Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიდის და რა აფერხებს უკრაინის კონტრშეტევას?


უკრაინელი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის წინა ხაზზე. 24 ივნისი, 2023 წელი
უკრაინელი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის წინა ხაზზე. 24 ივნისი, 2023 წელი

ექვსი კვირა შესრულდა უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, რომელსაც, როგორც უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები იმედოვნებდნენ, არსებითად უნდა შეეცვალა რუსეთის მიერ 17 თვის წინ გაჩაღებული ომის მსვლელობა.

ამ დროისთვის უკრაინის არმიის საბრძოლო მიღწევათა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ზაპოროჟიეს ოლქში, ორეხოვოს სამხრეთით უკრაინის არმიამ ბრძოლებით უკან დაიბრუნა 1500 მეტრის ტერიტორია, შედარებით ნაკლები, ვიდრე გულიაიპოლეს სამხრეთში;
  • კიდევ უფრო მეტად, 8-9 კილომეტრით წაიწიეს წინ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ველიკა ნოვოსილკაის სამხრეთით იმ ადგილიდან, სადაც 5 ივნისს ფრონტის ხაზი გადიოდა;
  • ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სიმაღლეების მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს.

მაგრამ, რა შედეგი აჩვენა უკრაინამ ამ ძალისხმევით? მარტივად თუ ვიტყვით, ბევრი არაფერი, მით უფრო, ნამდვილად არ მომხდარა რუსეთის თავდაცვის ხაზის არანაირი გარღვევა, რამაც დასავლეთში ბევრი შეაშფოთა.

„შესაძლოა ეს (კონტრშეტევა) არ იყოს ისე სწრაფი, როგორც ჩვენ ვისურვებდით“, - განაცხადა გასულ კვირაში გენერალ-ლეიტენანტმა დაგლას სიმსმა, აშშ-ის გენერალური შტაბის ოპერატიული მიმართულების სარდალმა.

უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე ნატოს ვილნიუსის სამიტის კულუარებშიც იყო საუბარი.

უკრაინელი ჯარისკაცები ემზადებიან რუსეთის პოზიციების მიმართულებით სროლისთვის, ზაპოროჟიეს რეგიონი, ივლისი, 2023 წელი
უკრაინელი ჯარისკაცები ემზადებიან რუსეთის პოზიციების მიმართულებით სროლისთვის, ზაპოროჟიეს რეგიონი, ივლისი, 2023 წელი

„ის არც ისე სწრაფია, მაგრამ არც კატასტროფულად ჩამორჩება გრაფიკს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ვილნიუსში.

კონტრიერიშის ექსპერტული შეფასება

და მართლაც, უკრაინის არმიის მრავალთვიანი მზადების, მისი საბრძოლო მარაგების შევსებისა და ნატოს მიერ გაწვრთნილი 9 ახალი ბრიგადის ფონზე, უკრაინის კონტრშეტევა ნელა ვითარდება.

ბრძოლის შედეგად დაბრუნებული ტერიტორიების მოცულობა საგრძნობია, მაგრამ ცოტაა.

დასავლეთიდან მიღებული აღჭურვილობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და შეიარაღების მხრივ უკრაინის მიერ განცდილი დანაკარგი - არსებითი.

უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში რუსეთის თავდაცვის მასშტაბი და სირთულე - დიდი.

უკრაინელთა კონტრშეტევას „ნელს“ უწოდებს აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, მარკ კაჩიანი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის უფროსი მრჩეველია.

„კონტრშეტევა უკვე მთელი თვე გრძელდება, უკრაინელები კი ვერ ახერხებენ რუსეთის თავდაცვითი ზონის გადალახვას. საბრძოლო ოპერაცია თავდაცვითი ზონის შიგნით, ეს არის პირველი ომისდროინდელი შეტევების მსგავსი გამომფიტველი ბრძოლა. რუსეთი, მისი ზომებიდან გამომდინარე, უფრო ერგება ასეთ კონფლიქტს“, - აცნობა კაჩიანმა რადიო თავისუფლებას ელექტრონული წერილის საშუალებით.

სწრაფი კონტრშეტევით უკრაინელთათვის სასურველი მიზნის „ერთ დღეში“ მიღწევას „არარეალურს“ უწოდებს ნიდერლანდის სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი, დიკ ბერლაინი.

„რუსებს ბევრი დრო ჰქონდათ თავდაცვითი ნაგებობების აშენებისა და ჩასანგრებისთვის. ამჟამად მიმდინარე ბრძოლა ძლიერ განსხვავდება წინა ფაზისგან, როდესაც უკრაინელებმა კიევის აღმოსავლეთიდან უკუაგდეს რუსები“, - უთხრა ბერლაინმა რადიო თავისუფლებას.

„სუროვიკინის ხაზი"

უკრაინის არმიამ გმირული შემართება 2022 წლის 24 თებერვლის ინტერვენციის დასაწყისშივე გამოავლინა, როდესაც აღკვეთა რუსეთის არმიის პირველივე მცდელობა ხელთ ეგდო უკრაინის დედაქალაქი, კიევი.

სულ ბოლოს კი ბრძოლის ველზე უკრაინამ გასული წლის შემოდგომაზე მიაღწია წარმატებას, როდესაც მოწინააღმდეგე ვრცელი ტერიტორიიდან უკუაგდო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ბახმუტთან, დონეცკის ოლქი, 2023 წლის მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ბახმუტთან, დონეცკის ოლქი, 2023 წლის მაისი

მაშინ უკრაინულმა არმიამ თავზარი დასცა რუსებს, ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბრძოლებით გაიარა დიდი ტერიტორია, გაათავისუფლა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი და ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ოკუპირებული მიწები.

გასულ ნოემბერში კი უკრაინის არმიამ გაბედული მანევრის შედეგად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე კონცენტრირებული ათასობით რუსი მედესანტე. საბოლოოდ, ჯამში, რუსეთის სარდლობის ბრძანებით საოკუპაციო ძალებმა დნეპრის მოპირდაპირე (მარცხენა) მხარეზე გადასვლით უშველეს თავს.

ზამთრის დადგომისთანავე ორივე მხარე სანგრებში ჩავიდა.

მართალია, შემოდგომაზე განცდილი მარცხის შემდეგ, რუსეთი შეეცადა წარმატების მიღწევას დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, მაგრამ თებერვალსვე, ქალაქ უჰლედართან რუსეთის საზღვაო ქვეითი ძალების ქვედანაყოფმა დიდი დანაკარგები განიცადეს და უკუიქცნენ.

რუსეთმა მორიგი შეტევა 2023 წლის გაზაფხულზე წამოიწყო. რუსეთის ფედერალური ჯარისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთმა მაისში ხელთ იგდო ქალაქი ბახმუტი, რომელიც ქალაქის ქუჩებში შვიდთვიანი სასტიკი ბრძოლის გამო თითქმის მთლიანად განადგურდა.

უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წევრები ეძებენ ნაღმებსა და აუფეთქებელ ჭურვებს.
უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წევრები ეძებენ ნაღმებსა და აუფეთქებელ ჭურვებს.

უკრაინამ ეს პერიოდი გამოიყენა იმისთვის, რათა დასავლეთიდან მიღებული საბრძოლო მასალით, ჯავშანტექნიკით, ტანკებით, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებით შეევსო საბრძოლო არსენალი. აშშ-სა და ნატოს ქვეყნების ინსტრუქტორები დაეხმარნენ უკრაინელ სამხედროებს, რათა შეეთვისებინათ ბრძოლის ახალი ტაქტიკა და გათავისუფლებულიყვნენ საბჭოთა სამხედრო დოქტრინისგან, რომელსაც ჯერ კიდევ მძლავრად ჰქონდა ფეხი მოკიდებული უკრაინის სამხედრო უწყების მართვაში.

დაახლოებით 5 ივნისისთვის, რასაც წინ უძღოდა გარკვეული სიგნალები და მინიშნებები, უკრაინის სარდლობამ წამოიწყო ახალი შეტევითი ოპერაციები, ოთხ ძირითად - ორეხოვოს, ველიკა ნოვოსილკას, ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებებზე.

მალე უკრაინის ჯარმა რამდენიმე სოფელი დაიკავა ველიკა ნოვოსილკას მახლობლად და ხელთ იგდო რამდენიმე სიმაღლე ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და ასევე სამხრეთით კლიშჩევკის რაიონში. მაგრამ ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის არმია წააწყდა წინააღმდეგობას, რასაც ექსპერტები რუსეთის ხორცსაკეპ სიმაგრეებს უწოდებენ.

ესაა ტრანშეების რამდენიმე ფენა, დანაღმული ველები, მავთულხლართები, ტანკსაწინააღმდეგო ხერგილები და ე.წ. დოტები (გრძელვადიანი საცეცხლე ნაგებობა - რ.თ.) ისინი აიძულებდნენ უკრაინის სამხედრო ნაწილებს, ემოძრავათ მიწის ზოლზე, სადაც მათ რუსეთის არტილერია უშენდა ცეცხლს.

უკრაინელ ჯარისკაცებს უჭირავთ უკრაინის დროშა, ჩელენჯერ 2-ზე წვრთნის დროს, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, 22 თებერვალი, 2023 წელი
უკრაინელ ჯარისკაცებს უჭირავთ უკრაინის დროშა, ჩელენჯერ 2-ზე წვრთნის დროს, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, 22 თებერვალი, 2023 წელი

ამ საინჟინრო ნაგებობებს „სუროვიკინის ხაზი“ უწოდეს. იგი უკავშირდება გენერალ სერგეი სუროვიკინს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის მიწაზე შეჭრილი რუსეთის არმიას მეთაურობდა, ვიდრე იანვარში არ დააქვეითებდნენ. სუროვიკინზე, რუსი დაქირავებულების თავკაცის ევგენი პროგოჟინის მოკავშირეზე, არაფერი იყო ცნობილი მანამ, სანამ ერთი თვის წინ პრიგოჟინის მიერ წამოწყებული პუტჩის კონტექსტში მისმა სახელმაც არ გაიჟღერა.

„ძალიან რთული, ხანგრძლივი და ძალიან, ძალიან სისხლიანი“

უკრაინის მიერ დაწყებული კონტრშეტევის პროგრესს რამდენიმეჯერ მისცა მაღალი შეფასება აშშ-ის შტაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ.

„მე სრულიადაც არ მაკვირვებს ის, რომ იგი (კონტრშეტევა) მიმდინარეობს იმაზე უფრო ნელა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ეს იქნება ძალიან რთული, ძალიან ხანგრძლივი და ძალიან, ძალიან სისხლიანი, და ამის თაობაზე ილუზია არავის უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მარკ მილიმ 30 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის კონტრშეტევის საკითხს ამერიკელი გენერალი 18 ივლისსაც შეეხო.

იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ძალების წინააღმდეგ წარმოებული კონტრშეტევისას უკრაინას პროგრესი აღენიშნება და ბრძოლაში გამოსაყენებლად კვლავაც დარჩენილი აქვს „მნიშვნელოვანი“ რესურსი.

„უდიდესი საფასურის მიუხედავად, უკრაინელები წინ მიიწევენ სტაბილურად და განზრახვის თანახმად, უძლებენ დაუნდობელ და სისხლიან ბრძოლებს თავიანთი სამშობლოს დასაბრუნებლად“, - უთხრა მილიმ ჟურნალისტებს 18 ივლისს, უკრაინის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ.

შეკითხვას, შეჩერდა თუ არა კონტრშეტევა, მილიმ უპასუხა, რომ პროცესს აფერხებს რუსეთის მხრიდან ჩადებული ნაღმები და კიევის ძალებს უწევთ გამკლავება კარგად გამაგრებულ პოზიციებთან.

„უკრაინელი ჯარისკაცები ლაშქრავენ დანაღმულ ველებსა და ტრანშეებს, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ისინი სიტყვასიტყვით თავს სწირავენ. ასე რომ, დიახ, ეს (კონტრიერიში) ცოტა ნელა მიდის, მაგრამ ასეთია ომის ბუნების ნაწილი“, - განაცხადა მარკ მილიმ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის თქმით, კონტრშეტევა წარმოადგენს „მნიშვნელოვან მომენტს ამ ტრაგიკულ ომში“. ოსტინმა ეს სიტყვები უკრაინის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას წარმოთქვა.

ჯგუფი შეიქმნა უკრაინის მოკავშირეთა მხრიდან დახმარების კოორდინირების მიზნით. ოსტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„უკრაინას სამხედრო კულმინაციისთვის არ მიუღწევია“

„ეს კონტრშეტევა სულ ნელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ რუსების მიერ აგებულ თავდაცვით სიმაგრეებს. ეს არც კარგია და არც ცუდი. ეს უბრალოდ ახასიათებს სიტუაციას, რომელსაც ისინი (უკრაინელი სამხედროები) წააწყდნენ“, - ამბობს ნიკ რეინოლდსი, სახმელეთო ოპერაციების შემსწავლელ სამეფო ინსტიტუტთან არსებული ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

ანალიტიკოსის შეფასებით, გარდა იმისა, რომ რუსები კარგად მოემზადნენ მოსალოდნელი კონტრშეტევის მოსაგერიებლად, უკრაინის არმია განიცდის საინჟინრო ტექნიკის დეფიციტს. კერძოდ, MCLIC - ის დეფიციტს.

ეს არის განაღმვის ამერიკული დანადგარი, რომელსაც სამხედრო ინჟინრები სახმელეთო ჯარების გადაადგილების დროს გზის გასაწმენდად იყენებენ დანაღმულ ველებზე. „ამიტომ ისინი განაღმვას ახდენენ ხელით, რაც უკიდურესად სახიფათოა“, - ამბობს რეინოლდსი.

გარდა განაღმვისა და რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევისათვის აუცილებელი მოწყობილობის დეფიციტისა, ექსპერტები უკრაინის კონტრშეტევის შეფერხების მიზეზად კიდევ ერთ ფაქტორს ასახელებენ.

დასავლეთის სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით რამდენიმე თვის განმავლობაში გაწვრთნილი და შეიარაღებული უკრაინული ბრიგადები, როგორც ჩანს, „ჯერ კიდევ არ არიან მზად განახორციელონ ფართო მასშტაბის კომპლექსური საერთო საჯარისო ოპერაციები“, - მიიჩნევს სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ფრანც-სტეფან გეიდი.

უკრაინას რეზერვში ჰყავს 9 ასეთი ბრიგადა. ეს საბრძოლო ერთეული დასავლეთის არმიებში 3500-დან 4000-მდე სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს, ომის დროს კი მისი საშტატო რაოდენობა ზოგიერთ ქვეყანაში 5000-საც აღწევს.

ეს საკმაოდ დიდი ძალაა, - ამბობს გადამდგარი პოლკოვნიკი, მარკ კაჩიანი.

„უკრაინას, სამხედრო ტერმინს თუ ვიხმართ, კულმინაციისთვის არ მიუღწევია. ის ჯერ კიდევ მიიწევს წინ და ჰყავს რამდენიმე ბრიგადა, რომელიც ბრძოლაში არ ჩაუბამს“, - ამბობს კაჩიანი.

ამერიკელი ექსპერტები უკრაინული და რუსული წყაროებით გავრცელებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინა პოზიციებს იმყარებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე, მათ შორის - საცეცხლე უპირატესობისთვის საჭირო სპეციფიკურ რელიეფზე.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინელი სამხედროების მიერ ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერაცია მიმართულია ქალაქსა და მის ფლანგებზე მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევისკენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის 11 ივლისის მონაცემებით, 4 ივნისიდან, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 253კმ² ტერიტორია, მაშინ როცა 1 იანვრიდან რუსეთის ძალებმა დაიკავეს 282კმ².

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG