Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბრაზილიის იმედად?


სერგეი ლავროვისა და მაურო ვიეირას შეხვედრა ბრაზილიაში. 17 აპრილი, 2023 წელი
სერგეი ლავროვისა და მაურო ვიეირას შეხვედრა ბრაზილიაში. 17 აპრილი, 2023 წელი

როცა მთელი მსოფლიო უკრაინის არმიის კონტრშეტევის მოლოდინშია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიაში ჩადის და „უკრაინის კონფლიქტის“ სწრაფად დასრულების სურვილსაც გამოხატავს.

ბრაზილია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ლავროვი ამჯერად, თავისი ახალი ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. მოსკოვი იუწყება, რომ გრაფიკშია ასევე - ვენესუელა, ნიკარაგუა და კუბა.

რუსეთის სახელმწიფო მედია წერს, რომ ლავროვს ბრაზილიაში მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვეს. ციტირებენ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის - მაურო ვიეირას სიტყვებსაც, რომ რუსეთსა და ბრაზილიას „საერთო ისტორია აქვთ“.

რა უნდა რუსეთს, რა უნდა ბრაზილიას?

ბრაზილიაში ლავროვმა თქვა, რომ ორ ქვეყანას წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 195-ე წელი უსრულდება და 1828 წელს გაბმული პარტნიორობა დღემდე იმდენად ძვირფასია, რომ ეს თარიღი - განსაკუთრებული კულტურული ღონისძიებებით უნდა აღინიშნოს. მაგრამ ახლა მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული - ბრაზილია ომის შეწყვეტის აუცილებლობას ქადაგებს.

„დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. არაერთხელ ავხსენით მაქსიმალურად დეტალურად მიზეზები იმისა, რაც ხდება და მიზნები, რომლებსაც მივყვებით“, - თქვა ლავროვმა ბრაზილიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ და იქვე, უწინდელი დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისგან განსხვავებული ორი სხვა მიზანი დაასახელა:

  • პირველი - უზრუნველვყოთ გარანტია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ იარსებებს რაიმე საფრთხე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის - „ასეთ გეგმებს დასავლეთი მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა“.
  • მეორე - უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა - „რომელთა უფლებებსაც ხელყოფდნენ მრავალი წელი“.

ლავროვის განცხადება, რომლის მსგავსიც მან ადრეც თქვა, ცინიზმად აღიქვეს უკრაინაში.

„თქვენ [რუსეთი] შეიჭერით სუვერენულ ქვეყანაში [უკრაინაში] და ებრძვით მას... ეს ყველაფერი რომ გაჩერდეს, ამისათვის არ არის აუცილებელი ბრაზილიაში ჩასვლა. გინდა დაასრულო [ომი], რაც შეიძლება სწრაფად? გაიყვანე ჯარი“, - პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის სიტყვებს უკრაინული მედია ციტირებს.

მანამდე, ჩინეთში ჩასულმა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ შაბათს მოუწოდა აშშ-სა და მთელ დასავლეთს, შეწყვიტოს უკრაინის დახმარება, იარაღით მომარაგება და ამიერიდან მხოლოდ მშვიდობაზე დაიწყოს ლაპარაკი.

„აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ომის წახალისება და დაიწყოს ლაპარაკი მშვიდობაზე, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი მშვიდობაზე, რათა შევძლოთ პუტინისა და ზელენსკის დარწმუნება, რომ მშვიდობა მთელი მსოფლიოს ინტერესებშია“, - ჩინეთში მყოფ ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას, 15 აპრილს, AFP ციტირებდა.

მანამდე, Le Figaro-სთან ინტერვიუში, ლულა და სილვამ თქვა, რომ ომის დასრულების მიზნისთვის - უკრაინამ საბოლოოდ უნდა დაუთმოს ყირიმი რუსეთს და ასევე ახლებურად გაიაზროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა ომის დაწყების შემდეგ. ასევე, ბრაზილიის პრეზიდენტი ომის მოწინააღმდეგე ქვეყნების შეკრებას გეგმავს და შუამავლობისთვისაც მზად არის, ზელენსკი პუტინს რომ შეახვედროს.

ეს ყველაფერი ლავროვს, 17 აპრილს, თავისმა ბრაზილიელმა კოლეგამაც გაუმეორა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, ორშაბათს, ბრაზილიის პრეზიდენტის საპასუხოდ თქვა, რომ ომის დასრულება შეუძლია მას, ვინც ის დაიწყო.

„ცხადია, რომ ჩვენ ამ ომის დასრულება გვინდა. ეს შეიძლება მოხდეს ახლავე, დღესვე, თუკი ბატონი პუტინი შეწყვეტს უკრაინაზე შეტევას და გაიყვანს თავის ჯარებს“, - განაცხადა კირბიმ. მისი შეფასებით, „ბრაზილია იმეორებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას, ფაქტების უგულებელყოფით“, - თქვა ორშაბათს და დასძინა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის გზავნილები „ღრმად პრობლემურია“.

BBC წერს, რომ რუსული სასუქების იმპორტზე მკვეთრად დამოკიდებული ბრაზილია ტანკ Leopard 2-ის საბრძოლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, მაგრამ ის უარს ამბობს პროდუქციის გადაცემაზე როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპული ქვეყნებისთვის.

რამდენად რეალისტურია რუსეთის იმედები?

ლავროვს ბრაზილიასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი აქვს. ორშაბათს თქვა, რომ ერთობლივად უნდა შეძლონ „გლობალური მართვის ინსტიტუტების“ რეფორმირება და მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების იმგვარად შეცვლა, რომ მათში უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი განვითარებადი ქვეყნები.

„ჩვენ გვაერთიანებს საერთო სწრაფვა, რომ მხარი დავუჭიროთ უფრო სამართლიან, ნამდვილად დემოკრატიულ, პოლიცენტრულ მსოფლიო წესრიგს, დაფუძნებულს სახელმწიფოთა სუვერენული თანაბრობის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპზე“, - თქვა ლავროვმა 17 აპრილს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის მედია წერს, რომ ბრაზილიისა და რუსეთის ინტერესები იმ მთავარ საკითხში ემთხვევა, რომ, უკვე დიდი ხანია, პრეზიდენტ ლულა და სილვას დასავლეთის დომინირების სანაცვლოდ, მიზიდულობის ახალი ცენტრის - „გლობალური სამხრეთის“ ჩამოყალიბება სურს.

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ განსაკუთრებით ახლა, უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის წინ, რუსეთი სამხედრო მოკავშირეებისა და ომის მოწინააღმდეგეთა ბლოკის გააქტიურებას ცდილობს და ამ კონტექსტში, ყველა შესაძლო ქვეყნის, მათ შორის - სამხრეთ ამერიკაში ყველაზე გავლენიანი ბრაზილიის მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებაც სურს.

მაგრამ, როგორც რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი - ივან პრეობრაჟენსკი ეუბნება უკრაინულ „24 Канал“-ს, ლავროვის სახით რუსეთს ბრაზილიაში დახვდნენ არა როგორც „სუბიექტს“, არამედ როგორც „ობიექტს“ - რომელმაც ჩინეთის თამაშში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი დღეს „ჩინეთის გავლენის აგენტია“, რადგან პეკინისგან მან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო და დღესაც ჩინეთის ინტერესებთან შესაბამის პოლიტიკას ატარებს. ჩინეთს კი რუსეთი მხოლოდ სამომავლოდ სჭირდება:

„... უნდა თუ არა ეს ვლადიმირ პუტინს, ჩინეთს მართლაც უნდა - დაამუხრუჭოს ომი, რადგანაც რუსეთს განიხილავს ზურგად - მის შესაძლო ომში აშშ-სა და დასავლეთთან, ტაივანის გამო და სურს, რომ პოტენციურ მოკავშირედაც ეგულებოდეს. რუსეთს, რომელმაც უკრაინაში მნიშვნელოვანი მარცხი უკვე განიცადა, პეკინი ახლა სრულფასოვან სამხედრო მოკავშირედ ვერ აღიქვამს. ამიტომ მას უნდა, დასრულდეს ომი სულ ცოტა 2024 წლის თებერვლამდე არსებული მდგომარეობით და თავის სატელიტებსა თუ მეგობრულ ქვეყნებს ამ თავისი იდეის გასატანად იშველიებს“.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ, პარალელურად, ბრაზილია ახლა დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებას ცდილობს, დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში, გაზრდილი ვაჭრობით და ბრუნვამ, 2022 წელს, უკვე 8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ხელახლა დაბრუნდა, 2022 წლის ოქტომბერში, 12-წლიანი პაუზისა და დაპატიმრების შემდეგ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოსტზე მის დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშა სწორედ ჩინეთმა.

უკრაინელი ექსპერტი ევგენი დობრიაკი დარწმუნებულია, რომ - ბრაზილია, მოწინავე შეიარაღების მიუხედავად, არასოდეს აღმოჩნდება რუსეთის სამხედრო მოკავშირის როლში.

„ბრაზილია არასოდეს გამოვა თავისი ბალანსირებული ნეიტრალიტეტის პოზიციიდან... რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობა და ჩვენს სიმართლეში მათი დარწმუნება აუცილებელია... მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა ბრძოლის ველზე გამარჯვება და მთელი მსოფლიოსთვის ჩვენებაა - რომ, დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, გაიმარჯვა სიკეთის ძალამ, დემოკრატიის ძალამ და ახლა ის შექმნის მსოფლიოს ახალ წესრიგსა და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას“, - ამბობს დობრიაკი უკრაინული ტელევიზიის ეთერში.

ექსპერტი ასევე დარწმუნებულია, რომ რუსეთს სამხედრო ძალით არასოდეს დაეხმარება არც ჩინეთი, რომელსაც ბრაზილიაზე დიდი ზეგავლენა აქვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა - ოლეგ ნიკოლენკომ 18 აპრილს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ კიევი „ინტერესით აკვირდება“ ბრაზილიის აქტიურობას; მაგრამ „რეალობას არ შეესაბამება მიდგომა, როცა მსხვერპლსა და აგრესორს სასწორის ერთ პინაზე აქცევენ“, ხოლო „ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას სასიკვდილო აგრესიისგან დაცვაში ეხმარებიან, ომის წახალისებაში ედებათ ბრალი“.

„უკრაინას არაფერში სჭირდება დარწმუნება. უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს დამპყრობლური ომი, რომელსაც მოაქვს გაუგონარი ნგრევა და ტანჯვა. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მეტად გვინდა რუსეთის აგრესიის დასრულება - ზელენსკის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულის საფუძველზე“, - წერს ნიკოლენკო და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრაზილიის პრეზიდენტის უკრაინაში მიწვევას - „რუსეთის აგრესიის რეალური არსის“ გასაგებად.

ლავროვის ვიზიტი ბრაზილიაში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „რუსეთი მკვლელია“, „ჰააგა გელოდებათ“, „რუსეთო, გაეთრიე უკრაინიდან“, „არა მოლაპარაკებებს იმპერიალისტ რუსეთთან“ - ასეთი პლაკატებითა და უკრაინის დროშებით გამოვიდნენ ქუჩაში ადგილობრივები. აქციის მონაწილეები სან-პაულოში, რუსეთის საკონსულოსთანაც შეიკრიბნენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG