიანმინი, CEFC-ის დამფუძნებელი

2016 წელს ამერიკულმა ჟურნალმა Fortune-მა იე 40 წლამდე ასაკის მსოფლიოს მასშტაბით 40 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

მილიარდერი ჩინეთიდან ბუნდოვანებით იმდენად იყო მოცული, რომ მის შესახებ ლეგენდები ვრცელდებოდა: თითქოს იგი „პრინცი“, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძველი მაღალჩინოსნების შთამომავალი იყო, - რაც მის უეცარ გამდიდრებას ხსნიდა; რომ იე დაკავშირებული იყო „ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიასთან“ (PLA) - ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან, ყველაზე მრავალრიცხოვან არმიასთან მსოფლიოში.

ხმაურიანი „შეჭრა“ ჩეხეთში

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის დაწყებას მეტწილად სწორედ იეს კომპანიას უკავშირებენ. „ჩინური შეჭრის“ შედეგები რეგიონში ყველაზე უკეთ ჩეხეთში გამოჩნდა.

2015 წლის შემოდგომიდან იეს კორპორაციამ, CEFC-მ, რომელიც ძირითადად ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებში დებდა ფულს, ჩეხეთში მიყოლებით შეისყიდა ძვირადღირებული აქტივები:

  • ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბი „სლავია პრაღა“;
  • მედიაგამომცემლობა Empresa;
  • ისტორიული, რენესანსის დროინდელი შენობები ცენტრალურ პრაღაში;
  • ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ლუდსახარში;
  • ბანკ J&T-ის 14%-იანი წილი, - და ერთ წელიწადში წილის 50%-მდე გაზრდა დააპირა.

მართალია, CEFC კერძო კომპანია იყო, მაგრამ ჩეხეთში, - ისევე, როგორც შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ქვეყნებში, - მას ჩინეთის სახელმწიფოსთან აიგივებდნენ; ფიქრობდნენ, რომ, დიდი ალბათობით, იგი დამოუკიდებლად, სახელმწიფოს გარეშე, არ ოპერირებსო. ამ ეჭვებს ჩეხეთისა და ჩინეთის ოფიციალური ურთიერთობების დათბობაც ამყარებდა.

მილოშ ზემანი, ჩეხეთის პრეზიდენტი 2013-2023 წლებში, - რომელსაც დასავლურ პრესაში „პოპულისტის“ სახელი ჰქონდა, - ამ 10 წლის განმავლობაში ხუთჯერ ჩავიდა ჩინეთში, პრეზიდენტ სი ძინპინთან. და პრაღაშიც მიიღო იგი.

  • პრეზიდენტმა ზემანმა- ჩეხეთში CEFC-ის, ჯამში, €1.5- მილიარდიანი ინვესტიციების შემდეგ, 2015 წელს იე ეკონომიკურ მრჩევლად დანიშნა.
  • 2016 წელს ქვეყნებს შორის დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა.
  • ჩეხეთი გახდა ჩინეთის საგარეო სამინისტროს მიერ ინიციირებული „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე.

პრეზიდენტი მილოშ ზემანი (ცენტრში), CEFC-ის დამფუძნებელი იე იამინგი (მარცხნივ) და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში 2015 წელს
პრეზიდენტი მილოშ ზემანი (ცენტრში), CEFC-ის დამფუძნებელი იე იამინგი (მარცხნივ) და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში 2015 წელს

ეს ის პერიოდია, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „სარტყლისა და გზის“ ამბიციური ინიციატივის ქსელის შენებას იწყებს. ეს ტრანსკონტინენტური ქსელი - ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი, რომელიც ძველთაძველ „აბრეშუმის დიდ გზას“ ჰგავს - მჭიდროდ აკავშირებს აზიას, ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას.

ქართული მისალმება

ამავე პერიოდში შემოდის CEFC საქართველოშიც, რომლის მთავრობაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს. თბილისში იგეგმება „აბრეშუმის გზის“ ბიზნესფორუმების ჩატარება, მთავრობა ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვაზე იწყებს მუშაობს.

2015 წლის 27 მაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან ერთად ხვდება CEFC-ის წარმომადგენლებს. მთავრობის პრესცენტრი აქვეყნებს ცნობას, რომ ჩინური CEFC და ისრაელური „პეგასუსი“ გეგმავენ ინვესტიციების ჩადებას საქართველოს ენერგეტიკაში.

იე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში. 2016 წლის 14 ივნისი
იე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში. 2016 წლის 14 ივნისი

„ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია, CEFC, დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით“, - ამას უკვე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს ტვიტერზე ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის 14 ივნისს.

კვირიკაშვილის გამოქვეყნებულ ფოტოზე ქართულ-ჩინური სამთავრობო და ბიზნესდელეგაცია ჩანს:

  • იე;
  • CEFC-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟიანჟუნ ჟანგი, რომელსაც რამდენიმე თვეში ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის“ საპატიო პრეზიდენტის სიგელით დააჯილდოებს;

მინისტრი ქუმსიშვილი საპატიო სიგელით აჯილდოებს CEFC-ის წარმომადგენელ ჟიანჟუნ ჟანგს. 2016 წლის 18 ოქტომბერი
მინისტრი ქუმსიშვილი საპატიო სიგელით აჯილდოებს CEFC-ის წარმომადგენელ ჟიანჟუნ ჟანგს. 2016 წლის 18 ოქტომბერი
  • პრემიერი კვირიკაშვილი;
  • ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია;
  • ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მოადგილე მარიამ ვალიშვილი;
  • ფოტოს კუთხეში კი „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია - ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი.
კადრი მთავრობის გავრცელებული ვიდეოდან
კადრი მთავრობის გავრცელებული ვიდეოდან

აქედან დაახლოებით თვე-ნახევარში, 2016 წლის 26 ივლისს, მინისტრი ქუმსიშვილი სტუმრად ჩადის შანხაიში და CEFC-ის შტაბ-ბინაში პირადად ხვდება იეს.

ამ შეხვედრების დეტალებს მედია არ აშუქებს, მთავრობის პრესრელიზი იუწყება, რომ „ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე ჩინეთში“.

ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი შანხაიში, CEFC-ის შტაბ-ბინაში ხვდება იეს. 2016 წლის 26 ივლისი
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი შანხაიში, CEFC-ის შტაბ-ბინაში ხვდება იეს. 2016 წლის 26 ივლისი

ქუმსიშვილი ამავე ვიზიტის დროს დიდ სამთავრობო და ბიზნესდელეგაციასთან ერთად იღებს მონაწილეობას ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმში. მასთან ერთად არიან ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, მომავალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მომავალი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სამთავრობო დელეგაციამ შანხაიში ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფოტოზე არ ჩანს, თუმცა იქ იმყოფება ნათია თურნავა, იმ დროისათვის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
სამთავრობო დელეგაციამ შანხაიში ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფოტოზე არ ჩანს, თუმცა იქ იმყოფება ნათია თურნავა, იმ დროისათვის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

„გაირკვა, რომ შანხაის უმსხვილესი კორპორაცია CEFC China საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც“, - იუწყება საგანელიძის საპარტნიორო ფონდი.

ურთიერთობა CEFC-სთან სულ უფრო და უფრო თბება - 2017 წლის 16 იანვარს საქართველოს მთავრობა CEFC-ს უფორმებს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ“.

წილები ფოთის „თიზში“

ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ CEFC-ს სურს, „ფოთის ავისუფალი ნდუსტრიული ონის“ (მოკლედ „თიზის“) 75 %-იანი წილი შეიძინოს.

ეს, მინისტრ გახარიას შეფასებით, „ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ეს ინდუსტრიული ზონა ,,აბრეშუმის გზის“ ნაწილი გახდება“.

ფოთის „თიზი“ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, კანონით მრავალი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს და ქართული და უცხოური ბიზნესკომპანიებისთვის იქ დარეგისტრირება მიმზიდველი და მომგებიანია.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. 2012 წლის ფოტო
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. 2012 წლის ფოტო

ორიოდე თვეში, 2017 წლის 13 მაისს, პეკინში საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში მომდევნო წელს შედის. საქართველო ევრაზიის რეგიონში ხდება პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დაამყარა.

2017 წლის 15 ივლისს, დიმიტრი ქუმსიშვილი კვლავ მიემგზავრება ჩინეთში, პეკინში და CEFC-ის აღმასრულებელ დირექტორ ჟიანჟუნ ჟანგთან ერთად ხელს აწერს დეკლარაციას ახალი კომერციული ბანკის, „საქართველოს განვითარების ბანკის“ დაფუძნების შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით:

  • „ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება“;
  • ბანკის დამფუძნებლები იქნებიან CEFC და ქართული მხრიდან კომპანია „Eurasian Invest-ი“.

„Eurasian Invest-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვანო ჩხარტიშვილია.

დაახლოებით ამავე პერიოდში „საპარტნიორო ფონდი“ და CEFC ხელშეკრულებას აფორმებენ „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ შესაქმნელად.

მაგრამ არც „აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ და არც „საქართველოს განვითარების ბანკის“ მიზნები არ განხორციელებულა.

ფოთის „თიზის“ ბიზნესი კი ასე განვითარდა:

2017 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ფოთის „თიზის“ 75% გადასცა CEFC-ის ფილიალს საქართველოში - „CEFC ევრო-აზიურს“.

  • ძველ მესაკუთრეს, არაბულ „რას ალ ხაიმას" კი 15% დარჩა.
  • სახელმწიფომ თავის საკუთრებაში წილების მხოლოდ 10% დაიტოვა;

ამ გარიგების საპრივატიზაციო თანხად 24.5 მლნ ლარი განისაზღვრა და CEFC-ს დამატებით $150 მლნ-ის ინვესტიციის ჩადება დაეკისრა.

კავშირი ბიძინა ივანიშვილთან

2018 წლის 22 ივნისიდან CEFC-ის კუთვნილი 75%-იანი წილის მმართველად საჯარო რეესტრში „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფია“ მითითებული, საქართველოში დაფუძნებული კომპანია.

მისი სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე, ჩინეთის მოქალაქე ცინგსინ ჟენთან ერთად, ვანო ჩხარტიშვილია.

ამ კომპანიის, „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“, 50-50 პროცენტი კიდევ ორ სხვა კომპანიაზეა რეგისტრირებული:

  • „ჩაინა ინთერნეიშენალ გრუპ კორპორეიშენ ლიმითედზე“, რომელიც ჩინეთშია რეგისტრირებული, და, სავარაუდოდ, CEFC-სთანაა კავშირში.
  • „ევრაზიან ინვესტზე“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ვანო ჩხარტიშვილია და რომელიც, თავის მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ ორ კომპანიას ეკუთვნის:
    • 51% - Brightstone Finances Limited-ს;
    • 49% - Ecliton Commerce Corp-ს.

2021 წელს „პანდორა პეიპერსის“ გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ საკონტროლო პაკეტის მქონე Brightstone ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ეს სქემა ფოთის "თიზის" მფლობელი კომპანიების კავშირებს აღწერს
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ეს სქემა ფოთის "თიზის" მფლობელი კომპანიების კავშირებს აღწერს

„თანაინვესტირების ფონდის“ ცნობით, Brightstone, თავის მხრივ, არის პანამაში რეგისტრირებული Frankston International-ის შვილობილი კომპანია. Frankston-ს კი თანაინვესტირების ფონდი მართავს. „Frankston-ის და ბიძინა ივანიშვილის კავშირი არასოდეს ყოფილა დაფარული“, - განაცხადა „პანდორა პეიპერსის“ გაჟონვის შემდეგ თანაინვესტირების ფონდმა.

„თანაინვესტირების ფონდის“ განცხადებითვე, მათ ფოთის „თიზის“ მმართველმა კონსორციუმმა მიმართა წილში შესვლის თხოვნით, თანაინვესტირების მიზანი კი მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვა იყო და მას „არავითარი ფინანსური სარგებელი არ მიუღია“.

პირველი სკანდალი: ჩადის პრეზიდენტის მოქრთამვა

ამასობაში CEFC-ს საერთაშორისო სკანდალი წამოეწია.

იეს იმპერიამ რყევა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა შეერთებულ შტატებში FBI-ის აგენტებმა დააპატიმრეს პატრიკ ჰო ძი-პინი, კაცი, რომელიც იეს CEFC-ის „არასამთავრობო ფლანგის“ ხელმძღვანელად ჰყავდა დანიშნული. CEFC-ის შვილობილ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას „სპეციალური კონსულტანტის სტატუსი“ ჰქონდა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭოში.

პატრიკ ჰოს ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებები წაუყენეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ჰომ შეიმუშავა და განახორციელა „მრავალწლიანი, მრავალმილიონიანი სქემა ჩადისა და უგანდის მაღალი თანამდებობის პირების მოსაქრთამად, კომპანია CEFC-ის ბიზნესისთვის მომგებიანი პირობების მისაღებად“.

პატრიკ ჰო, CEFC-ის „არასამთავრობო ფლანგის“ ხელმძღვანელი
პატრიკ ჰო, CEFC-ის „არასამთავრობო ფლანგის“ ხელმძღვანელი

ბრალდების თანახმად, ჰომ ჩადის პრეზიდენტის, იდრის დების, ნაღდი ფული $2 მლნ შესთავაზა, თუმცა, - როგორც იუსტიციის დეპარტამენტი წერს, - „ჰოსა და CEFC-ის მაღალჩინოსნების გასაკვირად, პრეზიდენტმა დებიმ ქრთამი არ აიღო“, თუმცა მოგვიანებით დასთანხმდა, რომ ეს თანხა „საქველმოქმედო შესაწირის სახით“ გადასცემოდა ქვეყანას.

უგანდის სქემაც მსგავსი იყო - ჰო გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, უგანდელ პოლიტიკოს სემ კუტესას შეხვდა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ნათესავი იყო და მასთან ურთიერთობის აწყობა დაიწო. კუტესა 2016 წელს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დაბრუნდა. მან ჰოს სთხოვა 500 000 დოლარი „საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსების მიზნით“, რაზეც ჰო დასთანხმდა, სანაცვლოდ კი მუსევანის ხელახალ ინაუგურაციაზე დასწრება და მისი და სხვა მაღალჩინოსნების გაცნობა ითხოვა. საბოლოოდ, კომპანიამ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი შესწირა მუსევანის საარჩევნო კამპანიას.

ჰომ, რომელიც ბრალდებებს დღემდე უარყოფს, ციხე 2020 წელს დატოვა, რის შემდეგაც ჰონგ-კონგში გააძევეს.

იეს „აორთქლება“

2017 წლისთვის, როცა ჰო დააკავეს, იე უკვე მიღებული ფიგურა იყო დასავლეთში. „ვაშინგტონ პოსტის“ გამოძიების თანახმად, 2017 წლის ზაფხულში, ჰოს დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე, იემ ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს სთხოვა ჰოს წინააღმდეგ სავარაუდო გამოძიების საქმის გარკვევა და დახმარება.

ჰოს აშშ-ში დაპატიმრებიდან სულ რამდენიმე თვეში, 2018 წლის 1 მარტს, ჩინურ საგამოძიებო გამოცემა Caixin-ში გამოქვეყნდა გამოძიება, რომელიც ამბობდა, რომ მრავალმილიარდიანი კორპორაცია სინამდვილეში ფინანსური პირამიდა იყო, ვალებში იხრჩობოდა და მათ დასაფარად ახალ-ახალ ვალებს იღებდა. კომპანიამ ცნობები უარყო.

მეორე დღეს გავრცელდა ცნობები, რომ ჩინეთში მყოფი იე დააკავეს.

და მას შემდეგ იე ძიანმინის შესახებ არავის არაფერი გაუგია.

როდესაც CNN-ის ჟურნალისტები შანხაიში CEFC-ისა და მისი რვა შვილობილი კომპანიის რეგისტრირებულ მისამართებზე მივიდნენ, „კომპანიის ნიშნები ვერ იპოვეს“. „სარტყლისა და გზის მილიარდერის აღზევება და დაცემა“, - ასე არქმევს CNN-ი იეზე ჟურნალისტურ გამოძიებას.

იეს გაუჩინარებამ, სხვებთან ერთად, პრაღის პოლიტიკური ელიტაც შეაშფოთა. პრეზიდენტმა ზემანმა სამი ნდობით აღჭურვილი პირი გაგზავნა თავისი მრჩევლის, იეს ავანჩავანის გასაგებად.

დელეგაცია დაბრუნდა ცნობით, რომ CEFC-ის აქტივებს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია გადაიბარებდა, მათ შორის ჩეხურსაც…

2020 წელს შანხაის სასამართლომ CEFC ოფიციალურად გამოაცხადა გაკოტრებულად. ასე აღმოჩნდა ჩეხეთში „კერძო ჩინური ინვესტიცია“ ჩინური სახელმწიფო კომპანიის ხელში.

ირაკლი ღარიბაშვილი მრჩევლად

ჰოსა და იეს სკანდალები უკვე მომხდარი იყო, როდესაც საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CEFC-სთან თანამშრომლობა დაიწყო.

2018 წლის 18 თებერვალს - ორიოდე კვირით ადრე იეს „გაუჩინარებამდე“ და სამიოდე თვის შემდეგ ჰოს დაპატიმრებიდან - ქართულ სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნდა ფასიანი სარეკლამო ცნობა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა“.

იქვე ეწერა, რომ „2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს“ და „მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს“.

ღარიბაშვილს ამ დროს მთავრობაში პოსტი აღარ ეკავა. იგი ხელისუფლებაში 2019 წელს დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ.

მომდევნო წლებში მის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე - ანუ დაახლოებით წელიწად-ნახევარში - ხელზე 410 702 ლარი მიიღო კომპანია „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფისგან“.

ეს ის კომპანიაა, რომელიც ამ დრომდე მართავს CEFC-ის („ევრო-აზიურის“) აქტივებს საქართველოში.

„წილი სახელმწიფოს უნდა დაჰბრუნებოდა“

მას შემდეგ, რაც შანხაის სასამართლომ CEFC და მისი შვილობილი კომპანიები გაკოტრებულად გამოაცხადა, 2020 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, „CEFC ევრო-აზიურის“ აქტივების მმართველი ჩხარტიშვილთან და ივანიშვილთან დაკავშირებული „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“ გახდა.

ამას წინ უძღოდა „ევრაზიან ინვესტის“ - ასევე ჩხარტიშვილთან და ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის - სარჩელი „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ დირექტორის, ჟიანვეი ფანის წინააღმდეგ. მისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს, წლებია, საქართველოში ჩინეთთან დაკავშირებულ ინვესტიციებს იკვლევს. ორგანიზაციის მოპოვებული დოკუმენტებით, ამ სასამართლო დავაში „ევრაზიან ინვესტმა“ მოითხოვა საერთო, ქართულ-ჩინური კომპანიის დირექტორების ყველა უფლებამოსილების განხორციელება ერთპიროვნულად რატი ღვამბერიას გადასცემოდა - ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორს.

„ამის მიზეზად კი მოსარჩელემ ამ კომპანიის დირექტორის, ჩინეთის მოქალაქე ჟიანვეი ფანის მიერ მოვალეობის შესრულებაზე უარი და მასთან კომუნიკაციის შეუძლებლობა დაასახელა“, - წერია "სამოქალაქო იდეის" კვლევაში.

თუმცა „სამოქალაქო იდეის“ შეფასებით, „მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ ჩინელი დირექტორი თავს არიდებდა თავისი მოვალეობის შესრულებას, არამედ ის, რომ ჩინური კომპანია, რომელსაც მთავრობის აქტით აღნიშნული ქონება გადაეცა, უბრალოდ აღარ არსებობდა, და, შესაბამისად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება იქნებოდა“.

საერთაშორისო სკანდალების შემდეგ CEFC-ის წარმომადგენლები საქართველოში აღარ გამოჩენილან.

ჩეხეთის დაშორება და საქართველოს დაახლოება

ჩეხეთი, რომელიც წლების წინ გაშლილი ხელებით შეეგება ჩინურ ინვესტიციებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას, ახლა სკეპტიკურად უყურებს ეკონომიკურ გიგანტთან ურთიერთობებს. ამის მიზეზი არა მხოლოდ CEFC-სთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება, არამედ, სხვა მიზეზებს შორის, დაპირებული ინვესტიციებით იმედგაცრუება და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებაც არის.

„ჩვენ ახლა ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ 2023 წლის თებერვალში.

ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის პროფესორი, ორგანიზაცია Synopsis-ის დამფუძნებელი მარტინ ჰალა წლებია, ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჩინეთთან დაკავშირებული კომპანიების ინვესტიციებს აკვირდება. ის იხსენებს, როგორ შევიდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩინეთი, როგორ დაიწყო მასთან თანამშრომლობის ფორმატი 14+1 (წარსულში 17+1), რომელში ყოფნაც სულ ახლახან საქართველომ მოისურვა დამკვირვებლის სტატუსით.

„2012 წელს, როდესაც ჩინეთმა 17+1 ფორმატი დააარსა, ევროპელი ლიდერები ჩინეთთან ნებისმიერ ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს ისე, რომ კარგად გააზრებული და შესწავლილი არ ექნებოდათ. მაგრამ 10 წლის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გააცნობიერა, რომ არ შეიძლება ორ სკამზე ერთად ჯდომა - იყო დასავლურ ალიანსებში და ასეთი თამაშები ითამაშო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, - ამბობს იგი.

მარტინ ჰალას თქმითვე, „გეოპოლიტიკური ვითარება სწრაფად იცვლება. მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება ორ ბლოკად, რაც სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, და ეს ტენდენცია ძალიან ცხადად გამოაჩინა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში“.

ექსპერტები ამბობენ, - და ევროპელი პოლიტიკოსების საუბრებში იკვეთება გაგება, - რომ მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ჩინეთისეული აღქმა დასავლეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ლიდერობის შესუსტებას გულისხმობს.

ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი პეტრ პაველი მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 2023 წლის 6 ივლისი
ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი პეტრ პაველი მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 2023 წლის 6 ივლისი

2023 წლიდან ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - პეტრ პაველი - ნატოს ყოფილი გენერალი, რომელიც ძლიერი ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომხრეა.

  • პრეზიდენტ პაველის თქმით, ევროკავშირს ჩინეთთან ურთიერთობის ახალი მიდგომა სჭირდება, რადგან „ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ პეკინთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებლად საუბარს“.
  • მისი თქმით, ჩინეთის ქმედებები უკრაინის ომის ფონზე აჩვენებს, რომ იგი „კონსტრუქციული მოთამაშე არ არის“;
  • „ვხედავთ, რომ მისი სტრატეგიული მიზნები არ არის თავსებადი ჩვენს მიზნებთან, ის ღირებულებები, რაზეც ჩინური საზოგადოება დგას, არ არის და არ იქნება ჩვენი ღირებულებები“, - აცხადებს ის.

საქართველომ კი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე, ნატოს წევრობის სურვილის მქონე ქვეყანამ - სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

„გასაკვირია, რომ ზუსტად იმ მთავრობამ, რომელმაც ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა და პარტნიორობაში შეჰყვა უკიდურესად ტოქსიკურ ჩინურ კომპანიას, ვერ ისწავლა შეცდომებზე“, - ამბობს მარტინ ჰალა, ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის პროფესორი, ორგანიზაცია Synopsis-ის დამფუძნებელი.

სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის 2023 წლის 27 ივლისს დამყარდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი დიდ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ერთი კვირით გაემგზავრა ჩინეთში.

XS
SM
MD
LG