Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახლა ოსებიც კი, ერთმანეთს რომ ხვდებიან, უმეტესობა რუსულად ლაპარაკობს“ - როგორ იკარგება ოსური ენა 


ხალხი ცხინვალის ქუჩაში. 2023 წლის 31 მარტი
ხალხი ცხინვალის ქუჩაში. 2023 წლის 31 მარტი

ოსური ენას გაქრობის საფრთხე ემუქრება. ოსების დიდი ნაწილი, მათ შორის ისინიც, ვინც ენა იცის, რუსულად ლაპარაკობს. ჩრდილოეთ ოსეთის თუ ცხინვალის რეგიონის სტუქტურებში ოსურს თითქმის არ იყენებენ.

15 მაისი ოსური ენის დღეა. ცხინვალის რეგიონში ოსურს სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს, მაგრამ დე ფაქტო საჯარო უწყებებში, ისევე როგორც სხვა სამსახურებში, საქმისწარმოება რუსულადაა. ოსურად ლაპარაკობენ სახლში, მეგობრებთან და ისიც ყველა არა. 2009 წელს იუნესკომ ოსური ენა გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს შორის დაასახელა.

როგორ ჩაანაცვლეს ქართულზე დაყრდნობილი ანბანი რუსული კირილიცათი

ოსური ინდოევროპულ ენათა ოჯახს ეკუთვნის, ჩრდილოირანულ ჯგუფს. მისი ორი დიალექტი არსებობს: ირონული და დიგორული. ლიტერატურული ენის საფუძველი უფრო ირონული დიალექტია. დროთა განმავლობაში ოსურმა ენამ ბევრი კავკასიური ელემენტი შეითვისა.

დღეს ოსური დამწერლობა სლავურ „კირილიცაზეა“ აწყობილი, თუმცა, თავდაპირველად ის (ისევე, როგორც აფხაზური დამწერლობა) ქართულ ანბანს ეყრდნობოდა. ქართული გრაფიკის საფუძველზე ოსური ანბანი 1802 წელს იოანე იალღუზიძე-გაბარაევმა შექმნა. მას სულ სამი ასოს ჩამატება მოუხდა, რადგან ქართულსა და ოსურს ისედაც ბევრი საერთო ბგერა აქვს. ამ ანბანს იყენებდნენ როგორც კავკასიონის სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით მცხოვრები ოსები. მოგვიანებით ცარისტულმა რეჟიმმა ქართული ანბანი რუსულით ჩაანაცვლა.

„გართულდა, მოემატა ასოები, რადგან რუსი ვერ წარმოთქვამს იმ ბგერებს, რომელსაც ქართველი, კავკასიელი წარმოთქვამს. ქართული გრაფიკა გაცილებით მოსახერხებელი იყო“, - ამბობს ნაირა ბეპიევი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი.

გლობალიზაციამ მცირე ენები სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. სულ უფრო და უფრო რთული ხდება იმ ენების გადარჩენა, რომლებზეც ცოტა ადამიანი ლაპარაკობს, მით უფრო, თუ ენას ოფიციალური უწყებები არ იყენებენ.

„ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რა ენა წახდეს, ერი დაეცესო. თუ მშობლიურ ენაზე არ საუბრობს ადამიანი, ის ენა იკარგება. მე ცხინვალში ვსწავლობდი, ადრე ქართველები და ოსები ერთმანეთს ან ოსურად ესაუბრებოდნენ, ან ქართულად. ახლა ოსებიც კი, ერთმანეთს რომ ხვდებიან, უმეტესობა რუსულად ლაპარაკობს. ამიტომ განგაშის ზარებია შემოსაკრავი. ყველა ოსმა ჯერ თავისი მშობლიური ენა უნდა ისწავლოს და მერე სხვა ენები, მით უფრო, ოსურს ძალიან მდიდარი ტრადიციები აქვს“, - ამბობს ნაირა ბეპიევი.

ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოში ოსური ოთხ სკოლაში ისწავლება, სამი სკოლა კახეთშია, ერთი - ქართლში. ქართულ-ოსური ონლაინლექსიკონი განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

„ცხინვალშიც და ვლადიკავკაზშიც ოსურ ენას ყველა სკოლაში ასწავლიან, მაგრამ ბავშვები რუსულს და ინგლისურს გაცილებით უკეთ სწავლობენ. ამიტომ ოსური შიდა მოხმარების ენად იქცა, გარეთ კი „პრესტიჟულ“ რუსულ და ინგლისურ ენებზე ლაპარაკობენ. რაში გამოგვადგება ოსურიო. ყოველთვის ვამბობ, მშობლიურ ენას როგორც მოხმარების საგანს არ უნდა უყურო, ის შენია! იმას არ უნდა შეხედო, სად გამოგადგება და სად არ გამოგადგება“, - ამბობს ნაირა ბეპიევი.

ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებმა ოსური ენა იციან, მაგრამ არ საუბრობენ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ „რაში გამოადგებაა“. მშობლებიც ცდილობენ, ბავშვს უფრო ის ენები შეასწავლონ, რომლებიც დასჭირდებათ.

ევროკავშირის დაფინანსებით მომზადებულ ბროშურაში („ოსური ენის სწავლება“) საუბარია იმ უპირატესობებზე, რომლებიც ბავშვს მცირე ენების შესწავლამ შეიძლება მოუტანოს, პირველი: ენის შესწავლით ბავშვი იღებს წინაპრების, თემის გამოცდილებას, ის მათი ნაწილი ხდება. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ორი ენის სწავლა ბავშვის ტვინს უფრო მოქნილს ხდის. ასეთი ბავშვები ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას, რადგან მათ ტვინს ერთი ენიდან მეორეზე გადართვა შეუძლია.

„ოსური ენის ადრეულ ასაკში შესწავლა არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ეს ისეთივე მარტივია, სადილის დროს მაგიდასთან საუბარი, ამბების მოყოლა, წიგნის კითხვა და შეხვედრა თქვენი ოჯახის წევრებთან, რომლებიც საუბრობენ ამ ენაზე - სწორედ ამ სიტუაციებში, ამ გზით ისწავლება ოსური ენა. თუ თქვენ კარგად საუბრობთ ოსურ ენაზე, ესაუბრეთ ამ ენაზე თქვენს შვილებს, რაც დაეხმარება მათ ენისა და კომუნიკაციის უნარის განვითარებაში: რაოდენობა და ხარისხი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია!

ასევე აუცილებელია, რომ ბავშვებმა ისწავლონ წერა-კითხვა ამ ენაზე. ამრიგად, ენის სწავლა სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენი შვილები დადიან სკოლაში, სადაც გაკვეთილები ტარდება ოსურ ენაზე, ისინი გაიგებენ ამ ენაზე საუბრის მნიშვნელობას და ეს ენა აღარ იქნება მათთვის „სახლის“ ენა, რომელიც მათ შეიძლება მიიჩნიონ საზოგადოებაში გამოუყენებლად“, - წერია ბროშურაში.

ერთ-ერთი სკოლა, სადაც ოსური ენა ისწავლება, გორის რაიონის სოფელი შავშვებია. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციამ აქ ოსური ენის შესასწავლი წრე გახსნა. ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი ამბობს, რომ შავშვებში ბევრი შერეული ოჯახი ცხოვრობს, იქვე დევნილთა დასახლებაცაა და ეს სოფელი ამიტომ შეარჩიეს.

„მე არ მიმაჩნია, რომ ოსურ ენას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება, ყოველ შემთხვევაში საქართველოში - არა“, - ამბობს სოსო ცოტნიაშვილი.

ოსურს ასწავლიან ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანშიც. სკოლის დირექტორის მოადგილე სტელა გიგოლაევი ჰყვება, რომ მათ სკოლაში ასამდე ბავშვი დადის, ოსური ენა დაახლოებით 35 მოსწავლეს აქვს არჩეული.

„ნაკლებად, მაგრამ მაინც ლაპარაკობენ ერთმანეთში ბავშვები ოსურად. სოფელში ხალხი აღარ დარჩა. ოსი ოჯახები თუ ვინმეა დარჩენილი, ისინი კი საუბრობენ ოსურად. ჩვენს სკოლაში ვინც მოდის, იცის, რომ აქ ეს ენა ისწავლება და ბავშვებიც შემზადებულები არიან, რომ პირველი კლასიდან უნდა ისწავლონ. მშობლებს აქვთ ამის ინტერესი. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე ოსური ლიტერატურა ნაკლებად გვაქვს, ეს წიგნები გვაკლია“, - ამბობს სტელა გიგოლაევი.

საქართველოში იმავე გამოწვევების წინაშეა სხვა მცირე ენებიც: სვანური, მეგრული, წოვათუშური და აფხაზური.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG