Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შავი ხიდი“ - რუსეთში ახალი პარტიზანული მოძრაობა გამოჩნდა? 


ხანძარი დონის როსტოვში „ეფესბეს“ სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს შენობაში. 16 მარტი
ხანძარი დონის როსტოვში „ეფესბეს“ სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს შენობაში. 16 მარტი

აქამდე უცნობმა პარტიზანულმა მოძრაობა „შავმა ხიდმა“ (Черный мост) აიღო პასუხისმგებლობა 16 მარტს დონის როსტოვში „ეფესბეს“ სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქებასა და ხანძარზე, რასაც ბოლო მონაცემებით 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოძრაობის სახელით 21 მარტს ტელეგრამის არხით გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი მომხდარი აფეთქება და პარტიზანების მოტივაცია. „შავი ხიდი“ მთავარ სამიზნედ მიიჩნევს რუსეთის სპეცსამსახურებს და მათ თანამშრომლებს, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიან.

„შავი ხიდის“ განცხადებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია თავად რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს („ეფსებეს“), რომელსაც ეს ჯგუფი რუსეთში „ფარისევლობის, ძალადობისა და უსამართლობის მთავარ საყრდენს“ უწოდებს.

„სალამი ესკობარისგან“ - კოდირებული შეტყობინება

პარტიზანული მოძრაობა „შავი ხიდის“ შესახებ ღია სივრცეში ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოძრაობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს ეწინააღმდეგება. ტელეგრამით გავრცელებული განცხადებით კი ირკვევა, რომ პარტიზანული მოძრაობა სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და პასუხისმგებლობა აიღო დონის როსტოვში მდებარე ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო კონტროლის შენობის აფეთქებაზე, რომელშიც, ოფიციალური ცნობით, 16 მარტს ხანძარი დენის მოკლე ჩართვის შემდეგ მომხდარა.

„ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ იქ დენის მოკლე ჩართვა მოხდა და საწვავის ავზები აფეთქდა. ისინი თითქმის არ იტყუებიან, მაგრამ არის სხვა ნიუანსები. იყო ერთი ავზი, 3x ლიტრის მოცულობით. მასში მოთავსებული იყო დაახლოებით 3 კგ „ამონალი“ (ამონიუმის გვარჯილა). მასში [ავზში] კი მოთავსებული იყო სხვა უფრო მცირე ავზი, სხვა საწვავით, რომლის სახელწოდებაა “აცეტონის პეროქსიდი“. ამ პატარა ავზში იყო ჯიბის ფარნის ნათურის ოდენა, 3,5В-ის სიმძლავრის ნათურა. გაიგონეთ აფეთქება ხანძრის წინ? ეს ნათურა გადაიწვა და გასკდა“, - ნათქვამია პარტიზანული მოძრაობა „შავი ხიდის“ განცხადებაში.

„შავი ხიდი“ ამტკიცებს, რომ აფეთქების ინიციატორმა დივერსია ჯერ კიდევ 14 მარტს დააანონსა კოდირებული შეტყობინებით. „პავლოვსკი პოსადი. „ეფ-ეს-ბე“. სალამი ესკობარისგან“.

ინიციატორმა, „კვალის არევის მიზნით“ შეგნებულად შეცვალა ქალაქის სახელი. ხოლო „შავი ხიდი“ საკუთარ თავს უწოდებს აფეთქების თანაავტორს.

16 მარტს თვითმხილველები არ მალავდნენ, რომ ცეცხლის გაჩენამდე მათ აფეთქების ხმა მართლაც გაიგონეს. თავად „ეფესბეში“ განაცხადეს, რომ აფეთქება სასაზღვრო სამსახურის გარაჟში საწვავ-საპოხი მასალების აალების შედეგად მოხდა. გამოცემა „161.რუ.“-ს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. როგორც „მედუზა“ წერს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

„შავი ხიდი“ განცხადებაში წერს, რომ უცნობი ადამიანს, აფეთქების ინიციატორს პარტიზანულმა მოძრაობამ, როგორც „ჩაუსახა რწმენა, რომ იგი არ არის მარტო სისტემის წინააღმდეგ“ და ასევე, გარკვეულწილად, „ფართო ტექნიკური შესაძლებლობებითაც“ გაუწია დახმარება.

„არ აჩქარდეთ! შეიმუშავეთ სტრატეგია და ტაქტიკა!“

„შავი ხიდი“ სხვა პარტიზანებს და თანამზრახველებსაც მოუწოდებს, რომ კომისარიატებისა და Z-ასოიანი ავტომობილებისთვის ცეცხლის წაკიდებიდან, ყურადღება რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებსა და განსაკუთრებით „ეფესბეზე“ გადაიტანონ.

„სწორედ ამ სტრუქტურის თანამშრომლები თითხნიან საქმეებს არასასურველ პირთა წინააღმდეგ, ართმევენ ბიზნესს მეწარმეებს, აწყობენ დივერსიებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აწამებენ ოპოზიციონერებს და ფიზიკურად უსწორდებიან „კონკურენტებს“, - ნათქვამია პარტიზანული მოძრაობა „შავი ხიდის“ განცხადებაში, რომელიც არაერთმა რუსულენოვანმა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა.

თავად „შავი ხიდი“ საკუთარ თავს უწოდებს „არარსებულ სტრუქტურას“ იმ მონაწილეთა გარეშე, რომლებიც არაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა რუსეთში ჩაისახოს და განვითარდეს რევოლუციურ-პარტიზანული მოძრაობა.

ხოლო იმათ, ვინც არ აპირებს ასეთ რეალობასთან შეგუებას და მზად არის რეჟიმს რადიკალური მეთოდებით დაუპირისპირდეს, - „შავი ხიდი“ დახმარებას ჰპირდება.

„ნუ გეშინია. დაე, დონის როსტოვში ჩადენილი პირდაპირი მოქმედების აქტი გახდეს თქვენთვის მაგალითი და მოტივაცია ახალი, სასურველია კიდევ უფრო ამბიციური, მიღწევებისთვის. მაგრამ გახსოვდეთ: ყველა ოპერაცია ფრთხილად ყველაზე მცირე დეტალამდე უნდა იყოს გააზრებული. არ აჩქარდეთ! შეამოწმეთ ყველა მასალა. შეიმუშავეთ სტრატეგია და ტაქტიკა. ასეთი აქტის მოწყობამდე ჩაატარეთ საწვრთნელი აქცია. ყოველგვარი აჩქარება დაუშვებელია“, - წერს „შავი ხიდი“.

ეს განცხადება დაემთხვა უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი რუსი მოხალისეების გააქტიურებასაც.

ერთ-ერთი ასეთი დანაყოფის, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლებმა მარტის დასაწყისში უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის რეგიონის ორ სოფელში, ლიუბეჩანსა და სუშანიში, სადაზვერვო-დივერსიული რეიდი განახორციელეს.

ამ კორპუსის სადივერსიო-საშტუმრო ბრიგადის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამი იყო, რომ მათ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი, რათა „გაათავისუფლონ თავიანთი მშობლიური მიწა“. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეზე ებრძვიან ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იმყოფება რუსი მოხალისეებისგან შემდგარი ლეგიონი სახელწოდებით „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წარმომადგენლები მიზნად ისახავენ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონების განთავისუფლებას და ასევე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას. როგორც ლეგიონის მანიფესტშია ნათქვამი, პუტინმა „გაანადგურა არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკა, არამედ მოუსპო რუსებს განვითარების შესაძლებლობა და ბედნიერი მომავლის უფლება“.

ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 16 მარტს, იმ დღეს, როდესაც დონის როსტოვში მდებარე „ეფესბეს“ სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG