Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის თხოვნას ყურადღებით ვეკიდებით". რა საერთო ინტერესები აქვთ "ჰამასს" და მოსკოვს


კვამლი ღაზის სექტორში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 27 ოქტომბერი, 2023 წელი.
კვამლი ღაზის სექტორში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 27 ოქტომბერი, 2023 წელი.

პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ დელეგაციამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით, მოსკოვში შეხვედრები 26 ოქტომბერს გამართა. ისრაელმა რუსეთის გადაწყვეტილებას უწოდა "გასაკიცხი ნაბიჯი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და ახდენს „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავი აქტების ლეგიტიმაციას".

7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ საჰაერო და სახმელეთო რეიდს 1400 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და ისრაელთან ომი მოჰყვა. „ჰამასმა“ სისხლიანი რეიდის შემდეგ 200-ზე მეტი ადამიანი აიყვანა მძევლად, მათ შორის - ბავშვები, ქალები და მოხუცები.

„ჰამასი“, აშშ-ის, ევროკავშირის, კანადისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული რადიკალური მოძრაობა, რუსეთს მეგობარს უწოდებს. პირობას დებს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოსკოვის თხოვნას უფრო დიდი გულისხმიერებით მოეკიდება.

მოსკოვში განხილული საკითხები მიმდინარე ომის თემატიკას გასცდა - „ჰამასმა“ და რუსეთმა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ კაცობრიობის მომავლის ფორმირებაზეც იმსჯელეს.

ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი, უკრაინაში ომის ფონზე, დაკარგული პოზიციებისა და იმიჯის აღდგენას ცდილობს.

რა უნდოდა "ჰამასს" მოსკოვში?

კრემლი შეკითხვებს არ პასუხობს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტები საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამისამართა.

„ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იქნება. დასამატებელი არაფერია“, - პესკოვის სიტყვებს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ცნობილია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია, პოლიტსაბჭოს წევრის - აბუ მარზუკის ხელმძღვანელობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა. ის პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში.

როგორც რუსეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, ბოგდანოვი „ჰამასის“ წარმომადგენლებს მანამდე, მიმდინარე კვირაში, კატარშიც შეხვდა. „ჰამასის“ დელეგაციის პარალელურად მოსკოვში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასთან“ საუბრის მთავარ თემას მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გამოყვანა წარმოადგენდა.

„რია ნოვოსტის“ თანახმად, „ჰამასი“ მზად არის რუსეთის თხოვნას უფრო გულისხმიერად მოეკიდოს.

„ისრაელელების უმრავლესობას მეორე მოქალაქეობაც აქვს: რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის და ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა ღაზის სექტორში მყოფ თავიანთ მოქალაქეებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსმა მეგობრებმა.

რუსეთის თხოვნას ჩვენ უფრო დადებითად და ყურადღებით ვეკიდებით, ვიდრე სხვებისას, რუსეთთან ურთიერთობების ხასიათის გათვალისწინებით“, - „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, აბუ მარზუკის სიტყვებს „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.

ამასთან, „ჰამასი“ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, აბუ ხამიდი პოზიციას ლოგისტიკური პრობლემებით ხსნის და ამბობს, რომ - დროა საჭირო ღაზის სექტორში მყოფი მძევლების მოსაძებნად და გასათავისუფლებლად, ხოლო ეს საომარ პირობებში შეუძლებელია.

27 ოქტომბერს ისრაელმა დააზუსტა, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მძევლად რჩება 229 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი.
რუსეთი აცხადებს, რომ მძევლებს შორის, რუსეთის, სულ მცირე, 6 მოქალაქეა.

რუსეთის მოქალაქე მძევლებზე ლაპარაკი ახლა არ დაწყებულა.

რუსეთის მედია, ორ კვირაზე მეტია, იუწყება, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. გავრცელდა ცნობები რამდენიმეს დაღუპვის შესახებაც. ასევე იყო ლაპარაკი ღაზის სექტორიდან გამოსვლის მსურველებზე.

რუსეთში „პალესტინის წარმომადგენლობა“ იმხანად იტყობინებოდა, რომ მიიღეს 300 განაცხადი და მათ შორის - 220 რუსეთის მოქალაქე იყო.

„ჰამასმა“ ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ აქვთ კომუნიკაცია მოსკოვთან, სწორედ მძევლების თემაზე. თუმცა ამ დრომდე არაფრი შეცვლილა. ადგილზე რჩებიან მძევლებიც და ღაზის დატოვების მსურველებიც.

კიდევ რაზე იმსჯელეს?

მოსკოვში განხილული საკითხები ისრაელ-„ჰამასის“ ომის თემატიკას გასცდა და, როგორც რუსეთის მედია იტყობინება, რეგიონისა და კაცობრიობის მომავალსაც შეეხო.

„ჩვენ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით ჩამოვედით... განვიხილეთ ყველაფერი, რაც პალესტინის პრობლემას შეეხება, როგორ უნდა განვსაზღვროთ ერთობლივად მთელი რეგიონისთვის და კაცობრიობისთვის, განსხვავებული იმისგან, როგორადაც მას აშშ ხატავს“, - რუსეთში ფართოდ გავრცელდა „ჰამასის“ დელეგაციის ხელმძღვანელის, აბუ მარზუკის სიტყვები.

„ჰამასი“ მოხარულია, რომ რუსეთი მათ არა ტერორისტებად, არამედ განმათავისუფლებლებად მიიჩნევს, რომლებიც „სამართლიანობისთვის იბრძვიან“ და ეს ვიზიტი არის რუსეთის მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის.

"ჰამასის" სტუმრობა მოსკოვში თითქმის არავის უკვირს.

პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის დელეგაცია მოსკოვში, სხვადასხვა დროს, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებამდეც ჩადიოდა და მათ რუსეთის დედაქალაქში ოფიციალურ დონეზე ხვდებოდნენ.

რუსეთის სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მოსკოვში მყოფი „ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ „დიდად აფასებენ პრეზიდენტ პუტინის პოზიციას პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში“ და „რუსეთის დიპლომატიურ ძალისხმევას“.

ირანელი მაღალჩინოსანიც მოსკოვში დახვდა

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, „ჰამასის“ დელეგაციის ხელმძღვანელი, მოსკოვში, მთავარი მოკავშირე - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, მოსკოვის კიდევ ერთ სტუმარს.

როგორც რუსეთში მოქმედი ირანის საელჩო აღნიშნავს, აბუ მარზუკისა და ალი ბაგერი კანის შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევას, ღაზის ბლოკადის მოხსნასა და ჰუმანიტარული ტვირთის შეუფერხებელ გატარებას.

27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა, რომელთა სამიზნე არიან ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ჰამასთან“ დაკავშირებული საწარმოები თუ ფიზიკური პირები. ეს რიგით მეორე პაკეტია, 18 ოქტომბერს გამოცხადებულის შემდეგ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ჰამასის“ საიდუმლო პორტფელი ასობით მილიონი დოლარით განისაზღვრება და აშშ ცდილობს ყველა გზა მოუჭრას ტერორიზმს. უწყება ხაზს უსვამს ირანის დანაშაულებრივ როლს „ჰამასის“ დახმარების პროცესში.

„ჰამასის“ მოსკოვში ჩასვლას მწვავედ გამოეხმაურა ისრაელი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ნაბიჯს უღირსი უწოდა და სტუმრების გაძევებაც მოითხოვა. მოწოდება არ შესრულდა.

რას ცდილობს რუსეთი?

ექსპერტების შეფასებით, რუსეთი, რეგიონის მსხვილ მოთამაშეებს შორის, საკუთარი მნიშვნელობის წარმოჩენასა და უკრაინის ომთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის უკანა პლანზე გადაწევას ცდილობს.

„რუსეთი ცდილობს დემონსტრირებას, რომ უკრაინაში შეჭრის გამო მისი იზოლაციის დასავლური გეგმა ჩავარდა და, რომ ასრულებს მნიშვნელოვან როლს“, - ეუბნება „ნიუ-იორკ ტაიმსს“ ისრაელის გამოცემა Detaly news-ის რედაქტორი, ალექსანდრა ეპლბერგი, რომელიც დასძენს, რომ რუსეთს არა აქვს სიტუაციაზე ზეგავლენის ბერკეტები, თუმცა შესაძლოა სურდეს „აიმაღლოს პრესტიჟი არაბულ სამყაროში“.

საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, უკრაინაში ომისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე, საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება რუსეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის ისრაელთან ისედაც გრილი ურთიერთობების სრულად გაწყვეტასაც რისკავს.

რუსეთის პოზიციაა, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი და მხარეებმა დაიწყონ მოლაპარაკებები პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უსაფრთხოების საკითხისადმი, გუშინ, მინსკში გამართულ კონფერენციაზეც ილაპარაკა.
მოსკოვი ყველაფერს აშშ-ს აბრალებს.

რუსეთის მთავარი მოკავშირე ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ცუდი არ არის“, რუსეთისა და ბელარუსისგან ყურადღების [ახლო აღმოსავლეთში] გადატანა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ სიხარულს ვერ გრძნობს, როცა „ადამიანები იღუპებიან“.

მან ასევე თქვა, რომ, თუკი ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები არ შეჩერდება, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და ისრაელმა ატომური იარაღიც გამოიყენოს. ლუკაშენკა, მოსკოვის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ „ამღვრევს წყალს“, „მსოფლიოში დომინანტი როლის შესანარჩუნებლად“, ხოლო პალესტინელებს სხვა გზა არ დარჩათ:

„ექნებათ [პალესტინელებს] სახელმწიფოს საზღვრები, იცხოვრებენ თავიანთ სახელმწიფოში. მაშინ შესაძლებელი იქნება მათთვის პრეტენზიების წაყენება. რას ვითხოვთ მათგან [პალესტინელებისგან], რომ ყვიროდნენ: ვაშა, ვაშა, თქვენ, ისრაელელები ყოჩაღები და მართლები ხართო?!“, - უთხრა ჟურნალისტებს ლუკაშენკამ.

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და პარალელურად, განაგრძობს სარაკეტო თავდასხმებს ისრაელზე. ისრაელი საპასუხო დარტყმებით ღაზის სექტორში „ჰამასის“ ინფრასტრუქტურას ანადგურებს და ეს ინფრასტრუქტურა სამოქალაქო შენობებთან არის შერწყმული.

„ჩვენ არ ვეომებით ადამიანებს, ჩვენ ვეომებით მონსტრებს“, - განაცხადა ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა, 26 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას.

  • 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ - ასეულობით ადამიანი დახოცეს და მძევლად აიყვანეს.
  • ისრაელის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინელთა ინფორმაციით - 7000-ზე მეტი.
  • გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებენ.
  • 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
  • ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდა რეზოლუციის რამდენიმე პროექტი, რომელთა მიღებასაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცდილობდნენ.
  • ისრაელი უსამართლოდ მიიჩნევს ნებისმიერ მითითებას ძალის გადამეტებასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ღაზის სექტორში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG