Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია ვენეციის ბიენალეს გრანტს აღარ გადასცემს რუსეთის მონაწილეობის გამო

 რუსული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე 2022 წელს
რუსული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე 2022 წელს

ევროკომისიამ ვენეციის ბიენალესთვის ორი მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გააუქმა თანამედროვე ხელოვნების გამოფენაში რუსეთის მონაწილეობის გამო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა თომას რენიემ განაცხადა.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკომისიამ წერილები გააგზავნა, სადაც ორ მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გაუქმების გადაწყვეტილებას აცხადებს. ჩვენ პოლიტიკურად ვგმობთ რუსული პავილიონის გახსნის გადაწყვეტილებას და იტალიის მთავრობას ვთხოვთ, განიხილოს ეს საკითხი“, - განაცხადა მან და კონკრეტულად ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების გაუქმება რუსეთის მონაწილეობას უკავშირდება.

რუსეთის მონაწილეობის გეგმები მარტის დასაწყისში გამოცხადდა. რუსეთის პავილიონს „ცაში ფესვგადგმული ხე“ ჰქვია. ორგანიზატორების თქმით, ინიციატივა მუსიკალური ფესტივალია, რომელშიც მონაწილეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე არგენტინიდან, ბრაზილიიდან, მალიდან და მექსიკიდან იქნებიან.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან სანქციების რეჟიმი და თავი აარიდონ ადგილების გადაცემას მათთვის, ვინც მხარს უჭერდა ან ამართლებდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

21 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ბომბავს მუზეუმებს, ეკლესიებს და უკრაინული კულტურის განადგურებას ცდილობს, თავისი კულტურის წარმოდგენის უფლება არ უნდა მისცენ.

კალასმა ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნებას „ამორალური“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ბიენალეს დაფინანსების შემცირებას გეგმავს.

მოსკოვი, თავის მხრივ, მას „კულტურის გაუქმების დისკრიმინაციულ მცდელობებში“ ადანაშაულებს.
ვენეციის ბიენალე ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო კულტურული გამოფენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა ფორმას, მათ შორის არქიტექტურას, კინოს, მუსიკას, ცეკვას და თეატრს. რუსეთმა ბოლოს მონაწილეობა 2022 წელს მიიღო. მას ვენეციაში საკუთარი პავილიონი აქვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG