სწორედ ასე, ჟურნალისტებისგან გახდა ცნობილი, რომ სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, მოსახლეობა ხან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, სოფლის ტერიტორიიდან საშიში ნარჩენების გატანას სთხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.
ამ სტატიაში ვცილობთ გავარკვიოთ, როგორია საქართველოში სამედიცინო ნარჩენების განადგურების წესები და ვინ როგორ იცავს მას.
„სად წავიდა მამას მარცხენა ფეხი?“
მაკო ჯაბუას 70 წლის მამას მარცხენა ფეხის ამპუტაცია დაახლოებით 2 თვის წინ გაუკეთეს. ამიტომ მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა კადრები, რომლებიც თებერვლის ბოლოს სოფელ მელაურიდან გავრცელდა.
„ნამდვილად ცუდი შეგრძნება იყო. მაშინვე დავურეკე დედას, თან ვითომ ხუმრობით ვუთხარი, აი, დედა, რომ ვამბობდით, სად არის მამას ფეხი, შეიძლება იქ არის-მეთქი. დედა ძალიან შეწუხებული იყო. ის კი ვიფიქრეთ, რომ ოპერაცია თბილისში ჩაუტარდა და დასავლეთ საქართველომდე არ ჩაიტანდნენ მამას ფეხს“.
ხომ არ შესთავაზა კლინიკამ ოჯახს ამპუტირებული ფეხის გადაცემა, რათა თავად დაესაფლავებინათ ის? - ამ შეკითხვის პასუხად მაკო ჯაბუა გვეუბნება:
„დედასთვის და ჩემთვის ნამდვილად არ შემოუთავაზებიათ ასეთი რამ. მამა დაზუსტებით ვერ იხსენებს, თუმცა ისეთი ემოციური ფონი ჰქონდა, შეიძლება, უთხრეს კიდეც და არ ახსოვს.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი ასეთი შემოთავაზების შემთხვევაში. ალბათ უფრო რთული და მძიმე იქნებოდა ჩემთვის ამ მოცემულობის მიღება, რომ სხეულის მოჭრილი ნაწილი უნდა წამეღო“, - მეუბნება მაკო ჯაბუა.
კლინიკას შეუძლია პაციენტს ან ოჯახის წევრებს შესთავაზოს სხეულის ამპუტირებული ნაწილი, თუკი ამის სურვილი ექნებათ. თუ არადა, ქირურგიული და სხვა ჩარევებისას წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენები სპეციალურად მათ უტილიზაციაზე მომუშავე კომპანიებს გადაეცემა გასანადგურებლად.
სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის გზები
როდესაც სამედიცინო ნარჩენი კლინიკის ტერიტორიას ტოვებს, მისი უტილიზაცია სამი სხვადასხვა გზით უნდა მოხდეს:
- ინსინერაცია - მაღალი ტემპერატურული წვა;
- ავტოკლავირება - მაღალი ტემპერატურისა და წნევის ორთქლით სტერილიზაციის პროცესი, რომელიც ანადგურებს ინფექციურ აგენტებს და უზრუნველყოფს სამედიცინო ინსტრუმენტებისა და ნარჩენების უსაფრთხო დამუშავებას. ანადგურებს ინფექციურ აგენტებს, რის შემდეგაც ნარჩენი უკვე აღარ ითვლება ბიოლოგიურად საშიშად და შესაძლებელია მისი შემდგომი განკარგვა, მაგ. მუნიციპალურ ნარჩენებთან ერთად;
- დასაფლავება.
სამედიცინო დაწესებულებებთან კონტრაქტი ნარჩენების მართვის კომპანიებს აქვთ გაფორმებული და ისინი არიან პასუხისმგებელნი როგორც ნარჩენების ტრანსპორტირებაზე, ისე უტილიზაციაზე.
„ათამდე კლინიკას ვემსახურებით, ჩვენ წესებს ვიცავთ“
გავარკვიეთ, რომ სამედიცინო ნარჩენების მართვაზე, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ათამდე კომპანია მუშაობს.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მცირე და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის, „მედიკალ ტექნოლოგის“ წარმომადგენელი. მან საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
„ჩვენ გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები. მივდივართ კლინიკებში, იქიდან ვახდენთ ნარჩენების ტრანსპორტირებას. შემდეგ ამ ნარჩენებს ვუკეთებთ ან ავტოკლავირებას ან ინსინერაციას. როდესაც ნარჩენი მაღალი წვის შემდეგ ხდება უსაფრთხო, ის უკვე განთავსდება ნაგავსაყრელზე. ჩვენ გვაქვს მაღალი წვის დანადგარები, სადაც მაღალ ტემპერატურულ რეჟიმში ხდება სამედიცინო ნარჩენის განადგურება".
შ.პ.ს. ,,მედიკალ ტექნოლოგი“ 2011 წლიდან უწევს მომსახურებას ფარმაცევტულ, სამედიცინო, სამრეწველო, ქიმიურ და სხვა კომპანიებს, ნარჩენების გატანა-განადგურებაზე.
კომპანიის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "მედიკალ ტექნოლოგი“ თბილისის ათამდე კლინიკას ყოველდღიურად ემსახურება:
"საათში დაახლოებით 100-120 კილო ნარჩენს ვწვავთ. ჩვენ ვაკეთებთ ინფექციური ნარჩენის უტილიზაციას. რაც შეეხება ამპუტირებულ ნაწილებს, ჩვენ ამაზე არ ვმუშაობთ. კომპანია „ჰერმესს“ აქვს ეს მომსახურება, როგორც ვიცი“.
ველის სასაფლაო - სად იმარხება ამპუტირებული ნაწილები?
სარიტუალო მომსახურების, შპს. „ჰერმესის“ მმართველობაში არსებულ ველის სასაფლაოზე მოსახვედრად აეროპორტის გზიდან აფრიკის დასახლებისკენ უნდა გადაუხვიო.
სასაფლაოზე, უფრო ზუსტად კი სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მისვლას ნაწვიმარზე ნუ გადაწყვეტთ - ტალახი იმდენად ღრმაა, რომ მანქანა როგორც ყინულზე, ისე ცურავს.
ეს არის ერთადერთი ტერიტორია თბილისში, რომელიც შპს. „ჰერმესს“ სამედიცინო ნარჩენების დაფვლისთვის აქვს გამოყოფილი.
ეს სივრცე „უპატრონო მიცვალებულთა“ და ცხოველების სასაფლაოს შუაშია მოწყობილი.
დაახლოებით, 4-5 მეტრის სიღრმეზე ჩაჭრილ ორმოსთან სასაფლაოს თანამშრომელს მივყავართ.
ორმოს ძირში სქელი მუყაოს ქაღალდები აწყვია, ზედ მიწის თხელი ფენა აქვს მიყრილი:
„ამ მუყაოებით მოაქვთ ნარჩენები და ჩვენ ვყრით შიგნით, ორმოში. შემდეგ ზევიდან მიწას ვაყრით. ხშირად არ მოაქვთ, თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ახლა ეს ორმო ჯერ ამოვსებული არ არის და ამიტომ არის ასე ღია. როდესაც შეივსება, შემდეგ მთლიანად იფარება მიწით“, - გვეუბნება სასაფლაოს თანამშრომელი. მათ მხოლოდ ამპუტირებული ნარჩენების ორმოში ჩაყრა და მიწის დაყრა ევალებათ, - "ეს არის და ეს".
ევროკავშირის დახმარებით შექმნილი კოდექსი
სამედიცინო ნარჩენების მართვის კანონმდებლობა საქართველოში, ტექნიკური რეგლამენტი, რომლის დაცვა ევალება როგორც სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციაზე პასუხისმგებელ კომპანიებს, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, 2015 წელს შეიქმნა. „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირი და განსაკუთრებით შვედეთი დაეხმარა.
ერთ-ერთი ძირითადი, 294-ე დადგენილება, რომელიც სწორედ სამედიცინო ნარჩენების მართვას ეხება, 2017 წელს შეიქმნა.
რა არის სამედიცინო ნარჩენი?
კანონმდებლობის თანახმად, სამედიცინო ნარჩენია ყველაფერი, რაც წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ფარმაცევტული საწარმოების მიერ.
ეს სამედიცინო ნარჩენი ორ - სარისკო და ურისკო კატეგორიად იყოფა. სარისკო ნარჩენები კიდევ ორ ქვეკატეგორიად ნაწილდება - სახიფათო და არასახიფათო.
სარისკო ნარჩენებს მიეკუთვნება ინფექციური ნარჩენები, ბასრი საგნები, პათოლოგიურ-ანატომიური ნარჩენები.
პათოლოგიურ-ანატომიური ნარჩენებია მაგალითად, ქსოვილები, ორგანოები, სხეულის ნაწილები, სისხლი, სხეულის სითხეები და პაციენტებზე ჩატარებული ოპერაციისა და ავტოფსიის ნარჩენები.
პათოლოგიურ-ანატომიური ნარჩენები, რომელიც არ ეკუთვნის ინფიცირებულ ავადმყოფს, შეიძლება ჩაითვალოს არასახიფათო ნარჩენებად. ამ ნარჩენებთან, განსაკუთრებით კი ჩანასახის მასალასთან მოპყრობისას, კანონმდებლობის თანახმად, „გათვალისწინებული უნდა იყოს რელიგიური და კულტურული ასპექტები“.
პათოლოგიურ-ანატომიური ნარჩენები, რომლებიც არ არის ინფექციური მასალით დასნებოვნებული, შესაძლებელია დაიმარხოს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ორმოში. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია ამ მიზნით სამედიცინო დაწესებულების ეზოს გამოყენება.
თინათინ გაბრიჩიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის გარემოს დაცვითი მმართველი, ექიმი ეპიდემიოლოგი, საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მაგალითად, სხეულის ამპუტირებული ნაწილი არ არის დასნებოვნებული სახიფათო ინფექციით, მოთხოვნის შესაბამისად, ის შესაძლოა გადაეცეს ოჯახს:
„კანონში არსებული ეს ჩანაწერი, ძალიან გვშველის ნარჩენების შემცირებაში. ამპუტირებული კიდური სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია გადასცეს ოჯახის წევრს, რომელსაც შემდეგ საგვარეულო სასაფლაოზე დამარხავს. ამ პრაქტიკას კარგად იყენებენ ნარჩენების შესამცირებლად. ეს ჩვენთვის შეიძლება ნარჩენი იყოს, მაგრამ ოჯახის წევრისთვის არის მისი ძვირფასი ადამიანის ნაწილი“.
კანონმდებლობის თანახმად, სამედიცინო ნარჩენებისთვის დროებითი სათავსო შესაძლებელია განთავსდეს სტაციონარული დაწესებულების შენობის გარეთ, ეზოში, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე. იქ მხოლოდ ინფექციური ნარჩენებისა და ბასრი საგნების კონტეინერების შენახვაა შესაძლებელი.
გასათვალისწინებელია, რომ კონტეინერები უნდა იყოს მჭიდროდ თავდახურული და დალუქული. შემოდგომასა და ზამთარში, მათი დაყოვნების დრო არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი 24 საათს. ანუ, ამ დროის ამოწურვის შემდეგ, ეს ნარჩენი გატანილი და განადგურებული უნდა იყოს. სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირება ნებადართულია მხოლოდ ამ უფლების მქონე პირებისთვის, ანუ კლინიკების კონტრაქტორი კომპანიებისთვის.
„ეს რაოდენობა ვერ უმკლავდება მოთხოვნას“ - ბევრი კლინიკა, ცოტა კონტრაქტორი კომპანია
თინათინ გაბრიჩიძის თქმით, კომპანიები, რომლებიც სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი, გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგს ექვემდებარებიან.
„ნარჩენის განადგურებას სჭირდება ნებართვა - გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, რომელსაც გასცემს გარემოს დაცვის სააგენტო. ამ ნებართვის გარეშე არც ტრანსპორტირების უფლება აქვს არავის და არც უტილიზაციის.
პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ძალიან ცოტაა ასეთი კომპანია, განსაკუთრებით რეგიონებში. სამედიცინო დაწესებულება კი ძალიან ბევრია. ამასთანავე, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა სახიფათო ნარჩენების კატეგორიის ჩამონათვალი და შესაბამისად, იზრდება ნარჩენების მართვაზე მომუშავე კომპანიებზე მოთხოვნაც... სამწუხაროდ, ბიზნესს როგორც ჩანს, არ ხიბლავს მკაცრად რეგლამენტირებული სფერო, თუმცა, ჩემი გადასახედიდან, ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი უნდა იყოს“, - ამბობს თინათინ გაბრიჩიძე და იხსენებს შემთხვევას, როდესაც რამდენიმე წლის წინ, ნორმების დარღვევის გამო, ნარჩენების მართვაზე მომუშავე კომპანიას ოპერირების უფლება შეუჩერდა:
"ერთ-ერთი კომპანიის მძღოლმა სახიფათო ნარჩენები თვითნებურად განათავსა ნაგავსაყრელზე და მის დაწვას აპირებდა. ამ ფაქტის გამო კომპანიას შეუჩერდა მუშაობის უფლება, რამაც, ფაქტობრივად, გამოიწვია ნახევარი საქართველოს კლინიკების პარალიზება".
თინათინ გაბრიჩიძე ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რაც თან ახლავს სამედიცინო ნარჩენების ღია, დაუცველ სივრცეში განთავსებას და მეთვალყურეობის გარეშე დატოვებას:
„ყველა ტიპის ნარჩენს თავისი საფრთხე ახლავს. გასათვალისწინებელია, რომ პათოგენურმა მიკროორგანიზმებმა შესაძლოა გადაინაცვლოს ნიადაგში, გრუნტის წყლებში, რაც შემდეგ ისევ მოსახლეობასთან ბრუნდება. არის რისკი ინფექციური დაავადებების გავრცელების, ცხოველთა დასნებოვნების.
აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც რამდენიმე დღის წინ, მედიით გავრცელდა. ამგვარი ნარჩენის ასე, ღია გარემოში, ადამიანებისა და ცხოველებისათვის ხელმისაწვდომ გარემოში დაყრა, აჩენს სერიოზულ რისკებს და იმედია, შესაბამისი უწყებებისთვის სათანადო სიგნალი იქნება“, - ამბობს ექიმი ეპიდემიოლოგი.
პროკურატურამ მოკლე პრესრელიზი სოფელ მელაურის შემთხვევის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ეს ამბავი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და თქვა, რომ „გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის“ ბრალდებით სამი პირი ჰყავდათ დაკავებული.
მათ შორის, ნარჩენების მართვის კომპანიების, „ეკო მედიკალ ჯგუფისა“ და „ეკოლოგია და სუფთა გარემოს“ დირექტორი ელგუჯა კიკაჩეიშვილი და მისი თანამშრომელი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მათ ჯერ კიდევ 16 თებერვალს შეეფარდათ, თუმცა, ბრალდებულების დაკავებიდან ათი დღის თავზეც კი, სოფლის მოსახლეობა ისევ უშედეგოდ ითხოვდა დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებას, საიდანაც ცხოველებს, სავარაუდოდ, ამპუტირებული ნაწილები გამოჰქონდა, სოფელში კი მძაფრი სუნი იდგა.
და მაინც, როგორ მოხვდა ნარჩენები სოფლის ტერიტორიაზე?
ამ კითხვაზე პასუხს არც გამოძიება გვაძლევს და არც ბრალდების მხარე. პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გარდა მათ მიერ გავრცელებული პრესრელიზისა, დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ.
ბრალდებული ელგუჯა კიკაჩეიშვილის ადვოკატი პაპუნა ონიანი კი გვეუბნება, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინტერვიუს ვერ მოგვცემს:
„გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ ვერაფერს გეტყვით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციისა და საქმის შესახებ. მობრძანდით წინასასამართლო სხდომაზე და იქ შეიტყობთ საქმის დეტალებს“.
წინასასამართლო სხდომა 2 აპრილსაა დანიშნული.
რა დარღვევებს პოულობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი?
გარემოს დაცვის სამინისტრო, კონკრეტულად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ის უწყება, რომელიც ნარჩენების მართვის პროცედურებსა და რეგლამენტის დაცვას უწევს მონიტორინგს.
ამ უწყების საიტზე არაერთი დოკუმენტი იძებნება, რომელიც მათ შორის, სამედიცინო ნარჩენების გადამუშავებაზე დასაქმებული კომპანიების დარღვევებზე მიუთითებს.
მაგალითად, შპს „ეკომედის“ კუთვნილი, სახიფათო ნარჩენების საწვავი ღუმლის, გეგმური შემოწმებისას გამოუვლენიათ, რომ სახიფათო ნარჩენების მიღება და შესაბამის კონტეინერში განთავსება ხორციელდებოდა დახარისხების გარეშე. არ ხდებოდა ინსინერაციისას წარმოქმნილი ნაცრის მართვა. კომპანია არ აწარმოებდა გაფრქვევების პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციას. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კომპანიას დარღვევებისთვის 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ასევე 2023 წელს შპს „სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის ცენტრში ეკოლოგი“ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დაუდგენიათ, რომ კომპანია არ ახორციელებდა ნარჩენების სრულ წვას და არასრულყოფილად დამწვარ ღია ცის ქვეშ გაფანტულ ნარჩენებს ხანძრის კერა გაუჩენია. ეს კომპანიაც 5000 ლარით დაჯარიმდა.
თუმცა საიტზე ვერ ვიპოვეთ ინფორმაცია:
- რა პერიოდულობით ამოწმებს ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტრაქტორ კომპანიებს?
- რამდენად ხშირია სამედიცინო ნარჩენების მართვის წესის დარღვევის ფაქტები და ძირითადად რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი?
- სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის რამდენი კომპანიაა დარეგისტრირებული დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით?
ამ კითხვებზე პასუხის მიღებას რადიო თავისუფლება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შეეცადა. დაგვპირდნენ, რომ კითხვებს წერილობით უპასუხებენ. სტატიის გამოქვეყნების დროს პასუხები ისევ არ გვქონდა მიღებული.
ფორუმი