Accessibility links

site logo site logo

„ეპისკოპოსმა სპირიდონმა ინერვიულა და ცუდად გახდა” - უცნობი ფაქტები ნინოწმინდის პანსიონზე ფარულად ჩაწერილ ფაილებში


თუკი ფარული მიყურადების გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურდა, დადასტურდება ისიც, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები საშიშ გარემოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სახელმწიფომ ეს იცოდა და არაფერს აკეთებდა.

მეტიც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სხალთის ეპისკოპოს სპირიდონს, რომელიც პანსიონის მმართველი იყო ბოლო პერიოდამდე, ჰპირდებოდა, რომ არ იქნებოდა მის მიმართ „მკაცრი”.

12 სექტემბერს, გვიან ღამით გასაჯაროებულ მასალებში, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროშია მომზადებული, ათობით ისეთი ფაილია, რომლის დასახელებაშიც ეპისკოპოსი სპირიდონი გვხვდება. ის იყო ბოლო პერიოდამდე ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი. ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-მა იცოდა მისი პრორუსული განწყობები, ინფორმირებული იყო მისი ახლო კავშირების შესახებ ულტრანაციონალისტური, რადიკალური, ჰომოფობიური დაჯგუფებების ლიდერებთან [გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სანდრო ბრეგაძე] და იცოდა პანსიონში მომხდარი ისეთი ამბებიც, რაც არ იცის სახალხო დამცველის აპარატმა და რითაც ჯერ არც გამოძიება დაინტერესებულა.

სავარაუდოდ სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ ათასობით ფაილში არის 2019 წლის 4 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი სახელწოდებით „სპირო&ცისანა ბავშვის პანსიონიდან გაყვანა”, სადაც აღწერილია, როგორ ურეკავს პანსიონის მმართველი, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი (ერისკაცობაში გოჩა აბულაძე) ქუთაისის წმინდა სამების ეკლესიის დეკანოზ ილია კარკაძეს იმის სათქმელად, რომ ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა, მამუკა (სვიმონი) გაფრინდაშვილმა პანსიონიდან მისი ნებართვის გარეშე, „თვითნებურად” გამოიყვანა ერთ-ერთი აღსაზრდელი (13 წლის გოგონა) და გადაიყვანა ზესტაფონის ერთ-ერთ პანსიონში, სადაც, სპირიდონის თქმით, იყენებენ არასწორი აღზრდის მეთოდს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბავშვები აღმზრდელებს „დედად” და „მამად” მოიხსენიებენ.

„ს. აბულაძის განმარტებით, ზემოხსენებული აღსაზრდელი დაავადებულია ეპილეფსიით და საჭიროებს სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, რომლის მიწოდებაც თვითნებურად შეუწყვიტა ს. გაფრინდაშვილმა. მთავარეპისკოპოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ს. გაფრინდაშვილი უკან არ დააბრუნებს აღსაზრდელს და არ აღუდგენს წამლის მიწოდებას, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.

ი. კარკაძის თქმით, მან მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ქუთაისის მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, რომელმაც ს. გაფრინდაშვილს გამოუცხადა საყვედური და დაემუქრა სასჯელის დადებით. მისივე განმარტებით, გაკვირვებულია სასულიერო პირის მხრიდან მსგავსი საქციელით და მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი შესაძლოა მოქმედებს სხვა პირის დავალებით (არ აკონკრეტებს).

ს. აბულაძემ მომხდარის შესახებ ასევე საქმის კურსში ჩააყენა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” სამოქალაქო აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილი, რომელმაც განუცხადა, რომ კურთხევის შემთხვევაში ადგილზე გაგზავნის პირთა წრეს და თავიანთი ძალებით უზრუნველყოფენ აღსაზრდელის უკან დაბრუნებას, რაზეც მთავარეპისკოპოსს კომენტარი არ გაუკეთებია”, - წერია სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

სახალხო დამცველის ინსპექტორის აპარატში, რომელმაც განგაში ატეხა ნინოწმინდის პანსიონის შესახებ და რომელიც ფლობს ინფორმაციას ამ სივრცეში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებებზეც, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამგვარი შემთხვევის შესახებ მათ არასდროს სმენიათ.

შემთხვევის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად ვეცადეთ მეუფე სპირიდონთან დაკავშირება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, ქუთაისელი ეპისკოპოსი კალისტრატე კი მომხდარიდან რამდენიმე თვეში, 2019 წლის ივნისში გარდაიცვალა. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გურამ ფალავანდიშვილსაც, რომელმაც თქვა, რომ 5 ივლისის შემდეგ თავს იკავებს ჩვენთან ურთიერთობისგან, მაგრამ დაადასტურა ის, რომ კარგად იცნობს მეუფე სპირიდონს და არაერთხელ ყოფილა მასთან სტუმრად.

სავარაუდოდ სუს-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში არის კიდევ ერთი ფაილი, რომელიც 2018 წლის 13 სექტემბრით თარიღდება. ამ ფაილში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტია აღწერილი ნინოწმინდის პანსიონში.

ეს არის ფაქტობრივად ბოლო ვიზიტი 2021 წლამდე, როცა ომბუდსმენის წარმომადგენლებმა შეძლეს პანსიონის ნახვა და ბავშვებთან საუბარი. ამ დღის მერე პანსიონის კარი დაიკეტა ჯერ სახალხო დამცველისთვის, შემდეგ სოციალური მუშაკებისთვისაც.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე” მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ეპისკოპოს სპირიდონს არ სურდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი პირისპირ გასაუბრებოდა პანსიონის აღსაზრდელებს და სატელეფონო საუბრისას ომბუდსმენის წარმომადგენელს ეუბნება კიდეც, რომ უნდობლობას უცხადებს სახალხო დამცველს, როგორც “ერთსქესიანთა ქორწინებების მომხრეს”.

ამ დოკუმენტში რამდენიმე უზუსტობაა: სახალხო დამცველის აპარატიდან ორი ადამიანი იყო პანსიონში შემოწმებაზე, დოკუმენტში მხოლოდ ერთი წერია. ასევე, ნახსენებია ორი სასულიერო პირი, რომელიც სპირიდონმა მათთან საქმის „დასალაგებლად“ გამოგზავნა, რეალურად მათგან მხოლოდ ერთი შეხვდა ომბუდსმენის წარმომადგენლებს. ის ეპისკოპოსისგან განსხვავებით კეთილად იყო განწყობილი მათ მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ნახსენებია ფაილებში, დაგვთანხმდა, ღიად დაგვეწერა მის მიერ მონაყოლი ამ დღის შესახებ.

„ეს იყო გეგმიური მონიტორინგი. ნინოწმინდაში ვიყავი ჩემ თანამშრომელ, იურისტ თამთა ბაბუნაშვილთან ერთად. ჭიშკარი გაგვიღო პანსიონის ზედამხედველმა ქალმა, რომელიც წინა ვიზიტებიდან მახსოვდა. ეზოშივე გვითხრა, რომ დაგვეცადა, სანამ მეუფეს დაურეკავდა და აიღებდა მისგან ჩვენი შეშვების ნებას. ეს ეწინააღმდეგება ყველა კანონს და შეთანხმებას, რაც მოქმედებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სახალხო დამცველს აქვს უფლება, გაუფრთხილებლად და დაუბრკოლებლად შევიდეს ყველა დაწესებულებაში, მაგრამ ეს იყო ჩვენი რეალობა. ჩვენ ამითიც კი კმაყოფილები ვიყავით, რომ ასე გვიშვებდნენ იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლამდე საერთოდ არ გვიშვებდნენ”, - იხსნენებს მაია გედევანიშვილი, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

ამ დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დოკუმენტაცია, ნახეს, რამდენად ახერხებდა სახელმწიფო ამ ბავშვების დაცვას ამ სივრცეში, დაათვალიერეს შენობა და მოახერხეს სამ ბავშვთან პირისპირ შეხვედრა და ლაპარაკი.

მაია გედევანიშვილი ამ პოსტზე მუშაობისას, 2014 წლიდან 2018 წლამდე არაერთხელ ყოფილა ნინოწმინდის პანსიონში. მას ნანახი აქვს ბავშვთა სხვა დიდი თუ მცირე სახლები. ნინოწმინდაში ყოველი ვიზიტისას მაიასთვის ცხადი იყო, რომ ეს გარემო ძალადობისგან არ იყო თავისუფალი. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნიშანი აძლევდა: ზოგჯერ ეს იყო მოზარდი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სურდა მასთან ლაპარაკი, კონკრეტულად არაფერზე ელაპარაკებოდა. სხვა დროს ენურეზის გახშირებული შემთხვევები მოზრდილ ბავშვებში ან და-ძმის ამბავი, რომლებიც ერთ შაბათ-კვირას ბიოლოგიურ ოჯახში წავიდნენ, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და ვეღარაფრით დააბრუნეს უკან, პანსიონში, სადაც იყო საკვები და სითბო.

იმ კონკრეტულ დღეს კი, როცა პანსიონის შემოწმება თითქმის დამთავრებული იყო, მაიას კოლეგა ბავშვებს ესაუბრებოდა, თავად კი საბუთებს ავსებდა, პანსიონის ზედამხედველმა ტელეფონი მიუტანა და სთხოვა, დალაპარაკებოდა ხაზის მეორე მხარეს მყოფ მეუფე სპირიდონს.

„ავიღე ყურმილი, მესაუბრება მეუფე სპირიდონი, მაგრამ ამას საუბარი არ ქვია. მიყვირის. რა უფლება გქონდათ თქვენ, ზედამხედველის გარეშე რომ მოითხოვეთ ბავშებთან საუბარი, ახლავე დატოვეთ ბავშვთა სახლის ტერიტორია, თორემ გამოვუძახებ პოლიციას. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ეს მისგან. მოვასწარი იმის თქმა, რომ არაფერს ისეთს არ ვაკეთებ, რაც კანონს ეწინააღმდეგება, ან უჩვეულოა”, - იხსენებს მაია.

მაიამ წლების შემდეგ, „საიდუმლო მასალების” გამოქვეყნების მერე ჩვენგან გაიგო, რომ იმ დღეს სპირიდონ აბულაძემ, რომელმაც კანონი დაარღვია, სახალხო დამცველის წარმომადგენელს უფლებები შეუზღუდა და უხეშად ელაპარაკა, პანსიონში მონიტორების „შეჭრის” შესახებ „საქმის კურსში ჩააყენა” ძალოვანი უწყებების ადგილობრივი წარმომადგენლები ემზარ (ბუბა) ბოლქვაძე და გიორგი კევლიშვილი. ეპისკოპოსმა მათ ტელეფონით დაურეკა.

ამ დოკუმენტების თანახმად, იმავე საღამოს, სპირიდონ აბულაძემ დაურეკა მესტიის ეპისკოპოს ილარიონსაც და ომბუდსმენის აპარატის ამბავს მოუყვა.

„მე თქვენს გვერდით ვარ, მაგათ დედას ვუტირებთ ჩვენ, შენ მაგარი კაცი ხარ, ამ “ლგბტ”-საც დედა ეტირებათ, ან ნარკოტიკებზე რიჟა ბაზარი წამოვიდა, მაგათაც დედას ვუტირებ, გავანადგურებთ, დიდი ცელი მაქვს აღებული და გავთიბავთ ყველას”, - ასე ამხნევებს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესტიის ეპისკოპოსი სხალთელ კოლეგას. ორივე მათგანს, სუს-ის სავარაუდო დოკუმენტებში ახასიათებენ როგორც პრორუს, ლიბერალური ღირებულებებისადმი მტრულად განწყობილ პირებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყველაზე გვიან, 2014 წელს უკვე იცოდა, რომ ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებს სხვაგან გადაყვანა სჭირდებოდათ. მეუფე სპირიდონი კი ბავშვებს არ თმობდა.

2014 წელს, როცა სავარაუდოდ სუს-ის მიერ შედგენილი ერთ-ერთი ფაილის მიხედვით, პანსიონში მხოლოდ 23 უდედმამო ბავშვი ცხოვრობდა, საპატრიარქოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა კომისიამ შემოწმებისას მეუფე სპირიდონს უთხრა, რომ ბავშვებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუკი დახურული ინსტიტუციის ნაცვლად ოჯახებში გაიზრდებოდნენ. სხალთელ ეპისკოპოსს ეს იდეა არ მოეწონა.

„აღნიშნულის ნიადაგზე მღვდელმთავარმა ინერვიულა და ცუდად გახდა, კომისიამ კი გადაწყვიტა დასთანხმებოდა მთავარეპისკოპოსის წინადადებას, რომლითაც უდედმამო ბავშვების მეურვეობას იკისრებდნენ მთავარეპისკოპოსი და მისი თანამშრომლები”, - წერია 2014 წლის 1 მარტს შედგენილ დოკუმენტში.

არსებობს სხვა ფაილებიც, სადაც ჩანს, როგორი ლმობიერი იყო ჯანდაცვის სამინისტრო ხისტი ეპისკოპოსის მიმართ. ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2018 წლის თებერვლის ამბებს აღწერს, ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია დაინტერესდა, გამოსწორდა თუ არა ის პრობლემები, რაც სამინისტროს მონიტორებმა 2017 წელს აღნუსხეს. როდესაც მინისტრის მოადგილეს სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ეპისკოპოსის რეაქციის შესახებ მოახსენეს, თამარ ბარკალაიამ „გულისტიკივილი გამოთქვა და მთავარეპისკოპოსს საკითხის დადებითად გადაწყვეტაში აღუთქვა დახმარება”. სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს და მის ჩინოვნიკებს ექვემდებარება ყველა ის სოციალური აგენტი, რომლიც დაჟინებით უნდა იკვლევდეს, რა აკლიათ და სჭირდებათ უდედმამო, ოჯახს გარეთ დარჩენილ ბავშვებს ლიცენზირებულ ბავშვთა სახლებში.

ნინოწმინდის პანსიონის გარდა სხალთელი ეპისკოპოსი ბოლო წლების განმავლობაში მართავდა - უნივერსიტეტს, საბავშვო ბაღებსა და სხვა სკოლა-პანსიონებსაც. ამ დაწესებულებებისთვის მთავარეპისკოპოსი ფულს სამი წყაროდან იღებდა - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საპატრიარქოდან, ასევე მისი დონორი იყო ფონდი „ქართუ”.

2020 წლის მონაცემებით, წელიწადში ის საპატრიარქოდან 5 მილიონ ლარს იღებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 759 300 ლარს. გარდა შემოწირულებებისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პრემიერ-მინისტრის ფონდიდან 60 000 ლარიც ჩაერიცხა. ერთი ამდენს უმატებდა ფონდი „ქართუც”, თუმცა, 2019 წლამდე. 3 წლის წინ ფონდის ახალმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ეპისკოპოსს ეს თანხა 10 000 ლარამდე შეუმცირა იმის გამო, რომ „წლების განმავლობაში არ მისდიოდათ დასაბუთებული, დეტალური დოკუმენტაცია გამოყოფილი დაფინანსების ხარჯთაღრიცხვის შესახებ”.

რამდენად ხმარდებოდა უკიდურესად ღარიბი ოჯახებიდან წამოყვანილი ბავშვების უკეთ ცხოვრებას და განათლებას ის ფული, რომელსაც მეუფე სპირიდონი წლების განმავლობაში იღებდა, გამოძიების ინტერესის საგანი ჯერ არ გამხდარა. ფინანსური დოკუმენტაცია არც სახალხო დამცველს აქვს შესწავლილი. ჩვენ შევეცადეთ, ფონდში გაგვერკვია, კიდევ იღებს თუ არა ეპისკოპოსი სპირიდონი მათგან რაიმე თანხას, თუმცა ნიკოლოზ ჩხეტიანმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

სავარაუდოდ სუსის დოკუმენტებში, მთავარეპისკოპოსზე შედგენილ დოსიეში მითითებულია, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, იგივე გოჩა აბულაძე 1984-87 წლებში საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის გამო. (დაუდასტურებელი ინფორმაცია ამის შესახებ დოკუმენტების გავრცელებამდეც არსებობდა.) სუს-ის ფაილებში აღნიშნულია ისიც, რომ სპირიდონი არის მკაცრი, ძუნწი და „პერიოდულად დაკავებულია ანანიზმით”.

საპატრიარქოში „საიდუმლო მასალების” გასაჯაროებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, დღეს საღამოს გააკეთეს ოფიციალური განცხადება და თქვეს, რომ რაც ამ დოკუმენტშია, მათი ნაწილი სიმართლეა, ნაწილი ტყუილი და ზოგიც ნახევრად ტყუილი. პროკურატურა არა ჩანაწერების მოპოვების ან იქ არსებულ შესაძლო დანაშაულებს, არამედ მისი გავრცელების გზებს იძიებს.

2021 წელს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მართვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გადაიბარა. სახალხო დამცველი პანსიონში ბოლოს რამდენიმე დღის წინ, 13 სექტემბერს ჩავიდა. ამ დროის მონაცემებით პანსიონში რჩება 15 ბავშვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG