Accessibility links

რუსთავის გაუფილტრავი მეტალურგია


ეკოლოგიური მდგომარეობის გასაპროტესტებლად შექმნილი ქუჩის სტენსილი

ეკოაქტივისტების ჯგუფ „გავიგუდეს“ ლიდერმა, ნიკა მუსერიძემ, ორკვირიანი ექსპერიმენტი ჩაატარა იმის საჩვენებლად, თუ რა რაოდენობის ნაწილაკები ილექება რუსთაველების ფილტვებში საწარმოთა გამონაბოლქვის შედეგად. ნიკას მიერ რუსთავის ერთ-ერთ ქუჩაზე დამონტაჟებული, კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა საწარმოო ფილტრის პატარა ნაჭრისგან, პლასტიკატის ბოთლისა და მასზე დამაგრებული ქულერისგან შედგება. ნიკა მუსერიძემ მოწყობილობის მუშაობის პრინციპი აგვიხსნა და მიღებული შედეგიც გაგვაცნო:

„ეს არის ორკვირიანი ტესტის შედეგი და შეგიძლიათ დააკვირდეთ. ეს [მტვერი] ჩადის ჩვენს ფილტვებში, ყოველდღიურად ხვდება“.

ნიკა მუსერიძე შეეცდება, ფილტრზე დალექილი მავნე ნივთიერების შემადგენლობა დაადგინოს. სად და ვისთან, ჯერჯერობით არ იცის. რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების განხილვას დიდი დრო დაეთმო საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ მუნიციპალურ პრობლემებზე სამუშაოდ შექმნილი ინტერუწყებრივი ჯგუფის შეხვედრაზე. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ თქვა, რომ ქალაქის მცხოვრებნი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივიან და ამის მიზეზად საწარმოთა მავნე გამონაბოლქვს მიიჩნევენ:

„ავადობათა მაჩვენებელი, განსაკუთრებით გულსისხლძრღვთა, სიმსივნეების და სხვა დანარჩენი, მოქალაქეთა საუბარში - ყოველ შემთხვევაში, ამას კონტროლი და გადამოწმება სჭირდება - ირკვევა, რომ არის გაზრდილი“.

ფილტრის პატარა ნაჭერი კუსტარულ ხელსაწყოში გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.
ფილტრის პატარა ნაჭერი კუსტარულ ხელსაწყოში გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სთხოვა, რომ სამინისტრომ რუსთაველების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლოს. რუსთავის მერიამ 9 თვის წინ ასეთივე თხოვნით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღიარებს, რომ რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა მართლაც მძიმეა, თუმცა, მისი შეფასებით, არც იმდენად, რომ მოსახლეობამ პირბადით იაროს:

„ცალსახად თქმა, რომ ყველანი ვიხოცებით, არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია [მტვრის ნაწილაკებით] ჰაერის დაბინძურება რუსთავში“.

მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას მინისტრის მოადგილე იმით ხსნის, რომ მძიმე მრეწველობის ბევრ საწარმოს ფილტრები არ გააჩნია, ხოლო ვისაც აქვს, არაეფექტიანია, რადგან მოუწესრიგებელია ფილტრაციის მთლიანი სისტემა. გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის, ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადის გადადნობა საერთოდ გამწმენდი ფილტრების გარეშე ხდება:

კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო
კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო

„ჩვენ შევამოწმეთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ამ საწარმოს არ განუცდია გადაიარაღება. ამ ეტაპზე ეს საწარმო ფუნქციონირებს ყოველგვარი ფილტრების გარეშე. საწარმოს კი დაწყებული აქვს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მას არ გააჩნია სამინისტროსთან შეთანხმებული [წარმოების] ნორმების პროექტი, რადგან არსებულს ვადა აქვს გასული, სწორედ იმიტომ, რომ მას არ გააჩნია სათანადო გამწმენდი ნაგებობები, აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ქარხნის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა“.

ნელი კორკოტაძის თქმით, მავნე გამონაბოლქვით ცნობილ საწარმო „ჯეოსტილს“, მართალია, ფილტრები აქვს, მაგრამ ჯართის გადამუშავებას საწარმოო ციკლით განსაზღვრული ნორმების დარღვევით აწარმოებს:

„სადნობ ღუმელებში იყრება არაგაბარიტული ჯართი, არ ხდება მათი დაწნეხა, დაბრიკეტება, ამიტომ ხდება საწარმოდან ორგანიზებული გაფრქვევა. არ ხდება ღუმელის დროულად დახუფვა, ამიტომ მავნე ნივთიერებების გაფრქვევა ხდება სააამქროს ღიობებიდან“.

გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებებსა და დამრღვევების მიმართ სანქციების გამკაცრებაში ხედავს. მხოლოდ ეს ზომა საკმარისად არ მიაჩნია რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუას. მისი თქმით, შესაცვლელია საწარმოთა მონიტორინგის არსებული სისტემა, რადგან, მერის მტკიცებით, საწარმოები ნებართვით დაშვებულზე მეტ პროდუქციასაც აწარმოებენ:

„საწარმოთა მონიტორინგი არის პრობლემა, ის ვერ ხორციელდება. საწარმოები მიმოწერაში აღიარებენ, რომ, მაგალითად, თუ სანებართვო პირობებით უნდა აწარმოოს 175 ტონა ფოლადი, უშვებს 300 ტონას, რაც თავისთავად არის არა სანებართვო პირობების დარღვევა, არამედ არალიცენზირებული საქმიანობა, რომელიც საწარმოებს დამატებით შემოსავალს აძლევს“.

რუსთავის მერმა პარლამენტის წევრებს სთხოვა, გადახედონ არსებულ კანონმდებლობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს საწარმოთა მონიტორინგში მონაწილეობის უფლებები გაუზარდონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG