Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილი ჩამორეცხილია, ოჯახის რეპუტაცია - აღდგენილი“. როგორ მარხავენ ჩეჩნეთში დაუმორჩილებლებს

სასაფლაო ჩეჩნეთის ერთ-ერთ სოფელში
სასაფლაო ჩეჩნეთის ერთ-ერთ სოფელში

ჩეჩნეთში უარს ამბობენ ოჯახის “შემარცხვენელი” წევრების მუსლიმური წესით დაკრძალვაზე. ადრე ასეთი რამ არ ხდებოდა: როგორც წესი, გარდაცვლილს წესებისა და ადათის დაცვით ასაფლავებდნენ, მიუხედავად იმისა, რაში ადანაშაულებდნენ მას ნათესავები ან ხელისუფლების წარმომადგენლები.

რას უკავშირდება ეს სიახლე, როცა ადამიანისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება გარდაცვალების შემდეგაც არ იცვლება? - საკითხში გარკვევა სცადა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურმა რედაქციამ.

ჩეჩენი ქალის, აიშატ ბაიმურადოვას ცხედარი ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა ერევნის მორგში. მოკლულის ნათესავებს არ სურდათ მისი გადასვენება და სამშობლოში დაკრძალვა. ბაიმურადოვა, რომელიც სწორედ ნათესავებს გაექცა და გადავიდა სომხეთში ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, სოციალურ ქსელებში აქტიურად აკრიტიკებდა რამზან კადიროვის რეჟიმს. 2025 წლის ოქტომბერში, ახალ ნაცნობთან, კადიროვთან დაკავშირებულ კარინა იმინოვასთან შეხვედრის შემდეგ, აიშატი მოკლული იპოვეს.

სომხეთის პოლიციისა და სომხეთის ხელისუფლების მრავალჯერადი მიმართვა ნათესავებისადმი, ცხედარი გადაესვენებინათ სამშობლოში, უპასუხოდ დარჩა. საბოლოოდ დაკრძალვის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო სომხეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ. დღეს აიშატი ერევნის ნუბარაშენის სასაფლაოზე განისვენებს კუბოში, მაშინ როცა მუსლიმური ტრადიციით, ცხედარი უნდა დაკრძალონ სუდარაში.

აიშატ ბაიმურადოვას საფლავი. ერევანი, სომხეთი. 2026 წლის 27 მარტი. SK SOS-ის ფოტო
აიშატ ბაიმურადოვას საფლავი. ერევანი, სომხეთი. 2026 წლის 27 მარტი. SK SOS-ის ფოტო

ეს ერთეული შემთხვევა არ არის. ბოლო დროს, პროტესტის ნიშნად „ოჯახიდან წასულ“ ან „ტრადიციების დამრღვევ” ადამიანებს, ანგარიშის გასწორების შემდეგ, მუსლიმური წესებისა და ადათების დარღვევით სასაფლაოს გარეთ კრძალავენ. სიკვდილი მხოლოდ პირადი ტრაგედია აღარ არის — ჩეჩნეთსა და კავკასიის სხვა რესპუბლიკებში სიკვდილი გადაიქცა კონტროლის, შიშისა და საზოგადოებრივი ზეწოლის ინსტრუმენტად.

ასე მაგალითად, ჩეჩნეთის მკვიდრი სედა სულეიმანოვა სანქტ-პეტერბურგში გატაცების შემდეგ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დააბრუნეს სახლში. კრიზისული ჯგუფის, СК SOS-ის ინფორმაციით, გოგონა „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა; სედა სულეიმანოვა დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ალხან-იურტში „სასაფლაოს გარეთ, ძაღლივით, გზის პირას“. 2022 წელს გოგონა ოჯახიდან გაიქცა, რათა თავიდან აეცილებინა იძულებითი ქორწინება და მუდმივი კონფლიქტები. გარკვეული დროის განმავლობაში ის სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და მუშაობდა.

33 წლის ალია ოზდამიროვას ბედი ბოლომდე გარკვეული არ არის. 2020 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მასზე ზეწოლა და ძალადობა დაიწყეს ძმებმა, რომლებიც ჩეჩნეთის ძალოვან და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან იყვნენ დაკავშირებული. გარკვეული დრო ალია ცხოვრობდა საქართველოში, საიდანაც უფრო უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავდა. თუმცა 2025 წლის 9 ნოემბერს, უფლებადამცველების ინფორმაციით, ქალი მოტყუებით ან იძულებით დააბრუნეს რუსეთში. რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმები მისი სიკვდილის შესახებ. ეს ინფორმაცია დადასტურდა 12 ნოემბერს, როდესაც დაკრძალვა გაიმართა. მეგობრები და უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ალია ოზდამიროვაც შესაძლოა „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა.

2017 წელს გროზნოში გაუჩინარდა ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც ჩეჩნეთში დის ქორწილზე დასწრების მიზნით იყო ჩასული. მისმა გაუჩინარებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია: უფლებადამცველები და ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ბაკაევი მოკლეს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ეჭვის გამო, რაც ირიბად დაადასტურა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმაც, თუმცა ოფიციალურად ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო ამ საქმეში რამე სახით მონაწილეობა. СК SOS-ის ინფორმაციით, მომღერალი ჩეჩენმა ე.წ. სამართალდამცავებმა მოკლეს კადიროვის პირადი ბრძანებით, ხოლო ცხედარი ნათესავებს გადასცეს მითითებით — „დაემარხათ როგორც ძაღლი“.

ზელიმხან ბაკაევი
ზელიმხან ბაკაევი

ევროპაში მცხოვრებმა ჩეჩენმა ისტორიკოსმა, ანონიმურობის პირობით, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციას განუცხადა, რომ ჩეჩნურ საზოგადოებაში ტრადიციები და რიტუალები, მათ შორის დაკრძალვასთან დაკავშირებული, ხელისუფლების ზეწოლის გამო იცვლება.

„ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი მსგავსი გადაწყვეტილებები ნათესავთა წრეებში მიიღებოდა და საჯარო ჩარევის საგანი არ ხდებოდა. რაც შეეხება ჩეჩენი გოგოს, აიშატ ბაიმურადოვას, სიკვდილს სომხეთში და მის დაკრძალვას იქვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, დარწმუნებული ვარ, რომ ე.წ. ჩეჩნურმა ხელისუფლებამ ნათესავებს არ მისცა უფლება, რომ ის სამშობლოში გადაეყვანათ და ჩეჩნური წეს-ჩვეულებების მიხედვით დაეკრძალათ“, — მიიჩნევს რესპონდენტი.

90-იანი წლების დასაწყისში ამ ტექსტის ავტორი მოწმე გახდა ჩეჩნეთის ერთ-ერთ მთიან სოფელში დატრიალებული ტრაგედიისა: კაცმა დანით დაჭრა თავისი სამი და - ასეთი რეაქცია ჰქონდა მას დების თითქოს „უღირსი ქცევის“ შესახებ გავრცელებულ ხმებზე. ორი გოგონა ე.წ. ღირსების მკვლელობის მსხვერპლი გახდა. თუმცა, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან ბრალდებებისა, ისინი მაინც მუსლიმური წესით დაკრძალეს საერთო სასოფლო სასაფლაოზე, სადაც ტრადიციის შესაბამისად საფლავის ქვებიც დაიდგა.

ჩეჩენი ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ ოჯახებიდან გაქცევების გახშირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კადიროვის რეჟიმის მიერ შექმნილი ატმოსფერო. პოლიტოლოგიაში მმართველობის ასეთ ფორმას „კაკისტოკრატია“ ეწოდება — ტერმინი, რომელიც ნიშნავს ყველაზე უარესი, ნაკლებად ღირსეული ან არაკომპეტენტური ადამიანების ხელისუფლებას, განმარტავს რადიო თავისუფლების რესპონდენტი:

„ამ ხელისუფლებას ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები, ვაანალიზებ, ვხედავ და ვისმენ ყველაფერს, რასაც აკეთებს. ეს არის კაკისტოკრატია — არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ რუსეთშიც. ჩეჩნეთის ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების წარმოებულია, არ არის შეზღუდული არც კანონებით და არც სხვა რამით, პირდაპირ ეყრდნობა ძალადობასა და ტერორს“.

ჩეჩენი კულტუროლოგი, რომლის სახელსაც რეპრესიული რუსული კანონმდებლობის გამო ასევე არ ვასახელებთ, ხაზს უსვამს, რომ წარსულში ყველაზე „ურჩებსაც“ კი ყველა რიტუალის დაცვით მარხავდნენ. დაკრძალვა ხელშეუხებელი იყო: გარდაცვლილი ადამიანის დასჯა არ ხდებოდა. თუმცა დღეს, ტრადიციებს დაემატა შიშის გავლენა, ოჯახის და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, ასევე ძალაუფლების სრული კონტროლის დემონსტრირების მცდელობა.

„რაც ადრე წმინდად ითვლებოდა - გარდაცვლილის უფლება დაკრძალვის მიღებულ რიტუალზე - ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ოჯახს „გაემიჯნება“ ან სოციალურ ნორმებს დაარღვევს“, - განმარტავს ჩეჩენი კულტუროლოგი.

მისი თქმით, როცა ოჯახი უარს ამბობს ცხედრის მიღებაზე ან საიდუმლოდ მარხავს სასაფლაოს ფარგლებს გარეთ, ყველა ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის განკუთვნილი მკაფიო გზავნილია.

„ამით თითქოს ადამიანზე ითქმება: „ის სხვებისგან განსხვავებულია, მან ნორმებს გადაუხვია“. შესაბამისად, განსხვავებული დაკრძალვით ნათესავები თითქოს სირცხვილისგან თავისუფლდებიან, ოჯახის რეპუტაციის „განწმენდა“ ხდება, და შემდეგ ეს ამბავი დავიწყებას ეძლევა. თანასოფლელები თვალს ხუჭავენ მომხდარზე, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა „შეინარჩუნოს ღირსება“ და რეპუტაცია. როდესაც ცხედარი დაიკრძალება, სირცხვილიც თითქოს „ჩამოირეცხება“ და შემდეგ შეიძლება მშვიდად ცხოვრების გაგრძელება, ამაყად თავაწეული სიარული. საზოგადოებისთვის ეს არის სიგნალი: მთავარი წესებისა და ტრადიციების ფორმალური დაცვაა, ხოლო სინამდვილეში რა მოხდა — მეორეხარისხოვანია“, — მიიჩნევს რესპონდენტი.

მუსლიმურ ტრადიციაში დაკრძალვას რელიგიის მსახურები ხელმძღვანელობენ. მათი მოვალეობაა, რომ ყველა წესი - სხეულის განბანა, ლოცვა, დაკრძალვა - ყველა ნორმის დაცვით შესრულდეს. თუმცა ჩეჩნეთში თანამედროვე შემთხვევები აჩვენებს, რომ ზოგჯერ რელიგიური პირებიც კი უარს ამბობენ დაკრძალვის წესების აღსრულებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებამ ან ხელისუფლებამ „არასწორად“ მიიჩნია.

ექსპერტების აზრით, ვითარებას ამძიმებს სასულიერო ლიდერების ხელისუფლებაზე მატერიალური დამოკიდებულებაც. 2024 წელს ჩეჩნეთის 309 იმამმა რესპუბლიკის ხელმძღვანელ რამზან კადიროვისგან მიიღო თითო ავტომობილი LADA Granta და 100 ათასი რუბლი. პოლიტოლოგ რუსლან აისინის თქმით, ამგვარად ხელისუფლება ყიდულობს ლოიალურ ჩინოვნიკებს, იმამებს, მასწავლებლებს, ექიმებს და ყველას, ვინც მათზე მატერიალურად არის დამოკიდებული.

ისლამურ ტრადიციაში მორწმუნე ადამიანი უნდა დაიკრძალოს ყველა რიტუალის დაცვით, იმის მიუხედავად, როგორი იყო მისი ცხოვრების წესი, რადგან თავისი ქმედებებისათვის ის თავად აგებს პასუხს, - ამბობს იმამი ალი ხაზრათ იაკუპოვი. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ხშირად გადაწყვეტილებები მიიღება არა რელიგიის შესაბამისად, არამედ გარე ზეწოლით, რომელიც ოჯახებს, ფაქტობრივად, არჩევანს არ უტოვებს: „როდესაც ხელისუფლება ოჯახებს შურისძიებითა და განადგურებით - სიკვდილით ან პატიმრობით - ემუქრება, თუ დაკრძალვას მუსლიმური წესების დაცვით გამართავენ, ბუნებრივია, ამაში უკვე სპეცსამსახურების პასუხისმგებლობაც არის.“

ექსპერტის თქმით, რუსეთში რელიგიურ გარემოში გვხვდებიან როგორც უცოდინარი, ისე ხელისუფლებაზე დამოკიდებული პირები, და რიგ რეგიონებში, განსაკუთრებით კავკასიაში, თათრეთსა და ბაშკირეთში, ეს გავლენას ახდენს დაკრძალვებზეც - გარდაცვლილთა მიმართ დამოკიდებულება შეიძლება მათი სიცოცხლის დროინდელ მდგომარეობასა და ქონებაზე იყოს დამოკიდებული.

მსგავს პოზიციას იზიარებს ევროპაში მცხოვრები სხვა თეოლოგიც, რომელმაც უსაფრთხოების გამო ანონიმურობა ითხოვა. მანაც აღნიშნა, რომ რელიგია ადამიანებს ავალდებულებს გარდაცვლილის პატივისცემას და ყველა წესის დაცვით დაკრძალვას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცეოდა სიცოცხლეში. თუმცა რეპრესიების შიში, სოციალური ზეწოლა და ხელისუფლებისადმი „მორჩილება“ აიძულებს ადამიანებს, დაარღვიონ ეს ნორმები და სიკვდილი/გარდაცვალება შიშისა და კონტროლის ინსტრუმენტად აქციონ.

„ისლამის თვალსაზრისით, დაკრძალვა გარდაცვლილის მიმართ ცოცხლების ვალდებულებაა, რომელზეც გავლენას ვერ უნდა ახდენდეს განსვენებულის ქცევა სიცოცხლეში. დავუშვათ, ადამიანი არ ემორჩილებოდა მშობლებს, წავიდა ოჯახიდან, არაწესიერ ცხოვრებას ეწეოდა ან აკრიტიკებდა ხელისუფლებას, - მიუხედავად ყოველივე ამისა, რელიგია არ ართმევს მას მიღებული რიტუალით დაკრძალვის უფლებას. დაკრძალვა არ უნდა იქცეს სასჯელის ან საზოგადოებისათვის ჭკუის სწავლების ინსტრუმენტად. ნებისმიერი მცდელობა, გამოიყენონ ადამიანის სიკვდილი ზეწოლისა და დაშინებისთვის, ეწინააღმდეგება ისლამის მოწყალების პრინციპებს“, — ასკვნის რადიო თავისუფლების პროექტის, „კავკაზ.რეალიის“ რესპონდენტი.

ბელგიაში არსებული ორგანიზაციის, PeaceWomen Across the Globe-ის წარმომადგენელი, უფლებადამცველი ფატიმა გაზიევა აღნიშნავს, რომ ამგვარი უპატივცემულობის ძირითადი მსხვერპლები ხშირად არიან ქალები, რომლებმაც სახლი ოჯახური ძალადობის ან ზეწოლის გამო დატოვეს.

„სიკვდილის შემდეგაც კი ისინი შეიძლება კვლავ შეეჯახონ იმას, რისგანაც სიცოცხლეში გარბოდნენ - დაგმობას, კონტროლსა და ღირსების უფლებაზე უარს. ჩეჩნური საზოგადოება ტრადიციულად ეყრდნობა ადათებს - ჩვეულებითი სამართლის სისტემას, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოჯახის და გვარის ღირსებას. ადამიანის ქცევა აღიქმება არა როგორც პირადი საქმე, არამედ როგორც მთელი ოჯახისა. ამ კონტექსტში სახლიდან წასვლა, დაუწერელი წესების დარღვევა ან ნათესავებთან ღია კონფლიქტი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც სირცხვილი, რომელიც „გამოსასწორებელია“, — განმარტავს იგი.

უფლებადამცველის თქმით, ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება უნდა იყოს გარანტირებული თითოეული ადამიანისთვის, მისი პოლიტიკური შეხედულებების, ცხოვრების წესის, წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაზარალებულთა შორის ბევრი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცია, რომლებიც მხოლოდ უსაფრთხოდ ცხოვრებას, შიშისა და იძულებისგან თავისუფლებას ცდილობდნენ. სედა სულეიმანოვა სასაფლაოს გარეთ დაკრძალეს, ზელიმ ბაკაევის შესახებ კი გასცეს ბრძანება, დაეკრძალათ „როგორც ძაღლი“, აიშატ ბაიმურადოვას ცხედარი კი საერთოდ არ მიიღეს ოჯახის წევრებმა. გარდაცვლილისადმი დამოკიდებულება მთელი საზოგადოების ანარეკლია. და თუ ღირსეული დამშვიდობების უფლება დამოკიდებული ხდება იმაზე, შეესაბამებოდა თუ არა ადამიანი სხვების მოლოდინებს, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია. რადგან ღირსება არ უნდა იყოს „სწორი ცხოვრების“ ჯილდო. ის უნდა დარჩეს უფლებად, სიკვდილის შემდეგაც კი“, — ასკვნის „კავკაზ.რეალიის“ რესპონდენტი.

  • 2025 წელს, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (10 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით) კვლავ ჩეჩნეთში დაფიქსირდა. თუმცა ეს მონაცემები არ ითვალისწინებს ცნობებს გატაცებების, არასასამართლო ანგარიშსწორებების, საიდუმლო ციხეებში წამების და ე.წ. ღირსების მკვლელობების შესახებ, რომლებზეც უფლებადამცველები რეგულარულად საუბრობენ. ორგანიზაციები „მემორიალი“, Human Rights Watch-ი, კრიზისული ჯგუფი СК SOS-ი, „მარემი“, ოპოზიციური მოძრაობა NIYSO, ასევე „კავკაზ.რეალიის“ საკუთარი წყაროები და სხვა ორგანიზაციები სისტემატურად ავრცელებენ ინფორმაციას ჩეჩნეთის მცხოვრებთა გატაცებების, საიდუმლო ციხეებში წამების, ლგბტქ ადამიანების დევნისა და სიკვდილით დასჯის, ასევე ქალების „შეუფერებელი ქცევის“ გამო მკვლელობების შემთხვევებზე.
  • ჩეჩენ ქალებზე ძალადობის საკითხი როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კვლავ მწვავე და აქტუალურია. ისტორიები რესპუბლიკაში დაბადებული ქალებისა, რომლებიც დევნას, ძალადობასა და მკვლელობებს ემსხვერპლნენ, მიუთითებს ღრმა სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია „ტრადიციებთან“, ოჯახურ კონტროლსა და ეფექტური დაცვის არარსებობასთან. საზღვარგარეთაც კი ისინი ვერ პოულობენ სრულ დაცვასა და უსაფრთხოებას.
  • ოჯახში ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი მთავარი და სისტემური პრობლემაა. ადგილობრივი ქალები მას განიცდიან როგორც მეუღლეების, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. როგორც წესი, პოლიცია ასეთ დანაშაულებს უგულებელყოფს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემთხვევაში სასამართლოები მინიმალურ სასჯელს აწესებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG