Accessibility links

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყო


„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა პაატა მხეიძემ მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა პაატა მხეიძემ, მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 22 ნოემბერს „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სცადეს მისი ბიუროს ოფისისთვის ბოქლომი დაედოთ. პაატა მხეიძე იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა მონაწილეობა არ მიიღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის კენჭისყრაში. პაატა მხეიძემ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს უთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს, მაგრამ მწვავე კონკურენციის პირობებში დაუშვებელია რუსთავის მაჟორიტარად „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი რომელიმე განშტოების წარმომადგენლის არჩევა:

„ჩემი პოლიტიკური გარანტიებისთვის არც აქ დგომას მოგთხოვთ და არც სხვა მხარდაჭერას, მაგრამ ამ ქალაქისთვის [რუსთავისთვის] 2020 წლის არჩევნებისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, ამას გეუბნებით ღია ტექსტით. ჩვენი დამარცხება ამ ქალაქში იქნება იმის გარანტი, რომ ქალაქი დამუხრუჭდეს, არ შემოვიდეს დაფინანსება და არ განხორციელდეს პროექტები“.

პაატა მხეიძე „ქართული ოცნების“ მერყევ მხარდამჭერებს მტრობითაც კი დაემუქრა:

„ვინც ამ ბრძოლაში ვერ აგვყვება, - გეუბნებით იმიტომ, რომ ბევრს, რომლებსაც ამ საკითხებზე მუშაობა ხელეწიფება და ეკუთვნის, სიჩაუქეს ვერ ვატყობ, - ბოლომდე მათი მტერი ვიქნები“.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი მხარდამჭერებს არწმუნებდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. 22 ნოემბერს პაატა მხეიძემ თავისი ბიუროს თანამშრომლებთან, მმართველი პარტიის აქტივისტებსა და პოლიციასთან ერთად „ევროპული საქართველოს“ წევრებს არ მისცა ოფისისთვის ბოქლომის დადების საშუალება. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ემუქრებოდნენ.

აქციიდან სამი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს, „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ოფისზე უცნობმა პირებმა ცოცხი გააკრეს და კარზე ბოქლომი დაკიდეს. საპასუხოდ, ოპოზიციურმა პარტიამ აქცია-პერფორმანსი დააანონსა. მხეიძის მხარდამჭერებიც ოპოზიციის აქტივისტების გამოჩენას ელოდებოდნენ, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი, ნინო იმედაშვილი, თავის ოფისთან გაკრულ ცოცხზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოიანი სტიკერების დაკვრით შემოიფარგლა. იმედაშვილმა მისი პარტიის საწინააღმდეგო აქციაში მხეიძის ბიურო დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო აქციები განახლდა, რუსთავში ოპოზიციიდან „ევროპული საქართველოს“ გარდა არავის უაქტიურია.რუსთაველი ახალგაზრდების ნაწილიც თბილისის აქციებში მონაწილეობს, თუმცა ლეიბორისტი გიორგი გზირიშვილი, რომელიც მოძრაობა „გაბედეს“ წევრია, ამბობს, რომ ახალგაზრდა აქტივისტები აქციებს რეგიონებშიც გამართავენ.

გიორგი გზირიშვილი
გიორგი გზირიშვილი

„რაღაც მცდელობა გვაქვს, რომ ქუთაისშიც ჩამოვაყალიბოთ საკმაოდ ძლიერი გაერთიანება „გაბედე“, რომელიც ადგილზე დამოუკიდებლად შეძლებს წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნას. რუსთავშიც გვინდა „გაბედეს“ შექმნა და აუცილებლად შევქმნით, რადგან ეს ქალაქი სტრატეგიულია, მით უფრო ოპოზიციისთვის, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში ადგილობრივ დონეზე სალომე ზურაბიშვილი დაამარცხა“.

რუსთავი ორ,მე-9 და მე-10, მაჟორიტარულ ოლქადაა დაყოფილი. მე-10 ოლქში გამარჯვებულმა გიორგი ბეგაძემ პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნის გამო საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. გიორგი ბეგაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრი იყო. მისი წარდგინებით, რამდენიმე კანდიდატი რუსთავის საკრებულოში მოხვდა. ისინი ბეგაძის პოლიტიკური ნაბიჯის შეფასებისგან თავს იკავებენ. რუსთავის საკრებულოში ფრაქცია აქვთ კონსერვატორებსაც, პარლამენტში კი მათი ფრაქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 14 ნოემბრის წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობა დატოვეს ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ. ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ბიზნესმენ სოსო მაზმიშვილს, საკრებულოს წევრების დუმილი უკვირს:

„გიორგი ბეგაძემ დატოვა „ქართული ოცნება“. კონსერვატიულმა პარტიამ დატოვა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. მაინტერესებს, რას ფიქრობენ ეს ადამიანები [საკრებულოს წევრები] თავიანთი პარტიებისა და წარმდგენების წინაშე, თუნდაც ქართველი ერის წინაშე. ისინი თბილ ადგილებს ამჯობინებენ, ხელფასებს ამჯობინებენ...გადანაწილებულია თანამდებობები, ზოგი კომისიის თავმჯდომარეა, ზოგიც ფრაქციის თავმჯომარე“.

სოსო მაზმიშვილის პროგნოზით, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და პროპორციულ არჩევნებზე არ დათანხმდება, პოლიტიკური ვითარება არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც გამწვავდება,მათ შორის რუსთავში, სადაც ამის პირველინიშნები უკვე არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG