“უცებ შემომეკითხა”, “ჰოლოკოსტზე ასე თხრობა თუ შეიძლებოდა, არ წარმომედგინა” - მკითხველის ასეთ კომენტარებსაც წააწყდებით სამასგვერდიანი გრაფიკული რომანის შეფასებებში, მიუხედავად იმისა, რომ მასში სალაღობო არაფერია.
“დღეს, როცა ყურადღების გაფანტულობის ეპიდემიაა და ხალხი სულ უფრო ნაკლებ წიგნს კითხულობს, მგონია, რომ კომიქსი თითქოს საპირისპირო საქმეს აკეთებს: მეტად კონცენტრირებული ხარ, ილუსტრაცია გიტაცებს და მისი თანმხლები ტექსტიც გაინტერესებს. თითქოს უფრო ადვილად კითხულობ - რაგინდ მტკივნეული თემაც უნდა იყოს”, - გვეუბნება კომიქსების გამომცემლობა “მატარებლის” დამფუძნებელი, მწერალი და მთარგმნელი მიხეილ ციხელაშვილი.
“მატარებელმა” უკვე გამოსცა რამდენიმე გახმაურებული კომიქსის ქართული თარგმანი და ორიგინალური ქართული კომიქსიც - მათ შორის, მინდია არაბულის კომიქს-პოეზია “საუკუნო უკუნი”, რომელიც აერთიანებს ირონიით მოთხრობილ ამბებს სიკვდილის შიშსა თუ სევდაზე, ნატვრებზე, რომლებიც არ ასრულდა, ბრაზზე, რომელიც “ასჯერ უფრო მწარეა”, ვიდრე სპეცრაზმელისგან გამოსროლილი “წიწაკა და გაზი”.
"თუ არ იცი, სად წაიღო
ამოდენა ბრაზი,
ასჯერ უფრო მწარე ვიდრე
წიწაკა და გაზი...
არც მე ვიცი სად წავიღო
ამოდენა რისხვა.
თქეშის მერეც არ გაქრება
კოკისპირულისხმა".
ან სულაც მეფეზე, რომელიც ხალხთან სალაპარაკოდ არასოდეს გამოდის - “იქნებ გვცივა, იქნებ გვშია, მაგრამ მეფე არ გამოდის, მნიშვნელოვან ფიქრებშია…”
“იმდენს ფიქრობს ქვეყანაზე,
ისე მუდამ და ძალიან, რომ ქვეყნისთვის არ სცალიან!..
როცა ღვიძავს, ეფიქრება,
როცა სძინავს ეფიქრება.
ტუალეტში საათობით როცა ქრება - ეფიქრება.
ამას ფიქრიც აღარ უნდა
ხვედრი ჩვენიც არის ასე!
ქვეყანაზე ფიქრობს მუდამ!
კერძოდ, შვეიცარიაზე.
სანამ ეს ყველაფერი წიგნად იქცეოდა, მინდია არაბული ამ კომიქსებს თავის ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებდა. ეს ერთი შეხედვით “ჭკუამხიარული” ლექსები ხან ძალიან პირად ამბებს ეხებოდა, ხან კი იმას, რაც გარშემო ხდებოდა. ასე დაიწერა და დაიხატა “ამოდენა ბრაზიაც”.
„ჩემს კომიქსებს, რომლებსაც ცოტა იგავური სტილის თხრობა აქვს, როგორც დავაკვირდი, აღიქვამდნენ როგორც გასართობ ლექსებს, რომლებიც თითქოს რეალური სამყაროსგან დისტამციურად იწერებოდა. მაგრამ მე ვერ ვარსებობ რეალური სამყაროსგან დამოუკიდებლად. როცა შარშან, ნოემბრის დღეებში, სველი, გაზნაყლაპი შინ ვბრუნდებოდი, პირადი თემების გარდა, იმ დღეების ამბებიც ჩნდებოდა ამ ლექსებში”.
მინდია არაბულისთვის ბიძგის მიმცემი ტუვე იანსონი და მისი ცნობილი წიგნი “კომეტა მუმინების ხეობაში” გამოდგა - წიგნში, რომელიც 1946 წელს დაიწერა, ავტორი იუმორით ჰყვება აპოკალიფსურ შიშზე, "გლობალურ მოვლენაზე, რომელზეც კონტროლი არ გვაქვს".
"მოფრინავს კომეტა, მუმინები კი ცდილობენ შეაჩერონ ეს კატასტროფა, მაგრამ მალე ხვდებიან, რომ არ შეუძლიათ ზემოქმედება - ამაზე გულწრფელად პოლიტიკური ზღაპარი არ ვიცი რა არის… დღესაც ზუსტად იგივე შეგრძნებაა, რომ მოდის უზარმაზარი კატასტროფა, რომლის წინაშე ერთი ადამიანის ძალა არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მთავარი კითხვა ის კი არ არის, ეს კომეტა როგორ გავაჩეროთ ( იმიტომ რომ, კომეტას, ალბათ, ვერ გავაჩერებთ), არამედ ის, ამ კატასტროფის მოლოდინში, ჩვენ რას ვირჩევთ?" - ამბობს მინდია არაბული.
“მატარებლის” გამოცემული კომიქსებიდან სულ ბოლო, გრაფიკული ჟურნალისტიკის პიონერის, ჯო საკოს გრაფიკული რეპორტაჟია - “ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები”.
“ეს იყო ჩეჩნეთის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის სტალინისეული გეგმა. მოგვიანებით მან ჩეჩნებს შემოჭრილი ნაცისტების მხარდაჭერა დააბრალა. ყოველი ჩეჩენი და ინგუში კაცი, ქალი და ბავშვი მატარებლებში შეყარეს - ამისათვის 12 000 ვაგონი იყო გამოყოფილი… და მასობრივად გადაასახლეს ყაზახეთში” - მინაწერი აქვს ილუსტრაციას, რომელზეც საბჭოთა ვარსკვლავიანი მატარებელი მიქრის.
ეს კომიქსი, 2002 წელს, ჩრდილოეთ კავკასიაში, ლტოლვილთა ბანაკებში ჩაწერილ ათობით ინტერვიუზე დაყრდნობით აღწერს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში.
კომიქს-ლიტერატურამ, რომელიც მანამდე გასართობ ჟანრად მიიჩნეოდა, 80-იან წლებში სრულიად სხვაგვარი მნიშვნელობა შეიძინა.
არტ შპიგელმანის “მაუსმა” სურათი მთლიანად შეატრიალა და როგორც მიშა ციხელაშვილიც შენიშნავს, “ცხადი გახდა, რომ “ სპაიდერმენის” და “ჰალკის” გვერდით ვეღარ დაიდებოდა გასაყიდად ასეთი ლიტერატურა - სულ სხვა თემები შემოვიდა და 90-იანი წლებიდან სწორედ არტ შპიგელმანის წიგნები გახდა სხვა ავტორების (მაგალითად, მარჯან სტრაპის "პერსეპოლისის'') შთაგონების წყაროც.
გამოჩნდა ჯო საკო, რომელიც ჩეჩნეთის ომისა და რუსული აგრესიის გარდა, შეეხო პალესტინის თემას (პალესტინური დღიურები), ომს ბოსნია-ჰერცეგოვინაში… (“მატარებელი” გეგმავს ჯო საკოს ამ წიგნების გამოცემასაც).
რამდენიმე წლის წინ, სულაკაურის გამომცემლობამ ქართულად ორი საკულტო გრაფიკული რომანი (მთარგმნელი მიხეილ ციხელაშვილი) დაბეჭდა: არტ შპიგელმანის „მაუსი“ (MAUS), რომელშიც ავტორი მამამისის, ვლადეკის, პირით ჰყვება ჰოლოკოსტის ამბავს და აღწერს რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის დროს გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში და მარჯან სატრაპის “პერსეპოლისი”, რომელიც გვიამბობს ისლამისტურ ირანსა და ევროპაში მეამბოხე ირანელი გოგოს ყოფაზე.
გრაფიკულ რომანში დღეს ნახატს აღარ აქვს ტექსტის დამხმარის ფუნქცია, ტექსტი და ილუსტრაცია განუყოფელია. წიგნი საუკეთესო გამოდის, როცა ავტორი ტექსტის მწერალიცაა და მხატვარიც - როგორც, მაგალითად, მავილი, რომლის გახმაურებული გრაფიკული რომანი “ქინდერლენდი” “მატარებელმა” ცოტა ხნის წინ გამოსცა.
ეს კომიქსი ჰყვება ბერლინელი ბავშვების ამბავს 1989 წელს და ამ თავგადასავლის თანხლებით აღწერს ბერლინის კედლის დანგრევის პერიოდს - ისტორიულ კონტექსტს ავტორი სწორედ ბავშვების პერსპექტივიდან გადმოსცემს.
“იმდენად ბევრი ნაცნობი განცდა მქონდა “ქინდერლენდის” კითხვისას, ძალიან მომინდა, რომ ეს წიგნი ქართველ ბავშვებს და უფროსებსაც აუცილებლად წაეკითხათ. აქ ბერლინის კედლის დანგრევის ფონზე ბავშვების თავგადასავალია აღწერილი, მაგრამ წიგნს ფონად სულ მიჰყვება პოლიტიკური და ისტორიული ქარტეხილები, რასაც ბავშვებიც გრძნობენ”, - გვიყვება მიხეილ ციხელაშვილი.
„მატარებელი“, რომელიც დიზაინის კომპანია “ჰოლი მოტორსისა” და მიხეილ ციხელაშვილის ინიციატივით შეიქმნა, გეგმავს, უცხოური საკულტო გრაფიკული რომანების ქართული თარგმანების გარდა, კომიქსად აქციოს დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”.
“ძალიან მინდა, რომ ერთ-ერთი ქართული კომიქსი შოვის ტრაგედიაზე დაიწეროს”, - გვეუბნება მიხეილ ციხელაშვილი.
რიგშია ფრანგი საიფაი ავტორის, ენკი ბილალის “ნიკოპოლის ტრილოგიაც”, რომელიც უკვე თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა. იგეგმება “ბეთჰოვენის ბავშვობაზე” მაიკლ როსის ცნობილი კომიქსის, “ოქროს ბიჭუნას”, ხოლო გრაფიკულ ჟურნალისტიკაში - შვედი ავტორის, ლივ სტრომკვისტის კრებულის, “ალმოდებული ვარდის” (The Redest Rose Unfolds) გამოცემაც.