Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შექმნა სისტემის პორტრეტი “ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი მხატვრის” პროტესტმა


დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკესთან” დათქმულ ვადაზე ადრე დაიხურება. ფოტოზე ასახულია კედელი, სადაც სანდრო სულაბერიძემ დატოვა წარწერა ნამუშევრის ნაცვლად
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკესთან” დათქმულ ვადაზე ადრე დაიხურება. ფოტოზე ასახულია კედელი, სადაც სანდრო სულაბერიძემ დატოვა წარწერა ნამუშევრის ნაცვლად

გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკესთან”, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში სანდრო სულაბერიძის კედელზე დატოვებული წარწერით მოექცა, დაგეგმილზე სამი კვირით ადრე დაიხურება - მიზეზი ხელოვანების პროტესტი და სოლიდარობაა.

ეროვნულ გალერეაში არტისტების პირველივე პროტესტის შემდეგ გამოფენის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ბევრს გაახსენა მინისტრ წულუკიანის 2021 წლის ივლისში გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ “ცისფერი გალერეა” მხატვრებს უბრუნდებოდა.

“გალერეაში კვლავ იქნება შესაძლებელი როგორც ცნობილი მხატვრების, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების გამოფენების მოწყობა”, - თქვა მაშინ მინისტრმა. ამ განცხადებიდან არასრული ორი წლის გასვლის შემდეგ ეროვნულ გალერეაში გამოფენილ ახალგაზრდა არტისტებს "ნაკლებად ცნობილი მხატვრები" უწოდეს და შეახსენეს, რომ მადლიერება მართებდათ ეროვნულ გალერეაში ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობისთვის.

“ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”, - ესაა წარწერა, რომლითაც ჩაანაცვლა სანდრო სულაბერიძემ მისი გამოფენისთვის შერჩეული ფოტოპორტრეტი. წარწერა გალერეის ხელმძღვანელობამ მეორე დღესვე გადაღება და თქვა, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

ამ წარწერის და საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნის გამო არტისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება ქურდობის მუხლით დაიწყეს. გამოძიება ათი დღის განმავლობაში წარმოებდა და 14 თებერვალს შეწყდა "დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო".

“სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს. ასე რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად”, - ასე გამოეხმაურა სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო საზოგადოებაში პროტესტს ეროვნული გალერეის ხელმძღვანელი, ალექსანდრა მაცაცო გაბუნია.

თემო ჯავახისა და საბა გორგოძის ავტოპორტრეტები
თემო ჯავახისა და საბა გორგოძის ავტოპორტრეტები

ხელოვნების თავისუფლების მხარდამჭერებმა თბილისის ქუჩებში გადაიტანეს გალერეის კედელზე დატოვებული ტექსტი.

12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან გაიმართა საპროტესტო აქცია. დემონსტრანტებს და გალერეის შენობას პოლიციის კორდონი ყოფდათ.

გამოფენაში მონაწილე არტისტების ნაწილმა ჯერ განცხადება გაავრცელა არტისტის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით, შემდეგ კი თქვეს, რომ სურდათ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, მათაც გაეტანათ ნამუშევრები გალერეიდან.

“წლების წინ, როცა დადიანი გამოვიყენე ფსევდონიმად, ცოტნე დადიანის სიყვარულით გავაკეთე ეს. მგონია, რომ ცოტნე დადიანის ის აქტი, თაფლი რომ წაისვა და დატყვევებულების ბედი გაიზიარა, პირველი პერფორმანსი და სამყაროსგან, ჩვენი ისტორიისგან მოწოდებული ცხოვრების კონცეფციაა ჩემთვის.

შემიძლია სიტყვა ხელოვნების გასწვრივაც ცოტნე დადიანი დავწერო, რადგან ხელოვნებასთან ურთიერთობა მეორის განცდის, გაზიარების, შენში შემოშვების სურვილია. ეროვნულ გალერეაში ახლა მიმდინარე გამოფენაზე ჩემი ავტოპორტრეტიცაა გამოფენილი, ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებული ამბავი სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი ცხოვრების კონცეფციის გაგრძელება-არგაგრძელებას და ვირჩევ სიცოცხლის, ხელოვნების, ცოტნე დადიანის ენას, - სანდროს გვერდით დგომას და მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად”, - ეს სტატუსი პერფორმერმა ანდრო დადიანმა 13 თებერვალს დაწერა ფეისბუკში და მას მალევე მოჰყვა სხვა არტისტების, შოთიკო აფციაურის, დავით აფაქიძისა და თორნიკე ნოზაძის განცხადებები იმის შესახებ, რომ მათაც სურდათ საკუთარი ნამუშევრების გატანა. ამავე დღეს, გვიან ღამით, გამოფენის კურატორმა, ქეთი შავგულიძემ თქვა, რომ ყველა არტისტს, ვისაც სურდა გაეტანა თავისი ნამუშევარი მიმდინარე გამოფენიდან, შეეძლო ეს გაეკეთებინა.

ანდრო დადიანის ნამუშევარი
ანდრო დადიანის ნამუშევარი

14 თებერვლის დილას არც ეროვნულ გალერეასა და არც სახელოვნებო ორგანიზაცია “ათინათში”, რომელიც იყო გამოფენის ორგანიზატორი, არავინ იცოდა, როგორ წაიღებდა ის რამდენიმე ხელოვანი “ცისფერ გალერეაში” გამოფენილ საკუთარ ნამუშევრებს, რომელთა ჩამოხსნაც მიმდინარე გამოფენიდან პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად სურდათ. ამ კითხვაზე ბუნდოვან პასუხს სცემდნენ თავად არტისტებიც. დღის ბოლოს გაირკვა, რომ ნამუშევრებს მოქმედი გამოფენიდან ვერავინ ჩამოხსნის და ვინაიდან მასში მონაწილე არტისტების ნაწილს აღარ სურდა მასში მონაწილეობა, გამოფენა გახსნიდან ორ კვირის თავზე დაიხურება. განცხადებაში, რომელიც ეროვნულმა მუზეუმმა გაავრცელა, ახალგაზრდა არტისტები “ნაკლებად ცნობილ მხატვრებად” არიან მოხსენიებული და ნათქვამია, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს ეროვნული გალერეის მიცემული შესაძლებლობა, წარმოეჩინათ თავიანთი ხელოვნება.

სანდრო სულაბერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას განცხადებებით გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.

“დაუშვებელია ხელოვანის მშვიდობიანი პერფორმანსის სისხლისსამართლებრივი გამოძიება. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მსგავსი პერფორმანსები მხოლოდ საჯარო დისკუსიის საგანი ან სამოქალაქო საზოგადოების და კულტურული წრეების განსახილველია”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროს მხრიდან გახშირდა თავდასხმები კულტურულ ინსტიტუტებსა და წრეებზე. ხელმომწერი ორგანიზაციები იხსენებენ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებების შეზღუდვას, მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას და სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტებზე დაწესებულ შეზღუდვებს.

"ავტოპორტრეტი, როგორც ერთგვარი შუამავალი ხელოვნება, ხილულისა და სიმბოლურის, ცნობიერისა და პერსონალური/ტრანსპერსონალური არაცნობიერის ზღვარზე არსებობს. საკუთარი თავის წარდგენის პირობებში ის მე-ზე, როგორც სუბიექტ-ობიექტზე და თანადროულ კულტურულ ფენომენებზე დაკვირვებას გვთავაზობს. ის მოიცავს ერთდროულად, როგორც რეფლექსიას სხვადასხვა გამოცდილებებში მყოფ შემოქმედზე, ასევე მასში დაბუდებულ უცხოზე, „სხვაზე“, თუ მოუხელთებელ „სხვებზე“.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან, მრავალშრიან და ენიგმატურ ფენომენს ხელოვნებაში, როგორიც ავტოპორტრეტია. ის არა მხოლოდ პიროვნების თვითრეფლექსიის ფორმაა, არამედ მხატვრის თანადროული ეპოქის სიმბოლური განსახიერებაა", - ესაა ფრაგმენტი გამოფენის კონცეფციიდან, რომელიც კურატორ ქეთი შავგულიძეს ეკუთვნის. დღეს ის ამბობს, რომ გამოფენის ირგვლივ დატრიალებულმა ამბებმა კონცეფცია მხოლოდ გაამყარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG