Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობს თბილისის სანიაღვრე სისტემა?


წყალდიდობა თბილისში
წყალდიდობა თბილისში

თბილისის სანიაღვრე სისტემა 60-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა, მისი მოვლა კი, რაშიც გაწმენდა და ლოკალური სარეაბილიტაციო სამუშაოები იგულისხმება, წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი ჯდება, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა. თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა გაუმართავია. ასე რომ ყოფილიყო, თბილისში 11 ივნისს მოსული უხვი ნალექით შექმნილი პრობლემები გაცილებით მასშტაბური იქნებოდა. სანიაღვრე სისტემა სეზონების მიხედვით სუფთავდება და მისი გამტარუნარიანობის პრობლემა არ დგას.

„ნაკლები ნალექის შემთხვევაში სანიაღვრე სისტემას პრობლემა არ ექნებოდა, სისტემა გაჭედა მაღლივი ფერდობებიდან ჩამოსულმა კლდის ნაშალმა და ინერტულმა მასამ, ასევე პოლიეთილენის პარკებმა, ძირითადი პრობლემები კი შეიქმნა ნუცუბიძის პლატოზე, ვერეს მიმდებარე ტერიტიაზე, ამაღლების ქუჩაზე“, - ამბობს ლევან ჯღარკავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა ამბობს, რომ თბილისის ყველა უბანში ჰოდრომეტეოსადგურები განთავსებული არ არის. შესაბამისად, ქალაქის რომელ მონაკვეთში რა ოდენობის ნალექი მოვიდა, ძნელი სათქმელია. დიღომში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან განთავსებული სადგურის თანახმად, ამ რაიონში 54 მმ ნალექი მოვიდა. 3 საათის განმავლობაში 31 მმ ნალექი აღირიცხა ბაგებში. „დროის ასეთ ხანმოკლე პერიოდში ამ რაოდენობის ნალექი უხვ ნალექად მიიჩნევა“, - ამბობს დოდო გვაზავა.

გეოგრაფისა და ეკოლოგის ჭიჭიკო ჯანელიძის თანახმად, თბილისში ქუჩების დატბორვის მთავარ პრობლემას ქმნის გაუმართავი სანიაღვრე და საკანალიზაციო კოლექტორების სისტემა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ზოგან ჭები არ ატარებს წყალს, ასევე ადგილებზე მწყობრიდანაა გამოსული. სისტემა გაჭედილია და მას მუდმივი მეთვალყურეობა და მონიტორინგი ესაჭიროება, რასაც მერია ვერ აუდის.

„უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა ქალაქში და სანიაღვრე და საკანალიზაციო კოლექტორების მოწესრიგების გარეშე ეს პრობლემა ნებისმიერი წვიმის დროს შეახსენებს თავს ქალაქს“, - ამბობს ჭიჭიკო ჯანელიძე და დაამატებს, რომ „ქალაქის სტიქიური განაშენიანების კვალიცაა ეს, საკანალიზაციო სისტემა ვერ ეწევა განაშენიანების არსებულ ტემპს“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG