Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთი ვაჟი მაინც დამიტოვონ“: როგორ ხვდებიან „ტვირთ 200“-ს თათრების სოფლებში


ხელოვნების ობიექტი ბარაბინსკის რაიონის შესასვლელში
ხელოვნების ობიექტი ბარაბინსკის რაიონის შესასვლელში

ნოვოსიბირსკის რეგიონის დასავლეთით თათრული დასახელების არაერთი ადგილი შეგხვდებათ - მდინარე ტარტასი, სოფელი კოშკული, ბერგულის ტბა და სხვა. აქ თათრები ყოველთვის იყვნენ - ეს ციმბირის ძირძველი ხალხია. 200 წლის განმავლობაში ისინი, როგორც „უცხოელები“, იხდიდნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ მათზე დაწესებულ სახელმწიფო გადასახადს. მე-19 საუკუნეში, თათარი მიგრანტების ნაკადი ამ ადგილს ვოლგის რეგიონიდან მიადგა. მათი ნაწილი იქ სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად გადასახლდა. მაგრამ დღეს თათრები ომს ვეღარ გაურბიან.

ეს რეპორტაჟი მომზადდა ნოვოსიბირსკის ოლქის თათრული სოფლებიდან, სადაც სულ უფრო ხშირად მიდის ე.წ. ტვირთი 200 - თუთიის კუბოები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებით.

„აქ ჯდომით დავიღალე“

პატარა სოფელ აიალუსკენ მიმავალი გზა ორმოებით არის სავსე. 37 წლის ალფირა იხსენებს, რომ ყოველთვის ასე იყო. მისი თქმით, სოფლიდან გამოღწევა შეუძლებელი ხდება წვიმის ან თოვის დროს.

მაგრამ 26 თებერვალს ამინდმა გაამართლა, თოვა შეწყდა და მზე გამოვიდა.

სწორედ ამ მზიან დღეს მიასვენეს სოფელში თუთიის კუბოთი მისი 46 წლის ძმის, რაის აბდულოვის ცხედარი. ის დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც მონაწილეობდა როგორც სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი.

„ჩემი ძმა იქ დაკრძალეს, სადაც უნდოდა. პირდაპირ აიალუში მოიყვანეს. დაგვეხმარნენ. გზები გაწმენდილი იყო“, - ამბობს ალფირა.

ის მადლობას პრიგოჟინს უხდის („ვაგნერის“ შემქმნელს) „პირობის შესრულებისთვის“. პირობაში კი დაქირავებულის ბოლო ნების შესრულებას გულისხმობს.

ნოვოსიბირსკის რეგიონი
ნოვოსიბირსკის რეგიონი

„რაისს სურდა აქ დაკრძალვა, რადგან დედაც აქაა დასაფლავებული. მას დიდი ხანია არ ენახა დედა, რომელიც მძიმედ იყო ავად სიმსივნით“, - თხრობას განაგრძობს ალფირა.

2018 წლის ბოლოდან მისი ძმა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, 2019 წლის გაზაფხულიდან კი - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

რაის აბდულოვი დამნაშავედ თავისი მეგობრის მკვლელობისთვის ცნეს, რომელსაც შელაპარაკების დროს, დანით, 24 ჭრილობა მიაყენა.

სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობის გამოცდილება, ასევე, არასრულწლოვანი შვილის ფაქტორი და მას ათწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაგრამ პატიმრობის სამი წლის თავზე, რაის აბდულოვმა თავის დას დაურეკა და აცნობა, რომ ის „ვაგნერის“ დაჯგუფებას შეუერთდა. ალფირა მის გადარწმუნებას ამაოდ ეცადა:

„აქ ჯდომით დავიღალე, იქ უნდა ვიყო“, - ასეთი პასუხი გასცა მას ძმამ.

ალფირას აზრით, მისი ძმა, რომელიც 1994 წელს ჩეჩნეთში იბრძოდა, ამ ომში მაინც წავიდოდა, თავისუფალი რომ ყოფილიყო.

ალფირას არ ახსოვს, როგორი ძმა დაუბრუნდა სახლში პირველი ომის შემდეგ, მაშინ თავად ძალიან პატარა იყო. მაგრამ კარგად ახსოვს, თუ როგორ იმოქმედა ომმა მის შუათანა ძმაზე, რომელიც ასევე იბრძოდა ჩეჩნეთში, საიდანაც „ჭაღარა დაბრუნდა“ და რომელსაც ყოველ ღამით „საკუთარი ყვირილი აღვიძებდა“.

„რაისს არასდროს არაფერი უთქვამს. უკრაინაში რომ გაემგზავრა, მაშინაც მხოლოდ ერთხელ დარეკა, ნოემბერში, ვითომ წვრთნებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ არანაირი "სწავლებები" არ ჰქონიათ, სასწრაფოდ ომში წაიყვანეს. ეს იყო "ვაგნერელების" პირველი ნაკადი კოლონიებიდან. სადღაც თვე-ნახევარში დაიღუპა“.

ცოცხალი რომ აღარ იყო, ეს ოჯახს მაშინვე არ გაურკვევია. როცა ეს ამბავი გაიგეს, დაკრძალვისთვის მზადება დაიწყეს.

თათრული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის ცხედარი კუბოდან უნდა ამოეღოთ, დაებანათ, თეთრ ქსოვილში შეეფუთათ და მხოლოდ შემდეგ დაეკრძალათ.

„ჩემი ძმის შემთხვევაში ასე არ მოხდა. ჩვენ არ გავხსენით კუბო, რადგან ის თუთიის კუბოთი მოგვიყვანეს. ორი თვის განმავლობაში უცნობი იყო, სად იმყოფებოდა. 26 დეკემბერს დაიღუპა. ჩვენ კი 27 თებერვალს დავკრძალეთ. იქ უკრაინაში თბილა, - ჩუმად დასძენს ალფირა, - კუბოში მხოლოდ 27 იანვარს ჩაასვენეს, მანამდე სად იყო, რა მდგომარეობაში, არაფერი ვიცით. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს ჩემი ძმა იყო. მაინც მიხარია, რომ დავმარხეთ მაინც. ზოგს ვერც პოულობენ საერთოდ და ვერც კრძალავენ“.

რაის აბდულოვის საფლავს, თითქმის მიტოვებულ აიალუში, ახლა ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ნათესავები პატრონობენ.

როგორ ჩადის კუბოები - მკვდრებით თათრულ სოფლებში

ამ ზაფხულს, აიალუში, სადაც რვა თვის წინ დაკრძალეს რაის აბდულოვი, კიდევ ერთი თუთიის კუბო ჩაიტანეს. აბდულოვის გვერდით სასაფლაოზე ამჯერად მობილიზაციის შედეგად გაწვეული ხამზია ფაზილოვი დაკრძალეს.

მის შესახებ ცნობილია ის, რომ წარსულში სახელმწიფო მეურნეობაში მუშაობდა, მანამდე მესაზღვრედ მსახურობდა. 2022 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც ხამზია ფაზილოვმა 49 წლის იუბილე აღნიშნა, ის ომში გაიწვიეს.

2022 წლის 29 ნოემბერს, მისმა დისშვილმა ელენამ, ლუგანსკიდან, მოკლე პოსტი დაწერა, რომელსაც თან დაურთო გამხდარი მამაკაცის პასპორტის ფოტო. ელენა წერდა, რომ ეძებდა ბიძას, რომელიც დიდი ხანია არ გამოდიოდა კონტაქტზე და რომელიც ომში ნოვოსიბირსკის რაიონიდან გაიწვიეს.

„იქნებ ვინმემ ნახეთ“, - წერდა ელენა.

თუმცა მან Sibir.Realii-ის კორესპონდენტის დამატებით კითხვებს ბიძის შესახებ არ უპასუხა.

ამ ჯგუფიდან პოსტები მისი ძებნის შესახებ მალევე გაქრა. გარდაცვალების ოფიციალურ თარიღად, რომელიც წერია ჩანოვსკის რაიონის ადმინისტრაციის ნეკროლოგში, 1 ივნისია მითითებული.

ის 13 ივნისს დაკრძალეს, მაგრამ უცნობია, უგზოო სოფელში, კონკრეტულად ვინ და როგორ ჩაიტანა უკრაინიდან მისი თუთიის კუბო. ამაზე სოფლის საკრებულოში არ საუბრობენ.

სოფელი აიალუ რეგიონის საინფორმაციო ქრონიკებში იშვიათად ჩნდება. სამხარეო ადმინისტრაციის ვებსაიტზე ის სულ რამდენჯერმეა ნახსენები: რვა წლის წინანდელ ჩანაწერში, მაგალითად, მოთხრობილია ადგილობრივების შეხვედრაზე რაიონის გამგებელთან, რომელსაც სოფლის გზის მოწესრიგება სთხოვეს.

2022 წელს, 9 მაისამდე ცოტა ხნით ადრე კი, ვებსაიტზე ადმინისტრაციამ დაწერა, რომ სოფელში ჩაიტანეს დოკუმენტური ფილმი „დიდი სამამულო ომის მონაწილეთა მოგონებების შესახებ“.

სოფელ აიალუში, სადაც, პრაქტიკულად, გზები არ არსებობს, შარშან კინოჩვენება გამართეს.
სოფელ აიალუში, სადაც, პრაქტიკულად, გზები არ არსებობს, შარშან კინოჩვენება გამართეს.

მეზობელ ბარაბინსკის რაიონში, 350-კაციან სოფელ ნოვოკურუპკაევკაში, სადაც ყაზახები და თათრები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ასევე არის მუსლიმების სასაფლაო, სადაც ასევე არის რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეთა ორი საფლავი.

2022 წელს ნოვოკურუპკაევკაში დაკრძალეს 21 წლის ჯარისკაცი რუსლან საფაროვი, ადგილობრივი ფიზკულტურის მასწავლებლის ვაჟი და დეპუტატთა საოლქო საბჭოს დეპუტატი.

სოფელში ის ბევრისთვის მიიჩნეოდა წარმატებული სამხედრო კარიერის მქონე ადამიანად. სპორტს მისდევდა, კოლეჯში სწავლობდა, თუმცა აღარ დაუმთავრებია, რადგან ჯარში გაიწვიეს. ბოლოს ელიტარულ საზღვაო სპეცრაზმში მოხვდა. ის მაისში დაიღუპა. დარჩა ფეხმძიმე ცოლი.

შვიდი თვის შემდეგ აქვე დაკრძალეს მრავალშვილიანი მამა, 37 წლის შამილ კარიმოვი, რომელიც ომში მოხალისედ წავიდა „ახმატის“ ქვედანაყოფის სახელით. ის ომში წასვლიდან 1 თვეში დაიღუპა.

ახლობლები მასზე დეტალურ საუბარს ერიდებიან.

„შამილის ცოლისთვის, ცხადია, რთულია მის გარეშე, მარტო, ბავშვებთან ერთად“, - ამბობს ნოვოკურუპკაევკის მკვიდრი ჰალიკ გილიაზიტდინოვი, - არ ვიცი, რატომ წავიდა [ომში]. ალბათ, ჰქონდა არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზეზი. ფულმაც ითამაშა როლი. ვფიქრობ, ასეა“, - ფრთხილად ამატებს ჰალიკი.

ამ კითხვაზე - რატომ წავიდა ხუთი შვილის მამა ომში, არც მისმა მეუღლემ და 20 წლის ვაჟმა გვიპასუხეს.

სოციალურ ქსელში კი მისმა შვილმა გამოაქვეყნა შამილ კარიმოვის ფოტოებით გაკეთებული ვიდეო, წარწერების თანხლებით, სადაც მას „ნამდვილ გმირად“ მოიხსენიებენ.

საერთო ჯამში, ბარაბინსკის რაიონში, თუ ადმინისტრაციის ვებსაიტზე და საოლქო გაზეთში გამოქვეყნებული ცნობებით ვიმსჯელებთ, ომში დაიღუპა 13 ადამიანი.

ჩანოვსკიში - ცხრა. თუმცა შეუძლებელია დადგენა, თუ რომელი მათგანი მსახურობდა კონტრაქტით, ვინ იყო მობილიზაციის დროს გაწვეული და ვინ კოლონიიდან წაყვანილი. ოფიციალურ შეტყობინებებში მხოლოდ ბუნდოვან ფორმულირებებს ვხვდებით.

ჩანოვსკის რაიონის თითქმის 22 ათასი მცხოვრებიდან, ოფიციალური მონაცემებით, ომში ცხრა მებრძოლი დაიღუპა, 40-ათასიან ბარაბინსკში - 13.
ჩანოვსკის რაიონის თითქმის 22 ათასი მცხოვრებიდან, ოფიციალური მონაცემებით, ომში ცხრა მებრძოლი დაიღუპა, 40-ათასიან ბარაბინსკში - 13.

ჩანოვსკის რაიონის თითქმის 22 ათასი მცხოვრებიდან, ოფიციალური მონაცემებით, ამ ომში ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ბარაბინსკის 40 000-იან მოსახლეობიდან კი - 13.

როგორ ცხოვრობს თათრული სოფელი ახალგაზრდა კაცების, გზებისა და ფულის გარეშე?

სოფელი ომი - წმინდა თათრული სოფელია. ის კუიბიშევსკის რაიონში მდებარეობს, სადაც, იქაური ადმინისტრაციის ცნობით, ომში სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა.

კუიბიშევის რაიონიდან მეორე რეგიონალურ ცენტრამდე - ბარაბინსკამდე 10 კილომეტრზე ნაკლებია.

სოფელი თებისი, ჩანოვსკის რაიონი. მოშორებით სოფლის მეჩეთია, წინა პლანზე კერძო სახლის სახურავი
სოფელი თებისი, ჩანოვსკის რაიონი. მოშორებით სოფლის მეჩეთია, წინა პლანზე კერძო სახლის სახურავი

ამ რადიუსში გაბნეულ სოფლებს უფრო გაუმართლათ, იქ სამუშაო მოიძებნება, მაგრამ ომი ყველა თვალსაზრისით უიღბლო სოფელია. მას კუიბიშევიდან დაახლოებით 50-კილომეტრიანი გზა აშორებს და ამ გზიდანაც თითქმის არაფერი დარჩენილა. დიდი ნაწილი ტყით დაფარული ზონაა.

„იქამდე მიაღწევ, რატომაც არა? აქამდე თუ მოხვედით? - ხმამაღლა იცინის ოსინცევის მკვიდრი, – ასფალტი როდის გაკეთდება? მეტი კითხვა არა გაქვთ?“

სოფელ ომისკენ მიმავალი გზა
სოფელ ომისკენ მიმავალი გზა

ომში მცხოვრები თათრები მაინც ელიან, როდის გააკეთებენ გზას მათ სოფლამდე. როგორც წყალმომარაგებას ელოდნენ: 2011 წლამდე 200 წლის სოფელ ომში სუფთა წყალი არ მოდიოდა.

მდინარის წყალი უნდა გაეყინათ და უზარმაზარ კუბებად შეენახათ. 12 წლის წინ, საბოლოოდ, ონკანებიდან გაწმენდილი წყალი რომ გადმოვიდა, ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყინულის ხანა დასრულდა“.

ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ეს სოფელი, სადაც 200 ადამიანი ცხოვრობდა, მობილიზაციის გამოცხადებისთანავე გაახსენდათ და გაწვევის ბარათები დააგზავნეს.

ამ სოფლიდან უკრაინაში 19 ადამიანი გაიწვიეს.

ომში სამუშაო არ არის, მაგრამ მსურველებს სთავაზობენ ეროვნულ გვარდიაში სამსახურს.
ომში სამუშაო არ არის, მაგრამ მსურველებს სთავაზობენ ეროვნულ გვარდიაში სამსახურს.

„არავის უკითხავს, რატომ წავიდა ჩვენგან ამდენი ადამიანი. მოვიდა გაწვევა და წავიდნენ. მოხუცები და ქალები დარჩნენ. ახალგაზრდები არ არიან“, - ამბობს გამყიდველი ნაილია.

მისი მაღაზია ერთადერთია მთელ სოფელში, რომელიც საკვებით ყოველკვირეულად მარაგდება, ოღონდ მაშინ, თუ წვიმა გზას არ დააზიანებს.

სამაგიეროდ, მაღაზიაში უხვად არის რუსეთის ჯარში ჩარიცხვის მოსაწვევი ბუკლეტები. მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმ „ციმბირში“.

ამ ბუკლეტების გვერდით კი გუბერნატორ ტრავნიკოვის პორტრეტი ჩამოკიდეს - მალე არჩევნებია.

„მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არავინ მომკვდარა, მხოლოდ დაჭრილები გვყავს“, - ამბობს მაღაზიის გამყიდველი.

სოფლის მაღაზიის მოკრძალებული ასორტიმენტი და მომავალი არჩევნების რეკლამა
სოფლის მაღაზიის მოკრძალებული ასორტიმენტი და მომავალი არჩევნების რეკლამა

ერთ-ერთ დაჭრილს, ტალიპ შარიპოვს საავადმყოფოდან შინ ელოდებიან, თუმცა მისმა ბიძამ და დედამ არ იციან, რამდენად მძიმედ დაიჭრა იგი. დეტალებზე არც აქ ლაპარაკობენ.

„ჩემი ძმისშვილი მოხალისეა, 28 წლის. ჯარში არ წაიყვანეს, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა - ემსახურა“, - ამბობს მისი ბიძა ჰამიდ აბდრახმანოვი.

ახლა სოფელ ომში ის სამხედრო მოსამსახურეები მოდიან, ვინც შვებულებაში გამოუშვეს.
ახლა სოფელ ომში ის სამხედრო მოსამსახურეები მოდიან, ვინც შვებულებაში გამოუშვეს.

„ყოველთვის მოსწონდა სამხედრო ფორმა“, - დასძენს ტალიპის დედა, რომელსაც თავისი სახელის დასახელება არ სურს.

„გროზნოს გავლით, "ახმატს" შეუერთდა. რატომღაც "ვაგნერში" არ უნდოდა... ჩეჩნეთის გავლით არჩია, ის ხომ მუსლიმია”, - ამბობს ჰამიდი.

ტალიპ შარიპოვის დედამ დაწერა განცხადება ფინანსური დახმარებისთვის, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.
ტალიპ შარიპოვის დედამ დაწერა განცხადება ფინანსური დახმარებისთვის, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

ტალიპის დედა ჟურნალისტებს ეკითხება, აქვთ თუ არა სამხედრო ოჯახებს ფინანსური დახმარების მიღების უფლება?

მათ ოჯახს ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ აქვს მიღებული 12 ათასი რუბლის ღირებულების შეშა. მაგრამ ტალიპის დედას უნდა, რომ იატაკი გაუკეთონ, რომელიც ერთ ოთახში საბოლოოდ ჩავარდა.

„თავიდან უარი გვითხრეს, საბუთები გაკლიაო. ახლა ვნახოთ, რას იზამენ“, - ამბობს ის.

„იქ საშიშია, გესმით?“

სოფელი ომი, ზედხედი
სოფელი ომი, ზედხედი

შარიფოვ-აბდრახმანოვების მოპირდაპირე სახლში ხმაურია - კარიმი (მისი თხოვნით სახელი შეცვლილია), რომელიც ოქტომბერში გაიწვიეს, შვებულებაშია - რამდენიმე კვირით შინ დაბრუნდა.

ცოტა ხნის წინ ის მხარში დაიჭრა ჭურვის ნამსხვრევით. ცოტათი კოჭლობს. ეწევა და სადღაც სივრცეში იყურება. სანამ ოჯახი მის დროებით დაბრუნებას ზეიმობს და ყველა ცდილობს ხელი ჩამოართვას, თავად კარიმი დაფიქრებული ზის - კატეგორიულად არ სურს ფრონტზე დაბრუნება.

„იქ არაფერია გასაკეთებელი“, - ეს არის პირველი, რასაც ამბობს და შემდეგ აგრძელებს: - „იქ საშინელებაა, იცით? 24 წლის ვარ, სად წავიდე? ჯერ ცხოვრებაც არ მინახავს“.

ბოლო წლებში კარიმი კუიბიშევში ცხოვრობდა, ღირსეული სამუშაოც იპოვა მშენებლობაზე. ამბობს, რომ რასაც ახლა უხდიან, მაშინაც შოულობდა.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო სამხედრო გაწვევა, კარიმი მხრებს იჩეჩავს და ამბობს, რომ ახლა იმავეს არ იზამდა.

იმ ადგილზე უთითებს ხელით, სადაც ნამსხვრევი მოხვდა. ელოდა, რომ ნამსხვრევის ფრაგმენტს საავადმყოფოში ამოუღებდნენ, მაგრამ ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც იყო. ფრაგმენტი დაიძრა და ახლა შიშობს, გულამდე არ მიაღწიოს.

სამხედრო სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გაპროტესტება უნდა, თუმცა ამბობს, რომ მისი თხოვნის დაკმაყოფილების შანსი მცირეა.

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ჰოსპიტლებში ექიმები სამხედროებს უხსნიან, რომ არსებობს ბრძანება - ყველანი ისევ დააბრუნონ ფრონტზე.

„იქ სერიოზულად ირღვევა ჩვენი ფსიქიკა. მაგრამ ხელმძღვანელობას ეს არ აღელვებს. ისე მიყურებენ, თითქოს ძაღლი ვიყო. მართალი გითხრათ, ეს არ არის ჩვენი ომი. ეს ომი პოლიტიკურია, მხოლოდ ფულის გულისთვის. ბოლოს ავტომატები მოგვცეს და გაგვყარეს, არ ვიტყვი სად. სწორედ იქ დავიჭერი. ერთი კვირა წყლისა და საკვების გარეშე ვიყავით. ბალახს ვჭამდით“...

ომში, სადაც ყველა ახალგაზრდა იყო მობილიზებული, ძირითადად პენსიონერები დარჩნენ.
ომში, სადაც ყველა ახალგაზრდა იყო მობილიზებული, ძირითადად პენსიონერები დარჩნენ.

უკრაინაში მისი დაბრუნება არც მის დედ-მამას უნდა.

ეცადა, ბოლოს მიღებულ კანონებს გასცნობოდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველა ეს კანონი მიზნად ისახავს ომში ხალხის იძულებით შენარჩუნებას.

„რასაც ტელევიზიით ამბობენ, სიმართლის მხოლოდ 10 პროცენტია. დანარჩენი 90% ტყუილია“, - ამბობს კარიმი.

12 დღეში ის უკრაინაში დაბრუნდება.

გულნურების ოჯახში ომში ერთდროულად მისი ორი ვაჟი გაიწვიეს
გულნურების ოჯახში ომში ერთდროულად მისი ორი ვაჟი გაიწვიეს

გულნურმაც ცოტა ხნის წინ ნახა თავისი უფროსი ვაჟი, 33 წლის სალიმი.

ოცნებობს უმცროსი ვაჟის, 27 წლის რუსტამის ნახვაზეც, მაგრამ არ იცის, მას როდის ექნება შვებულება. გულნურის ორივე ვაჟი მობილიზაციის შემდეგ გაიწვიეს. მათზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

გულნურს და მისი ქმარს ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ მათ ვაჟებს არ გაიწვევდნენ, მაგრამ 25 ოქტომბერს ჯერ სალიმი წავიდა, ხოლო 27 ოქტომბერს, მობილიზაციის ბოლო დღეს, რუსტამი.

გულნურს იმედი ჰქონდა, რომ უმცროსი მაინც დაბრუნდებოდა სახლში. არ დააბრუნეს.

„მათ ყველა წაიყვანეს ჩვენი ქუჩიდან. ახლა ეს არის ქუჩა კაცების გარეშე. მარტოხელა მამები დარჩნენ, ვაჟების გარეშე“, - ამბობს გულნური.

ორივე ვაჟის გაწვევის გამო გულნურის ქმარს ინსულტი დაემართა.

ამიტომ, ახლა მის ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და ყველაფერს არც ეუბნებიან. არც ის იცის, რომ სალიმი ცოტა ხნის წინ დაიჭრა.

„ჩვენ უბრალოდ ველოდებით ამის დასრულებას. შვილიშვილები მამების გარეშე იზრდებიან. ორი შვილი თუ გყავს, ერთი მაინც დატოვონ. ოღონდ არ წაიყვანონ და მე მივცემდი უკან სახელმწიფოს იმ ფულს, რასაც მათ უხდიან. არავის არ სჭირდება ეს ფული“...

XS
SM
MD
LG