Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცდილობენ პანდემიის დროს გადარჩენას მცირე მეწარმეები ჯოყოლოსა და ალვანში


შოთა ლაგაზიძის ისტორია - სოფელი ალვანი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მკვიდრმა შოთა ლაგაზიძემ, რომელსაც მამაპაპისეული კარ-მიდამოს მიტოვება არ სურდა, 2015 წელს მეგობართან ერთად აგრომეურნეობის შენება დაიწყო. მათ ჯერ ვენახი იყიდეს, მერე კი პატარა მარანი ააშენეს. პირველი მოსავლით „ლაგაზის“ მარანში 900 ბოთლი ღვინო დაწურეს, შემდეგ ვენახები გააფართოეს და ყურძნის სახეობებიც დაამატეს.

მთავარი მიზანი ქვევრში დამდგარი ნატურალური ღვინის მიღება იყო.

“ლაგაზის“ მარანი რქაწითლის, საფერავისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან წელიწადში ახლა 3 500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. აქედან 50 პროცენტი ექსპორტზე გადის, ზოგს ადგილობრივ მაღაზიაში ყიდიდნენ, ნაწილით კი ალვანში ჩასულ ტურისტებს უმასპინძლდებოდნენ, თუმცა ეს იყო 2019 წელს.

ლაგაზის სასაჩუქრე შეფუთვა
ლაგაზის სასაჩუქრე შეფუთვა

ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ახმეტაშიც, სოფელ ზემო ალვანშიც პრობლემები 2020 წლის მარტიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანა კორონაპანდემიამ მოიცვა. ექსპორტზე ღვინის გატანა არ შეჩერებულა, მაგრამ, როგორც შოთა ლაგაზიძე ამბობს, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტურიზმის შეჩერებით შექმნილი პრობლემები დაეძლია.

მარტიდან სრულიად შეაჩერა მუშაობა „ლაგაზის“ ღვინის მარანმა, სადაც ღვინოსთან ერთად თუშური კერძების დაგემოვნებაც იყო შესაძლებელი. ჰქონდათ მასტერკლასები. სტუმრებს თუშური კერძების მომზადებას ასწავლიდნენ. ამ ყველაფერთან ერთად სრულიად შეჩერდა ღვინის ადგილობრივი გაყიდვები.

შოთა ლაგაზიძის მარანი
შოთა ლაგაზიძის მარანი

„ჩვენს საქმიანობას ბიზნესის სახე 2017 წლიდან მიეცა, მანამდე ძირითადად ვაშენებდით. ტუროპერატორებთან აქტიური მუშაობით მუდმივად გვქონდა ჯავშნები. ჩვენ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კი არ ვმუშაობდით, მულტიკულტურული სტუმრები გვყავდა, მათ შორის გერმანიიდან, ამერიკიდან... შემოსავლების 50 პროცენტი სწორედ აგროტურიზმზე მოდიოდა, თუმცა ეს ყველაფერი გაჩერდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა ლაგაზიძემ და აქვე დაამატა, რომ რადგან მსოფლიო ონლაინგაყიდვებზე გადავიდა, აგროტურიზმის ბიზნესს მან ახალი კომპონენტი დაამატა, რაც ადგილობრივი ნატურალური ხილისა და ბოსტნეულისგან ჩირების დამზადებას ითვალისწინებს.

შოთა ლაგაზიძე
შოთა ლაგაზიძე

ამ პროდუქციის დასამზადებლად საჭირო მოწყობილობა კი USAID-ის (აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროგრამის ფარგლებში შეიძინა. პროგრამა კორონავირუსის პანდემიის პირობებში რეგიონებში მცირე ბიზნესის მხარდამჭერას ითვალისწინებს.

„ჩვენ USAID-ის ორ პროექტში გავიმარჯვეთ. ერთით შევიძინეთ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი მოწყობილობა, მეორე პროექტის ფარგლებში კი მალე გვექნება მოძრავი სამზარეულო. ასეთი სამზარეულო მისაბმელ ვაგონზე მონტაჟდება, რაც საშუალებას გვაძლევს, სურვილის შემთხვევაში, მივიდეთ იქ, სადაც დამკვეთს სურვილი ექნება, რომ ჩვენი მომსახურება მიიღოს. მათ შორის მომსახურების გაწევა შესაძლებელი იქნება ტყეში, მთაში და ა. შ. - იქ, სადაც ავტომობილით მისვლა შეიძლება. მისაბმელზე ყველაფერი იქნება, მათ შორის მაგიდები და სკამები, ტენტები, ელექტროგენერატორი და ა.შ... ვფიქრობთ, პანდემია რომ დასრულდება, ჩვენ უკვე განვითარების საშუალებაც მოგვეცემა“, - გვითხრა ახალგაზრდა ალვანელმა მეწარმემ.

მანამდე კი, ვიდრე პანდემია დასრულდება, შოთა ლაგაზიძემ საკუთარ აგრომეურნეობაში დამზადებული ღვინის, ჩურჩხლის, თაფლის, მურაბებისა და ჩირების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. პროდუქციას თუშური ორნამენტებით შეკერილ ხურჯინში ალაგებენ და მომხმარებელთან სახლში მიაქვთ.

ლეილა აჭიშვილის ისტორია - პანკისი, სოფელი ჯოყოლო

ლეილა აჭიშვილს ორი პროფესია აქვს: ფილოლოგი და მსახიობია. შვილებთან ერთად გროზნოდან პანკისის ხეობაში 1994 წელს ჩავიდა, როცა გროზნოში ომი დაიწყო. ამბობს, რომ მაშინ საქართველოშიც რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, თუმცა თავის გატანა მაინც ხერხდებოდა. პანკისში რამდენიმე ადგილზე ძირითადად პედაგოგად მუშაობდა, ბოლოს კი უსამსახუროდ და უშემოსავლოდ დარჩა.

ხინკლის მზადების პროცესი
ხინკლის მზადების პროცესი

ამბობს, რომ ხეობით, იქ მცხოვრები ადამიანებით, მათი ადათ-წესებითა და გარემოს ბუნებრივი სილამაზით ყოველთვის ბევრი უცხოელი ტურისტი ინტერესდებოდა, ამიტომ თავისი სახლი სასტუმროდ გადააკეთა. მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სტუმრებს ღამის გათევასთან ერთად ოჯახური, ქისტური ტრადიციული კერძები შესთავაზა.

ლეილას თქმით, წამოწყებამ გაამართლა და მალე მეზობელი ქალებიც დაასაქმა. კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი ერთ დღეში გააჩერა. საოჯახო ბიზნესმა მუშაობა შეწყვიტა. კვების ობიექტსაც ვეღარ ამუშავებდა, რადგან მომხმარებლები ძირითადად ევროპელი სტუმრები იყვნენ. ლეილას თქმით, მის სტუმრებს განსაკუთრებით მისივე ხელით დამზადებული ხინკალი მოსწონდათ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ონლაინშეკვეთები მიეღო და „ლეილას ხინკალი“ მომხმარებლამდე თავად მიეტანა.

ლეილა აჭიშვილი
ლეილა აჭიშვილი

„ჩემი შვილი სტუდენტი გახდა და თბილისში წასვლა მოუწია. იქ ბინა ვიქირავეთ. რადგან ჩემი ბიზნესიც გაჩერდა, ვიფიქრე, რომ მეც შვილთან, თბილისში, წავსულიყავი. შემდეგ იდეა მომივიდა, რომ საქმეც გამეკეთებინა, ამიტომ ნაქირავებ სახლში ხინკლის მოხვევა დავიწყეთ და სოციალურ ქსელში დავწერეთ, რომ ონლაინშეკვეთებს მვიღებდით. მინდა გითხრათ, რომ გაამართლა, ახლა ერთი წუთიც კი არ მაქვს თავისუფალი დრო. მე და ჩემი შვილი ონლაინშეკვეთებზე ვმუშაობთ. ვისაც ტრანსპორტი ჰყავს, ხინკალი სახლიდანვე მიაქვს, ვინც ამას ვერ ახერხებს, ჩვენ შეგვიძლია სახლშიც მივუტანოთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლეილა აჭიშვილი და ყურადღებას განსაკუთრებით იმაზე ამახვილებს, რომ ხინკალს მხოლოდ ნატურალური პროდუქტით ამზადებს. „ჩემი ხინკალი მხოლოდ ძროხის ხორცისა და ხაჭოსგან მზადდება. ხაჭოც და ხორციც თბილისში პანკისიდან ჩამომაქვს. სწორედ ეს არის ჩემი უპირატესობა, რასაც მომხმარებელი მის გემოში გრძნობს“.

ლეილა აჭიშვილის ხინკალი
ლეილა აჭიშვილის ხინკალი

ლეილა აჭიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინაც, როცა საოჯახო სასტუმრო მოაწყო და ახლაც, როცა ნატურალური პროდუქტის ონლაინ გაყიდვა დაიწყო, საერთაშორისო ფინანსური დახმარებით ისარგებლა. USAID/Zrda პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მან ის საჭირო ინვენტარი და ტექნიკა შეიძინა, რომლის გარეშეც ახალ საქმეს ვერ დაიწყება და შესაძლოა მისი სახელი და გვარი იმ საერთო სტატისტიკურ მონაცემებში ასახულიყო, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში მცირე მეწარმეთა გარკვეული რაოდენობა გაკოტრდა და ბიზნესი დაკარგა.

ლეილა იმასაც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მცირე წარმოება თბილისში გადაიტანა, ის რამდენიმე პანკისელს ასევე ნატურალური პროდუქტის გაყიდვაში ეხმარება. უკვე რამდენიმე დღეა, ლეილა საკუთარი ხელით მოხვეულ ხინკალთან ერთად მომხმარებელს პანკისში დამზადებულ ლუდს, ჩურჩხელას, მურაბებსა და ჩირებს სთავაზობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG