Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჩაიშალა ბავშვის გაშვილების სქემა - რას ამბობენ ადვოკატები


ირმა მაისურაძე, რომელმაც თინათინ ჩხეიძის სახელით 31 იანვარს იმშობიარა კლინიკა „ბეიებში“ ქალთა მე-5 დაწესებულებაში რჩება. მისი შვილი სახელმწიფო მზრუნველობაშია. ბავშვი გარკვეული თანხის სანაცვლოდ უნდა გაშვილებულიყო. თუმცა, გაშვილების გარიგებაში ფარულად ჩაერთო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. სამშობიაროდან გამოწერის დღეს - 6 თებერვალს გაშვილების საქმის 7 მონაწილე დააკავეს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ კი ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 6-მა მონაწილემ გირაო გადაიხადა, ირმა მაისურაძეს კი 2-ათასლარიანი გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს მიცემული. როგორ დაიგეგმა და როგორ ჩაიშალა ბავშვის გაშვილების სქემა.

გინეკოლოგის ადვოკატის ვერსია

გიორგი კონდახიშვილი ექიმ-გინეკოლოგის ბესარიონ ღარიბაშვილის ადვოკატია. რამდენიმე თვის წინ ექიმს 33 წლის ირმა მაისურაძემ აბორტის გაკეთების “მოთხოვნით” მიმართა.

საქმის ფიგურანტთა ადვოკატები ამ შეხვედრის შინაარსს ერთნაირად ყვებიან ერთი განსხვავებით - უცნობია ზუსტად ფეხმძიმობის რომელ თვეში იყო ქალი, რომელიც აბორტის გაკეთებას ითხოვდა. ირმა მაისურაძის ადვოკატის განცხადებით ის 5 თვის ორსული იყო, ბესარიონ ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ქალი თითქმის 7 თვის ორსული იყო.

„დაახლოებით მე-7 თვეში მყოფი ფეხმძიმე ქალი მივიდა და კატეგორიულად მოითხოვდა აბორტის გაკეთებას , ექიმმა გადააფიქრებინა და დააკავშირა, როგორც თქვენ ამბობთ, მზია უგრეხელიძეს, რომელიც იყო შვილად აყვანით დაინტერესებული“,- ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

მოგვიანებით განმარტავს, რომ მზია უგრეხელიძე თავად არ იყო ბავშვის შვილად აყვანის მსურველი, ის იყო შუამავალი, რომელსაც მშვილებელი უნდა მოეძიებინა.

„ბესარიონ ღარიბაშვილი განვითარული მოვლენების საქმის კურსში იყო. რა თქმა უნდა, დანაშაულია შვილად აყვანასთან დაკავშირებული ფინანსური დაინტერესება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“,- ამბობს ადვოკატი.

მისი განმარტებით, ექიმმა იცოდა, როდესაც მზია უგრეხელიძეს აკავშირებდა, რომ გარკვეული ფინანსური გარიგება შედგებოდა, „თუმცა ღარიბაშვილსა და მშობიარე ქალს შორის ფინანსებზე საუბარი არ ყოფილა“.

ექიმ-გინეკოლოგის ბესარიონ ღარიბაშვილის ადვოკატი არ აზუსტებს, მან დააკავშირა თუ არა იმ გინეკოლოგს, რომელემაც მშობიარობა მიიღო, თუმცა ამბობს, რომ „როგორც კოლეგები სავარაუდოდ, იცნობდნენ ერთმანეთს“.

ქალის ადვოკატი

ირმა მაისურაძე, 33 წლის მარტოხელა დედაა, ჰყავს ერთი სტუდენტი შვილი, ოჯახი რაიონში ცხოვრობს, თავად ირმა თბილისში მუშაობს. „მშობლებმა და მისი ოჯახის წევრებმაც არ იციან რა მოხდა, პირველი შვილიც ფაქტობრივად ქუჩაშია, ძალიან დიდი პრობლემები აქვს“, - ამბობს მისი ადვოკატი ნათელა ჩერქეზია. რომელიც ყვება, რომ 6 თებერვალს შვილის გასხვისების ბრალდებით დაკავებული ქალი, რომელსაც სასამართლომ 2- ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ვინაიდან დაკისრებული გირაოს გადახდა ვერ შეძლო. მისი შვილი სახელმწიფო მზრუნველობაშია გადაცემული.

ნათელა ჩერქეზიას სიტყვებით, 5 თვის ორსურმა ირმამ გინეკოლოგს აბორტის გაკეთების სურვილით მიმართა. ექიმმა კი გადააფიქრებინა. „როცა საქმეს ვიხილავთ უნდა ვთქვათ, რომ გადარჩა ბავშვის სიცოცხლე და დიდი ვარაუდით დედის სიცოცხლეც“,- ამბობს ადვოკატი.

საქმის გარემოებებზე საუბრისას ნათელა ჩერქეზია, დედის მატერიალურ მდგომაროებას და საქართველოში შვილად აყვანის რთულ კანონმდებლობას ასახელებს. ამასთან მისი თქმით, დედისთვის ისიც კი არ იყო ცნობილი და მისთვის არ შეუტყობინებიან რა თანხაზე იყო საუბარი.

„დედა აქამდე მიიყვანა მისმა შეჭირვებულმა მდგომარეობამ. მას ჰყავს სტუდენტი შვილი და არ ჰქონდა საშუალება კიდევ მეორე შვილი გაეზარდა. მეორე ეს არის იმის ბრალი, რომ კანონი შვილად აყვანის შესახებ ძალიან რთულ რეგლამენტს აწესებს“,- ამბობს ადვოკატი.

მისი სიტყვებით დედა დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

კითხვაზე დაინტერესდება თუ არა დედა მომავალში შვილის ნახვით ან მისი დაბრუნების სურვილი თუ ექნება, ადვოკატი ამბობს, რომ ეს ძალიან რთული სასამართლო პროცესი იქნება. ერთი და მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბავშვი რეგისტირებულია დედის ყალბ გვარზე. ჩხეიძე არის გვარი, რომლითაც მშობიარე დარეგისტრირდა.

ბავშვის გაშვილების სქემის ფიგურანტის ადვოკატი

საქმის ერთ-ერთი მონაწილის ლაირა გრიგოლიას ადვოკატის ლევან ჯავახაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა ქალი ბავშვის გაჩენაზე დაითანხმა, დაუკავშირდა ნაცნობ მზია უგრეხელიძეს და დაავალა მოეძებნა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი.

„უგრეხელიძე მიდის გრიგოლიასთან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და ეუბნება, რომ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ხომ არ არის ვინმე , ის უკავშირდება ქეთევან გეწაძეს და ეკითხება ბავშვი ხომ არ უნდა ვინმეს. გეწაძე და უგრეხელიძე ხვდებიან ერთმანეთს რათა მოიძიონ ბავშვის შეძენის მსურველი. გეწაძე თავის მხრივ მოიძიებს ერთ-ერთ ქალბატონს, დიანა კომახიძეს, რომელსაც უგრეხელიძე უშუალოდ გაჰყავს ბავშვის „შეძენის მსურველებზე“ , - ამბობს ადვოკატი ლევან ჯავახაძე და ამატებს „ეს დაკავშირება იყო სრულიად შემთხვევითი და რაიმე გამოკვეთილი როლი არავის ჰქონდა“.

ადვოკატის სიტყვებით, ამ პროცესის შესახებ, პირველი კონსულტაციიდან სავარაუდოდ 2 თვეში ცნობილი ხდება სამართლადმაცველებისთვის, რომლებიც ბავშვის „შემძენის“ სტატუსით ერთვებიან სამქეში. იწყება ფარული თვალთვალი.

„საქმეში რეალური მყიდველი არ არსებობდა“, - ამბობს ადვოკატი ლევან ჯავახაძე. რომელიც ვარაუდობს, რომ ბავშვის გასხვისების სქემის შესახებ ინფორმაციამ, სავარაუდოდ, გეწაძის მიერ მოძიებული ერთ-ერთი ფიგურანტისგან გაჟონა.

რამდენად შეფასდა გაშვილება

საქმეში ჩართული ყველა მხარის ადვოკატი ადასტურებს, რომ ფინანსურ სარგებელზე საუბარი იყო, თუმცა საქმის დეტალებიდან არ დასტურდება ცნობა 13 ათასი დოლარის შესახებ. ამ ოდენობის თანხაზე მიუთითებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. „მოლაპარაკება გარკვეული თანხაზე იყო, მაგრამ კონკრეტულად რა თანხაზე შეთანხმდნენ მხარეები ეს არ ჩანს“, - ამბობს ადვოკატი ლევან ჯავახაძე.

რას ამბობენ კლინიკაში

კლინიკა “ბაიებში” ადასტურებენ, რომ 31 იანვარს გინეკოლოგმა გოჩა გელაშვილმა ქალი მათთან ამშობიარა. დედა ბავშვთან ერთად 6 თებერვალს გაწერეს.

თუმცა, კითხვაზე როგორ დაარეგისტრირეს, გაყალბებული პასპორტით მშობიარე, კლინიკას მოკლე პასუხი აქვს. როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამთა მაისურაძე მედიასთან საუბარში ამბობს, მშობიარე კლინიკაში დარეგისტრირდა პასტორტით, რომელშიც მისი ფოტო იყო „მშობიარის მდგომარეობიდან გამომდინარე ამ დეტალებზე არ მიდის ხოლმე [საუბარი] საკეისრო კვეთისას“, - აცხადებს ის.

გაყალბებული პასპორტის ამბავი

ირმა მაისურაძის ადვოკატის ნათელა ჩერქეზიასთვის, ჯერჯერობით უცნობია პასპორტის გაყალბების საკითხი. ის ამბობს, რომ ქალი სამშობიაროდ ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით მივიდა და საკეისრო კვეთა მას გოჩა გელაშვილმა გაუკეთა. ნათელა ჩერქეზია ვარაუდობს, რომ „თინათინ ჩხეიძე“ პირობითი მშვილებლის გამოგონილი სახელი და გვარია და პასტორტიც, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოებმა დაამზადეს, რისი კანონიერი უფლებაც მათ ჰქონდათ, საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე. თუმცა საგამოძიებო ორგანოებს ირმა მაისურაძესთან შეხება არ ჰქონიათ.

ტრეფიკინგის მუხლით 7 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 12 თებერვალს გაავრცელა. ადვოკატი ლევან ჯავახაძე ამბობს, რომ სასამართლოზე ბრალდებულები არა ტრეფიკინგის არამედ სისხლის სამართლის კანონის სხვა მუხლით წარდგნენ.

„ტრეფიკინგსა (სსკ-ის 143 მუხლი) და იმ მუხლს (სსკ-ის 172) შორის, რომელიც ახლა ჩვენ ბრალად გვაქვს წარდგენილი, ძალიან პატარა სხვაობაა. აქ ეს სხვაობა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ 172-ე მუხლში არის ასეთი დათქმა: არასრუწლოვანის ყიდვა/გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით. ასეთი დათქმა ტრეფიკინგს არ აქვს,“ - ამბობს ლევან ჯავახაძე.

მისი სიტყვებით სწორედ ამ სხვაობის გამო შეუფარდა სასამართლომ ბრალდებულებს გირაო, რადგან წარდგენული მუხლი ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიაშია.

რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მათი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხი არ გასცეს შემდეგ შეკითხვებზე:

  • მათ დაამზადეს თუ არა ყალბი პასტორტი?
  • ვინ მიაწოდა კლინიკას ყალბი პასპორტი?

კითხვაზე იყო თუ არა კლინიკა „ბაიები“ საგამოძიებო ორგანოს მიერ ინფორმირებული, რომ მათთან მსგავსი მშობიარე შევიდოდა, საგამოძიებო ორგანოში განაცხადეს, რომ კლინიკა ინფორმირებული არ იყო.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG