Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აბრუნებს რუსეთს დიდ სპორტსა და კულტურაში

პინა პიჩერნო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი (იტალია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
პინა პიჩერნო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი (იტალია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

2026 წელი რუსეთისთვის დიდ სპორტსა და მსოფლიო კულტურულ სცენაზე დაბრუნების წლად იქცა. ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსმა სპორტსმენებმა პარალიმპიურ თამაშებზე ეროვნული დროშის ქვეშ იასპარეზეს, რამაც ევროპის არაერთი ქვეყანა აღაშფოთა.

დროშითა და ჰიმნით რუს სპორტსმენებს მსოფლიო ცურვის შეჯიბრებებშიც უშვებენ — შესაბამისი გადაწყვეტილება წყლის სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დაამტკიცა. ამის გამო ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს ტურნირების მასპინძლობაზე.

2025 წელს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ნება დართო რუს სპორტსმენებს, კვლავ ეასპარეზათ ეროვნული დროშითა და ჰიმნით აბუ-დაბის ტურნირიდან (28–30 ნოემბერი). 2025 წლის მაისში IJF-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება მისცა ბელარუს ძიუდოისტებსაც.

დროშები, ჰიმნები და ფორმები ნეიტრალური არ არის. მათი დაშვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", — გლენ მიკალეფი

არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთშიც დაბრუნდეს. FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2026 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთისათვის თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა „მხოლოდ კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებასა და სიძულვილს ქმნიდა“.

ევროკომისარი კულტურის საკითხებში გლენ მიკალეფი ამ პროცესში ხედავს იმის რისკს, რომ კულტურული სივრცეები პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცეს:

„სპორტი არასდროს უნდა იქცეს პოლიტიკური პროპაგანდის იარაღად. დროშები, ჰიმნები და ფორმები ნეიტრალური არ არის. მათი დაშვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, — განაცხადა გლენ მიკალეფმა 29 აპრილს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.

მიკალეფმა ასევე ისაუბრა რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე ვენეციის ბიენალეში — რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ხდება და რამაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში უკმაყოფილება გამოიწვია.

გლენ მიკალეფი, ევროკომისარი კულტურის საკითხებში. სტრასბურგი, საფრანგეთი,.29 აპრილი, 2026 წელი
გლენ მიკალეფი, ევროკომისარი კულტურის საკითხებში. სტრასბურგი, საფრანგეთი,.29 აპრილი, 2026 წელი

ევროკომისია პრესტიჟულ გამოფენას გრანტის გაუქმებით ემუქრება. თავად მიკალეფი კი ამბობს, რომ მიღებულ მიწვევას არ გამოიყენებს ბიენალეში რუსეთის მონაწილეობის გამო:

„დიდი სიამოვნებით ვეწვეოდი ბიენალეს, რათა ევროპის დღე აღგვენიშნა იტალიურ კულტურულ სექტორთან ერთად. მაგრამ სანამ იქ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს იწვევენ და უკრაინელები ყოველდღიურად იერიშების ქვეშ არიან, არ შემიძლია იქ ყოფნა“, — უთხრა მან სტრასბურგში ევროდეპუტატებს.

ევროკომისიის კულტურის მიმართულების წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს უკრაინული კულტურისა და იდენტობის განადგურებას და მოუწოდებს ყველას, ამ ფაქტებზე თვალი არ დახუჭონ.

„დუმილი თანამონაწილეობაა. თუ რუსეთს აგრესიის პირობებში ვაძლევთ საშუალებას, სპორტი და კულტურა პროპაგანდის პლატფორმად გამოიყენოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვუგზავნით საშიშ სიგნალს — თითქოს ასეთი ქმედებები მისაღებია. ეს მცდარი ნეიტრალობაა, რომელსაც ევროკავშირი ვერ მიიღებს“, — აღნიშნა ევროკომისარმა კულტურის საკითხებში.

რუსეთის დაბრუნების მომხრეები

იტალიელი ევროპარლამენტარები, რომლებიც მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ, არ იზიარებენ ევროკომისიის პოზიციას და კულტურულ სფეროში დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა ძველი საბერძნეთის მაგალითიც, როდესაც ომებს წყვეტდნენ ოლიმპიადების დროს.

პაოლო ბორკია, ევროპარლამენტარი (იტალია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
პაოლო ბორკია, ევროპარლამენტარი (იტალია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

„ბატონო კომისარო, როგორც ვენეტოს რეგიონის წარმომადგენელი, თქვენი სიტყვები ძალიან სერიოზულად მიმაჩნია. ახლა გახსნილობის, ღიაობის დროა და არა ჩაკეტვისა. თქვენ ფაქტობრივად უღალატეთ ოლიმპიურ სულისკვეთებას, რადგან არსებობს წმინდა მომენტი, როცა იარაღი უნდა დადონ და ომში მყოფმა მხარეებმა დიალოგი დაიწყონ“, — განაცხადა იტალიელმა ევროპარლამენტარმა პაოლო ბორკიამ („პატრიოტები ევროპისათვის“), რომელსაც მხარი დაუჭირა ჩეხმა ევროპარლამენტარმა ტომაშ ფრელიხმა:

ტომაშ ფრელიხი, ევროპარლამენტარი (ჩეხეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
ტომაშ ფრელიხი, ევროპარლამენტარი (ჩეხეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ჩვენ ამას ვგმობთ, მაგრამ რა შეუძლიათ რუს სპორტსმენებს? კოლექტიური დასჯა ცივილიზაციური უკუსვლაა. სპორტსმენები არ აგებენ პასუხს თავიანთი მთავრობის პოლიტიკაზე. თქვენ ადამიანებს სპორტის გამო ყოფთ — და ეს სისუსტის ნიშანია… სამწუხაროა, რომ ევროპა ასე დაეცა“.

სპორტსმენები არ აგებენ პასუხს თავიანთი მთავრობის პოლიტიკაზე", - ტომაშ ფრელიხი

იტალიელმა ევროპარლამენტარმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა კაროლინა მორაჩემ „მემარცხენეებიდან“, სადაც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ბევრი სკეპტიკოსია გაწევრიანებული, ასევე განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მისი მშობლიური ვენეცია წელს რუსეთის კულტურულ დელეგაციას მიიღებს.

კაროლინა მორაჩე, ევროპარლამენტარი (იტალია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
კაროლინა მორაჩე, ევროპარლამენტარი (იტალია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

„სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირი სპორტსმენებსა და მუსიკოსებს მხოლოდ იმის გამო სჯის, რომ ისინი „არასწორ მხარეს“ დაიბადნენ ან სხვაგვარად ფიქრობენ. ვენეციის ბიენალეს დაფინანსების შეწყვეტა რუსული პავილიონის გამო — ჩემთვის, როგორც ვენეციელისთვის, პოლიტიკური ზეწოლაა. ეს არ აჩვენებს ევროპის რწმენას მშვიდობის მიმართ — ეს აჩვენებს პოლიტიკური პროპაგანდის ესკალაციას“, — განაცხადა კაროლინა მორაჩემ.

კატარინა როტ-ნევედიალოვა, დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი (სლოვაკეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
კატარინა როტ-ნევედიალოვა, დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი (სლოვაკეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

ევროპარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა კატარინა როთ-ნევედიალოვამ, რომელიც პოლიტიკურად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პარტიას ეკუთვნის, ასევე მხარი დაუჭირა რუსების კულტურულ ღონისძიებებში დაბრუნებას.

„თუ სპორტსმენებს მათი სახელმწიფოს ქმედებების გამო დავსჯით — ეს იქნება კოლექტიური დასჯა, რომელსაც XXI საუკუნეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ უნდა ავუკრძალოთ რუსებს ევროპაში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

და გულწრფელად რომ ითქვას, ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელმაც თქვენი გამოსვლა მოამზადა, ბატონო კომისარო, ეს ძალიან კარგად გააკეთა“, — უთხრა როთ-ნევედიალოვამ ევროკომისარს კულტურის საკითხებში, თუმცა არ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ გამოსვლის მომზადებაში მართლაც იყო გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი.

რუსეთთან კულტურული თანამშრომლობის მოწინააღმდეგეები

ევროპარლამენტში ცენტრისტულ, შესაბამისად პროუკრაინულ პარტიებს მიკუთვნებულ დეპუტატთა უმრავლესობამ მაინც დაგმო რუსეთის დაბრუნება დიდ სპორტსა და კულტურაში.

რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია აქვეყნებს მათი გამოსვლებიდან ამონარიდებს, რომლებშიც ახსნილი და მოტანილია არგუმენტები, რატომ არ არის რუსეთის ადგილი საერთაშორისო სცენაზე და რა რისკებს შეიცავს განსხვავებული მიდგომა.

სტუმრები რუსეთის პავილიონის მახლობლად ვენეციის ბიენალეზე. იტალია. 17 აპრილი, 2024 წელი
სტუმრები რუსეთის პავილიონის მახლობლად ვენეციის ბიენალეზე. იტალია. 17 აპრილი, 2024 წელი

ვილლე ნიინისტიო (ფინეთი), ევროკავშირ–რუსეთის თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტი:

„რუსეთისთვის სპორტი და კულტურა ლეგიტიმაციისა და პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტებია. საუბარი არ არის ცალკეულ ადამიანებზე— საქმე ეხება სახელმწიფოს მონაწილეობას რუსული დროშით.

პუტინს აქვს სპორტის პროპაგანდის იარაღად გამოყენების დიდი ისტორია", - ვილლე ნიინისტიო

ბევრი სპორტსმენი სახელმწიფოსგან ფინანსდება და იძულებულია, მხარი დაუჭიროს რეჟიმს. პუტინს სპორტის პროპაგანდის იარაღად გამოყენების დიდი ისტორია აქვს.

ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა შევინარჩუნოთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა და მივმართოთ ზეწოლა საჭირო მიმართულებით, ომის შესაჩერებლად.

აზრი არ აქვს მოლაპარაკებას ან დისკუსიას პარტნიორთან, რომელიც ჩვენს თითოეულ ნაბიჯს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს — პროპაგანდის გასაძლიერებლად და ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებისთვის“.

ვილე ნიინისტიო, ევროპარლამენტარი (ფინეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
ვილე ნიინისტიო, ევროპარლამენტარი (ფინეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა):

„ჩვენ ვზღუდავთ ურთიერთობებს იმ იმედით, რომ ეს ზომები საკმარის ზეწოლას შექმნის, რათა აგრესორმა აგრესია შეწყვიტოს. ეს ლოგიკურიცაა და მარტივიც…

…განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა შეწყვიტა დაბომბვა და მკვლელობები, რომ მზად არის ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისთვის? — არა.

სანამ რუსეთი საერთაშორისო სპორტში დაბრუნდება, მისმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა დანგრეული უკრაინული ქალაქების აღდგენაში. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოიტანს დასკვნებს თავისი აგრესიული პოლიტიკიდან, შეიძლება ვისაუბროთ ნორმალიზაციაზე“.

აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

ჰანს გაიდე (ავსტრია):

„სიტუაცია, როცა რუსი სპორტსმენი უკრაინელის გვერდით ან მის წინააღმდეგ გამოდის, მიუღებელია.

პუტინი სპორტს თავისი სამხედრო კამპანიის ნაწილად იყენებს…

ფედერაციებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე და აღარ დაუშვან რუსი სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში. ასეთი ნაბიჯები აუცილებელია“.

პუტინი სპორტს თავისი სამხედრო კამპანიის ნაწილად იყენებს…"

ადამ ბელანი (პოლონეთი):

„ნორმალიზაცია კულტურული ურთიერთობების გზით ჰგავს იმას, რასაც ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადის“ პროექტით აკეთებდა. და რუსი სპორტსმენის ყოველი მოწვევა, უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია…

…რუსეთი აგრესორია. ის ცდილობს აღადგინოს თავისი ნეოიმპერიული გავლენა…

…უნდა გვახსოვდეს, რომ სპორტი და კულტურა ამ გავლენის გაფართოების ინსტრუმენტებია“.

ადამ ბელანი, ევროპარლამენტარი (პოლონეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
ადამ ბელანი, ევროპარლამენტარი (პოლონეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

ბარტოლომეი სენკევიჩი, ევროპარლამენტარი და პოლონეთის ყოფილი კულტურის მინისტრი:

„რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ბრუნდება ვენეციის ბიენალეს მეშვეობით. მისი პავილიონი თანამედროვე ხელოვნება არ არის — ეს პუტინის ცირკია. ის იქ კვლავ ხსნის თავის პავილიონს.

პარადოქსია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ რეჟიმმა ათასობით უკრაინელი მოკლა. პიეტრანჯელო ბუტაფუოკო (ბიენალეს პრეზიდენტი) და მისი გენერალური დირექტორი ფაქტობრივად რუსეთის პროპაგანდის „ჯარისკაცებად“ იქცნენ.

მოვუწოდებ ევროკომისიას, ნუ დაელოდებით იტალიისგან ახსნა-განმარტებებს. დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ დაფინანსება“.

ბარტლომეი სენკევიჩი, ევროპარლამენტარი (პოლონეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
ბარტლომეი სენკევიჩი, ევროპარლამენტარი (პოლონეთი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანი (გერმანია):

„სპორტის ის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში, ძირს უთხრიან ზნეობასა და ღირებულებებს. რუსეთს ფაქტობრივად წითელ ხალიჩას უფენენ — და ეს დაცემის ახალი დონეა.

სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული არ არის. მათი დაშვება საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს“.

მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანი, ევროპარლამენტარი (გერმანია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანი, ევროპარლამენტარი (გერმანია). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

თეის როოტენი (ნიდერლანდი):

„რატომ უნდა დავუშვათ, რომ ლავროვის ქალიშვილი რუსეთს ბიენალეზე წარმოადგენდეს? რატომ უნდა მივცეთ სპორტსმენებს უფლება, საკუთარი დროშის ქვეშ გამოვიდნენ და შესაძლოა რუსეთის დანაშაულებიც კი განადიდონ?

ვინც ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია პუტინთან და მის გარემოცვასთან, ან საშიშად გულუბრყვილოა, ან შეგნებული თანამზრახველი."

…რა შეიცვალა? — მხოლოდ იმ ადამიანების ზნეობრივი კომპასი, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და რუსეთს ასპარეზზე დაბრუნების საშუალებას აძლევენ.

ყველა სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ვეტყვი: თქვენ დაკარგეთ უნარი, გაარჩიოთ სწორი და არასწორი. თქვენ შეწყვიტეთ მიუღებელი ქმედებების შედეგებთან დაკავშირება.

პარალიმპიადაზე უკვე ვნახეთ, სადამდე მივყავართ ამას — რუსმა სპორტსმენმა უკრაინის დროშას ზურგიც კი შეაქცია.

ეჭვი არ მეპარება, რომ სპორტს და კულტურას შეუძლია ადამიანების გაერთიანება და ხიდების აშენება. მაგრამ ვინც ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია პუტინთან და მის გარემოცვასთან, ან საშიშად გულუბრყვილოა, ან შეგნებული თანამზრახველი“.

თეის როიტენი, ევროპარლამენტარი (ნიდერლანდი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი
თეის როიტენი, ევროპარლამენტარი (ნიდერლანდი). სტრასბურგი, საფრანგეთი. 29 აპრილი, 2026 წელი

პინა პიჩერნო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი (იტალია):

„იმ დროს, როცა რუსული რაკეტები უკრაინაში თეატრებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და მუზეუმებს ანადგურებენ, რუსეთის რეჟიმის წარმომადგენლები საერთაშორისო გამოფენებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ.

ეს არ არის გახსნილობა და დიალოგი. ეს არის კულტურის გამოყენება ნორმალურობის ილუზიის შესაქმნელად, რათა დაგვავიწყონ კრემლის დანაშაულები.

ჩვენ ვერ შევძლებთ პუტინის რეჟიმის დიპლომატიურად იზოლირებას, თუ მას კულტურის სფეროში მივესალმებით — ეს ერთი და იგივე რეჟიმია, ერთი და იგივე დანაშაულებრივი მანქანა.

ვიდრე ომი გრძელდება, ჩვენმა ინსტიტუტებმა არ უნდა დაუთმონ აგრესორებს თავიანთი პლატფორმები. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები — ეს ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალია“.

ევროპარლამენტარებს არ შეუძლიათ პირდაპირ აუკრძალონ რუსეთს სპორტულ შეჯიბრებებსა თუ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, თუმცა ისინი მთავრობებსა და ინსტიტუტებს უგზავნიან ისეთ პოლიტიკურ სიგნალს, რომელმაც შეიძლება მათ გადაწყვეტილებებზე პირდაპირი გავლენა იქონიოს.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG