Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველი აქტივისტები გარემოსდაცვით კამპანიას იწყებენ


შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

რუსთავის საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები აქტიურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებენ და ამაში თბილისელი ეკოლოგებიც ერთვებიან.

ჰაერის დაბინძურების სადამკვირვებლო პუნქტი რუსთავში

  • რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტის მეშვეობით ახორციელებს.
  • სააგენტოს განცხადებით, იზომება ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.
  • მაისის მონაცემებით, რუსთავის ჰაერში ზღვრულად დასაშვებ ოდენობას აღემატებოდა მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია 3.1-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია - 1.7-ჯერ, ნახშირჟანგის, CO-ს, ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია კი ნორმის ფარგლებში იყო.

კამპანიის პირველი მოსამზადებელი შეხვედრა 14 ივლისს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრებს კონსულტაციას უწევდნენ „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ წევრები, მათ შორის - ორგანიზაციის თანათავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო ჩხობაძე.

ნინო ჩხობაძემ საინიციატივო ჯგუფს პირველ ეტაპზე ოფიციალური გარემოსდაცვითი სტრუქტურებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა ურჩია: რამდენი საწარმოა რუსთავში, რომელიც ლითონის ან სხვა ნედლეულის გადამუშავებით არის დაკავებული და ჰაერში გამონაბოლქვს აფრქვევს; რამდენი საწარმო რა თანხის ოდენობით დაჯარიმდა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო.

„ქალაქის გარემოსდაცვითი კამპანიისთვის მოვთხოვოთ საწარმოებს გარემოს დაცვის მართვის გეგმებიც”, თქვა ნინო ჩხობაძემ.

შეხვედრაზე რუსთაველმა აქტივისტმა ვერიკო ხვედელიძემ განაცხადა, რომ უცხოური კომპანია „ჯეოსთილი“, რომელიც ჯართის გადამუშავებით და არმატურის წარმოებით არის დაკავებული, გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ აგრძელებს მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევას, რაც ქალაქის ტერიტორიიდანაც კარგად ჩანს:

‘სამი წლის წინ ასე არ იყო, იქით [„ჯეოსთილთან“ ახლოს] ვმუშაობ. ადრე იცავდნენ წესებს, ახლა - დილა საღამოს, ღამე - სულ ჩართული აქვთ და ბოლავს, ხმასაც არავინ იღებს“.

კიდევ ერთმა აქტივისტმა კი, ნიკოლოზ მუსერიძემ, განაცხადა, რომ „ჯეოსთილს“ რამდენჯერმე მიმართეს და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ დოკუმენტაცია მოსთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

„მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, გარემოსდამცველები მხოლოდ ერთი საწარმოთი არ უნდა დაინტერესდნენ, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, ყველა საწარმოზე ყურადღების გამახვილება.

გარდა ამისა, აღნიშნა ჩხობაძემ, ეკოლოგიური თვალსაზრისით თავად საწარმოებში დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. თუმცა შეხვედრაზე დასვეს კითხვა, თუ რა გავლენას მოახდენს გარემოსდაცვითი კამპანია საწარმოებში დასაქმებულების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც უნდა გვემსჯელა მე და ანა დოლიძეს“, უპასუხა ნინო ჩხობაძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე, რომელსაც მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა, გაზაფხულზე შეხვდა ასევე რუსთაველ ეკოაქტივისტებს და მათ იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

ნინო ჩხობაძის განმარტებით, ორჰუსის კონვენციის თანახმად, რომელთან საქართველოც არის მიერთებული, თუ დასაქმებულს ზიანი ადგება, შეუძლია იჩივლოს მესამე პირმა.

„ეს არის აბსტრაქტული სარჩელი, რომელიც დაცულია ორჰუსის კონვენციის მიხედვით, თუმცა ასეთი სარჩელის პრეცედენტი ჩვენ ჯერ არ გვქონია, ამ საკითხში ჩვენი ადვოკატებიც კი „გაიჭედებიან“, რადგან აბსტრაქტული სარჩელის დაწერას სჭირდება მთელი რიგი იურიდიული კონსულტაციები, რადგან სხვა იურიდიული სტანდარტებია საჭირო“, განმარტა „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ.

საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ორჰუსის კონვენციის რატიფიცირება 1999 წელს მოახდინა. კონვენციის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ „ყოველ ადამიანს აქვს მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაბამის გარემოში სიცოცხლის უფლება, აგრეთვე ყოველ მოქალაქეს აქვს მოვალეობა როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად დაიცვას და გააუმჯობესოს გარემო ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ“.

ამავე კონვენციაში წერია, რომ მოქალაქეებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება ამ უფლებების ცხოვრებაში გატარებისას.

„აბსტრაქტული სარჩელი კარგად მუშაობს ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომ კამპანიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს“, თქვა ჩხობაძემ, „თუ ამ სარჩელით ჩვენს სასამართლო ორგანოებში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, შეგვიძლია ვიჩივლოთ ორჰუსის სასამართლოში, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს საჯარიმო სანქციები დააკისროს და აიძულოს შეასრულოს გარემოსდაცვითი ვალდებულებები“.

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტის მეშვეობით ახორციელებს. სააგენტოს განცხადებით, იზომება ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.

რუსთავი
რუსთავი

მიმდინარე წლის ბოლო - მაისის - მონაცემებით, რუსთავის ჰაერში ზღვრულად დასაშვებ ოდენობას აღემატებოდა მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია 3.1-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია - 1.7-ჯერ, ნახშირჟანგის, CO-ს, ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია კი ნორმის ფარგლებში იყო.

ნინო ჩხობაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განაცხადა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები არადამაჯერებელია, რადგან ბათუმის ქუჩაზე დადგმული სადამკვირვებლო მოწყობილობა მოძველებულია და ვერ უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს. მაგალითად, ის ვერ განსაზღვრავს ჰაერში ნახშირჟანგის, CO-ს, კონცენტრაციას. თავის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმის ქუჩაზე არსებული მოწყობილობა შეცვლას აპირებს. სააგენტოს წარმომადგენლებმა ქალაქის მერ ირაკლი ტაბაღუასთან ადრე გამართულ შეხვედრაზე თქვეს, რომ ქალაქში რამდენიმე აპარატი დაიდგმება 24-საათიან რეჟიმში ჰაერის მონიტორინგისათვის.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG