Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განიხილავენ "ციანიდის საქმეს" ხელახლა? - როგორ წაიკითხა სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება


ფოტოარქივი: გიორგი მამალაძე
ფოტოარქივი: გიორგი მამალაძე

დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს საქმის თავიდან განხილვის ვალდებულებასაც აკისრებს - მიიჩნევენ იურისტები. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ გამოვლენილ დარღვევებს განაჩენზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

„გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის მოთხოვნების 2/3 დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ მისი საქმის განხილვისას სამართლიანობა დაირღვა.

  • რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?
  • რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება გიორგი მამალაძისთვის?

ადვოკატმა დავით ჯანდიერმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, 3 ნოემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატიმროში გააცნო, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ - სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - დადგინდა მნიშვნელოვანი დარღვევა, „იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო“, ხოლო პატიმარს „საქმის წარმოების განახლების“ შესაძლებლობები გაუჩნდა.

„სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი საფუძველია საქმის წარმოების განახლების და ეს, როგორც ორჯერ ორი, ოთხია... არსებობს შესაბამისი რეზოლუციებიც, რომლებიც ითვალისწინებს, იმ დარღვევებზე, რასაც მამალაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა, საქმის წარმოების განახლებას“, - აცხადებს ჯანდიერი.

3 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო წერს, რომ:
დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტის დარღვევა სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში წარმართვის გამო;
არ დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტის დარღვევა მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში;
დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია).

გამოვლენილი დარღვევები უმნიშვნელოა იუსტიციის სამინისტროსთვის

იუსტიციის სამინისტრო 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია“ და მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა.

დანარჩენ მოთხოვნებს კი, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ მამალაძეს დაუკმაყოფილა, იუსტიციის სამინისტრო პროცედურულად მიიჩნევს.

სამინისტრო აცხადებს:

- "სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების "ჩადება", როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა";

- "აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“.

დავით ჯანდიერისთვის იუსტიციის სამინისტროს განცხადების შინაარსი სრულიად გაუგებარია, მაშინ, როცა დარღვევა დადგინდა. ადვოკატი აცხადებს, რომ „როცა საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი“; ხოლო სტრასბურგის სასამართლოს „არ შეუძლია გადააფასოს, კანონიერად მოხდა თუ არა მტკიცებულებების მოპოვება“, ანუ ის „არ აფასებს კანონიერების საკითხს შიდა კანონმდებლობასთან მიმართებაში“.

დადგენილი დარღვებები:

  • სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში წარმართვა (მე-6 მუხლის 1 პუნქტი)

ტექსტში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის 2017 წლის 19 მაისის მოთხოვნა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით - „მართლმსაჯულების, საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირადი ცხოვრების“ ინტერესებიდან გამომდინარე. ერთ-ერთ ფაქტორად დასახელდა ის ფაქტი, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია. ამასთან, პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მოწმეს დაემუქრნენ და ამიტომ გახდა საჭირო სპეციალური დაცვაც.

სასამართლო აღნიშნავს მამალაძის პოზიციასაც, რომ "მას სურდა, სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო" და "მისი თქმით, პროკურორების განცხადებას არ ჰქონდა საფუძველი“. „რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, განმცხადებელმა [მამალაძე] განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი ჰქონდა“, - წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტში.

2017 წლის 6 დეკემბერს პროკურორებმა მოითხოვეს პროცესის დახურვა სააპელაციო სასამართლოშიც, რაც ასევე დაკმაყოფილდა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორების ყველა არგუმენტი, მაგრამ დახურვის საფუძვლად მიიჩნია ძირითადად რელიგიურ მოღვაწეებთან დაკავშირებით „პერსონალური ინფორმაციის არსებობა“ და პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება.

ტექსტში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ უფლება მისცა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს დასწრებოდა და დაკვირვებოდა დახურულ სხდომას; მაგრამ სასამართლომ არაფერი იცის დასკვნის შესახებ.

ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელსაც არაერთი საქმე აქვს მოგებული სტრასბურგის სასამართლოში, გვეუბნება, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენა „ყველა შემთხვევაში ნიშნავს საქმის ხელახალ განხილვას“, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ტექსტში პირდაპირი ჩანაწერი არ არის.

„მე-6 მუხლი პროცედურული უფლებებია: თუ დარღვევა დადგინდა, ე.ი. პროცედურა არ იყო დაცული და, შესაბამისად, შედეგიც [განაჩენი] არ გამოდის დამაჯერებელი და სარწმუნო. პროცედურის დარღვევა ავტომატურად ნიშნავს, რომ შედეგი უკანონოა. ამიტომ ხელახლა უნდა მოხდეს გადასინჯვა... პატიმარმა უნდა მიმართოს ასეთ დროს სასამართლოს“, - გვეუბნება მუხაშავრია; თუმცა იქვე დასძენს, რომ "მე-6 მუხლის ღრმა შინაარსით, საქმის გადახედვას სახელმწიფო, პატიმრის გარეშე, საკუთარი ინიციატივით უნდა აკეთებდეს".

ამავე კონტექსტში, იურისტი მიუღებლად თვლის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ასახულ ფორმულირებას, რომ - „სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია“. ლია მუხაშავრია სამომავლო პროცესებზე შესაძლო ზეგავლენასაც ხედავს:

„ასეთი განცხადება არ უნდა კეთდებოდეს წინასწარ, ვიდრე შიდა სასამართლო ხელახლა არ განიხილავს საქმეს... პატიმარს ჯერ არ მიუმართავს და აგერ, სამინისტრო ამბობს - არა, ბატონო, განაჩენი კანონიერი იყოო... ამით ხომ „რელსებზე აყენებს“ მოსამართლეს, რომელმაც შეიძლება მომავალში განიხილოს მამალაძის საქმე“.

ლია მუხაშავრია ასევე გვეუბნება, რომ „სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელიც განაჩენის კანონიერებას ან სისწორეს ამოწმებს“; ის ამოწმებს, „ევროკონვენციის რომელი მუხლის დარღვევა მოხდა საქმის განხილვისას, ანუ განაჩენი დარღვეული პროცედურების პირობებში ხომ არ დადგა“.

  • უდანაშაულობის პრეზუმფცია (ევროკონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი)

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელთა განცხადებები საზოგადოებას უქმნიდა აღქმას, რომ „განმცხადებელი იყო დამნაშავე მანამ, სანამ მისი ბრალეულობა კანონის მიხედვით არ დადასტურდებოდა“. გვარების დასახელების გარეშე ტექსტში შეკრებილია არაერი ციტატა - პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის, პროკურატურებისა თუ იუსტიციის მინისტრის.

ტექსტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას თავიდანვე უთხრეს, რომ მამალაძე მაღალი სასულიერო პირის მოკვლას ცდილობდა, ხოლო პროკურატურამ მხოლოდ მოგვიანებით დააზუსტა, რომ საქმეში ლაპარაკი იყო არა პატრიარქზე, არამედ მის მდივან-რეფერენტზე.

ტექსტში ვხვდებით, მაგალითად, იუსტიციის მაშინდელი მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აღიკვეთა ტრაგედია, რომელიც გამოიწვევდა დესტაბილიზაციას არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ... ქვეყნის და [ეს] იქნებოდა ეროვნული ტრაგედია“ და რომ „პატრიარქი უკვე სანდო ხელშია“.

ასევე აღნიშნულია, რომ:

- დეკანოზმა სავარაუდოდ წერილი მისწერა პატრიარქს ეკლესიაში კორუფციის შესახებ, მაგრამ „შინაარსი არ გასაჯაროვდა და მედიაში სპეკულაციები გამოიწვია“.

- დაკავებული, მისი ადვოკატები და ომბუდსმენი ლაპარაკობდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე;

- მედიაში ქვეყნდებოდა ფარული ჩანაწერების ამსახველი ვიდეოები. ამ დროს კი დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობა ჰქონდა დაწესებული.

„ჩვენთან სასამართლო რომ იყოს თავის ადგილას, პრეზუმფციის დარღვევაც გამოიწვევდა საქმის ხელახალ გადასინჯვას; რადგან მოსამართლესა და მსაჯულებზე გავლენის მოხდენა შეუძლია მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, რომ ესა თუ ის პირი დამნაშავეა“, - გვეუბნება ლია მუხაშავრია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG