წელს, როცა აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, ევროპელებს შეიძლება უფრო იოლი საუბრების იმედი აქვთ - მაშინ, როცა რუსეთი და ჩინეთი ყურადღებით აკვირდებიან დასავლურ ალიანსში განხეთქილების ახალ ნიშნებს.
„სახელმწიფო მდივანი რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ გზავნილებს და მათ განსხვავებული საკუთარი სტილი აქვთ. თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში 100-პროცენტიანი თანხვედრა აქვთ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ალექსანდრ გრეიმ, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის პირველი ვადის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) წევრი იყო.
„ვფიქრობ, მისი გზავნილი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის (NSS) მსგავსი იქნება: ჩვენი ინტერესები და სად ემთხვევა ისინი ევროპისას, ნათელია, მაგრამ არ მოერიდება შემაშფოთებელი უთანხმოების სფეროების გამოკვეთას“, - დასძინა მან.
ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების ანგარიში ვენსის გამოსვლის სულისკვეთებას შეესაბამებოდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკა - რასაც თავად უწოდა „ცივილიზაციური განადგურება“ - ევროპის პოლიტიკა ინტერნეტში სიძულვილის ენისა და იმიგრაციის საკითხში. რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენის შესახებ საუბრისას მან მოსკოვისგან მოწონება დაიმსახურა.
ეს იყო ერთ-ერთი იმ მომენტთაგან, რომელიც კარგად ახასიათებს რთულ წელიწადს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბული კამათით ოვალურ კაბინეტში და დამთავრებული აშშ-ის ზეწოლით დანიაზე გრენლანდიის გადაცემის მოთხოვნით, რასაც ევროპამ წინააღმდეგობა გაუწია.
ამასობაში, ტრამპის განმეორებითმა განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ევროპა ნაკლებად უნდა დაეყრდნოს ვაშინგტონს როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის თავდაცვის თვალსაზრისით, გააჩინა შიში „ბებერი კონტინენტიდან“ აშშ-ის წასვლის შესახებ.
„შეერთებული შტატები აღარ აღიქვამს ევროპას, როგორც გეოპოლიტიკური ჩართულობის მთავარ სცენას. და ამის მიზეზი მარტივია: რუსეთი დაღმავალი, საბოლოოდ დაღმავალი ძალაა. ის არ არის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე“, - თქვა გრეიმ.
„მე მგონია, რომ ევროპა ვერ ხვდება ფუნდამენტურ ცივილიზაციურ საზრუნავს... უბრალოდ, ფუნდამენტური შეუსაბამობაა ამერიკულ კონსერვატიულ პოლიტიკასა და ევროპული პოლიტიკური ეკონომიკის ძირითად კურსს შორის“, - თვლის გრეი.
მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე, ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა მსგავსი პოზიცია დაიკავა: შეერთებული შტატები და ევროპა თავდაცვის საკითხებში ერთად მუშაობენ, მაგრამ ღირებულებების საკითხში ერთმანეთს არ ეთანხმებიანო.
9 თებერვალს ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, უიტეკერმა განაცხადა, რომ ვენსს ჰქონდა „პროვოკაციული გამოსვლა“, რომელმაც „ლეგიტიმური კრიტიკა“ გამოიწვია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკული პოლიტიკა, იმიგრაცია და სიტყვის თავისუფლება.
„მაგრამ ამავე დროს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განქორწინებას ვაპირებთ“, - დასძინა მან. „ჩვენს ბევრ მოკავშირეს შეუძლია გააკრიტიკოს ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ჩვენ მაინც თქვენი საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე ვართ“.
დაძაბული პარტნიორობა აშშ-სა და ევროპას შორის
დახურულ კარს მიღმა ევროპელები ძირითადად იბრძოლებენ იმისთვის, როგორ გახდნენ უფრო დამოუკიდებლები აშშ-სგანკარლო მასალა
გრენლანდიასთან დაკავშირებით კითხვაზე, როცა ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავდა, სანამ იანვარში ნატოს ხელმძღვანელ მარკ რიუტესთან მოლაპარაკებების შემდეგ უკან დაიხევდა, უიტეკერმა უპასუხა, რომ “საქმე იმას ეხება, სათანადოდ უზრუნველყოფს თუ არა დანია გრენლანდიაში უსაფრთხოებას“ და გაფრთხილება გამოთქვა „ჩინეთის ან რუსეთის მავნე გავლენის“ შესახებ.
შეშფოთებულმა ევროპელმა ლიდერებმა ვაშინგტონის დამშვიდება სცადეს და პირობა დადეს, რომ მასიურად გაზრდიდნენ თავდაცვის ხარჯებს ტრამპის მოთხოვნების შესაბამისად, ნატოს ხარჯების უფრო ფართოდ განაწილების შესახებ.
მათ ასევე არაერთხელ შეაქეს ტრამპის ლიდერობა საერთაშორისო ურთიერთობებში და ხაზი გაუსვეს საერთო ისტორიასა და ღირებულებებს. სავარაუდოდ, მიუნხენში ამჯერად კიდევ უფრო ხშირად დავინახავთ ასეთ ქცევას მათი მხრიდან.
„მე გარკვეულ წინააღმდეგობრივ განწყობას ველოდები“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას მიუნხენის ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალები) უნივერსიტეტის თანამშრომელმა, კარლო მასალამ.
„ევროპელები და ამერიკელები თავს დაიმშვიდებენ, რომ, ასე თუ ისე, ისინი კვლავ პარტნიორები არიან. თუმცა დახურულ კარს მიღმა ევროპელები ძირითადად იბრძოლებენ იმისთვის, როგორ გახდნენ უფრო დამოუკიდებლები აშშ-სგან“, - დასძინა მან.
მასალამ, რომელმაც გასულ წელს გამოაქვეყნა გავლენიანი წიგნი სახელწოდებით „თუ რუსეთი გაიმარჯვებს“ - რომელშიც აღწერილია რუსეთის შეჭრა ესტონეთში, ნატოს წევრ ქვეყანაში - განაცხადა, რომ მთელი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ახლა „უკრაინის გარშემო ტრიალებს“.
ვაშინგტონმა მკვეთრად შეამცირა კიევის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2025 წლის იანვარში კვლავ დაიკავა პრეზიდენტის სავარძელი. თუმცა ის კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში და კვლავ ამარაგებს კიევს ევროპული ქვეყნების მიერ დაფინანსებული იარაღით.
„თუ ეს ადმინისტრაცია ამ საკითხებზეც უარს იტყვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ვითარება უკრაინელებისთვის სრულიად განსხვავებული იქნება. ასე რომ, ეს ფორმა, თუ როგორ ურთიერთობს ევროპა აშშ-სთან, ძირითადად ორიენტირებულია უკრაინის საქმეში აშშ-ის შენარჩუნებაზე”,- თქვა მასალამ.
უკრაინაში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტა არ იქნება, სანამ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება და ეს რომ მოხდეს, ამისათვის ევროპამ და კანადამ უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ სტრატეგიარიჩარდ შირეფი
ოვალურ კაბინეტში დავის შემდეგ, ზელენსკიმ მსგავსი სტრატეგია გამოიყენა ტრამპთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე. თუმცა მან ასევე არაერთხელ მოუწოდა ევროპელებს, რომ მეტი გაეკეთებინათ და ნუ ელოდებოდნენ ვაშინგტონს.
გასული წლის კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ევროპული არმიის შექმნის მოწოდებით გამოვიდა. შესაძლოა, ეს გზავნილი მან წელს მიუნხენშიც გაიმეოროს. იანვარში შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ზელენსკიმ კვლავ ახსენა ეს იდეა და იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რასაც „ზაზუნას დღე“ უწოდა, როდესაც ძლიერ სიტყვებს გადამწყვეტი ქმედებები არ მოჰყოლია.
„გასულ წელს დავოსში ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით: „ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი“. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა“, - თქვა მან.
ეს არის მოსაზრება, რომელსაც ეთანხმება ევროპაში ნატოს ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე რიჩარდ შირეფი.
„შეგიძლიათ გამორიცხოთ შეერთებული შტატები. ეს ევროპისა და კანადის საქმეა“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. „უკრაინაში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტა არ იქნება, სანამ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება და ეს რომ მოხდეს, ამისათვის ევროპამ და კანადამ უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ სტრატეგია, რათა უკრაინას ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინონ“.
შირეფმა, ამჟამად საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, GlobSec-ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრმა, განაცხადა, რომ ნატოს ძირითადი ლიდერები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.
„მე ვფიქრობ, რომ [კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ] კარნიმ ეს გაიგო. ვფიქრობ, ყველა დანარჩენი მხოლოდ ლაპარაკობს. ისინი ამას ვერ ხვდებიან. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე რეალური ღერძი არსებობდეს. მოდით, ცხადად ვთქვათ: პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ფინეთი - ისინი აბსოლუტურად ხვდებიან ამას. მაგრამ ვშიშობ, რომ [სხვა] დასავლელი ლიდერები პოლიტიკურად საკმაოდ უმწეო და არაადეკვატური არიან ამ მხრივ“, - თქვა მან.
„მცდელობამ ისეთების მხრიდან, როგორებიც არიან რიუტე, [ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი] კირ სტარმერი და [საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ] მაკრონი, დაემშვიდებინათ ის, ტრამპის მხრიდან მათ მიმართ სიძულვილი გამოიწვია”, - ამბობს შირეფი.
მთელი ყურადღება უკრაინაზე
უკრაინამ ბოლო წლის განმავლობაში ხშირად გამოავლინა ვაშინგტონსა და ევროპაში მის ნატოელ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებები და მიუნხენის კონფერენციაზე ამაზე ბევრს ილაპარაკებენ.
ევროპელმა ლიდერებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი ტრამპის მცდელობებს, ეშუამავლა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. თუმცა ასევე განაცხადეს, რომ არ სჯერათ, რომ რუსეთს გულწრფელად სურს 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულება.
ევროპას აშკარად მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის განხილვაში, თუ როგორ მოგვარდება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხიალექსანდრ გრეი
10 თებერვალს ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში ამ შეშფოთების უახლესი გამოხატულება იყო. დოკუმენტში წერია, რომ მოსკოვის თანამშრომლობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში არის „ხრიკი“, რომელიც მიზნად ისახავს „მოსკოვის მიერ აშშ-სა და ევროპას შორის არსებული უთანხმოების გაფართოებას“.
ამავე დროს ტრანსატლანტიკური დაძაბულობის კიდევ ერთ ნიშნად ევროპულმა მედიამ მოიყვანა მაკრონის სიტყვები, რომ ტრამპი „ღიად ანტიევროპულია“ და ცდილობს ევროკავშირის „დანაწევრებას“.
მაკრონის ინტერვიუ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებაში ევროპის ჩართვის ახალი მცდელობა იყო. გავრცელდა ცნობა, რომ, მისი აზრით, ევროპა რუსეთთან საკუთარ დიალოგს უნდა ესწრაფოდეს, „რათა ამ დისკუსიაში მესამე მხარეებზე არ იყოს დამოკიდებული“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა გააღრმავა ეს მიდგომა და თქვა, რომ „ყველამ, მაგიდის გარშემო მყოფებმა, მათ შორის რუსებმა და ამერიკელებმა, უნდა გაიგონ, რომ ევროპელების ჩართვა აუცილებელია“.
ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა გრეიმ, რომელიც ამჟამად American Global Strategies LLC-ის აღმასრულებელ დირექტორის პოსტზეა, განაცხადა, რომ ეს არ უნდა იყოს დიდი პრობლემა.
„ვფიქრობ, ევროპას ნამდვილად სურს ითამაშოს თავისი როლი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს როლი აუცილებლად ყოველდღიურ მოლაპარაკებებში უნდა იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ ევროპას აშკარად მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის განხილვაში, თუ როგორ მოგვარდება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხი”.