Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის გახდება ველოსიპედი ბათუმში ალტერნატიული ტრანსპორტის საშუალება


ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ველობილიკის მონაკვეთი რკინის კონსტრუქციით გადაიკეტა, რითაც შუაზე გაიყო უწყვეტი ველოტრასა, რომელიც ბულვარის დასაწყისში - ანბანის კოშკიდან - იწყება და ახალი ბულვარის ტერიტორიამდე გრძელდება. ამ ფაქტმა ველომოყვარულთა უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ქალაქის მერიაში განმარტეს, ეს უკავშირდება მიწისქვეშა სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობას, რომელიც სწორედ არდაგანის ტბასთან მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება. ველობილიკიც სწორედ ამ დრომდე იქნება გადაკეტილი.

ზოგ ადგილებში ველობილიკი, უბრალოდ, შეღებილია და ჩასასვლელ-ამოსასვლელი საშინლად არაკომფორტულია, იმიტომ რომ მაქაც არ არის გათვალისწინებული ველომომხმარებელი. კიდევ, საღებავი, რითაც ღებავენ ამ ბილიკებს, სრიალებს და დიდი საფრთხეა, წაიქცე. მუხრუჭებიც არ იჭერს.

ბულვარის ველოტრასა თავდაპირველად გასართობად გაკეთდა, დღეს კი მას, ველოებით მოსეირნე დამსვენებლების გარდა, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი ქალაქში გადაადგილების საშუალებად იყენებს, რადგან, განსხვავებით ბათუმის ცენტრალური უბნებისგან, სადაც ქუჩებში წითელი ბილიკები წყვეტილადაა დახაზული, ბულვარის უწყვეტი ტრასა შედარებით ნაკლებად სახიფათოა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ქუჩებში ველოს ტრანსპორტად გამოყენება არცთუ ისე უსაფრთხოა, მას აქტიურად იყენებს ადგილობრივთა ნაწილი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ისინი იმ დაბრკოლებებზე ლაპარაკობენ, რომლებიც მათ ქალაქში გადაადგილებისას ხვდებათ:

„ველოსიპედს ვიყენებ ყოველდღიურად სამსახურში წასასვლელად, ბავშვსაც მაგით ვაკითხავ საბავშვო ბაღში. ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდები, იმიტომ რომ მანქანებია გაჩერებული ველობილიკებზე. ამიტომ იძულებული ვართ ტროტუარებზე ან სამანქანო გზებზე გადავიდეთ, რაც არ არის უსაფრთხო“.

ველობილიკების დასრულება დაკავშირებულია კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან, რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.
ლაშა კომახიძე, ბათუმის მერი

„ქვეითებიც ქმნიან პრობლემას, დადიან წითელ ველობილიკზე. მანქანებიცაა გაჩერებული. არ არის კარგად გაკეთებული ველობილიკები, თან ყველგან არ არის, წყვეტილია. გარდა ამისა, საშიშია წვიმის დროსაც, საბურავები სრიალებს“.

„ზოგ ადგილებში ველობილიკი, უბრალოდ, შეღებილია და ჩასასვლელ-ამოსასვლელი საშინლად არაკომფორტულია, იმიტომ რომ მაქაც არ არის გათვალისწინებული ველომომხმარებელი. კიდევ, საღებავი, რითაც ღებავენ ამ ბილიკებს, სრიალებს და დიდი საფრთხეა, წაიქცე. მუხრუჭებიც არ იჭერს“.

„კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს ველო, როგორც ტრანსპორტი და არა გართობის საშუალება, იმიტომ რომ ეკოლოგიურად სუფთაა, ეკონომიურია, სპორტული აქტივობაა და, უბრალოდ, მოუხდება ველოთი მოსიარულე ბევრი მოქალაქე ქალაქს. ამისთვის მოსაწესრიგებელია რაღაცები, მაგალითად, უფრო მეტი გასაჩერებელი უნდა იყოს ველოსთვის“.

ველოს, როგორც ალტერნატიული ტრანსპორტის, განვითარება ბათუმში გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას, ამბობს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, მთავარ პრობლემად კი ბათუმის ქუჩებში არსებულ წყვეტილ ველობილიკებსა და ერთიანი სისტემის არარსებობას ასახელებს:

„სატრანსპორტო სისტემის პრობლემების მოგვარებაში, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, პირველ და მეორე ადგილზე ველოტრანსპორტი ნამდვილად არ დგას, იმიტომ რომ გაცილებით სხვა უფრო ეფექტური საკითხების მოგვარება შეიძლება, რომელიც უფრო კარგ შედეგს მოგვცემს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში ამაზეც ვიმუშავებთ. ველობილიკების დასრულება დაკავშირებულია კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან, რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. პირველ ეტაპზე პროექტი უნდა შემუშავდეს, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ მალე. როცა განვსაზღვრავთ, რა ღირებულებებთან გვექნება საქმე, მერე ვიმსჯელებთ დროში მის განხორციელებაზე“.

ველოტრანსპორტს უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამისთვის ქალაქმა უნდა დახარჯოს რესურსი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ამისთვის მუშაობა.
თეონა დიასამიძე, ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

ველოტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ბათუმის მუნიციპალიტეტი წელს ფულის დახარჯვას არ აპირებს, თანხა არც მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში და არც მის კორექტირებულ ვერსიაშია გათვლილი, აცხადებს ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე თეონა დიასამიძე და აქვე შეახსენებს ბათუმის თვითმმართველობას ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებს მდგრადი ურბანული ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემის შექმნას და პოლიტიკის შეცვლას:

„ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული, იმიტომ რომ ჩვენ თუ უზრუნველვყოფთ ქალაქში მხოლოდ ინდივიდუალური ტრანსპორტისთვის პარკინგის ადგილებს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ბუნებრივია, ეს ვერ დაარეგულირებს ქალაქში სატრანსპორტო ქაოსს. ველოტრანსპორტს უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამისთვის ქალაქმა უნდა დახარჯოს რესურსი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ამისთვის მუშაობა. უნდა გაიზარდოს ველოტრანსპორტის მიმართ ქალაქის დაინტერესება, ქალაქმა კი უნდა იგრძნოს ეს პოლიტიკა და მოქალაქეებმა, პირველ რიგში“.

მოქალაქეები კი, რომლებიც ველოს იყენებენ, როგორც ალტერნატიულ ტრანსპორტს, პირველ რიგში, თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ ქალაქში გადაადგილებისას. სწორედ ამ შემთხვევაში იზრდება ველომომხმარებელთა რიცხვი, ამბობს ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, წარმომადგენელი სამოქალაქო ინიციატივისა „იარე ფეხით“:

„ბათუმი ისეთი ქალაქია, სადაც ქალაქის ცენტრი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული. ამიტომ მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილებიდან სამსახურებამდე და სასწავლებლებამდე დიდი მანძილის გავლა არ უწევთ. გარდა ამისა, აქვს მშვენიერი რელიეფი. აქ არის ბულვარი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იარონ ველოთი და დაინტერესდნენ ველოსიპედით გადაადგილებით. საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ბათუმი არის ძალიან პერსპექტიული ქალაქი ველომიმართულებისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG