Accessibility links

site logo site logo

"შეუსრულებლობისთვის განწირული" - ნატოს პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე 


მარცხნიდან: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ფომინი. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ნატოს წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას.

მოკავშირეებმა მკაფიოდ განუმარტეს რუსეთს, რომ არ იტყვიან უარს ერთმანეთის დაცვაზე, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული ჯარების საშუალებით, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა 12 იანვარს ნატოს შტაბბინაში გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა რეალობასთან შეუსაბამო უწოდა მტკიცებას, თითქოს ნატოს გაფართოება წარმოადგენდეს აგრესიულ ნაბიჯს, ხოლო თავად ნატო - „კონფრონტაციის ინსტრუმენტს“, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის დაწყების წინ უწოდა. 12 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ რუსეთი დაადანაშაულა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების მიმართ განხორციელებულ აგრესიაში და მოუწოდა მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

ნატოს ასეთი პოზიციის უკმაყოფილო დარჩა რუსეთის დელეგაცია, რომელმაც ალიანსი კვლავ კონფრონტაციაში დაადანაშაულა.

ალექსანდრ გრუშკო
ალექსანდრ გრუშკო

„ნატოს და რუსეთს საერთოდ არ გააჩნიათ გამაერთიანებელი პოზიტიური დღის წესრიგი. რუსეთის ფედერაციამ პატიოსნად მიუთითა ნატოს, რომ ურთიერთობის შემდგომი გართულება სერიოზულ რისკებს წარმოშობს. და თუ ნატო გადადის რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე, მოსკოვი კონტრშეკავებაზე გადავა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ, ნატოში მოლაპარაკებაზე ჩასული რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაძაბული კულისები და ალიანსის ერთსულოვნება

ნატოს შტაბბინაში 12 იანვარს გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასაწყისი დაძაბული გამოდგა. როგორც შეხვედრაზე მყოფმა წყარომ უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის დელეგაციას სურდა, რომ სხდომაზე თითოეული პარაგრაფის მიხედვით განეხილათ მოსკოვის მიერ დეკემბერში წამოყენებული მოთხოვნები: ნატოს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმა, სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოსთან, და აღმოსავლეთ ევროპიდან ნატოს ჯარების გაყვანა 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე.

მაგრამ ნატო-რუსეთის საბჭოში მონაწილე მოკავშირე ქვეყნების არცერთ წარმომადგენელს არ გასჩენია სურვილი, ასე დაწვრილებით მოესმინათ რუსეთის მოთხოვნები. სამაგიეროდ, ბრიუსელში ჩასულ მაღალჩინოსნებს, რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებს, ალექსანდრ გრუშკოსა და ალექსანდრ ფომინს, მოკავშირეები ერთსულოვანი პოზიციით დახვდნენ ყველა სადავო საკითხის გარშემო.

„ყველა მოკავშირემ, ზოგმა უფრო დიპლომატიურად, ზოგმაც უფრო ნაკლებად, მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის წინადადებებისადმი. ნატოს არცერთ მოკავშირეს ოდნავი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, რომ ეთანხმებოდნენ ან ნატოს ჯარების შემცირებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ან ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლის მოქმედებასა და ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე უარის თქმას“, - უთხრა ანონიმურმა წყარომ რადიო თავისუფლებას.

სულ რამდენიმე საათში ნატოს კულუარებში გავრცელებული ეს ინფორმაცია საჯაროდ გაიმეორა პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც ჯერ ალიანსის სახელით გააკეთა მიმართვა, შემდეგ კი 20 წუთის განმავლობაში უპასუხებდა ჟურნალისტების შეკითხვებს.

„დღეს რუსეთმა წარმოადგინა თავისი უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული წინადადებები, რომლებიც დეკემბერში გამოაქვეყნა. ის შეიცავს მოთხოვნებს, რომ შეწყდეს ნატოში ახალი წევრების მიღება და გაყვანილ იქნეს ჯარები ნატოს წევრ აღმოსავლეთ სახელმწიფოთა ტერიტორიებიდან. თავის მხრივ, მოკავშირეებმა დაადასტურეს ნატოს ღია კარის პოლიტიკა და ყოველი ქვეყნის უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი მექანიზმები. მოკავშირეებმა მკაფიოდ განუმარტეს რუსეთს, რომ არ იტყვიან უარს ერთმანეთის დაცვაზე, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული ჯარების საშუალებით.

თუ რუსეთი კვლავ გამოიყენებს ძალას უკრაინის წინააღმდეგ და უფრო ღრმად შეიჭრება მის ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ჩვენი ყოფნის შემდგომ გაძლიერებას აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც 12 იანვარს რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში დაადანაშაულა.

ნატოს შტაბბინაში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შერმანი, რომელმაც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ „შეუსრულებლობისთვის განწირული“ უწოდა რუსეთის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შემუშავებულ ზოგიერთ მოთხოვნას.

„ჩვენ არ ვაპირებთ დავეთანხმოთ იმას, რომ მომავალში ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს. არ ვაპირებთ დავეთანხმოთ 1997 წლამდე პერიოდში დაბრუნებას. არ ვაპირებთ დავეთანხმოთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ევროპაშია განლაგებული, უნდა გავიდეს ევროპიდან“, - განაცხადა ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ უენდი შერმანმა.

რუსეთი „კონტრშეკავებით“ იმუქრება

2019 წლის შემდეგ პირველად გამართულ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რუსეთმა მტკიცე უარი მიიღო „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე დეკემბრის თვეში აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისამართით წამოყენებულ რამდენიმე ძირითად მოთხოვნაზე. ნატოს კარი ღია რჩება, სამხედრო თანამშრომლობა ევროპაში, მათ შორის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან გაგრძელდება და ნატოს ჯარები არ დაბრუნდება 1997 წლამდე პოზიციებზე.

მაგრამ ალიანსის წევრები მზად არიან, კვლავაც განაგრძონ დიალოგი რუსეთთან და მიაღწიონ კონსტრუქციულ შედეგს ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამხედრო სწავლებების ტრანსპარენტულობა, სახიფათო სამხედრო ინციდენტების და, ასევე, კოსმოსური და კიბერსაფრთხეების თავიდან აცილება.

„ნატოს წევრები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავლენ თავიანთ პრინციპებთან კომპრომისზე, ევროპის ცალკეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასეთი დღის წესრიგი მიუღებელია რუსეთისთვის, სადაც ნატოს მისამართით 12 იანვრის შეხვედრის დაწყების წინ მოსკოვიდან არაერთი მკვეთრი შეფასება გაისმა.

„ნატოს ნებისმიერი გაფართოება აშფოთებს რუსეთს. ნატო არ არის განვითარების ინსტიტუტი. ალიანსი ასეა ჩაფიქრებული, იგი ასეა აგებული, ასე არსებობს. ეს სრულიად აშკარა ფაქტია. ნატოს გაფართოება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებას ძალის პოზიციიდან და ამ ვითარებაში არ უნდა არსებობდეს „ადგილი რაიმე სახის ულტიმატუმისთვისო“.

მაგრამ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვებში ულტიმატუმიც ისმოდა და მუქარაც.

„უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპი ყველას ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო მცდელობა, აიგოს უსაფრთხოება რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის გარეშე, განწირულია ჩავარდნისათვის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრ გრუშკომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ერთსაათიანი პრესკონფერენციის განმავლობაში ნატო არაერთხელ იქნა დადანაშაულებული „კონფრონტაციისა“ და „ცივი ომის დროინდელ სქემასთან“ დაბრუნების მცდელობაში.

„თუ ნატო გადადის შეკავების პოლიტიკაზე, ესე იგი, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება კონტრშეკავების პოლიტიკა. თუ ეს იქნება დაშინება, მაშინ იქნება კონტრდაშინება. თუ იქნება რაღაც სისუსტის ძიება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სისტემაში, მაშინ ეს იქნება სისუსტის ძიება ნატოს მხრიდან. ეს არ არის ჩვენი არჩევანი, მაგრამ სხვა გზა არ დარჩება, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მოვლენათა დღევანდელ სახიფათო განვითარებაში გარდატეხის შეტანას“, - განაცხადა გრუშკომ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, „გონივრული ბალანსის საფუძველზე“, ყველა მშვიდობიანი საშუალება გამოიყენოს.

რუსეთს მოლაპარაკებისა და დიალოგის რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებენ აშშ და ნატო, სადაც კვლავ შეახსენეს მოსკოვს, რომ მას მოუწევს დიდი ფასის გადახდა, თუ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმეორებას შეეცდება.

„ამჟამად რუსეთს აქვს სერიოზული არჩევანი, წავიდეს დიპლომატიისა და დიალოგის გზით, ან ისწრაფოს ესკალაციისკენ, რაც მას მასშტაბური შედეგით მოუბრუნდება. თუ რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, ან შეეცდება უკრაინის კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზებას, ჩვენ მზად ვიქნებით დავუწესოთ რუსეთს სერიოზული ფასი, რაზეც შეთანხმებული ვართ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ჩვენ (რუსეთს) ვუპასუხებთ მასშტაბური ეკონომიკური ზომებით, მათ შორის ისეთით, რომელიც მანამდე არ ყოფილა მიღებული და რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას და მის ფინანსურ სისტემას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.

ერთ-ერთ ასეთ ზომად უკვე დასახელდა რუსეთის გამორთვა მსოფლიო გადახდის სისტემიდან (SWIFT), რაზეც დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ გასულ წელს, ბაიდენ-პუტინის სამიტამდე იტყობინებოდა.

დასავლეთში ასევე განიხილავენ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას, რასაც ვაშინგტონისგან დღემდე მოითხოვენ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG