Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გახდნენ ქართველი ჯარისკაცები ჩემპიონები


აშშ-ში ყოველწლიურად იმართება დაჭრილი სამხედროების შეჯიბრება - “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები”. 7 ქვეყნის ორასამდე წარმომადგენელს შორის ქართველი სამხედროებიც არიან. შეჯიბრება 9 მარტს სრულდება, ქართულ გუნდს კი უკვე ათზე მეტი მედალი აქვს აღებული სხვადასხვა დისციპლინაში.

დილის 10 საათი, კალიფორნია. ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემ რადიო თავისუფლებასთან სასაუბროდ დრო გამონახა. რამდენიმე საათში დაიწყება შეჯიბრება ნიჩბოსნობაში. მეორე დილით გავიგებთ, რომ ეს შეჯიბრი ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა ორი ოქროს მედლით მოიგო.

რამდენიმე დღით ადრე კი იყო 2 ბრინჯაოს მედალი ველორბოლაში. პარასპორტის ამ სახეობებით ქართველი სამხედრო ავღანეთში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ დაინტერესდა.

“ასეთი აქტივობები, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურ რეაბილიტაციაზე”, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი

2011 წელს, ჰელმანდის პროვინციაში 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაურმა სეთურიძემ პატრულირებისას ხელნაკეთ ნაღმს დააბიჯა. ძლიერი აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. როგორც ყველა დაჭრილი სამხედრო, გერმანიაში აშშ-ის არმიისთვის მომუშავე ლანდშთულის რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მაშინ დაჭრილი სამხედრო გაეროს კეთილი ნების ელჩმა, მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმაც მოინახულა.

გერმანიაში ოპერაციის შემდეგ კი ალუდა სეთურიძემ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. “ხვდები, რომ თავიდან იბადები ადამიანი და რაღაცაზე უნდა ჩამოყალიბდე”, - ასე აღწერს ტრავმის შემდეგ დაწყებულ ცხოვრებას ვიცე-პოლკოვნიკი. დაახლოებით 4 წელიწადში კი მას პარასპორტის მიმართ ინტერესი გაუჩნდა.

წელს მათ წარმატები იასპარეზეს მშვილდოსნობაში, ხელის ველო შეჯიბრებაში, მათთვის სრულიად მოულოდნელად, აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს კალათბურთში და საერთო ჯამში, ყველა კატეგორიის მედლები დააგროვეს. მათ ამ შეჯიბრებაზე გამარჯვება ერთგვარ ტრადიციად აქციეს. შარშან ქართული გუნდი 20 მედლით დაბრუნდა შინ.

დაჭრილი სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციასა და სპორტული შეჯიბრებებისთვის მზადებას წეროვნის ცენტრში გადიან მას მერე, რაც პროტეზირება აშშ-ში ჩაუტარდათ.

დაჭრილი სამხედროების შეჯიბრება 9 მარტამდე გაგრძელდება. ქართული გუნდი ისევ ცდის საკუთარ ძალებს ახალ დისციპლინებში. თითო ქართველი პარასპორტსმენი რამდენიმე დისციპლინაში მონაწილეობს და საკმაოდ წარმატებულადაც. ეს დაშავებული სამხედროებისთვის საბრძოლო განწყობის დაბრუნებასთან ერთად რეკრეაციული თერაპიაცაა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG