Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჰპირდება ეკლესია "აირზენას” ხელისუფლებასთან 20 მლნ ლარის "ვალის მოგვარებას" - "სუს-ის ფაილები"


რამდენიმე დღის წინ მედიებისთვის გაგზავნილ ბმულზე ატვირთულ 25 გიგაბაიტზე მეტ, დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ დოკუმენტში საქართველოს ავიახაზების "ჯორჯიან ეარვეისისა" და საპატრიარქოს წარმომადგენელს შორის საუბრებიც მოხვდა.

ამ ჩანაწერების მიხედვით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ავიაკომპანიის პრეზიდენტს თამაზ გაიაშვილს სახელმწიფოს მიმართ 20 მილიონი ლარის დავალიანების პრობლემის "გადაჭრაში" დახმარებას ჰპირდება.

2019 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებულ ანგარიშში წერია:

"პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კომპანია "აირზენას" მფლობელ თამაზ გაიაშვილს კომპანიის საკითხთან დაკავშირებით გამოუცხადა სრული მხარდაჭერა. ამასთან, დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. თ. გაიაშვილის თქმით, მის კომპანიას მოცემული მომენტისთვის სახელმწიფოს მიმართ გააჩნია 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რაც უცხოურ კომპანიებთან მიმართებაში აყენებს არათანაბარ პირობებში, ვინაიდან სახელმწიფო მხოლოდ მათ უწევს ფინანსურ დახმარებას. თ. გაიაშვილმა გ. ზვიადაძეს სთხოვა, ზემოხსენებულ პირებთან შეხვედრის შემთხვევაში, არსებული პრობლემის მიღმა ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპანიას გაუუქმა "ეროვნული გადამზიდავის სტატუსი".

დოკუმენტებში არ ჩანს, მოხერხდა თუ არა დავალიანების საკითხის მოგვარება,

"ჯორჯიან ეარვეისის" პრეზიდენტი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ კომპანიას წლებია აქვს დავალიანება, მათ შორის - 12 მილიონი ლარი საერთაშორისო აეროპორტის ("ტავ ჯორჯიას") და სახელმწიფო კომპანია "საქაერონავიგაციის" მიმართ. გაიაშვილი ამბობს, რომ ზვიადაძე მისი სულიერი მამაა, თუმცა პრობლემების გადაჭრაში მისი დახმარება არ სჭირდება.

"ზვიადაძესთან მაქვს ურთიერთობა, როგორც სულიერ მამასთან... ზვიადაძის დახმარება მე არ მჭირდება, რადგან მე პირადად მაქვს კომუნიკაცია ყველასთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან და მინისტრებთან - რაში მჭირდება მე დახმარება. დიდი წარმოების ხელმძღვანელი ვარ და შემიძლია ყველასთან პირდაპირ საუბარი... მე მათ თვითმფრინავში ვხვდები, კაბინეტში ვხვდები და სადაც საჭიროა, იქ ვხვდები - საპატრიარქოში ჩინოვნიკებთან შეხვედრა რაში მჭირდება?!. მე ამ ქვეყანაში თუ ვინმე რამეს წარმოადგენს, მე ყველასთან მაქვს ურთიერთობა", - ეუბნება თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას.

ჩანაწერებში რამდენიმე ეპიზოდია, სადაც ზვიადაძე გაიაშვილს მაღალი თანამდებობის ან გავლენიან პირებთან შეხვედრას ჰპირდება.

  • "პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორ თამაზ გაიაშვილთან საუბრისას დაინტერესდა, შეძლებს თუ არა ეს უკანასკნელი მის (ზვიადაძის) გარეშე "იმ პიროვნებასთან" შეხვედრას. თ გაიაშვილის თქმით, მისთვის უმჯობესია ზემოხსენებულ პიროვნებას შეხვდეს გ. ზვიადაძესთან ერთად. აღსანიშნავია, რომ გ. ზვიადაძე თ. გაიაშვილს დაჰპირდა, რომ ავიაკომპანიის ირგვლივ შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, ახლო მომავალში უზრუნველყოფდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის ორგანიზებას".

აპრილში უკვე შემდეგი ჩანაწერია:

"სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ავიაკომპანია "აირზენას" დირექტორს თამაზ გაიაშვილს აცნობა, რომ მათი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა 19 აპრილის ნაცვლად, გაიმართება 18 აპრილს (შეხვედრის კონკრეტული საათი ზუსტდება).

2019 წლის 27 მარტით დათარიღებულ მიმოწერაში კი საუბარია, რომ 2019 წლის 26 მარტს, 23:00 საათზე "Georgian Airways"-ის დირექტორს თამაზ გაიაშვილის დაუკავშირდა ქ.თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გია ზვიადაძე, მათ შორის შედგა შემდეგი შინაარსის საუბარი:

"გ.ზვიადაძე - ხვალ, 7 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მოდის პატრიარქთან და მოდი შენც შეგახვედრებ. თ.გაიაშვილი - კი, შესაძლებელია. გ.ზვიადაძე - ზემოთა შემოსასვლელიდან მოვა და დავხვდეთ ერთად, მოკლედ გელოდები".

ამ ჩანაწერით ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ღარიბაშვილთან გაიაშვილის შეხვედრა ვერ მოხერხდა:

"სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ავიაკომპანია “აირზენას" დირექტორს თამაზ გაიაშვილს აცნობა, რომ 27 მარტს, საპატრიარქოში ილია მეორეს განმარტოვებით შეხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პროტოპრესვიტერის თქმით, ყოფილი პრემიერი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. ამასთან, გ.ზვიადაძე და თ.გაიაშვილი შეთანხმდნენ, რომ დღის განმავლობაში შეხვდებიან ერთმანეთს (ამ ეტაპზე, შეხვედრის დრო და ადგილი უცნობია).

სხვა ცნობებში საუბარია თანამდებობის სხვა პირებთან სავარაუდო შეხვედრებზეც, მათ შორის, იმდროინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, სადაც ზვიადაძე "აირზენას" საკითხის განხილვას გეგმავს. ცდილობენ ხმის მიწვდენას პარტია "ქართული ოცნების" მაშინდელ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილამდეც.

ის დოკუმენტი, სადაც სხვათა საუბრებს შორის, აღწერილია ავიაკომპანიის პრეზიდენტსა და მღვდელმსახურს შორის კომუნიკაცია, 2019 წლის მარტიდან 2020 წლის აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, და შესაძლოა იყოს ფრაგმენტული. ჩანაწერების ანგარიშში წერია, რომ დავალიანების საკითხზე სასაუბროდ გაიაშვილი და ზვიადაძე, ხშირად, პირისპირ შეხვედრას ამჯობინებენ.

"გ.ზვიადაძე და თ.გაიაშვილი შეთანხმდნენ, რომ დღის განმავლობაში შეხვდებიან ერთმანეთს (ამ ეტაპზე, შეხვედრის დრო და ადგილი უცნობია)", - წერია "სუს-ის დოკუმენტში".

გაიშვილი რადიო თავისუფლებას ჩანაწერების შინაარსის ნამდვილობას პირდაპირ არ უდასტურებს, თუმცა ეუბნება - არ უკვირს, რომ უსმენდნენ:

"თქვენ ის მითხარით, რომელ ქვეყანაში არ უსმენს მთავრობა ან მოქალაქეებს, ან სხვა პირებს... მაგაში ეჭვი არ მეპარება, რომ უსმენენ. მერე რა ვქნა?!. მე არაფერ არაკანონიერს არ ვაკეთებ და არავისთან ცუდს არ ვამბობ... [რომ არ გვისმენდნენ] მაშინ არ იარსებებდა სპეცსამსახურები და იქნებოდა თავისუფლება, მაგრამ თავისუფალი მარტო გიჟია".

საუბრის ჩანაწერების მიხედვით, სასულიერო პირი "პრობლემის მოსაგვარებლად" შუამავლობის სურვილს თავად გამოთქვამს - "ზვიადაძემ ავიაკომპანია "აირზენას" დირექტორს თამაზ გაიაშვილს აცნობა, რომ ახლო-მეგობრული ურთიერთობა აქვს ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრ ნათია თურნავასთან, რომელსაც შეუძლია გადასცეს მისი (გაიაშვილის) თხოვნა".

პრობლემის გადაჭრაში შუამავლობის ინიციატორი, გაიაშვილის სულიერი მამა რომ იყო, ამას ადასტურებს თავად გაიაშვილი:

"ზვიადაძე არის ძალიან კარგი ადამიანი, მან თავისი ზრდილობის ფარგლებში შეიძლება ძალიან ბევრი რამ შესთავაზოს მრევლს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საჭიროა ან ჩემთვის ან სხვისთვის?!. [შემოუთავაზებია] მერე, რა?!. არ მჭირდება მე არავისი დახმარება".

სასულიერო პირის ასეთი დაინტერესება, ეჭვებს უჩენს თავად ჩამწერებსაც, რომელთა დიალოგიც ერთ-ერთ დოკუმენტში - Whatsapp-ის მესინჯერის სამუშაო ჩატშია ასახული:

"ამას რაღაც ინტერესი აქ, ეტყობა... ეტენება გაიაშვილს, რაღაცა რო სჭირდება, ყველაფერს უფასოდ უგვარებს აეროპორტში".

იმის მიუხედავად, რომ გაიაშვილი უარყოფს ვალების საკითხზე პროტოპრესვიტერის ჩართულობას, დოკუმენტში მოყვანილ დიალოგებს სანდოობას ჰმატებს კიდევ ერთი დეტალი. "სუს-ის ანგარიშში" მოხვდა 6 აპრილს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კომპანიისთვის საჩუქრად გადასაცემი ხატის ისტორიაც:

"მიმდინარე წლის 6 აპრილს, პატრიარქის მდივან-რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა ავიაკომპანია "აირზენას" გენერალურ დირექტორს რომან ბოკერიას სთხოვა, დღეს 13:00 საათზე საპატრიარქოში მისვლა, სადაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მათი ავიაკომპანიის თვითმფრინავში დასაბრძანებლად გაატანენ ხატს. რ. ბოკერიას თქმით, აღნიშნული საქციელი თვითმფრინავის მგზავრებში გამოიწვევს ავიაკომპანიისადმი უფრო მეტ ნდობას, რადგან ერთ-ერთი რეისის ჩამოფრენისას პილოტს დაუდგინდა "კორონავირუსის" ნიშნები, რის შემდეგაც მფრინავებს გაუჩნდათ შიშის შეგრძნება რეისის განხორციელებისას".

6 აპრილს, რომან ბოკერია სოც. ქსელებში ავრცელებს ხატის თვითმფრინავის ბორტზე ატანის კადრებს. მას შემდეგ კომპანიის თვითმფრინავმა რამდენიმე ფრენა ამ ხატით შეასრულა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ამ საუბრებში ნახსენებ თითქმის ყველა პირს, მათ შორის, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და იმდროინდელ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის პრესსამსახურის თანამშრომლებს. მათ ამ საკითხზე არ ისურვეს საუბარი. დამატებით, ეკონომიკის სამინისტროში თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG